რა სარგებლობა მოაქვს კლასტერულ გრაფიკს (footprint)
ბაზარზე სწორი შესვლის წერტილის მოსაძებნად ტრეიდერებს დიდ დახმარებას უწევს კლასტერული გრაფიკის ერთ-ერთი ნაირსახეობა, ე.წ. (footprint), რომელიც შექმნილია ამერიკული კომპანია „Market Delta“-ს მიერ, რომელიც სპეციალიზირდება ტრეიდერებისათვის პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე.
ფუტპრინტი სხვა არაფერია თუ არა ფასთა დონეებთან გარკვეული თანამიმდევრობით სტრუქტურირებული ინფორმაცია, ბაზარზე შესრულებული მარკეტ ორდერების შესახებ. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა მოცულობის კონტრაქტები შესრულდა არსებულ გრაფიკზე მოცემული სანთლის შიგნით. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ინფორმაცია ფასთა დონესთან შესრულებული კონტრაქტების შესახებ, გაყოფილია ცალკე მყიდველისა და გამყიდველის შესრულებულ კონტრაქტებად.
ამ გრაფიკის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1) რამდენი გაყიდვის (Sell market) კონტრაქტი შესრულდა მოცემულ ფასზე;
2) რამდენი ყიდვის (Buy market) კონტრაქტი შესრულდა მოცემულ ფასზე.
3) სანთლის (ბარის) შიგნით, რომელ ფასის დონეზე შესრულდა ყველაზე მეტი გარიგება. ე.წ. სანთლის POC (Point of Control) ფასი.
უნდა ითქვას, რომ გარდა მარკეტ ორდერებით შესრულებული კონტრაქტებისა, ამ გრაფიკის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენი კონტრაქტი შესრულდა ლიმიტ ორდერებით ჩვენთვის საინტერესო ფასთა დონეებთან, ანუ რამდენი Buy limit და Sell limit იქნა შესრულებული.
ამისათვის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ბირჟაზე ორდერების ერთმანეთთან დაკავშირების წესი, ანუ რა პრინციპით ახდენს თავად ბირჟა სხვადასხვა სახის ორდერების დაკავშირებას ერთმანეთთან. ამ წესების ცოდნა არის აუცილებელი, ბირჟაზე სწორი ვაჭრობისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს წესები არის უნივერსალური ნებისმიერი ბირჟისათვის იქნება ეს ფორექსი, საფონდო, თუ სასაქონლო ბირჟა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს წესები არის ყველასათვის ერთი. აი, ისინიც:
1) ბირჟა Buy limit ორდერს აკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ Sell market ორდერთან. რამდენი Buy limit ორდერიც შესრულდება მოცემულ ფასის დონეზე, იმდენივე უნდა შესრულდეს Sell market ორდერიც.
2) ბირჟა Sell limit ორდერს აკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ Buy market ორდერთან. რამდენი Sell market ორდერიც შესრულდება მოცემული ფასის დონეზე, იმდენივე უნდა შესრულდეს Buy market ორდერი.
3) ორი ორდერიდან, რომელიც ერთი დროის მონაკვეთში მიეწოდა ბირჟას, პირველი შესრულდება ის, რომელიც უფრო დიდია.
4) თუ ბირჟას მიეწოდა ორი ერთნაირი სიდიდის ორდერი, პირველი შესრულდება ის ორდერი, რომელიც უფრო ადრე მიეწოდა ბირჟას.
5) ლიმიტ ორდერს (Sell limit, Buy limit) გააჩნია დონესთან ფასის გამაჩერებელი ძალა, მაგრამ ფასს ის არ ამოძრავებს;
6) ფასს ბაზარზე (ზევით ან ქვევით) ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ მარკეტ ორდერი (Buy market, Sell market).
იმისათვის, რომ ეს 6 წესი უფრო მარტივად იყოს გასაგები მკითხველისათვის, წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მაგალითად დეზერტირების ბაზარში : ) სადაც არის ბევრი მყიდველი და გამყიდველი. დავუშვათ, რომ ჩვენ წავედით ბაზარში, რათა ვიყიდოთ 1 კგ ვაშლი.
როგორც ვიცით ნებისმიერ საქონელს, სანამ ის არ გაიყიდება გააჩნია ორი ფასი: მყიდველის ფასი და გამყიდველის ფასი (Bid price, Ask price).
ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ მზად ვართ ვიყიდოთ 1 კგ ვაშლი - 4 ლარად. ეს არის Bid price, ანუ ის ფასი, რა ფასადაც მყიდველი მზად არის იყიდოს აღნიშნული საქონელი, ხოლო, როცა გამყიდველს ვკითხეთ 1 კგ ვაშლის ფასი, მან გვითხრა, რომ ის ყიდის ვაშლს 5 ლარად. შესაბამისად 1 კგ ვაშლის Ask price არის 5 ლარი, შესაბამისად ეს არის გამყიდველის ფასი.
ესე იგი რა გამოდის, ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ 1 კგ ვაშლში 4 ლარი, ხოლო გამყიდველი 1 კგ ვაშლს აფასებს 5 ლარად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვერანაირი გარიგება ვერ დაიდება სანამდე ერთ-ერთი მხარე არ დაეთანხმება მეორე მხარის მოთხოვნას.
რა გამოდის, ან ჩვენ უნდა დავეთანხმოთ გამყიდველის ფასს და ვიყიდოთ ვაშლი 5 ლარად, ან გამყიდველი უნდა დაეთანხმოს ჩვენს ფასს და მოგვყიდოს ვაშლი 4 ლარად. განვიხილოთ ორივე შემთხვევა.
1) გამყიდველი დაეთანხმა ჩვენ ფასს და მოგვყიდა 1 კგ ვაშლი - 4 ლარად. რა გამოდის, ჩვენ ვიყიდეთ საქონელი ლიმიტ ორდერით, ანუ Bid price-ით, ხოლო გამყიდველმა გაყიდა ვაშლი მარკეტ ორდერით, ანუ მანაც Bid price-ით გაყიდა საქონელი. შესაბამისად ბაზარზე დაიდო გარიგება, სადაც ჩვენი ლიმიტ ორდერი (Buy limit) დაუკავშირდა გამყიდველის მარკეტ ორდერს (Sell market), სხვანაირად გარიგება ვერც შედგებოდა.
შესაბამისად როცა ბაზარზე ხდება გარიგება Bid ორდერებით, საქონლის ფასი მოდის ქვემოთ. გამყიდველს, ხომ 5 ლარად უნდოდა ვაშლის გაყიდვა, მაგრამ საქონელი რომ გაეყიდა დაგვთანხმდა 4 ლარად გაყიდვაზე.
ეხლა წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია, რომ ჩვენს შემდეგ მასთან კიდევ მივიდა მყიდველი, ოღონდ მას უნდოდა არა 4 ლარად ვაშლის ყიდვა, არამედ 3 ლარად, ოღონდ არა 1 კგ, არამედ 10 კგ-ის. გამყიდველმა გადაწყვიტა, რომ რადგან მყიდველს უნდოდა 10 კგ ვაშლის ყიდვა, მას უღირდა დათანხმებოდა მყიდველის მოთხოვნას და მიყიდა ვაშლი 3 ლარად, შესაბამისად ფასი კიდევ დავარდა ქვემოთ და ეხლა 1 კგ ვაშლი 3 ლარი ღირს.
2) ჩვენ მოგვიწია დავთანხმებოდით გამყიდველის ფასს და ვიყიდეთ ვაშლი 5 ლარად. ესე იგი რა გამოდის, ჩვენ ვიყიდეთ საქონელი მარკეტ ორდერით, ანუ Ask price-ით, ხოლო გამყიდველმა გაყიდა საქონელი ლიმიტ ორდერით, ანუ იმანაც Ask price-ით გაყიდა. შესაბამისად ბაზარზე დაიდო გარიგება, სადაც გამყიდველის ლიმიტ ორდერი (Sell limit) დაუკავშირდა ჩვენს მარკეტ ორდერს (Buy market), სხვა შემთხვევაში გარიგება ვერ შედგებოდა.
შესაბამისად, როდესაც ბაზარზე იდება გარიგება Ask price-ით საქონლის ფასი იზრდება.
ეხლა წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, რომ ამ გამყიდველს, რომელიც 1 კგ ვაშლს ყიდიდა 5 ლარად, გაუთავდა საქონელი და შემდგომ მის გვერდით მდგომი გამყიდველი ვაშლს აფასებს არა 5 არამედ 6 ლარად. მასთან მივიდა სხვა მყიდველი და ისიც დაეთანხმა გამყიდველის ფასს, შესაბამისად დაიდო გარიგება Ask price-ით, აქედან გამომდინარე ეხლა უკვე 1 კგ ვაშლი არა 5, არამედ 6 ლარი ღირს, მისი ფასი გაიზარდა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: როდესაც ჩვენ შევდივართ მაღაზიაში და ვყიდულობთ საქონელს, ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ დავეთანხმოთ გამყიდველს და ვიყიდოთ საქონელი მის მიერ მოწოდებულ ფასად. შესაბამისად მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ჰიპერმარკეტში საქონლის გაყიდვები ხდება Ask price-ით.
3) წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია, თქვენ მიხვედით ბაზარში და მზად ხართ იყიდოთ საქონელი, ვთქვათ იგივე ვაშლი 1 კგ 4 ლარად, მაგრამ თქვენთან ერთად, ზუსტად იმავე დროს ბაზრის ტერიტორიაზე შემოვიდა მეორე მყიდველი და მივიდა იმავე გამყიდველთან, რომელთანაც თქვენ დგახართ, ისიც თანახმაა, რომ 1 კგ ვაშლში გადაიხადოს 4 ლარი, ოღონდ მას არა 1 კგ-ის, არამედ 1 ტონა ვაშლის ყიდვა უნდა. როგორ ფიქრობთ, გამყიდველისათვის რომელი იქნება უფრო პრიორიტეტული მყიდველი? რა თქმა უნდა ის მყიდველი, რომელიც 1 ტონა ვაშლის ყიდვას აპირებს.
4) თქვენც და სხვა მყიდველს ორივეს გინდათ 1 ტონა ვაშლის ყიდვა, შემდეგ ფასად, 1 კგ - 4 ლარად, მაგრამ თქვენ მეორე მყიდველზე უფრო ადრე მიხვედით და შესაბამისად გამყიდველმა ჯერ თქვენ მოგყიდათ საქონელი და მერე სხვა მყიდველს.
ეხლა ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე განვიხილოთ ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელსაც ჰქონდა ადგილი დღეს ამერიკული ნედლი ნავთობის ფიუჩერსზე, ტიკერი - CL. ეს არის ამ ფიუჩერსის 1 წუთიანი კლასტერული გრაფიკი (ფუტპრინტი).
აღნიშნული გრაფიკის უკეთ წასაკითხად, მინდა დამატებით შემოვიტანო ისეთი პარამეტრი, როგორიცაა კუმულატიური დელტა (Cumulative Delta). ეხლა რა არის კუმულატიური დელტა და რას აღნიშნავს ის.
კუმულატიური დელტა - ეს არის სავაჭრო დღის განმავლობაში ყველა შესრულებული Ask მოცულობისა და Bid მოცულობის სხვაობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ CD = Aggregate Ask Volume – Aggregate Bid Volume. კუმულატიური დელტა იზომება ერთი სანთლიდან მეორე სანთლამდე. თუ კუმულატიური დელტა უარყოფითია, ეს იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები სჭარბობდა ყიდვებს, ხოლო თუ დადებითია, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ყიდვები სჭარბობდნენ გაყიდვებს.
კიდევ ერთი მომენტი ამ გრაფიკზე მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ მარკეტ ორდერები. მარცხენა მხარეს არის მოცემული არსებულ დონეზე გასული ყველა აგრეგირებული მარკეტ გაყიდვები (Sell market), ხოლო მარჯვენა მხარეს ყველა აგრეგირებული მარკეტ ყიდვები (Buy market).
როგორც ქვემოთ სურათიდან კარგად ჩანს, დროის მოცემულ მონაკვეთში ვითარდებოდა დაღმავალი მოძრაობა, მაგრამ უკვე 14:44 ხდება მოძრაობის შენელება და 1 წუთიანი სათლის შიგნით ძირითადი მოცულობა POC (მუქი შავი ოთხკუთხედით მონიშნული დონე) მოცემულია სანთლის ქვედა ზონაში. ამ სანთლის POC-ზე შესრულდა შემდეგი კონტრაქტები 381 x 245. ეხლა გავშიფროთ თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე.
ეს იმას ნიშნავს, რომ 68.43 ფასის დონეზე 14:44 წუთზე 1 წუთიან სანთელზე ჩვენ გვქონდა 381 მარკეტ ორდერი გაყიდვაზე და 381 ლიმიტ ორდერი ყიდვაზე, აგრეთვე 245 მარკეტ ორდერი ყიდვაზე და 245 ლიმიტ ორდერი გაყიდვაზე. ანუ ყოველ დონეზე ჩვენ რეალურად გვყავს არა 2, არამედ 4 მოთამაშე. ეს კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ბაზარზე მსხვილი მოთამაშის მოქმედების სქემა გამოიყურება შემდეგნაირად. მსხვილ მოთამაშეს, როგორც წესი აქვს შესასრულებელი დიდი ორდერი, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ ნებისმიერ დონეზე სათანადო რაოდენობის კონტრაგენტი უბრალოდ არ არის, შესაბამისად ის თავის ორდერს ბაზარზე ვერ გაიტანს. იმისათვის, რომ მსხვილმა მოთამაშემ თავისი ორდერის შესრულება შეძლოს აუცილებელია, რომ მოცემულ ადგილას იყოს თავმოყრილი დიდი ლიკვიდურობა (წვრილი მოთამაშეების საწინააღმდეგო ორდერები) და ისინი უნდა იყოს ბევრი. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ სერიოზულ დონესთან.
შესაბამისად მნიშვნელოვან დონესთან, თუ მსხვილ მოთამაშეს სურს გრძელი პოზიციის გახსნა, ის ჯერ Buy limit ორდერებით შეეცდება წვრილი მოთამაშეების Sell market ორდერების გამოსყიდვას და შემდეგ უკვე მცირე Buy market ორდერებით ფასის ზემოთ აწევას.
სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, მოცემულ მაგალითზე.
ამისათვის დავაკვირდეთ შემდეგ 1 წუთიან სანთელს 14:45. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მნიშვნელოვნად იზრდება ამ სანთელზე კუმულატიური დელტა, მაგრამ სამაგიეროდ მცირდება მოცულობა ამ სანთელზე (ქვედა ციფრი ლურჯ ფრად). ეს მიუთითებს შემდეგზე: მსხვილი მოთამაშე ლიმიტ ორდერებით ყველასაგან შეუმჩნევლად ყიდულობს ორდერებს, მაშინ როდესაც წვრილი მოთამაშეები გამწარებით ყიდიან. შედეგად გვაქვს კუმულატიური დელტის ზრდა, მაგრამ ფასი ქვემოთ არ მიდის. იგივეს ვხედავთ ჩვენ შემდეგ 1 წუთიან სანთელზე, მნიშვნელოვნად გაზრდილი კუმულატიური დელტა და შემცირებული მოცულობა.
ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ სანთლის შიგნით ყველაზე დიდი მოცულობა გადის 68.36 დონეზე, რაც მიუთითებს, იმაზე, რომ მსხვილი მოთამაშე, ძირითადად ამ დონიდან ახდენს Buy პოზიციების დაგროვებას. ამაზე მიუთითებს 14:45 და 14:46 სანთლის POC-ები. შესაბამისად სწორია ჩვენც გავხსნათ Buy პოზიცია ამ დონეზე ძალზედ მოკლე 4 ტიკიანი stop-loss-ით.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული სტრატეგია არის კონტრ-ტრენდული და იძლევა კარგ შედეგს ძლიერ დონეებთან. ტრენდის მიმართულებით ამ სტრატეგიის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
აღნიშნული გრაფიკის მიღება შეიძლება სრულიად უფასოდ. კლასტერული გრაფიკი გამოადგებათ იმათ ვინც ვაჭრობს როგორც ფორექსზე, ასევე სასაქონლო ბირჟებზეც.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)