დღეს შუა დღის 15:00 საათზე პეკინში მიმდინარე WTA-ს ტურნირზე მეტად საინტერესო შეხვედრა დაიწყება. 1/4 ფინალში ერთმანეთს მესამე ნომრად განთესილი აგნეშკა რადვანსკა და ანჟელიკა კერბერი დაუპირისპირდებიან. თუ პოლონელი მსოფლიო რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს, მაშინ კერბერი მსოფლიოს მე-9 ჩოგანი გახლავთ. ცნობისთვის, შეხვედრა ღია ჰარდის საფარზე გაიმართება, რაც ორივე ჩოგბურთელისთვის პრიორიტეტულია. გეტყვით იმასაც, რომ რადვანსკა მარჯვენა ხელით თამაშობს, ხოლო გერმანელი ცაციაა.
აგნეშკა რადვანსკა, რომელიც 'ბექჰენდის' თამაშით გამოირჩევა, 2013 წელი ჩინებულად დაიწყო. იანვრის თვეში კრაკოვში დაბადებულმა 24 წლის პოლონელმა თავის კარიერაში მე-11 WTA ტიტული ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში მოიგო. შემდეგ სიდნეის WTA-ც მიაყოლა და, შესაბამისად, წელი 2 მსხვილი ტურნირის მოგებით დაიწყო. თებერვლის თვე, შედარებით, არცთუ ისე სახარბიელო გამოდგა. აპრილი აგნეშკამ ტრავმის გამო გამოტოვა. საფრანგეთის ღია პირველობაზე ის 1/4 ფინალამდე მივიდა, სადაც იტალიელთან სარა ერანისთან დამარცხდა. უიმბლდონის ტურნირი მსოფლიოს მე-4 ჩოგანისთვის უფრო წარმატებული გამოდგა. ის 1/2 ფინალამდე მიაღწია, თუმცა იმ დროისთვის ჩინებულ ფორმაში მყოფ გერმანელ საბინ ლისიცკისთან დამარცხდა. შემდეგ იყო სტენფორდის ფინალში დამარცხება, ტორონტოს ტურნირის 1/2 ფინალი და US Open-ის მხოლოდ და მხოლოდ მე-4 ტური. როგორც თავად შეამჩნევდით, წლის დასაწყისში მოპოვებული გამარჯვებები რადვანსკას თან არ გაჰყვა, თუმცა ცუდი შედეგი პოლონელს ნამდვილად არ უჩვენებია. აღსანიშნავია, რომ წელს რადვანსკამ საპრიზო თანხის სახით $2.248.332 გამოიმუშავა.
მარცხენა ხელით მოთამაშე გერმანელი ანჟელიკა კერბერი თავისი დღევანდელი მეტოქის მსგავსად უპირატესობას 'ბექჰენდს' ანიჭებს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ანჟელიკასთვის, მან წელს ვერცერთი ტურნირის მოგება შეძლო. სიდნეის, ინდიან უელსსა და შტუტგარტის ტურნირებზე ის 1/2 ფინალს მიაღწია, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. აპრილის თვეში ანჟელიკა მონტერეის ტურნირის ფინალში რუს პავლიუჩენკოვასთან დამარცხდა. დიდი მუზარადის ტურნირებზე კერბერმა ნამვილად ცუდად იასპარეზა. მართალია, წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი (მე-4 რაუნდი) მის კარიერაში საუკეთესოა, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს თავის WTA რეიტინგის სტატუსს. სიტუაცია არ შეცვლილა როლანდ გაროსზე, სადაც ჩოგბურთელი კვლავ მე-4 რაუნდში ტურნირს დაემშვიდობა. შემდეგ იყო უიმბლდონი, სადაც კერბერი უკვე მე-2 რაუნდიდან გამოვარდა. ამერიკის ღია აპირველობაზე კი ტრადიციას არ უღალათა და მე-4 რაუნდში დამარცხდა ესპანელ სუარეზ-ნავაროსთან. 2013 წელს დაფიქსირებული შედეგი კერბერის რეგრესზე მიგვანიშნებს, რამეთუ შარშან გერმანელმა წელი WTA რეიტინგში მე-5 პოზიციაზე დაასრულა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კერბერის საპრიზო თანხის სახით $1.273.458 დაუგროვდა.
პეკინში მიმდინარე China Open-ზე ვოზნიაცკიმ ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც არიან ფოგელი, ქისი და სლოვენიელი ჰერცოგი. მართალია, ყველა ამ შეხვედრაში პოლონელი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, თუმცა მან ეს სტატუსი დამაჯერებლად გაამართლა. სწორად ჰერცოგთან გამარჯვების შემდეგ რადვანსკამ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მისი კომენტარი ასეთი გახლდათ: "აქ თამაში ყოველთვის მიხარია, კორტზე თავს კარგად ვგრძნობ. სხვათაშორის, ბოლო დროს ამ ტურნირზე კარგ შედეგს ვაჩვენებ და მიხარია ის, რომ წელსაც 1/4 ფინალში გავაღწიე." ასევე, რადვანსკამ თავის დღევანდელ მეტოქეზე ისაუბრა: "ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვითამაშეთ ტოკიოში, თუმცა იქ სხვა ატმოსფერო, სხვა ბურთები და სხვა კორტები იყო. მე არანაირი წნეხის ქვეშ ვარ და ვაცნობიერებ იმას, რომ ვეთამაშები ტოპ ათეულის ჩოგბურთელს. იმედია რევანშის აღებას შევძლებ."
ჩინეთის ღია პირველობის ბადეში კერბერს გაუმართლა. მან პირველი ტური გამოტოვა და, შესაბამისად, ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. 1/4 ფინალამდე კერბერმა რობსონი და ვინჩი საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. ეს არც იყო გასაკვირი, რამეთუ გერმანელი ჩოგბურთელი ორივე მატჩში ფავორიტად ითვლებოდა. ვინჩისთან მატჩის შემდეგ ანჟლიკამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ყოველთვის ვცდილობ პირველივე გათამაშებიდან კონცეტრაცია მხოლოდ ჩემს თამაშზე მოვახდინო. აქცენტს კარგ ჩაწოდებაზე, აგრესიულ და სწრაფ თამაშზე ვაკეთებ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გეგმა ჩამივარდა, მაშინ ჩემი მოწინაამღდეგის თამაშს ვაკვირდები და ვცდილობ საკუთარი ასპარეზობა გამოვასწორო." კერბერმა ასევე აღნიშნა ის, რომ მას ძალიან უხარია 1/4 ფინალში ასპარეზობა და აცნობიერებს, რომ აქ ყველა სტადიაზე ასპარეზობა რთულია.
რადვანსკა და კერბერი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედნენ, საერთო ანგარიში კი 4:3 პოლონელის სასარგებლოდ გახლავთ. თუმცაღა, 'ჰარდის' საფარზე მინიმალური უპირატესობა ანჟელიკას მხარეს არის, რომელმაც 5 ჩატარებული მატჩიდან აგნეშკას 3-ში აჯობა. მათ შორის ტოკიოში 26 სექტემბერს გამართული შეხვედრაა, სადაც კერბერმა 2 სეტში დაამარცხა თავის დღევანდელი ოპონენტი. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რადვანსკას 2011 წელს უკვე მოუგია პეკინის ტურნირი, ხოლო შარშან 1/4 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას. თავის მხრივ, კერბერმა წელს პეკინის ტურნირზე თავის საუკეთესო შარშანდელი შედეგი გაიმეორა. 2010 წელს 1/8 ფინალიდან, 2011 წელს საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ხოლო 2012-ში - 1/4 ფინალიდან გამოვარდა. ყველაფერი ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაზე მიგვანიშნებს.
http://www.preview.ge/news/wta_beijing_rad.../2013-10-04-198