11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება,
რეალიზაცია და აღურიცხველობა
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, –
იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
3. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სარეალიზაციოდ/მისაწოდებლად განკუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულების ოდენობით. (14.06.2011. N4754)
4. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე, ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.
5. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;
ბ) საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;
დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
6. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, აგრეთვე ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება პირს, რომელსაც აქვს ამ კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი. (17.12.2010. N4114)
7. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი;
ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით. (17.12.2010. N4114)
8. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან: (14.06.2011. N4754)
ა) ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) დანაკლისის გამოვლენა −
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;
ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა (გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ: (14.06.2011. N4754)
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) 2 პროცენტს;
ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, რომლის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
10. ამ მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (14.06.2011. N4754)
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით. (14.06.2011. N4754)
გადახედე ამ მუხლებს და საინტერსოს ნახავ შენთვის რამეს