სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის საშუალება ექნებათ.
როგორც „პრესა.ჯი“-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, ვინაიდან, რეზიდენტურაში ადგილები ლიმიტირებული იყო, ამით პრობლემები ახალგაზრდებს ექმნებოდათ და მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარებას გეგმავს.
მისი განმარტებით, პარლამენტში, უკვე ინიცირებულია კანონპროექტი “საექიმო საქმიანობის შესახებ”, რომელიც უმცროსი ექიმის მიერ, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
ხუროშვილის განცხადებით, პროექტის მიხედვით, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უფლება ექნება, მუშაობა უმცროს ექიმად დაიწყოს, რათა ის რეალურად დასაქმებული იყოს.
“სამედიცინო სფეროში, ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ მთავრობას, ახალი რეგულაციები შემოაქვს, რომლის თანახმადაც, კურსდამთავრებული, რომელიც სამედიცინო კურს დაამთავრებს, მუშაობას უმცროს ექიმად დაიწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ექიმის თანაშემწე იქნება, რომელიც ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გაიღრმავებს”, - განაცხადა ხუროშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის თქმით, თუ უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მყოფ პირს, მომავალში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის გაგრძელების სურვილი გაუჩნდება, მაშინ, მას საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რომ მაძიებლის სტატუსი მოიპოვოს.
“ეს რეგულაცია, რეალურად, რეზიდენტურის ალტერნატივაა. ამის შემდეგ, ის მაძიებლის სტატუსით იმუშავებს, ხოლო გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ, შეძლებს, რომ სასერთიფიკატო გამოცდა ჩააბაროს და დამოუკიდებელი ექიმის სტატუსი მოიპოვოს. ეს არის ახალი რეგულაციები, რომელიც, საბოლოოდ, რეზიდენტურაში ადგილების სიმცირესთან დაკავშირებით პრობლემას მოხსნის. ყველა ახალგაზრდას, რომელიც სწავლის გაგრძელების მოლოდინშია, ვეტყვი, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, მათ სწავლის გაგრძელება შეეძლებათ. ეს იქნება რეზიდენტურის ალტერნატივა, თუმცა, სრულყოფილი ექიმისთვის გასავლელი გზა, რომელიც ამ რეგულაციაში ჩაჯდება”, - დასძინა მან.
ხუროშვილის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავრობამ კონსულტაციები სტუდენტებთან და სამედიცინო უნივერსიტეტთან გამართა, სადაც ამ რეგულაციების შემოღებაზე შეთანხმდნენ.
ვინაიდან, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში, ხარისხის კუთხით პრობლემები ისევ არსებობს, „პრესა.ჯი“ იმის გარკვევას შეეცადა, ეს პროექტი ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ხარისხზე გავლენას ხომ არ მოახდენს.
ხუროშვილის ცნობით, მთავრობა კადრების გადამზადებას აპირებს.
“უცხოეთის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციები გვაქვს და ამ რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობას მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისებს შევთავაზებთ”, - განაცხადა ხუროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეზიდენტურაში ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით, სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რის გამოც, მათ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.
http://www.presa.ge/new/?m=medical&AID=13297