მე ზონების შექმნის წინააღმდეგი ვარ!
გაზეთი “ახალი თაობა”, 16 მაისი
პარლამენტში არც თუ დიდი ხნის წინ შევიდა მთავრობაში მომზადებული კანონპროექტი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის" შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათი შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პირობებს. პროექტის თანახმად ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებით და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით; წარმოადგენს საქართველოში საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ზონის ნაირსახეობას, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და სხვადასხვა შეღავათები და რომელზეც არ ვრცელდება ადგილობრივი თვიმმართველობის კომპეტენცია. პროექტის თანახმად თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიძლება შეიქმნას საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც აღემატება 10 ჰექტარს. აქ დარეგისტრირებული კომპანიებისთვის იმოქმედებს მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი, ოღონდ მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო ურთიერთობები არა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან. გარდა ნულოვანი დაბეგვრისა, ამ ზონებში, განსხვავებით საქართველოს სხვა ტერიტორიისგან, ანგარიშწორება განხორციელდება ნებისმიერ ვალუტაზე და იქნება გამარტივებული სანებართო-სალიცენზიო წესი სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.
- ბატონო ლადო, რას გვეტყვით ამ კანონპროექტის შესახებ?
- უკვე რამდენი წელია მიწევს ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოსვლა. მართალია, 13-14 წლის წინ მე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მომხრე ვიყავი, მაგრამ 1997 წლიდან ჩემი პოზიცია შეიცვალა. ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ, რა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ეს არის შემოფარგლული ტერიტორია, სადაც შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი მოქმედებს, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში იყო არალიბერალური ეკონომიკური გარემო, საგარეო ვაჭრობა შეზღუდული იყო იმდენად, რომელიც მაშინაც კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შეზღუდული იყო სავალუტო ოპერაციებიც. ამ დროს პრეზიდენტისგან მივიღე დავალება, რომ ამ მიმართულებით გვემეშავა და კანონპროექტსაც კი ვამზადებდით, სადაც გათვალისწინებული იყო ის შეღავათები, რაც არ არსებობდა მთელს ქვეყანაში. მაგრამ, მანამ სანამ ეს კანონპროექტი მზადდებოდა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ქვეყანაში რეფორმა და, ფაქტობრივად, საგარეო ვაჭრობაში ყველა არსებული ბარიერი მოიხსნა. ამიტომაც აზრი დაკარგა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეამ: ნებისმიერი შეღავათი, რისი გატარებაც ზონაში შეიძლებოდა ან უკვე იყო გატარებული, ან შეიძლებოდა გატარებულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის გამო აჭარის ხელმძღვანელი დაუპირისპირდა ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო მთლიანად ამ ზონების შექმნას ეწინააღმდეგებოდა და არა კონკრეტულად აჭარაში. მე ნამდვილად აღარ მეგონა, რომ ეს საკითხი კვლავ გააქტიურდებოდა, რადგან ამ ზონების შექმნას არანაირი დადებითი შედეგი არ ექნება. პრობლემები კი მართლაც ბევრი გაჩნდება.
- პროექტში ნახსენები შეღავათები არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისთვის?
- პირველი შეღავათი არის ის, რომ ზონაში იქნება მოგების ნულოვანი გადასახადი. თუ ეს საკმარისია ეკონომიკური განვითარებისთვის, მაშინ საკითხი დავსვათ ასე, თუ რატომ არ შეიძლება, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკეთდეს და რა შედეგი ექნება ამას. 2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის თანახმად, 2007 წლის ბიუჯეტის ახალი პარამეტრით მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში უნდა შევიდეს 512 მილიონი 600 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტი ამ ეტაპზე იზრდება 600 მილიონი ლარით. თუ ჩვენ ვიტყვით უარს მოგების გადასახადზე, ბიუჯეტი 600 მილიონით კი არ გაიზრდება, არამედ გაიზრდება 87 მილიონ 400 ათასი ლარით. ანუ, პრაქტიკულად, დეკემებრის ბოლოს დაგეგმილი ბიუჯეტი სრულდება და კიდევ რჩება საკმაო თანხა. თუ ეკონომიკის ზრდისთვის მოგების გადასახადის განულება ყოფილა კარგი, გავანულოთ ეს გადასახადი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მაინც დაგვრჩება 87 მილიონზე მეტი ლარი ბიუჯეტის გასაზრდელად. პროექტის ავტორები გვთავაზობენ, რომ გავანულით მოგების გადასახადი ამ ზონებში, ხოლო მე ვამბობ, რომ გავანულოთ მთელს ქვეყანაში. ამის რესურსი კი ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს.
რაც შეეხება შემდეგ შეღავათს, ეს არის ქონების გადასახადის განულება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2005 წელს ამოღებული იქნა დაახლოებით 60 მილიონი. ეს მით უფრო არ არის პრობლემა, თუ ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაკეთებთ. ამით ბიუჯეტი თითქმის არ დაზარალდება.
ასევე საუბარია იმპორტის ნულოვან გადასახადზეც. შეგახსენებთ, რომ იმპორტთან დაკავშირებით შარშან საუბარი იყო საერთოდ ნულოვან გადასახადზე, რაც, სამწუხაროდ, პარლამენტში ვერ გავიდა. მიღებული იქნა ასეთი სქემა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესდა 12%-იანი და საშენ მასალებზე 5%-იანი საიმპორტო გადასახადი. ზონაში იმპორტის გადასახადი კი უნდა იყოს ნოლი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკვე კარგა ხანია, რაც ქვეყნიდან ექსპორტი თავისუფალია ყველანაირი გადასახადისგან. თუ პროდუქცია გამოიყენება საექსპორტოდ, იმპორტირებული ნედლეული არ იბეგრება. აქედან გამომდინარე, ზონისათვის შემოსაღებ ეს შეღავათი ძალიან ეფემერულია. მაგრამ, თუ ავტორები მაინც თვლიან, რომ ეს შეღავათები ეკონომიკას ფეხზე დააყენებს და სამომავლოდ კარგია, მაშინ, მოდით, სამომავლოდ მთელი ქვეყანა დადგეს ფეხზე და მთელი იმპორტი გავანთავისუფლოთ საიმპორტო გადასახადისაგან.
- კანონ-პროექტში საუბარია ლიცენზირების გამარტივებაზეც.
- გეთანხმებით, რომ ლიცენზირების და ნებართვების აღების გამარტივება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, და თუ ასეა, მაინცდამაინც რატომ უნდა გავამარტივოთ მხოლოდ ზონაში? დიდი მიღწევაა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ არსებითად გამარტივდა სამეწარმეო საქმიანობისთვის ნებართვების აღების პროცედურები. თუ ზონაში კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს, მაშინ ამას აჯობებს ეს სისტემა მთელს ქვეყანაში გავამარტივოთ.
- კანონ-პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ზონაში ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერ ვალუტაში. რა მაკროეკონომიკური ეფექტრი ექნება მრავალი ვალუტის გამოყენებას?
- ერთი შეხედვით თითქოს დიდი არაფერი. თუ საქართველოში ეს იქნება მხოლოდ ერთი ან ორი ზონა, მაშინ იმის ალბათობა, რომ ამას ექნება რაიმე უარყოფითი ზეგავლენა დანარჩენ ტერიტორიაზე, თითქმის ნულია. მაგრამ, კანონი ზონების რაოდენობას ხომ არ ზღუდავს. ასეთი ზონების რაოდენობის ზრდასთან ერთად ბუნებრივია საფრთხე შეექმნება ლარის ერთად-ერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენებას: დღეს ქვეყანაში მონეტიზაციის დონე სადღაც სამჯერ მაინც ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ დონეებს, ხოლო მულტისავალუტო რეჟიმის მქონე ზონების მომრავლების შემთხვევაში მონეტიზაციის ისედაც დაბალი დონე ჩვენში კიდევ უფრო შემცირდება. ამასთან შეილახება არამარტო ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ატრიბუტი, არამედ საქართველოს ხელისუფლება დაკარგავს მაკროეკონომიკური რეგულირების ძალიან ძლიერ ბერკეტს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელ საქართველოში არანაირი პრობლემა არ არის არც ერთ სავალუტო ოპერაციაზე. თუმცა, ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, რადგან კანონით ლარი არის ერთად-ერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება. აქვე მინდა, ჩვენს მკითხველს მივაწოდო ასეთი ინფორმაცია: 2004 წელს როდესაც ბატონი კახა ბენდუქიძე ახალი დანიშნული იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრად ბრიტანულმა ჟურნალმა `ეკონომისტმა~ დაბეჭდა წერილი ბატონი კახას შესახებ და მის მიერ გამოთქმული იდეებიდან ერთ-ერთი იყო ის, რომ საქართველოში უნდა იყოს მულტისავალუტო სისტემა. მისი აზრით ლარი არ უნდა ყოფილიყო ერთად-ერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება და ანგარიშსწორება უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ვალუტაში, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს ხელიდან გაეშვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკუთარი მექანიზმები. ეს კი მაშინ პრაქტიკულალ რუბლის ზონაში დაბრენებამდე მიგვიყვანდა, იმიტომ, რომ შედარებით მცირე მასშტაბის ოპერაციას წვრილი ფული სჭირდება და ვიდრე ბანკები უზრუნველყოფდნენ შორეული ამერიკიდან და ევროპიდან წვრილი კუპიურების ჩამოტანას, უფრო ადვილი იქნებოდა რუსული სამხედრო ბაზებიდან რუბლის გადინება. საბედნიეროდ, ბატონი კახას ამ იდეას ხორცშესხმა არ ეწერა, მან ქვეყანაში სავალუტო სისტემა ვერ მოშალა და, თუკი მაშინ არ გამოუვიდა, ეხლა ეს შეზღუდულ ტერიტორიებზე მაინც უნდა რომ განახორციელოს.
- გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ეფექტი არ ექნება, მთავარი ნაკლი და პრობლემა რა არის?
- ცოტა ხნის წინ მარნეულში მქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრა. მათ დამისვეს კითხვა, რომ თუკი საუბარია ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ზონა მარნეულშიც შეიქმნასო. მე მათ ავუხსენი, რომ თუ ფოთში შეიძლება ამის გაკეთება, მარნეულშიც შეიძლება, მაგრამ მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ, როგორც ფოთში და მარნეულში, ასევე სადმე სხვაგან ზონების შექმნის. ავუხსენი, რომ ეს ეკონომიკურად უაზრობაა და, თუკი რაიმე შეღავათს მოვიფიქრებთ, გაცილებით უკეთესი იქნება, რომ ეს შეღავათი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდეს, რათა მთელი ქვეყანა ერთნაირად ინტეგრირებულად ვითარდებოდეს. მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ზონები თუნდაც ახალქალაქსა და მარნეულში რომ შიქმნას, მოვლენები როგორ განვითარდება? თუკი ფოთში შეიქმნა ეს ზონა და ანგარიშსწორებისთვის ძირითადად მოხდება დოლარის და ევროს გამოყენება, ახალქალაქსა და მარნეულში შესაბამისად იქნება დრამიც და მანათიც. გარდა ამისა, ძალიან დიდი იქნება მეზობელი სახელმწიფოებიდან წამოსული დაფინანსება ამ ზონაში საქმიანობისთვის. თუ ეს, ერთის მხრივ, ხელს უწყობს რეგიონში ინტეგრაციულ პროცესებს, მეორეს მხრივ რეალურად თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი როგორ არის პრობლემების შემქმნელი პრაქტიკულად ყველგან, სადაც კი მან შეაღწია. გვაწყობს, რომ ეს შეგნებით გავაკეთოთ? ან თუნდაც რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ჩვენი მეზობლების ეთნიკური წარმომადგენელებით იქნება ჩამოყალიბებული, რომ მოინდომოს ზონაში საქმიანობა, უარს ვეტყვით? ამ დროს ხომ ვიცით, მათი დაინტერესება რეალურად რაც იქნეა?
კიდევ ერთი მაგალითი, რაც ფოთს შეეხება. 90-იან წლებში ფოთში სამეწარმეო საქმიანობით ყველაზე მეტად დაინტერესებული იყო ირანი და სომხეთი. შევარდნაძეს ტერმინალებსაც კი სთხოვდნენ. როდესაც ჩვენ ასეთ ზონას ვქმნით, როგორ შეიძლება ინვესტიციების არჩევა მოვახდინოთ, ამაზე თუ უფიქრიათ? ჯერ-ჯერობით ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღგვიდგენია, და იმედი მაქვს, რომ ამას მალე მოვახერხებთ, მაგრამ რამდენად ვართ მზად, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა კიდევ უფრო ნაკლებად გავაკონტროლებთ ტერიტორიებს. ასეთი საფრთხეები რეალურია და ამას დაფიქრება სჭირდება. საყურადღებოა, რომ კანონპროექტს ძალიან საინტერესოო განმარტებითი ბარათი ახლავს. აქ ვკითხულობთ, რომ პროექტის ამოქმედება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ აპირებს ფული ჩადოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში. მაშასადამე, აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზონის შექმნაზე ხარჯებს კერძო სექტორი გაიღებს, და სხვა თანაბარ პირობებში უცოხოელი ინვესტორებიც. უკვე გითხარით, ადრე ამ ტერიტორიებით ვინ იყო დაინტერესებული. ახლა მათ რუსებიც დაემატებიან... გავითვალისწინოთ ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარება და დავფიქრდეთ, რამდენად არის ეს გამართლებული.
შორენა კოწოწაშვილი
პ.ს. რაღაც პოსტი გაიწელა

ნუ ვლადიმერ პაპავას მოსაზრება საინტერესო უნდა იყოს
This post has been edited by -Leo- on 17 Dec 2008, 20:07