პირსახოცებირამდენიმე დღის წინ რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ, მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელებისა და ვირტუალური ურთიერთობების ფენომენზე ისაუბრა.
24 იანვარს პაპის მიმართვა ვატიკანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პონტიფიკოსმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. ”უბრალოდ, თავიდან უნდა ავიცილოთ პარალელურ რეალობაში ჩაფლობის საფრთხე”, აღნიშნა პაპმა.
რომის პაპზე მაღალმა ინსტანციებმა თავის დროზე ერთი შვეიცარიელი ბიჭიც დალოცეს. თან, სხვები გააფრთხილეს, თავიდან აიცილეთ მის რეალობაში ჩაფლობის საფრთხე...
ფედერერი ჩოგბურთის ბოსხია. ღრმა, გარდამავალი ფერები, ბექად ბობ დილანი და ბონუსად მერვე ნახევარფინალი ავსტრალიის ღია პირველობაზე. ოდნავ დამღლელია როჯის თავხედური დომინაცია, მაგრამ ფედერერი რობერტ პლანტის ვოკალივით უკვდავია. ოღონდ, ჩოგბურთის ნიუანსებში.
როჯს ავსტრალიაში ერთი უცნაური ჩვევა აქვს. ფედერერი ყოველი თამაშის წინ პირსახოცების ზედმეტ რაოდენობას უკვეთავს. ნადალს კორტზე სამი პირსახოცი გააქვს, მარეისაც სამი და ენდი როდიკს - ორი. თითო პირსახოცი 55 დოლარი ღირს. თითო VS-ზე როჯერი პირსახოცებში 220 დოლარს ხარჯავს. თუ ფედერერი ფინალში გავა, მელბურნში 28 პირსახოცის თანხა, ანუ 1 540 დოლარი ექნება გადასახდელი.
როჯერს სტანისლას ვავრინკა დააჯახეს. ფედერერმა ვავრინკას ორ საათზე ნაკლებ დროში 6:1, 6:3, 6:3 მოუგო.
კოლეგები დევისის თასზე, წყვილებში ოლიმპიური ჩემპიონები ოლიმპიადაზე, მეგობრები. დიდი ხნის მეგობრები. თითქმის ძმაკაცები. პეკინის ოლიმპიადაზე ვავრინკამ ატირებულ ფედერერს პირსახოცი მიაწოდა. როჯერს ეს ახსოვდა. ფედერერმა ამის გამო სტასი დაინდო და საჩოგბურთო ჭრილში ჩასმულ პორნოფილმს უფრო რესპექტაბელური სახე მისცა. თუ ფედერერს ოჯახში პრობლემები აქვს, სტასი ბილი კრისტალის ფსიქიატრივით აგვარებს ყველაფერს. როჯერი სტასს საჩოგბურთო პროგრესში ეხმარება. წლევანდელი სეზონის დაწყებამდე ვავრინკამ მწვრთნელად პიტერ ლუნდგრენი აიყვანა. ადრე, დიდი ხნის წინ, ლუნდგრენმა ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ფედერერისგან ჩოგბურთის ზევსი გამოთალა. პიტმა როჯერის ყველაფერი მშვენივრად გაშიფრა, მაგრამ დღევანდელი სტასი დღევანდელ როჯერს მაინც ვერ მოუგებს. თუ ფედერერმა მარჯვენა ხელის პროთეზით არ ითამაშა. ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ჯეკპოტი მაინც როჯერმა მოხსნა.
ლუნდგრენი ვავრინკას შტაბში შარშან, ივლისის დასაწყისში შევიდა. ცოტა წაიმუშავა, ძირითადად, ნიჭიერი ბიჭის ფსიქოლოგიური პორტრეტი გაშიფრა და ბრეიქი აიღო. ვავრინკა პოტენციალით და საჩოგბურთო ინტელექტით სულ იქ, დიდი ბიჭების დონეზეა, მაგრამ ხშირად ”ჭედავს”, თითქმის მოგებულს აგებს და თუ მაგრად მიაწვები, ნერვები ეშლება. ლუნდგრენს ეს მინუსიც უნდა გამოესწორებინა. პიტი ვავრინკას შარშან, ამერიკულ მეიჯორზეც დაუძმაკაცდა და შვეიცარიელი მეიჯორის მეოთხედფინალში გავიდა. იქ ვავრინკას რუსმა მიშა იუჟნიმ აჯობა.
ვავრინკა ფედერერთანაც მშვიდად, მონდომებული გავიდა კორტზე, მოთელვაზე როჯს ბურთი თავში დაასვა და ცოტა ხანში კორტზე ერთი კაცი დარჩა.
ფედერერი სტასს ეთამაშებოდა. თუ ვავრინკა ცელქობდა, როჯი ზედიზედ სამ-ოთხ გეიმს იგებდა, საკუთარ თავს და ოპონენტს ამშვიდებდა, ფანებს ბლოკბასტერის ნახვის ილუზიას უმსხვრევდა. ფედერერმა ვავრინკასთან საჩოგბურთო დელტაპლანით იფრინა.
სამ სეტში როჯერმა მეგობრისთვის ერთადერთი საბრეიქო შანსი გაიმეტა, მოწოდება შეინარჩუნა და კარგად გაერთო, როდესაც სტასმა ცარიელ კორტში ბურთი ვერ ჩააგდო. ფედერერი შეუდარებელი და დაუნდობელი იყო.
სტასს ცუდად არ უთამაშია. შვეიცარიის მეორე ჩოგანი მელბურნში დასვენებული ჩაფრინდა. მანამდე ერთი ტურნირი ჰქონდა მოგებული და ფედერერზე რომ არ დამჯდარიყო, ნადალის გარდა, სხვას, ალბათ, მოუგებდა.
როჯი ბურთს მარჯვნივ გადააგდებდა და სტასი იქით მირბოდა. როჯი შემოკლებულს ურტყამდა და სტასი ბადესთან მირბოდა. როჯი მოჭრილით აუღებელს უშვებდა და ვავრინკა მაინც წინ გარბოდა. უბრალოდ, სტასის სირბილს, ძირითადად, აზრი არ ჰქონდა. სტასი ბადესთან გარბოდა და როჯერი მეგობარს ქუჩური, უხეში აბრაგნით ამშვიდებდა. ფედერერმა მანამდე რამდენიმე სეტი წააგო, ჟილ სიმონთან ხუთი სეტი იწვალა, მაგრამ უფრო ხურდებოდა, ისვენებდა, ერთობოდა. ვავრინკასთან როჯერმა ყველაფერი სწრაფად მოაგვარა და დასასვენებლად სასტუმროში გაიქცა. მეუღლესთან ერთად. როჯმა ფენომენალურად ითამაშა, დაღლილ სტასს თავზე, ტაკუნებზე ხელი მოუთათუნა და ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირი მიდის, როჯერი უფრო მუღამში შედის და ჩოგბურთის პერფექტიონისტი ისევ ფედერერია. ნადალი უხეშია და დიდი სლემის 16 ტურნირის მომგებ როჯერთან ახლოს მაინც ვერ მიდის. ცუდია, რომ როჯი ბერდება. ნადალს მიმდინარე ტურნირზე ჯერ სეტი არ წაუგია, მარინ ჩილიჩსაც მასტერკლასი ჩაუტარა. ამ სეზონში პირველი ფედერერი VS ნადალი საინტერესო იქნება. მანამდე როჯერმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გააგდოს და ნადალს (ალბათ) უხასიათო ენდი მარეისთან წვალება მოუწევს.
დიდი სლემის ტურნირის მეჩვიდმეტედ მოგებამდე როჯერს ორი გამარჯვება აშორებს. ჯერ ჯოკოვიჩი, შემდეგ ნადალი ან მარეი. ფედერერს, სულ ცოტა, კიდევ ერთხელ ვნახავთ მელბურნის ღია პირველობაზე.
ავსტრალიაში, მელბურნში, ფედერერი მეცამეტედ თამაშობს. ოთხჯერ (2004, 2006, 2007, 2010) შვეიცარიელი ჩემპიონი გახდა, ერთხელ (ნადალთან) ხუთსეტიანი ფინალი წააგო და ორჯერ ნახევარფინალში გავარდა. ჯოკოვიჩი როჯერმა ამერიკის ღია პირველობაზე შარშან, ამავე სტადიაზე მოიკითხა და ფინალში სერბი გავიდა. ხუთ სეტში ნოვაკმა ნაკლები შეცდომა დაუშვა და შემდეგ ნადალთან ოთხ სეტში წააგო. ჯოკოვიჩმა უიმბლდონის მოქმედი ფინალისტი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:1, 7:6, 6:1 მიტყეპა. ქალებში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პუტკუნა კაროლინ ვოზნიაცკიმ 3:6, 6:3, 6:3 გააგდო ფრანჩესკა სკიავონე და ჩინელმა ნა ლიმ ოცდამეათე ნომერი, გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი 6:2, 6:4 დაასტატისტა.
ცოტა და საინტერესო VS-ები დაგვრჩა.
ზურა თალაკვაძეhttp://24saati.ge/index.php/category/sport/2011-01-26/13419 This post has been edited by tornike-92 on 26 Jan 2011, 19:49
Everything about him is perfect...His career on and off court is an inspiration to all mankind....
Roger Federer is like a disease...ppl are obsessed with him..
LUCKY TO BE BORN in FEDERER'S ERA!!
”არ არსებობს ფინიშის ზღვარი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”- როჯერ ფედერერი