"03" ისევ უფასოდ მოგვემსახურება...საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ილაპარაკეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება "03"-ის მომავალ მუშაობაზე.
ვლადიმერ ჭიპაშვილის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს "03"-ის მოდერნიზაციაზე. თუ 3-4 წლის წინათ "03"-ის დაფინანსება 200 ათას ლარამდე განისაზღვრებოდა, წლეულს ეს თანხა 7 მილიონი ლარით გაიზარდა.
- ვაპირებთ ათეულობით ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და ამდენივე ახალი მანქანის დამატებას იმიტომ, რომ სამანქანო პარკი უკვე მოძველებულია. ამასთან, მომავალი წლიდან "03" 8,5 მილიონით დაფინანსდება, - თქვა მინისტრმა. მან "03"-ის ახალ დირექტორს ივა ყაჭიურს დაავალა, ყველაფერი იღონოს, რათა 45 დღეში განახევრდეს დაგვიანებები გამოძახებებზე, რადგანაც მოსახლეობა, ძირითადად, "სასწრაფოს" დაგვიანების გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას (თურმე ამჟამად, ყოველდღიური 700-1000 გამოძახებიდან - 200 დაგვიანება აღირიცხება.!).
სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების მიზეზად ბრიფინგზე ცუდი გზები, ქუჩების მანქანებით გადატვირთვა და ყალბი გამოძახებები დასახელდა. თურმე, ამიერიდან, ყალბი გამოძახების გამო სოლიდური ჯარიმა დაეკისრება იმ აბონენტს, ვისი ტელეფონიდანაც იქნება ასეთი ზარები.
ჟურნალისტების შეკითხვებზე: ფასიანი იქნება თუ არა "03"-ის მომსახურება, მისი სამსახური გადადის თუ არა ღუდუშაურის სახელობის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში და მცირდება თუ არა ექიმებისა და ექთნებსის რაოდენობა (და რა კრიტერიუმებით), ამაზე ივა ყაჭიურმა სიტყვასიტყვით განაცხადა: "ეს არის არასწორად დაწყებული კამპანია, ჭორებს ამაოდ ავრცელებენ. "03" კვლავ უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას; ექიმების რაოდენობას განსაზღვრავს იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც სასწრაფომ უნდა შეასრულოს, ესე იგი, თუ გამოძახებები შემცირდება, შემცირდება ექიმების რაოდენობაც. არადა, ჩვენი ვარაუდით, გამოძახებების რიცხვი 2000-მდე გაიზრდება, შესაბამისად მოიმატებს სამუშაოს მოცულობაც და ამიტომ, შემცირება კი არა, იქნებ მედპერსონალის დამატებაც კი დაგვჭირდეს. ჯერჯერობით პროგნოზის გასაკეთებლად მცირე ინფორმაცია გვაქვს; რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში ჩვენი ცენტრის გადასვლას, ესეც სიცრუეა. შეიძლება მის ტერიტორიაზე მხოლოდ ახალი სადგური განთავსდეს".
მინისტრმა და "03"-ის დირექტორმა პირობა დადეს, რომ წლეულსვე, შეძლებისდაგვარად განახლებული სახით ამუშავდება "03"-ის სამსახური, საჭიროების მიხედვით აშენდება ახალი სასწრაფო დახმარების სადგურების შენობები და 1 სექტემბრისთვის საერთოდ აღიკვეთება დაგვიანებები.
http://www.medportal.ge/pg2.php?Id=596&act...d=130&act2=full