მაღალპროფესიონალი ფორექს ტრეიდერიფორექსზე ფორმულები არ მუშაობენ, მუშაობს მუდმივი, მშვიდი და დაჟინებული ძალისხმევა მიმართული მიზნის განხორციელებისკენ. რატომაა ეს ასე? იმიტომ, რომ ესეც ცხოვრების ნაწილია, ხოლო ცხოვრებაში მარცხი - გარდაუვალი. ფორექსი სხვა უმეტეს პროფესიებთან შედარებით ბევრად უფრო რთულია, თანაც ეს სირთულეები რაღაც დონეზე ყოველთვის თან გდევს და გიბიძგებს, მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები. მაგალითად, დადებითი სტრატეგიის ერთ-ერთი ნიშანი მისი მომაბეზრებლობაა, ფორექსზე ყოველთვის შეიძლება ყიდვა ან გაყიდვა, ხოლო ეს მომგებიანი მხოლოდ გარკვეულ დროსაა, კარგი სტრატეგიაც, შესაბამისად, საჭირო დროს იძლევა სიგნალებს და რადგანაც ბაზარი უკონტროლოა, მან, შეიძლება, ასეთი სიგნალები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვცეს. ეს ფაქტიურად იგივეა ტრეიდერისთვის, რაც ჩვეულებრივ პოსტზე მომუშავისთვის განუსაზღვრელი ვადით სამუშაოდან წამოსვლა. არ იცის, როდის დაბრუნდება და რამდენი ხანი მოუწევს უქმად ყოფნა, ანაზღაურების გარეშე. პროფესია, სადაც უშუალოდ გიწევს რისკებთან, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ჭიდილი და ცივი გონების შენარჩუნება, თუ რაიმე პროფესია გარკვეული დროის შემდეგ ხდება დამღლელი და მომაბეზრებელი სტრესის, დატვირთულობისა და ერთფეროვნების გამო, ფორექსი ხდება გაუსაძლისი და აუტანელი, მოითხოვს შენგან უზარმაზარ დისციპლინას და რკინის ნერვებს.
სტატისტიკა კი ასეთია - ფორექსზე ტრეიდერთა 95-97% წაგებაშია. მხოლოდ 3-5% ნახულობს სტაბილურ მოგებას. არის კი მსგავსი სტატისტიკა სხვაგან? კი, ბიზნესში. ბიზნესში არის კონკურენცია და ბიზნესიც დაფუძნებულია ბაზრიდან მოგების მიღებაზე. ფორექსი ყველაზე მეტად გადამყიდველების ბაზარს ჰგავს, რომლებიც ერთი პირისგან ყიდულობენ პროდუქციას და მეორე პირს ჰყიდიან, ფასთა შორის განსხვავბით კი მოგებას ნახულობენ.
პირადად მე მაქვს კარგი სტრატეგია, ჩემი დაწერილი სისტემა, სტაბილური მოგება და ასე ვთქვათ, კარგა ხანი დავყურყუტებდი წარუმატებელ ტრეიდერთა ბანაკშიც, წელიწადზე ცოტა ნაკლები.
რატომ დავინტერესდი ფორექსით და რატომ გადავწყვიტე წარუმატებლობის მიუხედავად არ დავნებებულიყავი? მქონია მომენტები, როდესაც დანებებას ვფიქრობდი, როდესაც უამრავი რამ ვცადე, მაგრამ არაფერმა გაამართლა. საქმე იმაშია, რომ აქ ერთმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი: როდესაც პირველად გავიგე ფორექსის შესახებ, გადავწყვიტე 30 ევრო შემეტანა Easy-Forex-ში და მეცადა, რას როგორ შევძლებდი... კარგად მახსოვს, 2012 წლის დასაწყისი იყო, საბერძნეთი კრიზისში შედიოდა და ევროპაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შესაძლო გამოსავალზე ამ სიტუაციიდან. ბაზარზე ფასები ძირითადად ჰორიზონტალურ ტალღებად მოძრაობდა. ადვილი იყო ალღოს აღება. შევამჩნიე, რომ ფასები ტალღისებურად ადიოდა, შემდეგ ჩადიოდა, ადიოდა, ჩადიოდა, ევროდოლარის გრაფიკს ვუყურებდი, გადავწყვიტე ამ მოძრაობას გავყოლოდი. არ ვიცოდი, რატომ ჰქონდა გრაფიკს ასეთი ფორმა (იაპონური სანთლები), ცოტათი რომ დავამუღამე პლატფორმაზე რა რას ნიშნავდა, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების არსიც გუმანით განვსაზღვრე და პოზიცია გავხსენი, პატარა მოგების (2 ევრო დაახლოებით) შემდეგ დავხურე. ეს იყო საოცარი შეგრძნება, რომ რაღაც გამომდის, ჩემი ნაფიქრალით ფულს ვშოულობ, არ იყო აქ აზარტი და ნერვიულობა, მხოლოდ მცირე საცდელი თანხით „ძალებს ვსინჯავდი“, თუ დავკარგავდი, არაფერი დამაკლდებოდა... ... ესე იგი, სწორად გავთვალე, მოდი, ახლა ბოლომდე ვაცლი, რა მოხდება... და ოთხი დღის განმავლობაში 30 ევროდან ავედი არც მეტი, არც ნაკლები, სამას ევროზე, წაგების გარეშე. აქედან მოყოლებული გადავწყვიტე ფორექსს გავყოლოდი, დავანებე თავი სწავლას და საერთოდ, სხვა რამეებზე ფიქრს. ფაქტიურად, მეთვითონ ჩავიხერგე ყველა უკან დასახევი გზა, რამაც განაპირობა ის, რომ შემდგომში, როდესაც 500 ევროზე ავედი და შემდეგ ეს 500 ევრო რამდენიმე წუთში წავაგე, როდესაც ყველა მანამდე არსებული წარმოდგენა დამემსხვრა, როდესაც ეს წაგება უბრალოდ ცუდ ხასიათსა და შემთხვევითობას დავაბრალე და ყველაფრის უშედეგოდ გამეორება ვცადე, იძულებული ვიყავი, მაინც მეძია და გამეგრძელებინა სვლა ამ მიმართულებით, მასე მარტივად უკვე ვეღარ დავბრუნდებოდი, რადგან უნივერსიტეტის ერთი წელი ფაქტიურად დაკარგული მქონდა...
ეს ერთი წელი, რადგან მაინც აღარაფერი მქონდა დასაკარგი, უამრავი რამ ვცადე და არაერთი ბროკერი გამოვიცვალე. ვუსმენდი აუდიოწიგნებს, ვკითხულობდი ლიტერატურას ფორექსზე, ვცდილობდი, უკეთ ჩავწვდომოდი პროფესიას და საერთო ჯამში ვისწავლე ბევრად მეტი, ვიდრე ტექნიკური ანალიზის თეორია, თუმცა თითქმის აღარაფერში ვიყენებ.
საერთო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა ადვილი, ვაკეთებდი, იმიტომ რომ მე იმ სიტუაციაში არჩევანი აღარ მქონდა, ვერ ვხედავდი ასეთ არჩევანს.
რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა და ეს წიგნი ემსახურება იმას, რომ ყველა მკითხველმა შეძლოს ფორექსზე მოგების მიღება. ვიმეორებ, ლოგიკური თვალსაზრისით ეს უმარტივესი რამაა, არ ვიცი, ვის რამდენად გიყვართ მათემატიკა, მაგრამ მთლად უმაგისობა არ გამოვა. მოდით, ელემენტარული მათემატიკით მივყვები და გეტყვით, რატომაა ყველაფერი ლოგიკური თვალსაზრისით უმარტივესი და რატომ გვიჯდება ემოციები ძვირი, როგორ შეიძლება, პრაქტიკაში განვახორციელოთ ეს ყბადაღებული „რკინის დისციპლინა“ და ა.შ.
მოკლედ, თუ ელემენტარულ ცნებებს უკვე იცნობთ, დავიწყოთ: ადვილი მისახვედრია, რომ ერთმანეთის მიყოლებით რომ გავხსნათ გარკვეული დროის განმავლობაში 1000 ბრმა პოზიცია წინასწარი ანალიზის გარეშე, 500 (გრძელი) ყიდვის და 500 (მოკლე) გაყიდვის, თითოეული 50 პუნქტი სტოპით და 50 პუნქტი ლიმიტით, დაახლოებით ნახევარი ამ პოზიციების მოიგებს, ნახევარი - წააგებს. გრძელებიდან რამდენი მოიგებს და მოკლეებიდან - რამდენი, ეგ მეტწილად ტრენდის მიმართულებაზეა დამოკიდებული. მოგების ალბათობა არის 50%, თუ არ გავითვალისწინებთ სპრედს (ყიდვისა და გაყიდვის ფასთა შორი მცირე სხვაობას). ისმის კითხვა, რატომაა, რომ მხოლოდ 3-5% ტრეიდერების გადის მოგებაზე?
რას დაჰყავს მოგების ბუნებრივი, 50%-თან მიახლოებული ალბათობა 3-5% პროცენტზე?
პასუხი ასევე ძალიან მარტივია, მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც ფაქტიურად ამოძრავებენ ბაზარს, ცდილობენ, ითამაშონ წვრილი ტრეიდერების წინააღმდეგ, ცვალონ ფასი ისე, რომ გახადონ ის რაც შეიძლება ნაკლებად პროგნოზირებადი და მუდმივად აგზავნონ ემოციებზე გათვლილი ცრუ გარღვევის სიგნალები, ნორმალური სტრატეგიების უმეტესობა უფრო მეტად ამ „სიცრუის“ დადასტურებას ელის, რომ ბაზარზე შესვლის სიგნალი მოგვცეს, ზოგი „არც იქითაა და არც აქეთ“, უმთავრესი მიზეზი წარუმატებლობისა კი ისაა, რომ ადამიანების ემოციურ ბუნებას არ შეუძლია კარგი სტრატეგიების მართებული გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში. უმარტივესი სტრატეგიითაც კი შესაძლებელია მოგების მიღება. საშუალოდ, ჩემი აზრით უმარტივესი სტრატეგიით მოგების მიღება უფრო ადვილია, ვიდრე შედარებით რთულით, იმიტომ, რომ გონებას მასთან ურთიერთობა უადვილდება, უფრო ესმის, თუ რას და რატომ აკეთებს განსხავებულ სიტუაციებში.
განვიხილოთ სწორედ ეს: მთავარი პრობლემა. ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ სწორ მეთოდებზე და სტრატეგიებზე ფიქრი, სტრატეგიების უმეტესობა მომგებინია, საჭიროა რისკის სწორი მართვა და დისციპლინა, საკუთარი თავის ხელში ასაყვანად ჟურნალების ან/და შესამოწმებელი სიის (checklist) წარმოება. ადამიანის გონება ბავშვობიდან სამყაროს სხვანაირ აღქმასაა მიჩვეული, ფორექსზე ტვინს უწევს გადაწყობა, სრულიად ახლებურად აზროვნება, იმ აზრთან შეგუება, რომ შავი ყვითელია, თეთრი - ლურჯი, ნაცრისფერი კარგია, ოდნავ უფრო ღია ნაცრისფერი - ცუდი და ასე შემდეგ, ეს კი უზარმაზარი სტრესია. ვიდეოთამაშების უმეტესობა მიმართავს რეალური ცხოვრების სიმულაციას, რათა ტვინისთვის აღქმადი გახადოს ის ქმედებები, რომლებიც თამაშის დასახურად იქნება საჭირო, ფორექსი არის „თამაში“, რომელსაც ცხოვრებისეულ ლოგიკასთან არაფერი აერთიანებს. გონებას ზოგჯერ უბრალოდ არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მსგავს რეჟიმში მუშაობა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ტვინი მიჩვეულია იმას, რომ საფრთხეს უნდა ერიდოს, მეთოდის ერთჯერადი წარუმატებლობის ან არასასურველი ეფექტურობის შემთხვევაში უარჰყოს იგი და წარმატებული მეთოდი ეძიოს. ფორექსზე ამ ყველაფერს აზრი არ აქვს.
მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ხანგრძლივი დროით „ფორექსის“ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღება და ამას მხოლოდ წლების განმავლობაში შეგუებისა და ინტენსიური პრაქტიკის შემდეგ ახერხებენ.
სხვებს შეიძლება რამდენჯერმე მეტი დრო დასჭირდეთ სტაბილურ მოგებაზე გასასვლელად ან ეს ვერასოდეს მოახერხონ. ხომ გაგიგიათ, რომ ტვინის შესაძლებლობები თითქმის განუსაზღვრელია? ბუნებრივ რეჟიმში მუშაობისას, შეიძლება, ასეცაა, მაგრამ არაბუნებრივი რეჟიმი სწორედ ის კრიტიკული ზღვარია, რომლის იქითაც გონების ფიზიკური შესაძლებლობები იწურება, ფიზიოლოგიურად არ ძალუწს ტვინს, იმუშაოს დარჩენილი ცხოვრება არაბუნებრივ რეჟიმში, თუნდაც განსაზღვრული დროით დღე-ღამეში.
მე ამას რატომ ვამბობ, იცით? ტექნიკური სტრატეგიები გამომიყენებია პროფესიონალი ტრეიდერების სრული კომპლექტაციით, როგორიცაა ჩანაწერების წარმოება და სიგნალის კრიტერიუმების მუდმივი გადამოწმება, რისკის მკაცრი მართვა, სტაბილური მოგება მქონია სადღაც ერთი კვირა, შემდეგ ერთი გაპარული შეცდომა და საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ, არალოგიკურ რაღაცეებს აკეთებ, როდესაც ფულზე მიდგება საქმე, მისი დაკარგვა არაა ადვილი გადასატანი. მოგება და წაგება კი არაბალანსირებულად მოდის. შეიძლება 8-10 მოგება შეგხვდეს ზედიზედ და ამდენივე წაგებაც, რაც არ უნდა კარგი სტრატეგია იყოს, იმიტომ, რომ ბაზრის ზოგადი მდგომარეობა ხშირად იცვლება. რამდენადაც გახარებული და დარწმუნებული ხარ საკუთარ მოქმედებებში მოგებების შემთხვევაში, იმდენად ნერვიულობ და ეჭვი გეპარება შენს გადადგმულ ნაბიჯებში წაგების შემთხვევაში. ეს თითქმის გარდაუვალია. ერთხელ შეძლებ გაუძლო, მეორედ შეძლებ, მესამედ, მეოთხედ, ბოლოს დანებდები, ყველაზე მტკივნეულ ადგილას რომ გირტყამდნენ ისევ და ისევ, გაუჩერებლად. ოღონდ ფსიქოლოგიურ ტკივილზეა ამჯერად საუბარი და არა ფიზიკურზე, გონების ყველაზე ფაქიზ ნაწილებზე მოდის დიდი ზეწოლა, როგორიცაა საფრთხისა და მაღალი რისკის შეგრძნება. აი, რას ასახავს ის 3-5%, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი გონების ბაზარზე მორგება შეძლეს და ყოველ სამუშაო დღეს უძლებენ უზარმაზარ, შეიძლება ითქვას, არაბუნებრივ სტრესს. ასევე არის კატეგორია, რომელიც დროზე ადრე დანებდა, არადა შეძლებდა წარმატების მიღწევას მეტი მოტივაციის შემთხვევაში და არის კატეგორია, რომელიც ამას ვერასოდეს შეძლებს, რაც არ უნდა მოინდომოს.
მე ვფიქრობ, მივეკუთვნები ბოლო კატეგორიას, საუკეთესო შემთხვევაში კი - ბოლოდან მეორეს და მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს იმაზე მეტი საშუალო მოგება თვეში, ვიდრე პროფესიონალთა შორის პროფესიონალებს, არათუ 3-5%-ს შორის ვარ, არამედ 0,1%-იც კი ვერ ახერხებს ასეთი შედეგების მიღებას. თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაფერი უმარტივესი იყო და ამას ახლავე განვმარტავ. ფაქტიურად, ფორექსზე წარმატებული ვაჭრობა არის ადამიანის გონების ბუნებრივი შესაძლებელობების ზღვარი.
ანუ, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, პიროვნების გონება და აზროვნება უნდა მოერგოს ფიქრისა და აზროვნების რეჟიმს, რომელსაც მინიმალური საერთო აქვს ბუნებრივი აზროვნებისა და ფიქრის რეჟიმთან. მეორეს მხრივ, შეუძლებელია, ბაზარი მოარგო შენს გონებას, რადგან ის არ გემორჩილება.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
მარტივად რომ ვთქვათ, მოარგე გონება რაიმეს და რაიმე - ბაზარს.
საჭიროა გარკვეული შუამავალი, რომელიც მთელ ამ სტრესს და ზეწოლას თავის თავზე აიღებს, რაც ლოგიკურად ძალიან მარტივია, ხოლო გონების გადასაწყვეტი კი მისთვის ბუნებრივი და ჩვეული ამოცანებიღა იქნება.
რა შემთხვევაში ნერვიულობს გონება? როდესაც ხედავს, თუ რამდენ ფულს აგებს დეპოზიტიდან. ვის-რაში სჭირდება, გონებას მიაწოდოს ბალანსის და გახსნილი პოზიციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია? საერთოდ ამორთეთ ტერმინალის ფანჯარა MT4-იდან. ხოლო ლოტის ზომის განსაზღვრა წინასწარ დაწერილ სკრიპტს ანდეთ, ინტეგრირებული მანი მენეჯმენტის ალგორითმით. მოისპეთ შესაძლებლობა შეხვიდეთ ბაზარზე სიგნალის კრიტერიუმების გადამოწმების გარეშე, მოაშორეთ ტერმინალიდან ყოველი ზედმეტი ღილაკი, რომელიც პასუხს აგებს ოპერაციების გახსნა/დახურვაზე. მხოლოდ მკაცრი შუამავლის, ნახევრადავტომატური რობოტის ან სკრიპტის მეშვეობით აწარმოეთ გარიგებები.
იმუშავეთ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც გჭირდებათ სიგნალის მისაღებად. არაფერში არ გინდათ პოზიციების ყურება და ამის საშუალება ფიზიკურად მოისპეთ. არაფერში არ გჭირდებათ გრაფიკზე დააკვირდეთ გახსნილ პოზიციებს. ანალიზისათვის გამოიყენეთ ცალკე Charting პროგრამები ან შესაბამისი ვებ გვერდები, ანდა გამოიყენეთ ორი ტერმინალი, ერთი ანალიზისთვის, მეორე, სავაჭროდ, ისე, რომ პოზიციების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და თვის ბოლომდე მათი ნახვის საშუალება არ გქონდეთ, სანამ ბროკერი თვითონ არ გამოგიგზავნით ყოველთვიურ ანგარიშს. გარისკეთ არაუმეტეს 1-2% კაპიტალის და ისიც წინასწარ დაწერილი ალგორითმის მეშვეობით. თქვენი გონების ერთადერთი სამუშაო უნდა იყოს ფიქრი და არა ნერვიულობა და რისკების მართვა. ამის საჭიროება ნულია.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
ბ. თურმანაული © 2013
bsovevo@gmail.com
Turman Fund Management
This post has been edited by ultrapercenthood on 9 Jul 2013, 19:08
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 576 )
_______________________________________________________________________________________________.pdf