გიგლა
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5332
წევრი No.: 98743
რეგისტრ.: 30-August 09
|
#16943926 · 14 Dec 2009, 20:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ ჩნდება ღორის გრიპი?! ხველა და ცხელება - ამ სიმპტომებისას ექიმს დროულად მიმართეთ
მარტის მიწურულს, მაშინ, როდესაც ჩვეულებისამებრ გრიპის სეზონი უკვე ჩავლილია, მექსიკაში ახალმა ინფექციამ იფეთქა. ვირუსისგან, რომლის სიმპტომები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისგან, პირველადი ინფორმაციით, მექსიკაში უკვე 176 კაცი გარდაიცვალა. თუმცა გადამოწმების შემდეგ, ამ ქვეყნის სამედიცინო სამსახურებმა, გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე დასწია. ექიმები უცნობი ვირუსით ინფიცირებულ ათასობით პაციენტს აკვირდებოდნენ. მალევე გაირკვა, რომ ეპიდემიის მიზეზი ღორის გრიპის ვირუსი იყო, რომელმაც მუტაცია განიცადა და ადამიანისთვისაც საშიში გახდა. დაავადების ეპიცენტრიდან ღორის გრიპი ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ბი-ბი-სის მონაცემებით, ამერიკაში ღორის გრიპით ინფიცირების 109 შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი პაციენტი, სამი წლის ბიჭუნა ტეხასის შტატის კლინიკაში გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების 31 შემთხვევა აღინიშნა კანადაში, ბრიტანეთში რვა პაციენტს დაუდასტურდა ეს დაავადება. ესპანეთში 4 კაცს აღმოუჩინეს საშიში ვირუსი, 3-ს - ახალ ზელანდიაში, ამდენივეს - გერმანიაში, 2-2 შემთხვევა აღმოაჩინეს ისრაელსა და კოსტა-რიკაში და თითო-თითოც ავსტრიაში, პერუსა და შვეიცარიაში. ბოლო მონაცემებით, საშიშმა ვირუსმა აზიის ქვეყნებამდეც მიაღწია. სამხრეთ კორეაში ღორის გრიპი აღმოაჩნდა 51 წლის ქალბატონს, ჰონკონგში კი 21 წლის მექსიკელმა ჩაიტანა მუტანტი ვირუსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად ღორის ვირუსით ინფიცირების 331 შემთხვევას ადასტურებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ინფიცირების უკვე 2500 შემთხვევაა აღრიცხული. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჰიბრიდული ვირუსი ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის რისკის შესაძლებლობა ექვსი შესაძლო საფეხურიდან უკვე მეხუთემდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ამ გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ და ამიტომ მთელ მსოფლიოში მისი გავრცელების ალბათობა მეტად მაღალია. ღორის გრიპი A ტიპის ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებაა, რომლითაც აქამდე მხოლოდ ღორები ავადდებოდნენ. ამ ინფექციის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, ის მუდმივად განიცდის სახეცვლილებას, მაგრამ ადამიანზე გადაცემის შემთხვევები აღმოჩენილი აქამდე არასდროს ყოფილა. არავინ იცის, როგორი შეიძლება იყოს პანდემიის შედეგები, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ღორის გრიპის გლობალურად გავრცელების შედეგად შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს. მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები უკანასკნელი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა. გარდა ამისა, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ინფიცირებულთა მდგომარეობა და დაავადების მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქი იყო, ვიდრე უშუალოდ მექსიკაში. იმედისთვის არსებობს სხვა საფუძველიც. ახალი ვირუსული ინფექცია H1N1 შტამს მიეკუთვნება, რომლის ვირუსების სეზონური აფეთქება თითქმის ყოველ ზამთარს ხდება. ამიტომ შესაძლებელია ადამიანის იმუნური სისტემა შედარებით მდგრადი აღმოჩნდეს მის წინააღმდეგ და ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიოს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვერაფრით აუხსნიათ, რომ ღორის გრიპით მეტწილად ახალგაზრდები იღუპებიან, არადა, გრიპის ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულ ორგანიზმს უფრო უჭირს.
ვიდრე მეცნიერები სახეცვლილი ვირუსის სამკურნალოდ ახალ პრეპარატს შექმნიან, ღორის გრიპით ინფიცირებულთ გრიპის უკვე არსებული წამლებით მკურნალობენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ Tamiflu და Relenza არსებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ახალი დაავადების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მათ შედეგი მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიაზე მოაქვთ.
მანანა აბრამიძე (ექიმი-ინფექციონისტი): - საქმე გვაქვს სავსებით ჩვეულებრივ მოვლენასთან. მიზეზი ვირუსის ევოლუციაა. 1918 წელს, როდესაც მოხდა "ისპანკას" სახელით ცნობილი გრიპის პანდემია, 40 მლნ კაცი დაიღუპა. იმ ვირუსის შტამი იგივე H1N1 იყო, რაც ახლა აქვს ღორის გრიპს. თუ ვირუსის ევოლუციის კანონზომიერებას გავიხსენებთ, ძირითადად იცვლება A ტიპის ვირუსი, მისი ანტიგენური სტრუქტურა, რომლის მთლიანად შეცვლა საშუალოდ 30 წელიწადში ხდება. 1918 წლიდან კი გრიპის ევოლუციის ზუსტად სამი ციკლია გასული. უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მედიცინის მიღწევები საუკუნის წინანდელთან შედარებით. ისიც, რომ მაშინ არც იმუნიზაციის პროცესი იყო ახლანდელივით ინტენსიური. იმ დროს არ არსებობდა ასეთი მაღალი დონის ვაქცინები, როგორიც დღეს გვაქვს. პრევენციული კულტურა მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია. ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს აცრების ნაციონალური კალენდარი, განვითარებად ქვეყნებს კი იმუნიზაციის პროცესის ჩატარებაში მეცენატები ეხმარებიან. ამიტომ ღორის გრიპთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი უფრო ჰგავს ქარიშხალს ჭიქაში. მსგავსი პერიოდი გავიარეთ ფრინველის გრიპის დროს. გახსოვთ ალბათ, როგორი შემართული იყო მთელი მსოფლიო და ჩვენს მოსახლეობასაც როგორი უიმედო პერსპექტივა დაუხატა მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა. საბედნიეროდ, მისი პროგნოზი არ გამართლდა. ის, რაც ახლა ხდება, მაშინ დაწყებული პროცესის გაგრძელებაა. ცხოველებისა და ადამიანების გრიპის ვირუსებს გააჩნიათ საერთო ევოლუციური წყარო. ეს ფრინველის გრიპის ვირუსია. ფრინველი ითვლება გრიპის ვირუსების გადამტანად. შეიძლება ითქვას, რომ ფრინველები არიან რეზერვუარები A ტიპის გრიპის ვირუსების ფაქტობრივად ყველა ქვეტიპისა. როდესაც გრიპით ინფიცირებული ფრინველი დაეშვება წყალსატევებზე, ვირუსი მის ფეკალიებთან ერთად ხვდება წყალში და შემდეგ ის შინაურ ფრინველებში ვრცელდება. მათგან ვირუსი გადაეცემა ღორებს და აქ უკვე ჩნდება საშიშროება ადამიანისთვის. ღორის ორგანიზმი ცნობილია, როგორც შუალედური გარემო, სადაც შეიძლება მოხდეს ორი ვირუსის გენების - ადამიანის გრიპის ვირუსისა და ფრინველის გრიპის ვირუსის ურთიერთშეჭრა და ურთიერთგადანაწილება. ექიმები ამას რეასორტაციის პროცესს ვუწოდებთ. ამ ყველაფრის შედეგად ჩნდება ახალი ქვეტიპი, რომელსაც მუტანტურ ანტიგენსაც უწოდებენ. მუტანტური ანტიგენი საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს მის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნია. ამიტომ ჩნდება საშიშროება, რომ როგორც ხანძარი, ისე შეიძლება მოედოს ეს მუტანტური გრიპი მთელ მსოფლიოს და მოსახლეობა მასობრივად დაინფიცირდეს. მაშინ, როცა ფრინველის გრიპის გამო იყო აჟიოტაჟი ატეხილი, ექიმები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, მასობრივად აცრილიყვნენ ადამიანის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. როცა ორგანიზმში ადამიანის გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები გვაქვს და ასეთ დროს დავინფიცირდებით, მაგალითად, ფრინველის გრიპით, გენების რეასორტაციის პროცესი ჩვენს ორგანიზმში აღარ განვითარდება და შესაბამისად, ჩვენგან სხვა ადამიანს აღარ გადაედება. ამით ვირუსის გავრცელებას ხელს ვუშლით. ამერიკის ნაციონალულ კალენდარში გრიპის ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან არის აუცილებელი და სავალდებულო...
- ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ღორის გრიპის გავრცელება საქართველოში? - ვირუსული ინფექცია, ზოგადად, ძალიან ადვილად ვრცელდება ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე, მაგრამ თუ ადამიანები მეტ ყურადღებას დაუთმობენ პრევენციულ ღონისძიებებს, გრიპის გავრცელების შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ხათუნა ზახაშვილი (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი): - მსოფლიოში დღეისთვის გამოცხადებულია გრიპთან დაკავშირებით განგაშის მეხუთე დონე. ეს ნიშნავს, რომ ხდება ადამიანიდან ადამიანზე ახალი ვირუსის გადაცემა. ამისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, მათ შორის არც საქართველო. გრიპის ვირუსს საზღვრებს ვერავინ ჩაუკეტავს. მაგრამ ყველაფერი კეთდება პირველი შესაძლო შემთხვევების დროულად გამოსავლენად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოში გრიპის გავრცელება ვაკონტროლოთ და შემთხვევების ლაბორატორიული დიაგნოსტირება მოვახდინოთ. თავის დასაცავად საჭიროა გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები. ანუ, უნდა მოვერიდოთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც ცხელება და ხველა აღენიშნება. ხშირად და საფუძვლიანად უნდა დავიბანოთ ხელები საპნით და ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჯანსაღი წესით.
- ახალი გრიპის ვირუსის მიმდინარეობა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს, რომლის ეპიდაფეთქება საქართველოში ყოველწლიურად ხდება. გრიპით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანები იშვიათად მიმართავენ ექიმს და თუ ბევრმა ახლაც მიიჩნია, რომ გაცივდა ან ჩვეულებრივი გრიპი აქვს და ექიმს არ მიმართა, როგორ გამოვლინდება, გვაქვს თუ არა საქმე საშიშ ვირუსთან? - ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ ყველას, თუ გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები აღენიშნებათ, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ. ჩვენი სამსახური ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამჟამად, ჩვენთან თანამშრომლობით, საქართველოს საზღვრებზე საბაჟო-შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმ პირთა მონიტორინგს, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს. ღორის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ქვეყანაში უკვე არსებობს როგორც პრეპარატების, ასევე ვირუსისგან დაცვის საშუალებების მარაგი.
ემა ტუხიაშვილი ”კვირის პალიტრა”
|