“ნოლეს” “სამოთხის ცხოვრების” დასასრული2011 წლის ბოლო ტურნირს პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აბუ დაბიში ჩაატარებს. 29-31 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირი ჩატარდება და ეტყობა, “ნოლეს” საპრიზო ფონდი იმდენად მოეწონა, ახალი წლის საღამოს გატარება კორტზე გადაწყვიტა. ამ შეჯიბრების შესახებ ბევრი დადებითი რამ მსმენია, ამიტომაც მალდივის კუნძულებზე “სამოთხის არდადეგები” შევწყვიტე და ახალი სეზონისთვის მზადებას შევუდექიო, - ჯოკოვიჩის ეს სიტყვები USA Today-ს მოჰყავს.
ამავე გამოცემის ცნობით, არაბეთში ჩასული “ნოლე” გამოტყდა, რომ მალდივის კუნძულებზე ყოფნისას ერთხელ გვარიანადაც გამოთვრა და დილით მძიმე “პახმელიაც” ჰქონდა. კიდევ კარგი, ვარჯიში არ მქონდა, თორემ გახშირებული პულსაცია ისე მაწუხებდა, ჩოგნის ხელში აღებაც კი არ შემეძლოო.
ამის შემდეგ ჯოკოვიჩი “სერიოზულ” თემაზე გადაერთო და სამომავლო გეგმა გაუნდო პოპულარული ამერიკული გამოცემის მკითხველს. ნოვაკის თქმით, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი დ 2012-ში არანაკლებ წარმატებული სეზონს ელის: “ცხადია, წლევანდელი დონის შენარჩუნება და ანალოგიური შედეგების ჩვენება წარმოუდგენლად რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულშემატკივართა და სპეციალისტთა ნაწილი ამტკიცებდა, თითქოს თამაშის მაქსიმუმს ვაჩვენებდი და შესაძლებლობათა ზღვარზე ვასპარეზობდი. გარწმუნებთ, ასე არაა. ოსტატობაცა და ძალაც საიმისო ნამდვილად მაქვს, კიდევ უფრო რომ მოვუმატო. საკუთარი თამაშის კიდევ უფრო დახვეწაზე ბევრს ვმუშაობ და წვრთნებისას თავს არ ვზოგავ”.
ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის მეზობელი ქვეყნის, ბოსნია-ჰერცეგოვინას “წლის ადამიანად” დაასახელეს. მოგეხსენებათ, ბოსნიაში სერბები მრავლად სახლობენ და სწორედ მათი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი “ნოლეს” კიდევ ერთი აღიარების საქმეში.