hep-py
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1696
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10
|
#26931812 · 16 Aug 2011, 18:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რადგან ამ ფორუმზე არავინ შემოდის კვალიფიცირებული სპეციალისტი ვდებ საინტერესო სტატიას საერთოდ ყველანაირ ჰეპატიტებზე,არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხეთ,ავტორი საქართველოში ერთ ერთი წამყვანი სპეციალისტია ამ დაავადებების დარგში,იმედია ბევრ საინტერესოს შეიტყობთ რათა ამოვარდეს ხშირად საკმაოდ არასერიოზული კითხვები. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"ვირუსული ჰეპატიტები - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და სხვა საინტერესო საკითხები 27.03.2011 ვირუსული ჰეპატიტების პრობლემა უწინდებურად აქტუალურია. მკითხველები ხშირად გვწერენ და გვთხოვენ, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმის შესახებ, აინტერესებთ განსხვავება C და B ჰეპატიტებს შორის, მათი დიაგნოსტიკის პრინციპები, თავისებურება, მკურნალობის შედეგები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი თამარ გეგეშიძე.
- რა თავისებურებები ახასიათებს ვირუსულ ჰეპატიტებს და რა ძირითადი განსხვავებაა ამ დაავადებებს შორის? - ვირუსული ჰეპატიტები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი აერთიანებს იმ დაავადებებს, რომლებიც ვრცელდება ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით ანუ სადაც დასნებოვნების მიზეზია დაბინძურებული საკვები, ხელები, ესა თუ ის ნივთი, რომელიც პირის ღრუში შეიძლება მოხვდეს. აღნიშნული ჯგუფი A და E ჰეპატიტებს მოიცავს. A ჰეპატიტი, რომელიც ბოტკინის დაავადების სახელწოდებით იყო ცნობილი, ბავშვთა დაავადებად ითვლება. ის უმთავრესად 14-15 წლამდე ვლინდება. არსებობს მისი სიყვითლით მანიფესტირებული ფორმაც, თუმცა გაცილებით ხშირია უსიყვითლო. ამას მოწმობს ის, რომ ზრდასრული მოსახლეობის გამოკვლევისას 75%-ს A ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული დაავადება ფარულად აქვთ გადატანილი. E ჰეპატიტი, საბედნიეროდ, ჩვენში არ გვხვდება. ის ძირითადად დაბალგანვითარებულ, დაბალი სანიტარიული პირობების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული, მაგალითად, შუა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. მეორე ჯგუფი აერთიანებს ჰეპატიტებს, რომელთა გავრცელებაში ძირითად როლს გადაცემის პარენტერალური (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე) მექანიზმი ასრულებს. ამ შემთხვევაში დასნებოვნება კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისა და მათზე ვირუსის შემცველი ნებისმიერი ბიოლოგიური სითხის მოხვედრის შედეგად ხდება. ამ ჯგუფში შედის C, B და D (დელტა) ჰეპატიტები. ყველაზე პრობლემური სწორედ ეს მეორე ჯგუფია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პირველი ჯგუფის ჰეპატიტებს გაცილებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს და ადვილად იკურნება, შეიძლება ითქვას, თავისთავადაც კი. მეორე - იმიტომ, რომ არ ახასიათებს გაქრონიკულება (ანუ დაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში) და არ იწვევს გართულებებს. ჰეპატიტების პარენტერალური გადაცემის მექანიზმზე საუბრისას უნდა გამოვყოთ ორი გზა - ხელოვნური და ბუნებრივი. ბუნებრივი გზა გულისხმობს სქესობრივი და ვერტიკალური მექანიზმით (დედისგან შვილზე) დაავადების გადაცემას. აქაც არის განსხვავებანი. მაგალითად, B ვირუსი უფრო აქტიურად და ხშირად გადაედება სქესობრივი გზით, ვიდრე C. ხელოვნური გზაა ყველა ის სამედიცინო თუ არასამედიცინო მანიპულაცია, რომელიც კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევას იწვევს: ქირურგიული, სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური ჩარევები, ჰემოდიალიზი, სისხლისა და პლაზმის გადასხმა, ასევე - არასამედიცინო მანიპულაციები: წვერის გაპარსვა, მანიკიური, პედიკიური, პირსინგი, ტატუირება. ვერტიკალური მექანიზმით, დედისგან შვილზე, ჰეპატიტის გადაცემის პრობლემა დღეს გადაჭრილია, რადგან ბავშვს დაბადებისთანავე უტარდება როგორც აქტიური, ასევე პასიური იმუნიზაცია. ახალშობილის ორგანიზმში შეჰყავთ იმუნოგლობულინი ანუ უკვე მზა ანტისხეულები, რათა შებოჭილ იქნეს ვირუსი - ეს პასიური იმუნიზაციაა - და ვაქცინა, იგივე ანტიგენი, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, თავად გამოიმუშაოს ანტისხეულები - ეს კი უკვე აქტიური იმუნიზაცია გახლავთ. C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე B ჰეპატიტისა. თეორიულად რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა პრაქტიკულად მაჩვენებელი მეტად დაბალია. B ჰეპატიტის დროსაც ყველაზე დიდი ალბათობის მატარებელი პირველი სქესობრივი კონტაქტი და დეფლორაციაა. ამიტომ მე ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემს პაციენტებს, როცა დაოჯახებას დააპირებენ, არ დაუმალონ საყვარელ ადამიანს თავიანთი ავადმყოფობა, პირიქით, განუმარტონ მას ვითარება და აუცილებლად ჩაუტარონ ვაქცინაცია. უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს ამ კუთხით საგრძნობლად ამაღლდა ჩვენი მოსახლეობის შეგნების დონე. მიხარია, როცა მოდის ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც ოჯახის შექმნა გადაუწყვეტია და გამოკვლევების ჩატარებას ან ვაქცინაციას გეგმავს. სასიხარულოა, როცა ახალგაზრდები ერთმანეთსა და მომავალ თაობაზე ზრუნავენ. რაც შეეხება ჰეპატიტების მეორე ჯგუფს, განსაკუთრებით კი C ჰეპატიტს, ის გაცილებით პრობლემურია. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მწვავე ფორმით იშვიათად ვლინდება და თავიდანვე ქრონიკულად მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკაში განსაზღვრულ სირთულეებს ბადებს. პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა ჩივილით მოგვმართავენ, ძალიან ხშირად წლების წინ არიან ინფიცირებულნი. იმის თქმა, როდის დაინფიცირდა ესა თუ ის პაციენტი C ვირუსით, ძალიან ძნელია, თუმცა გამოკვლევათა შედეგების ანალიზით სპეციალისტები დაახლოებით მაინც ვხვდებით, რამდენი ხანია, რაც ვირუსი ორგანიზმში ცხოვრობს. მინდა აღვნიშნო, რომ B ჰეპატიტის შემთხვევები საგრძნობლად გაიშვიათდა. ამაში დიდი როლი შეასრულა როგორც ვაქცინაციამ, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვამ, რაც დღეს თითქმის ყველა კლინიკაში ხორციელდება. C ჰეპატიტი მწვავე ფორმით 10-15%-ში გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 85% თავიდანვე ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. პაციენტს, წესისამებრ, რაიმე განსაკუთრებული, მით უფრო სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება, ამიტომ არც მიმართავს ექიმს, ხოლო როდესაც ჰეპატიტი გამოვლინდება, დაავადება უკვე საკმაოდ ხანდაზმული და შორსწასულია. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება C ჰეპატიტით დაავადებულს გამოაჩნდეს, მრავალფეროვანია. მაგალითად, მუცლის შებერილობა, გულძმარვა, ბოყინი, დისკომფორტი ნაწლავებში, დროდადრო კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, მძიმე ნაბახუსევი... ყველა ეს სიმპტომი სხვა პათოლოგიებსაც ახასიათებს, ამიტომ ადამიანი ჰეპატიტს არ ეჭვობს. მაგალითად, მოდის პაციენტი, ჯან-ღონით სავსე მამაკაცი, დიარეით (ანუ ფაღარათით), რომელსაც უკავშირებს მოწამვლას და რომელიც დიდი ხანია აწუხებს. სავარაუდოდ, აქ მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ უნდა იყოს. მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ. საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდება, რომ C ჰეპატიტთან გვაქვს საქმე. საბედნიეროდ, დღეს საქართველოშიც ძალიან მაღალია ჰეპატიტების დიაგნოსტიკის დონე. ჩვენთანაც ტარდება ყველა ის გამოკვლევა, რომლებიც საზღვარგარეთის წამყვან და მოწინავე კლინიკებშია დანერგილი. პაციენტს არ სჭირდება უცხოეთში გამგზავრება გამოკვლევის ჩასატარებლად. სხვა საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს გამოკვლევები ფინანსურად. მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ამ დაავადებებთან არის დაკავშირებული, მკურნალობის ეფექტიანობაა. სამწუხაროდ, ჰეპატიტების მკურნალობის ეფექტიანობა არ არის მაღალი. ზოგიერთი ფორმის დროს ის 70-80%-ს შეადგენს, ზოგიერთის დროს კი 50%-ს. ეს მართლაც დიდი პრობლემაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მკურნალობა ძალიან ძვირია.
- მაინც რაზეა დამოკიდებული მკურნალობის ეფექტიანობა - დაავადების გამომწვევ ვირუსთა შტამებზე, მათ განსხვავებულ ვირულენტობაზე? რით განსხვავდება სხვადასხვა ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები ერთმანეთისგან? - მართალია, ყველა ვირუსს ახასიათებს ჰეპატოტროპიზმი ანუ ღვიძლის უჯრედებისადმი (ჰეპატოციტებისადმი) მიდრეკილება, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან. A და C ვირუსები რნმ-ს შეიცავს, ხოლო B - დნმ-ს. გარდა ამისა, C ჰეპატიტის ვირუსსაც აქვს სახეობის შიგნით სხვადასხვა განმასხვავებელი ვარიანტი. მკურნალობის ეფექტიანობა ვირუსთა სახესხვაობებსა და თავისებურებებთან ერთად მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეც. ზოგიერთი პაციენტი კარგად ემორჩილება ანტივირუსულ მკურნალობას, ზოგიერთი კი არა; ზოგს ბევრი გართულება და გვერდითი მოვლენა აღენიშნება, ზოგს - ნაკლები. - რა ცვლილებებს იწვევს ვირუსი ღვიძლში? იქნებ მკითხველს ვირუსული ჰეპატიტის პათოგენეზიც ავუხსნათ... - როგორც უკვე მოგახსენეთ, დაავადების გამომწვევ ყველა ვირუსს ახასიათებს ჰეპატოტროპიზმი ანუ ჰეპატოციტებისადმი მიდრეკილება. ჰეპატიტის შემთხვევაში ხდება ღვიძლის უჯრედების ანთება და დაშლა. საყურადღებოა, რომ დაშლის პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს უჯრედთა განახლება. ღვიძლს განახლების ანუ რეგენერაციის უნიკალური უნარი აქვს. A ჰეპატიტის შემთხვევაში, როცა პაციენტი ყვითლდება, ე.ი. იწყება დაავადება, რეგენერაციის პროცესი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. უჯრედთა დაშლისა და განახლების პროცესი გაცილებით ხანგრძლივია B და C ჰეპატიტების დროს. უჯრედთა ნაწილი წლების განმავლობაში კვდება, იშლება, პარალელურად მათი ნაწილი აღდგება. სწორედ ამ ერთგვარი დაბალანსებისა თუ კომპენსირების გამოა, რომ ხშირად დაავადება კლინიკურად არც კი ვლინდება, ღვიძლის ფუნქცია მეტ-ნაკლებად კომპენსირებულია. ჰეპატიტი წლობით (ზოგჯერ 10-20 წლის განმავლობაშიც) მიმდინარეობს ისე, რომ ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცის. მაგრამ დგება დრო, როდესაც დაშლასა და რეგენერაციას შორის წონასწორობა ირღვევა. დაშლილი უჯრედები იმ დონეზე ვეღარ აღდგება, რომ ეს ღვიძლის ფუნქციაზე არ აისახოს. ჰეპატოციტებს ფიბროზული ქსოვილი ენაცვლება. ეს კი არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. მოგეხსენებათ, ღვიძლს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი უმთავრესია სისხლის გაწმენდის, ტოქსინებისა და მავნე შენაერთებისგან მისი გასუფთავების ფუნქცია. ფიბროზული (შემაერთებელი) ქოვილის განვითარებისდაკვალად მოფუნქციე უჯრედების რაოდენობა იკლებს, შესაბამისად, ღვიძლი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ქვეითდება სისხლის გაწმენდის ხარისხი, ტოქსინებით გაჯერებული სისხლი კი მთელ ორგანიზმს წამლავს. სწორედ ამის შემდეგ იჩენს თავს კლინიკური სიმპტომები - ენცეფალოპათიები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები და სხვა. ჰეპატოლოგიაში ცალკე თავად არის გამოყოფილი ექსტრაჰეპატური ანუ ღვიძლგარე გამოვლინებები. ღვიძლის დაავადების გამო ცვლილებები ვითარდება ორგანიზმის ყველა სისტემაში, დაწყებული კანიდან, დამთვარებული ნერვული სისტემით. ძალიან ხშირად კანზე გამონაყარი ღვიძლში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებთან გახლავთ დაკავშირებული. ამიტომ არის, რომ დერმატოლოგები პაციენტს ხშირად B და C ჰეპატიტების გამოსავლენად გამოკვლევების ჩატარებას ურჩევენ. თუ კანის დაზიანება ჰეპატიტის ფონზე მიმდინარეობს, ცხადია, ლოკალურად, მხოლოდ კანის პრობლემასთან ბრძოლა უშედეგო იქნება. კომპლექსური მკურნალობა გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს და კანის მხრივ უკეთესობასაც გაცილებით მალე დავინახავთ. მე მყავდა, მაგალითად, პაციენტი, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგიური პრობლემების ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ჩვენთან აღმოჩნდა. გაირკვა, რომ C ჰეპატიტით იყო ავად და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მკურნალობის დაწყების შემდეგ კარდიოლოგიური ჩივილებიც მოეხსნა. როგორც თავად აღნიშნავდა, წნევის დამწევი საშუალებები აღარ სჭირდებოდა, ჰიპერტენზიაც თავისთავად მოუწესრიგდა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მკითხველმა გაიგოს, რამდენად მრავალმხრივი გამოვლინება აქვს B და C ჰეპატიტებს. რაც შეეხება D (დელტა) ჰეპატიტს, მას დეფექტური ვირუსი იწვევს. ამ ვირუსს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. მან აუცილებლად უნდა დაიხმაროს B ვირუსის ზედაპირული ანტიგენი. მკითხველისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დელტა ჰეპატიტი ცალკე, დამოუკიდებლად არ გვხვდება. ის თან ახლავს B ჰეპატიტს. სწორედ ამიტომ, როდესაც B ჰეპატიტი დიაგნოსტირდება, აუცილებელია დელტაზე გამოკვლევაც. დელტა ან B-სთან არის შეჭიდული, - ამას დელტა კოინფექციას ვუწოდებთ, - ან უკვე არსებულ ქრონიკულ B ჰეპატიტზეა დართული, რასაც დელტა სუპერინფექცია ჰქვია.
- რა გამოკვლევებს უნიშნავთ პაციენტებს და რას ეფუძნება ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოზი? - თავდაპირველად ხდება ანტისხეულების გამოკვლევა, თუმცა ამ უკანასკნელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, დაავადებულია თუ არა პაციენტი C ვირუსით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე გამოკვლევა უმეტესად ჰეპატიტის არსებობას ადასტურებს. მომდევნო ეტაპზე ტარდება PCR (პი-სი-არ) გამოკვლევა. ეს არის პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, რომლითაც ვირუსის გენეტიკურ მასალას აღმოვაჩენთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, აქვს თუ არა ადამიანს ესა თუ ის ვირუსი.
- პაციენტები ხშირად ითხოვენ დაზუსტებას, დაავადებულნი არიან თუ მხოლოდ ინფექციის მატარებლებად ითვლებიან. - "ვირუსმატარებელი" - ეს ხალხში გავრცელებული ტერმინია. როცა ადამიანს დაავადების კლინიკური გამოვლინება არ აქვს და ანალიზებიც მეტ-ნაკლებად ნორმალურია, მიაჩნია, რომ ვირუსის მატარებელია მხოლოდ და არა დაავადებული. ეს არასწორია, რადგან კლინიკური ნიშნების არარსებობა არ გამორიცხავს ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას. უჯრედულ დონეზე ღვიძლში შესაძლოა მიმდინარეობდეს პათოლოგიური ძვრები, მაგრამ კლინიკურად წლობით არ გამოვლინდეს. შესაძლოა, მწვავე პერიოდი კარგა ხნის გასული იყოს, ანუ ადამიანმა გადაიტანოს დაავადება, ანტისხეულები კი დიდხანს დარჩეს სისხლში. არის შემთხვევები, როდესაც ღვიძლის ფუნქციები ნორმალურია, ექოსკოპიურად უმნიშვნელო, მინიმალური დაზიანებები შეინიშნება, C კი დადებითია. ასეთ დროს პაციენტს დინამიკაში სჭირდება დაკვირვება. შესაძლოა, განსაზღვრული ხნის შემდეგ იჩინოს თავი დარღვევებმა. შეიძლება დაავადების საწყის ეტაპზე კლინიკურად და ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყოს გამოვლენილი, - ეს იმიტომ, რომ საკომპენსაციო მექანიზმები რამდენადმე აბალანსებს, აწონასწორებს ჰეპატოციტებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს, - მოგვიანებით კი ეს წონასწორობა დაირღვეს, პათოლოგიურმა პროცესმა დაძლიოს და დაავადება გაღრმავდეს. ხშირად ასეთი კითხვებიც ისმის: "მრავლდება თუ არა ვირუსი? რომ არ ვიმკურნალო, გამრავლდება?" ზემოხსენებული Pჩღ მეთოდი ინფორმაციას გვაწვდის არა მარტო ორგანიზმში ვირუსისAარსებობის შესახებ, არამედ ვირუსის რაოდენობის თაობაზეც, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ანტივირუსული თერაპიისთვის. ვთქვათ, გავაკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა ათასობით ან, გნებავთ, მილიონობით ვირუსი; ამით ჩვენ რას დავასკვნით - იმას, რომ ვირუსი მრავლდება? განა რაოდენობრივ მაჩვენებელზე დაყრდნობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ვირუსი მრვალდება ან არ მრავლდება? ამაზე ასე ცალსახად მსჯელობა არასწორია. შეიძლება, ერთი კვირის შემდეგ ჩატარებული ანალიზით ვირუსი ბევრად ნაკლები ან მეტი აღმოჩნდეს. ვირუსს როცა უნდა, მაშინ მრავლდება. ამ პროცესს ჩვენ ვერ ვმართავთ და მასზე ასე ცალსახად ვერ ვიმსჯელებთ.
- პაციენტებს ისიც აინტერესებთ, ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ საბოლოოდ მოკვდება ვირუსი თუ მიიძინებს. - ეს კითხვა მართლაც ხშირად ისმის და ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ულტრათანამედროვე მეთოდებით ვირუსს ვეღარ აღმოაჩენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ არის ორგანიზმში. თეორიულად შეიძლება მივიჩნიოთ, ერთი ვირუსიც რომ დარჩეს ორგანიზმში, განსაზღვრულ პირობებში ისიც შეიძლება გამრავლდეს. ამიტომაც მიიჩნევა სავალდებულოდ განმეორებითი გამოკვლევების ჩატარება 6 თვისა და ერთი წლის შემდეგ. თუ პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ორგანიზმში ვირუსი აღარ არის.
- როგორია ტაქტიკა, როცა პაციენტს ანტისხეულები აღმოაჩნდება, ვირუსი კი არა? - ასეთ დროს ადამიანს ვაფრთხილებთ, რომ წელიწადში ორჯერ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევა. თუ განმეორებითი გამოკვლევებით ვირუსის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ხელახალი ინფიცირება.
- რაზე მიანიშნებს მხოლოდ ანტისხეულების არსებობა? გამოდის, რომ ადამიანს ამჟამად ვირუსი არ აქვს, მაგრამ ოდესღაც გადაიტანა დაავადება. თუ ასე არ არის, მაშინ, ბუნებრივია, იბადება კითხვა - რატომ გაჩნდა ანტისხეულები? - იმიტომ, რომ ორგანიზმს კონტაქტი ჰქონდა ვირუსთან. ამ ვირუსმა მოახერხა და დაავადებისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ცვლილებები გამოიწვია თუ არა, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ კონტაქტი იყო. სწორედ ამ კონტაქტის საპასუხოდ გამოიმუშავა ადამიანის ორგანიზმმა ანტისხეულები. ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია. უსაფრთხო სისხლის პროგრამამ, რომელიც კარგა ხანია ამუშავდა, ამ მხრივ ძალიან კარგი და დიდი საქმე გააკეთა. მოგეხსენებათ, ამ პროგრამის ფარგლებში ყველა სისხლი, რომელიც უნდა გადაესხას პაციენტს, სწრაფი ტესტით მოწმდება. გარდა იმისა, რომ რეციპიენტი (ვისაც უნდა გადაესხას სისხლი) დაცულია ინფიცირებული სისხლის გადასხმისგან, დონორებს (ვინც გაიღებს სისხლს) შორის ხდება ინფიცირებულების გამოვლენა. მოდის ახალგაზრდა აღშფოთებული - მეგობრისთვის სისხლი უნდა გადამესხა და მითხრეს, C ჰეპატიტი გაქვსო. გამოვიკვლევთ საფუძვლიანად და მართლაც C ჰეპატიტი აღმოაჩნდება. ცხადია, რაც უფრო ადრე მოხერხდება დაავადების გამოვლენა, რაც უფრო ადრე დაინიშნება სათანადო მკურნალობა - მით უკეთესი პაციენტისთვის. წარმოიდგინეთ, სად ის, როცა სამი წელია ადამიანი დაავადებული და სად ის, როცა ვირუსი 20 წლის განმავლობაში ცხოველმყოფელობს ორგანიზმში. ბუნებრივია, მეორე შემთხვევაში ვირუსს უკვე გაკეთებული აქვს თავისი საქმე და მკურნალობის ეფექტიანობაც ასეთ დროს გაცილებით ნაკლებია. - გარდა ლაბორატორიულისა, რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი? - ჰეპატიტების დიაგნოსტიკა პაციენტის კომპლექსურ გამოკვლევას ეფუძნება. აუცილებელია ენდოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა, C ჰეპატიტის სიმძიმეზეც მიანიშნებს. დაავადების ხანდაზმულობისა და, შესაბამისად, ღვიძლის მძიმე დაზიანების, ციროზის დროს, წესისამებრ, შეინიშნება საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ამ გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენა ჰეპატიტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა. ამიტომ ექიმი აუცილებლად უნდა ფლობდეს ვენების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. საჭიროა აგრეთვე ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევის (ექოსკოპიის) ჩატარება, აუცილებლად დოპლეროგრაფიით, რათა ღვიძლის სტრუქტურის შესწავლასთან ერთად შეფასდეს მისი ჰემოდინამიკა, განისაზღვროს სისხლის ნაკადის სიჩქარე, გაანალიზდეს სხვადასხვა პარამეტრი, ელენთის მდგომარეობა, გაირკვეს, არის თუ არა პორტული ჰიპერტენზია და სხვა. იყო დრო, როდესაც ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად ერთადერთი მეთოდი ბიოფსია იყო. დღეს ამისთვის არსებობს არაინვაზიური, უსისხლო მეთოდი - ღვიძლის ელასტოგრაფია, იგივე ფიბროსკანირება. ფიბროსკანი, ექოსკოპიის მსგავსი აპარატი, ორგანოში გზავნის სპეციალურ სიგნალს, რომელიც უკანვე ბრუნდება სხვადასხვა წერტილიდან ღვიძლის ელასტიკურობის სხვადასხვა ხარისხის შესაბამისად და კომპიუტერულად მუშავდება. შედეგად ხდება ღვიძლის ფიბროზის ხარისხობრივი შეფასება. სამწუხაროდ, არც ეს გამოკვლევაა ასი პროცენტით საიმედო, ისევე როგორც ბიოფსია (ბიოფსიის დროს სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი უბნიდან იქნება აღებული მასალა). ღვიძლის ფიბროზის შესაფასებლად არსებობს ასევე სისხლის სპეციალური ანალიზი - ფიბროტესტი. ეს გამოკვლევა, ღვიძლის სხვადასხვა ფუნქციური სინჯების მსგავსად, საქართველოშიც დანერგილია და ტარდება. უნდა ითქვას, რომ კომპლექსური გამოკვლევა საჭიროა არა მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, არამედ ჰეპატიტით დაავადებულის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლადაც, სათანადო და რაციონალური მკურნალობის დასანიშნადაც. ამ მიზნით საფუძვლიანად ვიკვლევთ პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ვამოწმებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, რადგან ჰეპატიტის დროს ხშირად აუტოიმუნური პროცესებიც ირთვება, ამის დადგენას კი ინტერფერონთერაპიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია აგრეთვე ინსულინრეზისტენტობის შეფასება, მეტადრე - ცხიმოვანი ჰეპატოზის არსებობისას და მრავალი სხვა გამოკვლევა, რომელსაც ექიმი თითოეული პაციენტისთვის, მისი ჩივილებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განსაზღვრავს. გამოკვლევათა ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია იმით, რომ ღვიძლის დაავადების დროს ორგანიზმში ძალიან ბევრი ფუნქცია ირღვევა. სწორედ ამ კომპლექსურ გამოკვლევაზე დაყრდნობით ინიშნება მკურნალობა. მარტო ანტივირუსული პრეპარატებით, მაგალითად, ინტერფერონით მკურნალობა, მეტადრე - თუ პაციენტი ამისთვის მზად არ არის, უეფექტოა. ინტერფერონთერაპიას შედეგი აქვს მაშინ, როცა პაციენტი სრულფასოვნად არის შესწავლილი და კარგად არის მომზადებული თერაპიისთვის. არაფრით არ შეიძლება ინტერფერონის თვითნებურად მიღება, რადგან მას ბევრი გართულება აქვს. ინტერფერონის მიღების პერიოდში და მერეც, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, არ შეიძლება დაორსულება, რადგან პრეპარატს ტერატოგენული (ნაყოფის სიმახინჯეების გამომწვევი) ეფექტი აქვს. დაორსულება არც მაშინ შეიძლება, თუ ინტერფერონით მეუღლე მკურნალობს. რაც უფრო ადრე დაიწყება ჰეპატიტის მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. მოგეხსენებათ, ორგანიზმს დიდი სარეზერვო მექანიზმები აქვს. მე მყავს პაციენტი, რომლის გასინჯვისაც კი მეშინია - ისე აქვს ვენები მუცელზე დაკლაკნილი და დაბერილი, რომ ხელით შეხების დროსაც კი შეიძლება გასკდეს. პირველად რომ მოვიდა, ჰემოგლობინი 28 ჰქონდა. ეს პაციენტი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რომ ორგანიზმს მართლაც უდიდესი სარეზერვო რესურსი აქვს. ექიმის ფუნქციაა, მას ამ მექანიზმების მობილიზებაში დაეხმაროს. ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ შეუქცევადი ცვლილებები განვითარდება. დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მთელ მსოფლიოში ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერფერონი და რიბავირინია მოწოდებული. მკურნალობა ძალიან ძვირია, ამიტომ პაციენტი თავად წყვეტს, ჩაიტაროს ის თუ არა. ექიმი ვალდებულია, დაწვრილებით აუხსნას მდგომარეობა, დაავადების არსი, მიმდინარეობა და ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მოსალოდნელ გართულებებსა და შედეგებზე. იმედის მომცემი ინფორმაცია მოდის უცხოეთიდან და 2012 წელს უკვე საქართველოშიც დარეგისტრირდება ახალი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება უკვე არსებულ ინტერფერონ (პეგინტრონი და პეგასისი) და რიბავირინ (რებეტოლი და კოპეგუსი) თერაპიასთან ერთად."
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს კი ქალბატონ ლალი შარვაძესთან ინტერვიუდან:
"- ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ც ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ყველა პაციენტისთვის არის თუ არა აუცილებელი ასეთი მკურნალობის ჩატარება? - C ჰეპატიტის მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას უმთავრესად დაავადების სტადიისა და სიმძიმის საფუძველზე ვიღებთ. სადღეისოდ მედიკოსები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:
•თუ C ჰეპატიტი გამოწვეულია HCV II ან III გენოტიპით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განკურნების შანსი ძალიან მაღალია. ამ დროს ექიმი პაციენტს ურჩევს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მკურნალობა. განკურნების შემთხვევაში ავადმყოფი სამუდამოდ თავისუფლდება C ჰეპატიტის ვირუსისგან. •თუ ავადმყოფს აქვს HCV I გენოტიპით გამოწვეული C ჰეპატიტი და ამავე დროს დაავადება მსუბუქი ფორმისაა, ექიმი უმეტესად მკურნალობის გადადებას და დინამიკაში დაკვირვებას ურჩევს. •შორს წასული C ჰეპატიტის შემთხვევაში ექიმი ავადმყოფს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას ურჩევს.
- მოსალოდნელია თუ არა გვერდითი ეფექტები ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას? - სამწუხაროდ, ინტერფერონით მკურნალობას საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებებით, ასევე საკმაოდ მძიმე პათოლოგიური გადახრებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას თავჩენილი ყველა გვერდითი ეფექტი არის მართვადი. ამის გათვალისწინებით აუცილებელია, ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა წარმართოს გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ხანგრძლივ (6 თვე ან ერთი წელი) პროცესს. მკურნალი ექიმი ავადმყოფს დროულად აძლევს მითითებებს აუცილებელი საკონტროლო გამოკვლევებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ, რათა დროულად მოხდეს გართულებათა კორექცია და არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა, თუ ის გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით ტარდება, უსაფრთხოა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ყველა გვერდითი ეფექტი უკვალოდ ქრება.
- ხშირად გვწერენ, რომ პაციენტს C ან B ჰეპატიტის დიაგნოზი სისხლის გამოკვლევისას შემთხვევით აღმოუჩინეს. რომელი გამოკვლევები ტარდება ამ დაავადებების დიაგნოსტიკისთვის და როდის არის აუცილებელი მათი ჩატარება? - იმის დასადგენად, აქვს თუ არა ავადმყოფს B ან C ჰეპატიტი, საკმარისია:
•B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HbsAg) განსაზღვრა; •C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების (ANTI-HCV) განსაზღვრა. პოზიტიური (დადებითი) პასუხის შემთხვევაში დაავადების დიაგნოზი დასმულია, რის შემდეგაც დაავადების სტადია უნდა განისაზღვროს. ამისთვის საჭიროა დაავადების სტადიის შესაფასებელი გამოკვლევების ჩატარება, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
- ნიშნავს თუ არა ლაბორატორიულად დადგენილი C ჰეპატიტის დიაგნოზი, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი მკურნალობა, პროცესი აქტიურია?3 - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება არ დგას დღის წესრიგში. მკურნალობის დაწყებისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები – მისი სქესი, ასაკი, ჩ ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპი, C ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაცია, ღვიძლის ფიბროზის ხარისხი და სხვა. თუ ავადმყოფს აქვს მკურნალობის ეფექტიანობის დადებითი პროგნოზული მარკერები ანუ მოსალოდნელია, მისი მკურნალობა წარმატებული იყოს, უმეტესად მკურნალობის დაწყებას ვურჩევთ. თუ პროგნოზული მარკერები უარყოფითია (მაგალითად, ვირუსის გენოტიპი ძნელად სამკუნალოა), უმჯობესია, მკურნალობის დაწყებისგან თავი შევიკავოთ, თუმცა თუ უკვე აშკარაა ღვიძლის პროგრესირებადი ფიბროზის არსებობა, მკურნალობა უნდა დავიწყოთ.
- როდის მიიჩნევს ექიმი აუცილებლად B ან C ჰეპატიტის დასადგენად გამოკვლევის ჩატარებას? - გამოკვლევა ტარდება ყოველთვის, როცა კი საეჭვოა ღვიძლის რომელიმე დაავადების არსებობა. მათი მეშვეობით ვადგენთ ან გამოვრიცხავთ ღვიძლის დაავადების ვირუსულ მიზეზს. გარდა ამისა, არსებობს ოფიციალური ჩამონათვალი, ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე:
•ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს; •აივინფიცირებულებს; •ჰემოფილიით დაავადებულებს; •ჰემოდიალიზზე მყოფებს; •სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტებს; •ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს; •C და B ჰეპატიტის ვირუსებზე პოზიტიური დედების შვილებს; •სამედიცინო პერსონალს, რომელსაც C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებულ სისხლთან ჰქონდა პროფესიული კონტაქტი. იგულისხმება კანქვეშა კონტაქტი (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე ინფიცირებული სისხლის მოხვედრა; •C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებულთა სქესობრივ პარტნიორებს;<
This post has been edited by hep-py on 16 Aug 2011, 18:30
|