ნასესხები წინდებისა და მოულოდნელად შეწყვეტილი არდადაგების ისტორია
უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე უკვე მერამდენედ ხდება, რომ საქმეში ამა თუ იმ ჩოგბურთელის ნაცვლად მისი შემცვლელი ერთვება ხოლმე. ამას ალბათ უკვე შევეგუეთ კიდეც. წლეულს შემცვლელის რანგში პაბლო კარენო ბუსტა მოგვევლინა, რომელმაც ტრამვირებული რაფაელ ნადალის სათანადოდ ჩანაცვლება უნდა ითავოს. ბუსტას დებიუტი დღეს შუაღამეს, დომინიკ ტიმის წინააღმდეგ შედგება. შემცვლელი მოთამაშეები ყოველთვის გვახალისებდნენ და ტოვებდნენ თავიანთ „წარუშლელ“ კვალს ამ ტურნირის ისტორიაში. სწორედ ასე მოხდა 2008 წელს:
არდადაგებიდან პირდაპირ კორტზე - უამრავი სხვა ჩოგბურთელის მსგავსად, ნოემბერში რადეკ შტეფანეკმაც გადაწყვიტა საკუთარი თავისათვის ბედნიერი და ხალისიანი არდადაგები მოეწყო. ჩეხი ევროპულ სიცივეს ტაილანდის პლაჟებზე ემალებოდა. სწორედ აქ ყოფნისას დაურეკეს მას შანხაიდან და შეატყობინეს, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოუწევდა ასპარეზობა. ტაილანდიდად ჩინეთში გადაფრენა პირველივე რეისით მოუწია. იქ ჩაფრენილმა რადეკმა კი აღმოაჩინა, რომ თავისი საჩოგბურთო აღჭურვილობა ვიეტნამის საბაჟოში დარჩენოდა. რამდენიმე საათის შემდეგ იგი როჯერ ფედერერის წინაშე შემდეგი აღჭურვილობით წარსდგა:
* ხელში ეჭირა ჩოგანი, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა ათხოვა
* ფეხზე ენდი მარის მიერ ნასესხები წინდები ჰქონდა ამოცმული
* თვალის ლინზები ჩინეთშივე იყიდა ისეთი ოპტიკოსისაგან, რომლის კვალიფიკაციის შესახებ არაფერი იცოდა.
მიუხედავად ასეთი არაკომფორტული აღჭურვილობისა, შტეფანეკმა „ფედექსს“ მედგარი წინააღმდეგიბა გაუწია(7-6,6-4), რაც მატჩის ბოლოს გულშეატკივრების ოვაციებიდანაც კარგად ჩანდა. თუმცა ეს ყველაფერი როჯერის დასამარცხებლად არ აღმოჩნდა საკმარისი.
შტეფანეკის ტურნირზე მოხვედრაც დიდი უცნაური რამე იყო. „ბადეზე გასვლის სპეციალისტი“ 2008 წლის ბოლოს ატპ-ს რეიტინგში მხოლოდ და მხოლოდ 27-ე ადგილზე იყო. თუმცა რეიტინგში მასზე წინ მყოფმა ოცდაოთხმა მოთამაშემ ტურნირში ჩართვაზე უარი განაცხადა (ზოგმა ტრამვების და ზოგმაც სხვადასხვა მიზეზების გამო). საბოლოოდ რადეკმა ჩაანაცვლა ამერიკელი ენდი როდიკი, რომელმაც ენდი მარისთან წაგებულ პირველ მატჩში კოჭის ტრამვა მიიღო.
კარენო ბუსტას შტეფანეკთან შედარებით ნაკლები ფაცხაფუცხით მოუწია მიმდინარე ტურნირზე ჩართვა. ამიტომ მიზერულია შანსი იმისა, რომ „შეითვისოს“ ის გრძნობა, რომელიც ნათხოვარი წინდებით თამაშს ახლავს თან. ასე ყველას როდი უმართლებს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)