საინტერესო სტატიაა გადაიკითხეთ
http://24saati.ge/index.php/category/opinion/2009-11-28/165924 საათი 28.11.09
ნარკომანი მონაა
პრობლემასთან ბრძოლა საზოგადოების საქმეა, შედეგებთან ბრძოლა - ექიმის“ნახევარ ცხოვრებას, გინდა, არ გინდა, ძილში ატარებ, დანარჩენ ნახევარს კი ძალით ატარებ ძილში, მაგრამ იმ წუთში გგონია, რომ ეს კარგია”, - ეს ერთმა ტიპმა მითხრა. ისიც თქვა, რომ ამით წამალსაც გადააგდებ, რომ ეს არის ჰეროინის ფორმულა, საიდანაც ამოღებულია ეიფორიის კომპონენტი. ორგანიზმი იღებს იმას, რამაც უნდა დაგაწყნაროს, დაგამშვიდოს, წამალზე არ გაფიქროს, წამლის სურვილი დაგიკარგოს (ის მეტადონზე საუბრობს). “105 მილიგრამიდან 60-ზე ჩამოვედი. ვისაც სურვილი აქვს, ამით წამალს გადააგდებს და მერე ამასაც გადააგდებს. სიროფია, რა... ჩვეულებრივი ფორთოხლის გემო აქვს”.
*
- ჩვენ ყველას გვინდა, ისე მოხდეს, რომ ნარკომანი მეზობელი არ გვყავდეს, არ გვყავდეს შვილი ნარკომანი, მეგობრის შვილი არ იყოს ნარკომანი, მაგრამ ამის რეალურად გამკეთებელი დღეს ვერავინ ვნახე. ნარკომანი პრობლემის შედეგია. ადამიანი რომ ნარკომანი არ გახდეს, ამაზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. ეს თქვენი საქმეა... - ასე დაამთავრა ჩემთან საუბარი ფსიქიატრმა და ნარკოლოგმა აკაკი გამყრელიძემ.
არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. არადა, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. იქნებ ჯობს, საერთოდ გავჩუმდეთ და ამით აქტუალობა დავუკარგოთ საკითხს, როგორც “აკრძალულ ხილს”.
- საქართველოში დღეს გვყავს დაახლოებით 250 ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი, დაახლოებით 60 ათასი დამოკიდებული პირი. მათი 80 პროცენტი საინექციო ნარკომანია. საქართველოში პასუხიმგებლობის გრძნობა ძალიან დაბალია. საკუთარ ჯანმრთელობასაც ნაკლებად ვუფრთხილდებით. ასეთივე დამოკიდებულება აქვს ნარკომანსაც. როცა ნარკოტიკული ნივთიერების შიმშილი ვითარდება და ის ნარკოტიკს ხედავს, აღარ ფიქრობს, რომ შეიძლება დაემართოს შიდსი ან “ცე” ჰეპატიტი, რომ მეორედ არ იხმაროს სხვისი შპრიცი. ამიტომ გახშირდა საქართველოში “ცე” ჰეპატიტი. შიდსიც საკმაოდ გახშირდა. უბრალოდ, გამოვლენილი არ არის.
- როგორ ფიქრობთ, ჯარიმა გამართლებულია?
- იმის მიუხედავად, რასაც სახელმწიფო აკეთებს (მოგვწონს ჩვენ თუ არა), სურათი ასეთია: ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ჯარიმები, არ ეშინოდეთ პოლიციის, ორჯერ მეტი ნარკომანი გვეყოლებოდა. ორჯერ მეტი კი ქვეყნის მოსახლეობის მერვედი და აქტიური მოსახლეობის მეოთხედია. ასეთ შემთხვევაში ვიქნებოდით ერი, რომელიც მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებს ხმარობს. როგორც ფსიქიატრმა და ნარკოლოგმა, შემიძლია გითხრათ: საქართველო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა.
ნარკოტიკული ნივთიერების მიღება ყველა ქვეყანაში ისჯება. უბრალოდ, მის მიმართ შედარებით დიფერენცირებული მიდგომაა. უნდა ვიცოდეთ: ადამიანი ისჯება იმიტომ, რომ აკრძალულ ნივთიერებას იღებს. ის, რომ შენ გშია, არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. განა ასე არ არის, როცა საჭმელს იპარავ? ევროპის ქვეყნებში ჯარიმის რაოდენობა საშუალო ხელფასს შეესაბამება.
ჩვენ ჯარიმები შემოვიღეთ მაშინ, როდესაც ნარკომანების 40 პროცენტი სიღარიბის ზღვარზე მისული ოჯახებიდანაა. გაყიდეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ, რომ ნარკომანი შვილები შეენახათ. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა იძულებული გახდნენ, ჯარიმის გადასახდელად ბინა გაეყიდათ. ჯარიმა, რომელიც ოჯახს დაანგრევს, გამართლებულად არ მიმაჩნია. ყველა სასჯელი მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანი გამოასწორო. გამოსწორების ნაცვლად კი ოჯახის სხვა წევრები ზიანდებიან. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ასეთი ჯარიმებია, მოსამართლეს უფლება აქვს, პირი ჯარიმისგან გაათავისუფლოს, გაგზავნოს სამკურნალო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში. იმ პროკურორმა და მოსამართლემ, რომელიც ნარკომანს ჯარიმისგან, ციხისაგან ათავისუფლებს, იცის, რომ ამ ხალხს გაუშვებს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მას პროფესიონალები მოემსახურებიან. ეს სწორი მიდგომაა.ოცნება, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ასე იყოს, რეალობისგან შორს აღარ არის. ბაზალეთზე მიწა შეიძინეს. უკვე შემოღობეს და კომუნიკაციებიც გაიყვანეს. იქმნება პროექტი. მალე ტენდერი გამოცხადდება და მომავალ წელს მშენებლობა დაიწყება.
ეს იქნება საქართველოში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი ნარკომანებისთვის. ვეცდებით, გავითვალისწინოთ ქართული სპეციფიკაც, მაგრამ ამავე დროს ეს იქნება რეაბილიტაციის ცენტრების კლასიკურ პრინციპებზე დამყარებული. უცხოეთის სარეაბილატაციო ცენტრში მისული ავადმყოფი სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენელია - დაკარგა ბინა ან, შესაძლოა, კარგავს, დაკარგა სოციალური კავშირები, ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება. წარმოუდგენელია, ნარკომანს სახელმწიფო სტრუქტურაში ან კერძო ფირმაში რაიმე თანამდებობა ჩააბარონ. ჩვენთან ასე არ ხდება. შეიძლება თანამდებობის პირი გახდეს ნარკომანი - ეს ჩვენი სპეციფიკაა. მეტადონის პროგრამაში მყავს ავადმყოფები, რომელთა 50 პროცენტზე მეტი კარგ ადგილზე მუშაობს - დადიან კარგი მანქანებით, ჰყავთ ოჯახები, აქვთ სახლი და სოციალურ კავშირებსაც ინარჩუნებენ. ამას ჩვენი უცხოელი კოლეგები ვერაფრით ვერ იგებენ.
რაც შეეხება მეტადონის პროგრამას - ეს რომ დავიწყეთ, სწორია, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მეტადონის წინააღმდეგი ვიყავი. არა იმიტომ, რომ პროგრამა ცუდია. არა. ჩემი აზრით, აჯობებდა ამ საკითხებზე მუშაობა დაგვეწყო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობით. ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვიტანდა.
ხშირად მსმენია ასეთი მსჯელობა: რატომ უნდა დაიხარჯოს ნარკომანებზე ფული. ეს ხომ ინფექციური დაავადება არ არის. რაკი მან ეს გზა თავად აირჩია, რატომ უნდა დავხარჯოთ საზოგადოების ფული.როგორც ექიმი, ამ აზრს ვერაფრით ვერ დავეთანხმები. თუმცა, ქვეყანა ხშირად ბავშვების მკურნალობას ვერ აფინანსებს და ასეთი კითხვაც ალბათ ამიტომ ჩნდება.
რეალობაა ის, რომ 250 ათასი მომხმარებელი გვყავს. ეს მომხმარებელი ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად წელიწადში, სულ ცოტა, ორ მილიარდ დოლარს ხარჯავს. ეს თანხა ჩვენი ბიუჯეტის ნახევარია. თანაც, ეს ორი მილიარდი დოლარი საქართველოში კი არ ბრუნავს, ქვეყნის გარეთ გაედინება.
მეორე დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის ის დანაშაულია, რომელსაც სჩადის ნარკომანი იმისთვის, რომ წამლის იშოვოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მილიონები, რომელიც საჭიროა ქვეყანაში ნარკოლოგიური სამსახურის ასაწყობად, არაფერს არ უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის ბიუჯეტისთვის იმასთან შედარებით, რა ზიანსაც იღებს ქვეყანა ნარკომანიის არსებობით. თავის დროზე რომ კარგად დაეთვალათ, ამ ფულის სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩადება მომავალს წაადგებოდა - თუ ნორმალური ცენტრები გვექნება, ნაკლები ნარკომანი გვეყოლება. ნაკლები ნარკომანი ნაკლებად გააფუჭებს მომავალ თაობას. ნელ-ნელა საქრთველო იმ ქვეყნების რიცხვში ჩადგება, სადაც ჰყავთ ნარკომანები, მაგრამ ნარკომანია, როგორც ასეთი, პრობლემას არ წარმოადგენს.
ბატონი აკაკი 40 წელია ამ დარგს ემსახურება. უამრავი ნარკომანის აღსარებას ისმენს, მკურნალობს, ფიქრობს, განიცდის, წერს. ავტორია უამრავი კვლევისა და წიგნის “სკოლა და ნარკოტიკი”. ეს მისი ცხოვრებაა. ვხვდები, რომ ამ საუბრის მიღმა ისეთ რაღაცას გრძნობს და ხედავს, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავია.
- შეიძლება ნარკომანმა დაანებოს თავი ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ის მაინც რჩება ნარკომანიით დაავადებულად. მე მყავს ავადმყოფები, რომლებმაც 20-27 წელია ნარკოტიკების მიღებას თავი დაანებეს, მაგრამ მათ აქვთ მოთხოვნილება, რომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. თვით ამ დაავადების არსი არის დამოკიდებულება და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. შეიძლება იყოს არამედიკამენტოზური მკურნალობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რისი საშუალებითაც ის თავიდან ისწავლის სიარულს და ლაპარაკს. უნდა ვიცოდეთ, რა არის ნარკომანია. ეს არის უარის თქმა სასიამოვნო გრძნობებზე და სიამოვნების მიღებაზე. ამ უნარის დაკარგვით ნარკომანები სხვა, მარტივ სიამოვნებას ეძებენ - გაიკეთებს ნარკოტიკულ საშუალებას, ამუშავდება ბიოქიმია, რითიც დიდ სიამოვნებას იღებს.
- მაინც რა სიამოვნებაა ასეთი?
- ვისაც არ გამოუცდია, ამის აღწერა შეუძლებელია. 40 წელია ნარკომანებისგან ეს მესმის. 20 წელიწადია ლექციებს ვკითხულობ და ამას თვითონაც ვერ ვხსნი. ამბობენ, რომ ორგაზმიც კი ვერ შეედრება იმ სიამოვნებას, რასაც ნარკოტიკების მიღებით განიცდიან.
ჯერ არ მინახავს ნარკომანი, რომელსაც თავის დანებება არ უნდოდეს. ის გრძნობს, რომ მონაა. მონობა კი არავის სურს. შესაძლოა ნარკოტიკისგან მიღებული სიამოვნება ძალიან ძლიერი და კარგია, მაგრამ ნარკოტიკული საშუალების ყოველ მიღებას მიყავხარ იქ, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელია. ნარკომანია, როგორც დაავადება, არ იკურნება.
- მოზარდებში რა მდგომარეობაა?
- ძალიან მძიმე. ნარკომანს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. მას აღარ უნდა ებრძოლო. აზრი არა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სწორი გზით მივდივართ. სამართალდამცავმა ორგანოებმა სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს ამ პრობლემას. ორგანოებში თითქმის აღარ არიან ნარკომანი თანამშრომლები. 2000-იანი წლების დასაწყისში კი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურებში თითქმის მთლიანად ნარკომანები მუშაობდნენ. ახლა მთავარი ბრძოლა ნარკოგამავრცელებლების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს სწორია.
აი, სუბუტექსი კი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ნარკომანებში, არავის არ შემოუტანია, თუ არა ისევ ჩვენს ინტელიგენციას - ზოგი გასტროლებზე დადიოდა საფრანგეთში, იტალიაში, მერე, ასე ვთქვათ, უბრალო მოკვდავებმაც აიტაცეს… სუბუტექსის 6 აბი საფრანგეთში 35 ევრო ღირს, საქართველოში კი ერთი აბი ღირს 200 დოლარი. სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენმა თანამემამულემ ასე ნელ-ნელა გადააბიჯა მორალს - შემოიტანეს და გაავრცელეს. საქრთველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც სუბუტექსით ნარკომანია დაიწყო.
- ნარკოტიული საშუალებების მრავალფეროვნების მიუხედავად, დღეს ყველა მომხმარებლისთვის წამალი მაინც არ არის ხელმისაწვდომი.
-
დიახ, ნარკოტიკული საშუალებების გაძვირებამ ახალი, იაფი საშუალებების საჭიროება წარმოშვა. საქრთველოში ძალიან გავრცელდა კუსტარულად დამზადებული ე.წ. სტიმულატორული ნარკოტიკების მიღება. გაგიგიათ ალბათ “ვინტი” და “ჯეფი.” ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ეფედრინს სხვადასხვა ნივთიერებით გადაამუშავებენ. ეფედრინის შემცველი ოთხი აბი ერთი ლარი ღირს. ის გრიპის სამკურნალოდ და ზედა სასუნთქი ორგანოების ანთების დროს გამოიყენება. ამის აკრძალვა შეუძლებელია. ოთხმილიონიანი მოსახლეობა ამის გარეშე დატოვო იმიტომ, რომ ორი ათასი ადამიანი ამას ნარკოტიკულ საშუალებად იყენებს, შეუძლებელია. დაწესდა რეცეპტთა მკაცრი აღრიცხვა, თუმცა, ალბათ, ჩვენი ფარმაცევტული ფირმებიც სცოდავენ და, როგორც ჩანს, ის ისე არ აღირიცხება, როგორც საჭიროა.ნარკომანს მორალის დეფიციტი აქვს. საზოგადოებასაც აქვს მორალის დფიციტი. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთ აფთიაქში უკვე შპრიცში გამზადებული დოზა იყიდებოდა. მიხვალ, 15 ლარს გადაიხდი და ერთ დოზას მიიღებ - რა მორალზე უნდა ვისაუბროთ?! ასეთი შემთხვევები პრესტიჟულ უბნებსა და აფთიაქებში იყო. ეს აფთიაქები დაიხურა, ის ადამიანებიც დაიჭირეს.
არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეფედრინის გადამუშავებით მიღებული ნივთიერებები რამდენიმე თვეში თავის ტვინში ისეთ ორგანულ ცვლილებებს იწვევს, რომ მის აღდგენას წლები სჭირდება. მე მყავდა ერთი ავადმყოფი, რომელსაც ამ პრეპარატის ორი თვის განმავლობაში სისტემატური მიღებისას განუვითარდა ის, რაც უვითარდება ყველას. წელიწადი და 8 თვე დასჭირდა მკურნალობა იმისთვის, რომ კარში ისე გაევლო, რაფისთვის ხელი არ მოეკიდა. ეს წვევს ნევროლოგიურ ცვლილებებს, კოორდინაციის დარღვევას, უჭირთ სიარული, ლაპარაკი... მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გაძვირებამ ეს შედეგი მოიტანა, გაცილებით შემცირდა ნარკოტიკული საშუალებების მიმოქცევა. წამალს ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვეღარ იყიდი, როგორც ადრე იყო. ამ გაძვირებამ ბევრი რამ შეცვალა ისეთი, რაც მომავალში ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.
- მეტადონის პროგრამაში ავადმყოფები თავისი სურვილით მოდიან?
- ეს პროგრამა მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ეს, პირველ რიგში, ნარკომანების კრიმინალური სამყაროდან გამოგლეჯის, დეკრიმინალიზაციური მეთოდია. ნარკომანი დილით არ დგება იმისთვის, რომ ფული იშოვოს, რომ შინ ან გარეთ ვიღაცას წაართვას, დააყაჩაღოს. არ ეძებს ნარკოტიკულ საშუალებებს და ამით ხელს არ უწყობს თვითონ ნარკომაფიასაც - მყიდველი თუ არის, გამყიდველიც ხომ გამოჩნდება?! ის ოფიციალურად მოდის სამედიცინო დაწესებულებაში და იღებს ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდეგ მიდის სახლში, სამსახურში და ა. შ. მას არ სჭირდება სხვა ნარკოტიკული საშუალების ძებნა.
ავადმყოფები პროგრამაში საკუთარი სურვილით მოდიან. წერენ განცხადებას, შემდეგ ექიმების კომისია წყვეტს, რამდენად სჭირდება ეს პროგრამა. პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, მეტადონის პროგრამაში ჩართულ ავადმყოფთა 50 პროცენტი ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც თავს ვერ ანებებენ ამ ჩვევას და გარკვეული წლების განმავლობაში შეიძლება ჩართული იყვნენ ამ პროგრამაში. დანარჩენ 50 პროცენტზე კი მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიყვანონ ამ პროგრამიდან და თანდათან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას - იყოს ნარკომანი, მაგრამ აღარ მიიღოს ნარკოტიკული საშუალება.
ჩვენ ახლა დავიწყეთ მეტადონის პროგრამა. ჯერ მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება გვაქვს. დაახლოებით ათასი ავადმყოფია, მათგან 80 პროცენტი - მძიმე კატეგორია. იქნებ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მათი უკან შემობრუნება შეუძლებელია. ის პროგრამაში უნდა დარჩეს. თუმცა, უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა ავადმყოფი პროგრამიდან გავიდა, თავი დაანება და ჯერ უკან აღარ მოსულა. ზოგს სურს, ამასაც დაანებოს თავი, მაგრამ ვერ შეძლო და ისევ შემობრუნდა. ისეთი კატეგორიაც არის, ვინც მეტადონთან ერთად სხვა პრეპარატსაც უმატებენ და იჭერენ… მიმაჩნია, რომ თუ პროგრამაში ხარ, კეთილ ინებე და ამ პროგრამის წესები დაიცავი.
- ეს არის გამოსავალი?
- გამოსავალი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოში ამ თვალსაზრისით არაფერი არ კეთდებოდა. ახლა ბევრი რამ გაკეთდა. თუნდაც ის, რაც ამნისტიის თვალსაზრისით იგეგმება.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო არ შეიძლება ადამიანი ციხეში იჯდეს. თუმცა, აქ ერთი “მაგრამ” არსებობს. უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ხალხს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოუვლის. სხვაგვარად არ შეიძლება. ექიმების საქმე პრობლემის შედეგებთან ბრძოლაა, პრობლემასთან ბრძოლა კი თქვენი, საზოგადოების საქმეა.*
“10 ლიტრი ან 10 კილო ჰეროინი რომ გაიკეთო, მაინც ვერაფერს გაიგებ. ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ტვინში ეიფორიის გამაღიზიანებელ უჯრედს ბლოკავს. პირველი ორი თვე ვერ ავეწყვე, სხვა რამესაც ვამატებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ტყუილად ვკარგავდი დროს. პროგრამა ადამიანური ცხოვრებისკენ მოსაბრუნებლად ყველანაირად გიწყობს ხელს, თუ, რა თქმა უნდა, 110 პროცენტით გაქვს ამის სურვილი. ამაში კაიფი ეძებო და პარალელურად იჩხიკინო, არ გამოვა. სხვისი ადგილი არ უნდა დაიკავო. თავს მოვერიე. ამას კაიფთან, ეიფორიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს. თებერვალში ჩამოვალ ხუთ მილიგრამზე. მერე ამასაც გადავაგდებ და ვიქნები შენნაირი ადამიანი.”
ნანა ლომიძე