დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა არა მარტო საქართველოში. მისი თქმით, საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო პროგრამა და ინტერფერონის საჭიროების მქონე პაციენტებს მედიკამენტი 60%-იანი ფასდაკლებით მიეღოთ. თუმცა ფასი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისევ მიუწვდომელია.
„ახლა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც განკურნების ბევრად მეტი პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ ეს მედიკამენტი და ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, პრეპარატი სოფუსბუვირი ყველაზე ძვირია და მაგალითად, აშშ-ში 1 კურსის ჩატარება 84 000 დოლარი ღირს.
„ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ პირობებს, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=43681