როჯერ ფედერერი. ბრძოლა დიდი სლემის მე-17 ტიტულისთვისამერიკული პორტალის, The Oregonian-ის სპორტულმა მიმომხილველმა დუგლას პერიმ თავის ბლოგში შეაფასა Grand Slam-ის ტურნირში შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მორიგი, მე-17 ტრიუმფის შანსი.
როჯერ ფედერერის კარიერაში იყო რამდენიმე საკვანძო მომენტი, დაწყებული პიტ სამპრასზე გამარჯვებით უიმბლდონ 2001-ზე, გაგრძელებული დამარცხებით რაფაელ ნადალთან ამავე ტურნირის ფინალში 2008 წელს. შემდეგ იყო ტრიუმფი ენდი მარეისთან Australian Open 2010-ის ფინალში. როჯერის, ისევე როგორც ბევრი სხვა ჩოგბურთელის კარიერა, შედგება აღმასვლებისა და ჩავარდნებისგან, მაგრამ, უმრავლესობისგან განსხვავებით, შვეიცარიელის კარიერაში არ ყოფილა აშკარა ჩავარდნები (მაგალითად, როჯერს არასდროს წაუგია ჟორჟ ბასტლის დონის ჩოგბურთელთან უიმბლდონის მეორე წრეში და არ ჰქონია ფსიქოლოგიური სტრესი, როგორც აგასის).
დაბოლოს, ერთ-ერთ ფინალურ აკორდად როჯერისთვის შეიძლება იქცეს ნოვაკ ჯოკოვიჩთან განცდილი მარცხი US Open 2011-ის ნახევარფინალში. ფედერერი იგებდა 2:0 პარტიებით, ჰქონდა ორი მატჩბოლი თავის მოწოდებაზე და... ჩოგბურთის 30 წლის ლეგენდა თავდახრილი მიდის ბადესთან და გამარჯვებას ულოცავს ბედნიერ ჯოკოვიჩს. ბედის ასეთი ირონია ძნელი გადასატანია მორალურად ისეთი მდგრადი სპორტსმენისთვისაც კი, როგორიც ფედერერია.
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ როჯერის გულშემატკივრებს მომავალში?
Australian Open-2010 გამარჯვების შემდეგ ფედერერი იმედიანად უყურებდა მომავალს და მიზნად ისახავდა "მეიჯორებზე" გამარჯვებათა რაოდენობა 20-მდე გაეზარდა. ახლა ეს ძნელი წარმოსადგენია. საკითხი ასე დგას - შესწევს თუ არა როჯერს ძალა მეჩვიდმეტედ გაიმარჯვოს Grand Slam-ის ტურნირში?
სავარაუდოდ, შესწევს. გასათვალისწინებელია, რომ ამ წლის განმავლობაში ფედერერს ორჯერ აქვს ნათამაშები ნახევარფინალში და ერთხელ გავიდა "მეიჯორის" ფინალში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს შედეგი ამ შემთხვევაში მაჩვენებლად არ გამოდგება. ნებისმიერი საშუალო დონის სპორტსმენისთვის Grand Slam-ის ტურნირის დიდ ოთხეულში მოხვედრა ჩაითვლება კარიერის მწვერვალად და ტრიუმფის საბაბად (გავიხსენოთ რობი ჯინეპრის US Open 2005-ზე ან სიენგა შალკენის US Open 2002-ზე წარმატებები), დიდი ჩოგბურთელისთვის კი ეს არის ყოველდღიურობა, ჩვეულებრივი საქმე. აქედან დასკვნა: ბრძოლის გაგრძელება Grand Slam-ის მეორე კვირაში ჯერ კიდევ არ არის დამადასტურებელი საბუთი, რომ ასაკოვანი ჩოგბურთელი მზადაა ტიტულის მოსაპოვებლად.
ამის მაგალითია ჯონ მაკინროის თამაში - 30 წლის ასაკში მან მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალს, 31 წლისა კი თამაშობდა US Open-ის ნახევარფინალში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე აღარ განიხილებოდა როგორც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი. ის ძველებურად იყო შეჯიბრების მონაწილეთა უმრავლესობაზე ძლიერი, მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები უკვე გავარდნენ წინ. ასე რომ, 30 წელი პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის თავისებურ რუბიკონად ითვლებოდა და ეს წესი დღემდე ძალაშია.
ეს სქემა ერთ-ერთმა უკანასკნელმა დაარღვია ანდრე აგასიმ. 30-წლიან ზღვარს გადაცილებულმა, მან ორჯერ გაიმარჯვა Australian Open-ზე და ასევე "მასტერსზე" რომში. აგასის სიდიადეს არავინ უარყოფს, მაგრამ ამ წარმატებების მიზეზი მნიშვნელოვანწილად სცილდება მის ფიზიკურ მზადყოფნას. რასაკვირველია, მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო რეიტინგის სათავეში, შეჰგუებოდა სწრაფად ცვლად თამაშს და აემაღლებინა ფიზიკური კონდიციები. მიუხედავად ამისა, ანდრეს დაბრუნებას ხელი შეუწყო ჩოგბურთში თაობათა ცვლამ: სამპრასის ერა, რომელსაც თვითონ აგასიც მიეკუთვნებოდა, დასასრულს უახლოვდებოდა, ხოლო ფედერერის ერა ჯერ არ იყო მოახლოებული. ლაპარაკია მარსელო რიოსის, ტიმ ჰენმანის, მარკ ფილიპუსისის დონის ჩოგბურთელებზე. ვარსკვლავთა ახალი თაობა ჩნდება დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო ე.წ. "შუალედურ პერიოდში" გამოჩნდებიან კარგი, ძალიან კარგი, მაგრამ არა დიდი ჩოგბურთელები. სწორედ ამიტომ აგასისთვის მაშინ უფრო ადვილი იყო დიდების მწვერვალზე დარჩენა, ვიდრე დღეს ფედერერისთვის.
ფედერერის შემდგომი თაობის პროგრესი აშკარაა. შესაძლოა მან მომავალში მოიპოვოს ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობის სახელი (თუ მარეი შეძლებს შევიდეს Grand Slam-ის ტურნირების ტრიუმფატორთა რიგებში, თუ ხუან მარტინი აჩვენებს თავის სტაბილურობას და მძლავრ თამაშს სხვა "მეიჯორებზე", თუ რობინ სტერლინგი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თამაშს...)
გამოდის, რომ შვეიცარიელს ძალიან გაუჭირდება Grand Slam-ის ტურნირებში მეჩვიდმეტედ გახდეს პირველი. თუმცა, პრინციპში, ეს მასზეა დამოკიდებული - ის ხომ როჯერ ფედერერია... თუ ამას შეძლებს და თუ შემდგომში წარმატებით გამოიყენებს მატჩ-პოინტს მეხუთე სეტში ჯოკოვიჩთან, მაშინ მასზე შეიქმნება ლეგენდები, მოხუცები შვილიშვილებს მოუყვებიან ბებერ, გამობრძმედილ ლომზე, რომელმაც გაიღვიძა ხანგრძლივი ძილქუშის შემდეგ და აჩვენა ჩრდილში ჩასაფრებულ მონადირეს, ვინ არის ამ ტყის პატრონი. ისევე როგორც 1970 წელს ჯონი იუნიტასმა თავისი გუნდი Super Bowl-ის გათამაშებაში (ამერიკული ფეხბურთი) ტრიუმფამდე მიიყვანა; როგორც სახელგანთქმული ბეისბოლისტი კირკ გიბსონი ზეიმობდა გამარჯვებას 1988 წლის World Series-ში... ფედერერის დაბრუნება იქნება უფრო ხმაურიანი, ვიდრე ამერიკული სპორტის ნებისმიერი სხვა მაგალითი, რადგან მას თანაგუნდელები ვერ ამოუდგებიან მხარში - თავისი გასაკეთებელი როჯერმა უნდა გააკეთოს თვითონ, დამოუკიდებლად.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/sport...0-19/20851.html
მიმაგრებული სურათი