C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება
Posted on February 2, 2013
დარწმუნებული ვარ ყველას გონია რომ მას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს C ჰეპატიტი,შიდსი და მსგავსი დაავადებები. როდესაც გადავწყვიტე რომ სკრინინგი ჩამეტარებინა C ჰეპატიტზე ჩემს დას ვუთხარი წამოდი შენც-მეთქი და სანაცვლოდ დედაჩემის დაბღვერილი სახე მივიღე, რაში სჭირდება ეგ ანალიზი,მაინც არ იქნება ინფიცირებულიო.
ძალიან ადვილია გაიგო გჭირს თუ არა C ჰეპატიტი ან შიდსი სწრაფი ტესტების საშუალებით. გაიღე ერთი წვეთი სისხლი და გაიგე შენი სტატუსი-მშვენიერი სლოგანი ჰქონდათ ჩემს მეგობრებს ერთ-ერთ კონკურსში და რომ დაფიქრდე მხოლოდ და მხოლოდ წვეთი სისხლია საჭირო მშვიდად ცხოვრების გასაგრძელებლად. წვეთი სისხლი გაღებულია და დაახლოებით 10 წუთია საჭირო რომ გავიგო პასუხი ჩემი მდგომარეობის შესახებ.
საოცრად გაიწელა ის 10 წუთი და ათას რამეზე მომიწია დაფიქრება. მაგალითად, იცით რამდენი ადამიანია დაინფიცირებული საქართველოში? ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით C ჰეპატიტის პრევალენტობა 6,7%-ია; ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 200 000 პირია დაავადებული. აღსანიშნავია რომ C ჰეპატიტის პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლები ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში დაახლოებით 70%-მდეა.
ძალიან გამიკვირდა დედაჩემის დაბღვერილი სახე როდესაც ვსაუბრობდი C ჰეპატიტზე და ანალიზების აუცილებლობაზე ,საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ მისი C ჰეპატიტის მიმართ დამოკიდებულება იყო არასწორი, ფიქრობდა რომ რახან არ ვსვამ ბევრს, არ მაქვს სექსი და არ მოვიხმარ ნარკოტიკებს ამის გამო 100%-ით დაზღვეული ვარ C ჰეპატიტისგან და შესაბამისად არც სკრინინგია აუცილებელი. ძალიან ბევრი სწორედ დედაჩემივით ფიქრობს და ამის გამოა რომ დავირუსების შესახებ წლების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე. თოთოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ დაზღვეულია მსგავსი დაავადებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ ისეთი მავნე ჩვევები როგორიც ბევრი ალკოჰოლი და ნარკოტიკია. სინამვილეში C ჰეპატიტის გადადების სამი გზა არსებობს:
სისხლის გზა - გადასხმა; ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით, ან არასტერილური სამედიცინო ინტსრუმენტების გამოყენება;
სქესობრივი კონტაქტი - დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან.
ვერტიკალური გადაცემა - მშობიარობის დროს, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
თუმცა, ისეც ნუ გაიგებთ რომ მხოლოდ სისხლის გადასხმისას, დაუცველი სექსის, ან ძუძუთი კვების და მშობიარობის დროს შეიძლება გადაედოს ადამიანს C ჰეპატიტის ვირუსი. დასნებოვანება ხდება მაშინ, როცა ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანრმთელი ადამიანის ორგანიზმში. დარწმუნებული ვარ არც-ერთ თქვენთაგანს არ უნდა, რომ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით. მაგრამ არასასურველი ორსულობისგან, რომელიც არ კლავს, უფრო იცავენ თავს ვიდრე ჰეპატიტისგან, რომელმაც შეიძლება მოგკლათ. იმისათვის რომ თავი ავარიდოთ C ჰეპატიტით დაინფიცირებას სასურველია:
ინექცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციები (სტომატოლოგიური მომსახურება) განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
სქესობრივი კავშირის დროს დამცავი საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით დაავადების გადაცემის რისკი დაბალია;
გადასვლა ნარკოტიკების მოხმარების ნაკლებად სარისკო გზებზე. თუ მაინც და მაინც შპრიცი და წამალი გხიბლავთ, მაშინ გამოიყენეთ საკუთარი ნემსი.
ტატუირება, პირსინგი, მანიკური/პედიკური განხორციელდეს სტერლური ინსტრუმენტებით და უსაფრთხოების წესების დაცვით. სხვათაშორის, ტატუირების დროს მხოლოდ ახალი ნემსი არ არის საჭირო, აუცილებელია მელნის გამოცვლაც.
როგორც ზევით აღვნიშნე საქართველოში, 2010 წლის კვლევების შედეგად დაახლოებით 200 000 პირია დაავადებული C ჰეპატიტით. დაავადებულთა ასეთი დიდი რიცხვი დამოკიდებულია მკურნალობის ხარჯებთან. მკურნალობის 1 კურსი ჯდება 6-12 ათასი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება დამოკიდებულია ვირუსის გენოტიპზე. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეში ტარდება განმეორებითი ტესტირება და პასუხის მიხედვით შეიძლება მსჯელობა მოხდა თუ არა ვირუსის სრული ერადიკაცია (ვირუსის მიერ ორგანიზმის დატოვება). წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებითი მკურნალობა არ ტარდება. თუმცა, საქართველოში არსებული სიტუაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ძალიან ბევრს არ აქვს იმის შანსი, რომ მოახერხოს მკურნალობის კურსის ჩატარება. იმის გამო რომ C ჰეპატიტი ხშრად მიმდინარეობს უსიმპტომოდ და საზოგადოება საჭიროდ არ თვლის სკრინინგის ჩატარებას, ძალიან გვიან ხერხდება იმის დადგენა რომ პირი დაავადებულია.უსიმპტომო და ხანგრძლივი მიმდინარეობა შეიძლება 15-25 წელი გაგრძელდეს და რბილად მიმდინარეობდეს, რის გამოც მას ”ალერსიანი მკვლელი” შეარქვეს. ამ 15-25 წლის განმავლობაში შესაძლოა ადამიანს არაფერი აწუხებდეს. ხოლო C ჰეპატიტის მკურნალობისთვის უცილებელია დროული დიაგნოსტიკა. სწორედ იმის გამო რომ C ჰეპატიტის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული საქართველოში ვერც სადაზღვევო კომპანიები, ვერც სახელმწიფო და ვერც ინფიცირებულ პირთა უმრავლესობა ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვას.
საინტერესოა, ჩემი პასუხი რომ დადებითი აღმოჩნდეს, რას იტყვის დედაჩემი? ალბათ ისევ დაიბღვირება, მისთვის ხომ მსგავსი დაავადების აკიდება მხოლოდ სასმლით, ნარკოტიკებით ან დაუცველი სექსით შეიძლება. ალბათ ისევ მე დამადანაშაულებს და საბოლოოდ შეეცდება მიმკურნალოს, მაგრამ მისი ცოდნა C ჰეპატიტის შესახებ არ გაიზრდება და იგივე დარჩება, მხოლოდ ჩემი რეპუტაცია დაეცემა მის თვალში და საბოლოოდ დისკრიმინაციამდე მივდივართ.
რა არის სტიგმა-დისკრიმინაცია?
“სტიგმა – უპატივცემულობაა”. ცხადია, ამის შემდეგ იბადება კითხვა – რა არის და როგორ ვლინდება დისკრიმინაცია? როგორია სტიგმა-დისკრიმინაციის წარმოქმნისა და გამყარებს ჯაჭვი? სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოცენებისთვის აუცილებელი პირობაა:
საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე;
არაკომპეტენტურობის გამო დუმილი;
ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება;
შიში იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია;
დასტიგმვა, ანუ სოციალური დამღის დამჩნევა საზოგადოების ამ ნაწილზე;
საზოგადოების ამ ნაწილის დისკრიმინაცია, ანუ ჰარიყვა.
დისკრიმინაცია – ეს არის სტიგმა, რომელიც მოქმედებად გადაიქცა. პირს რომელსაც აქვს C ჰეპატიტი, შეიძლება გარიყულ იქნას მეგობრული თავშეყრებისგან, არ არის გამორიცხული დაითხოვონ სამსახურიდან ან შეუქმნან მძიმე სამუშაო პირობები, მოერიდონ მასთან ყველანაირ კონტაქტს და დატოვონ თავის პრობლემასთან მარტო. იმსიათვის რომ ავიცილოდ C ჰეპატიტით დაავადებულთა დისკრიმინაცია აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა.
საფიქრალად მოცემული და სტატუსის გასაგებად განკუთვნილი 10 წუთი გავიდა. C ჰეპატიტზე და აივზე პასუხი უარყოფითია.
http://mycivilsociety.wordpress.com/page/2/საინტერესოა, ყველამ უნდა იცოდეს და დაიცვას თავი, ასევე აუცილებელია ანალიზის ჩატარება რათა დროულად გამოავლინონ ხო არაფერი ჭირთ,
ისე საინტერესოა სად კეთდება ესე მალე ანალიზი 10წუთში?? ინფექციურში ერთი დღე უნდა ელოდო