Navigator.ge: “სოფთლაინ საქართველო” მომხმარებლებს უახლოეს მომავალში სიახლეებს ჰპირდებაკომპანია “სოფთლაინ საქართველო” Autodesk-ის ექსკლუზიური უფლების მქონე პარტნიორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ საქართველოში Autodesk-ის დიზაინერული, სამშენებლო-არქიტექტურული პროგრამების გაყიდვის ექსკლუზივი მოიპოვა.
„19 ოქტომბერს, სასტუმრო ამბასადროში, Autodesk-თან ერთად გავმართავთ სემინარს, სადაც გერმანიიდან და ჩეხეთიდან ჩამოსული სტუმრები პარტნიორი კომპანიის პროდუქტს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა პოტენციურ კლიენტს გააცნობენ. გარდა ამისა, ამავე სემინარზე, მოწვეულ სტუმრებს წარვუდგენთ სრულიად ახალ პროდუქტებს, რის დანერგვასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ,“ განაცხადა “სოფთლაინ საქართველოს” დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ გაზეთ “ნავიგატორთან” საუბრისას.
სოფთლაინ საქართველო, რომლის პარტნიორთა სია საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით 3000 აღწევს და რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, საქართველოში 2007 წლიდან არსებობს. მეხუთე წელია კომპანია მომხმარებლებს კომპიუტერული მომსახურების და პროგრამირების მთლიან სპექტრს სთავაზობს, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით დაწყებული, პროფესიონალური ტრენინგებით დამთავრებული. წელს კი კომპანიამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მომხმარებელს ჰოსტინგთან დაკავშირებულ უამრავ მომსახურებას სთავაზობს.
„ჩვენი სასწავლო ცენტრი ძალიან წარმატებულად მუშაობს, საკმაოდ ბევრ IT სფეროს სპეციალისტს, რომელიც საბანკო თუ სახელმწიფო სექტორში მუშაობს ჩვენს სასწავლო ცენტრში აქვს კურსი გავლილი. დღესაც კიევიდან მოწვეული გვყავს Microsoft–ის უძლიერესი ტრენერი, რომელიც ტრეინინგებს ატარებს,“ აღნიშნა რევაზ ურუშაძემ.
2011 წელსკომპანია სოფთლაინ საქართველომ კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა, კონტრაქტი გააფორმა ბელორუსიულ კომპანია Activecloud-თან და მაისის თვიდან ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ბაზარზე შემოტანისა და დანერგვის პროექტი დაიწყო.
როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებლებმა ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, არის თუ არა მოთხოვნა activecloud-ის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე?
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლიცენზირებული პროექტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი, როგორც ყველა ქვეყანაში, სადაც სიახლეების შეთავაზება ხდება მომხმარებლისთვის, ნელ-ნელა მიიწევს წინ, არც ჩვენ ვართ უკმაყოფილო პროექტის განვითარების დონით. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ საქართველოში ამ პროექტის დანერგვა. დღევანდლამდე ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების რეალიზაცია არ დაწყებულა, ვინაიდან, პროდუქტი სრულიად ახალი და უცხოა. მიმდინარეობს ქართული საზოგადოებისათვის მისი გაცნობა. ჩვენ გვაქვს დემო ვერსიები, რომელსაც უფასოდ ვთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებს. ყველა დიდ ინტერესს იჩენს ამ პროდუქტის მიმართ, რადგან ძალიან ეკონომიური და მოსახერხებელია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს პროგრამა მათ შეუმსუბუქებს ხარჯებს, როგორც ტექნიკური ასევე დაქირავებული პერსპონალის მხრიდან. მომხმარებელმა, როგორც ინტერნეტისთვის, ზუსტად ასევე უნდა გადაიხადონ თანხა, ყოველთვიური სააბონენტოს სახით და შევიდნენ იმ სერვერებზე, რომლებიც ნიდერლანდებსა და ბელორუსიაშია განთავსებული და იმ დონეზე იქნებიან დაცული, როგორც ნებისმიერი ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი. წლის ბოლომდე გვინდა ლოკალური სერვერები განვათავსოთ საქართველოში, სამომავლოდ კი ჩვენი ძირითადი პარტნიორი ACTIVECLOUD-ი მინსკიდან გეგმავს სერვერების განთავსებას შეერთებულ შტატებშიც.
ღრუბლოვანი გადაწყვეტილებებისადმი განსაკუთრებული დაინტერესება ბევრმა კომპანიამ გამოიჩინა. ეს პროექტი კომპანიებისთვის მისაღებია გამომდინარე იქიდან, რომ სერვერები შესაძენი არ ექნებათ, არ დასჭირდებათ დამატებითი შტატის გამოყოფა მათი ექსპლუატაციისათვის. მათი IT ინფრასტრუქტურა, იქნება ღრუბლებში მოწყობილი, რომლის ყველანაირ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ ჩვენ. ამასთანავე ისინი ყველაფერს მათთვის ხელმისაწვდომ ფასებში მიიღებენ.
რატომ არის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით სახარბიელო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის? რა გარანტიებს სთავაზობთ ამ სერვისის ფარგლებში მომხმარებელს?
ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თავის მომსახურებას, ასე ვთქვათ, „ ღრუბლებში“ გადაიტანს, აქვს გარანტია, რომ არ მოხდება მისი ინფორმაციის დაკარგვა ან დაზიანება, ვინაიდან ინფორმაცია კოპირებულია ყველა იმ სერვერზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.
გარდა ამისა, მას შეუძლია ინფრასტრუქტურის მართვა ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტთან წვდომა ექნება. ამასთანავე ჩვენი ინჟინრები კლიენტებს მოემსახურებიან 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დღეს. თუ მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება ადგილობრივი ინჟინრების შესაძლებლობის ფარგლებს აღემატება, საქმეში ჩაერთვებიან ჩვენი ბელორუსიელი პარტნიორები, რომლებიც ასევე 24 საათის რეჟიმში მუშაობენ.
ყველაფერ ამასთან ერთად, ღრუბლოვანი მომსახურება ზედმიწევნით ხელსაყრელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მაგალითად, ავიღოთ სერვერი მცირე ბიზნესისთვის, რომელიც მინიმუმ 3000 ლარი ღირს. ამ თანხას ემატება ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყანაში, IT სპეციალისტის ხელფასი და 24 საათიანი ელექტრო ენერგიის ხარჯი სერვერების ექსპლუატაციისათვის, რომელიც საკმაოდ ზრდის მცირე ან საშუალო ბიზნესის მქონე კომპანიის ხარჯებს. ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ხარჯზე, ზუსტად იგივე მომსახურება, კლიენტს შეუძლია, მხოლოდ 57 ლარად მიიღოს. თუმცა კომპანიის სიმძლავრისა და სერვისის დონეების შესაბამისად, მომსახურების ხარჯები ცხადია იზრდება.
კომპანია სოფთლაინ საქართველო მუდმივად სიახლეებს და აქციებს სთავაზობს მომხმარებლებს, როგორ ახერხებთ ამას?
ბოლო დროს აქციები ჩვენს ახალ მომსახურებას – ჰოსტინგს ეხება. ჩვენ გვაქვს მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრი. ამავდროულად, ჰოსტინგის მიმართულებით, თუ ცალკეულ პარამეტრებად არ განვიხილავთ, მთლიანობაში ხარისხიდან გამომდინარე ყველაზე დაბალ ფასებს ვთავაზობთ მომხმარებლებს. სიახლეები და აქციები კომპანიის მენეჯმენტის ერთგვარი პოლიტიკაა, რაც, რა თქმა უნდა, სათანადო შედეგებს იწვევს და მომსახურების მიმართ დაინტერესებას თანდათან ზრდის. სოფთლაინ საქართველო მომხმარებლებს ჰპირდება, რომ აქციები მუდმივად გაგრძელდება და დაახლოებით ორ კვირაში კიდევ მეტ სიახლეს შესთავაზებს მათ.
რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი დღევანდელ ბაზარზე საქართველოში?
ძალიან ძნელია ცალკე რომელიმე პროდუქტისა თუ მომსახურების გამოყოფა, მაგრამ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ანტივირუსებზე. მათ შორის განსაკუთრებით მოთხოვნადია Microsoft -ის, Kaspersky-სა და Symantec-ის ანტივირუსები, ასევე მოთხოვნადია Autodesk-ის, ABBYYს, ADOBE-ის ლიცენზირებული პროგრამები და SSL-სერთიფიკატები.
რა შეიცვალა ქართულ IT ბაზარზე კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე, რამდენად ადვილი იყო კომპანიისთვის თავის დამკვირდება?
რა თქმა უნდა, თავის დამკვიდრება გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ბაზარს, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, სახელმწიფოს მხრიდან IT კომპანიებს საკმაოდ დიდი ხელისშეწყობა აქვს, რათა მოხდეს ქვეყანაში IT ინფრასტრუქტურის განვითარება.
რამდენად მაღალია ბაზარზე კონკურენცია და ვის მიიჩნევს სოფთლაინ საქართველო რეალურ კონკურენტებად?
საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ნებისმიერი დიდი თუ პატარა IT კომპანია ერთმანეთის კონკურენტები ვართ, როგორც ნებისმიერ სხვა დარგში მოღვაწე კომპანიები. ვთვლი, რომ ნებისმიერ სფეროში საჭიროა იყო მუდამ მობილიზებული, აქტიური და შეგეძლოს სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა წარმატებული ბიზნესის მშენებლობისთვის. ჩვენ ვაშენებთ სწორ და საიმედო ბიზნესს.
ავტორი: ნინა ბურჯანაძე