გამარჯობა კიდევ ერთხელ. ადრეც დავწერე, ექიმი არ ვარ, თუმცა ჩემი, კონკრეტულად ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, რადგან მეც თავის დროზე ძალიან დამეხმარა აქაური, სხვა ადამიანების გამოცდილება. ასევე აქვე ვიტყვი, რომ რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, პოსტოპერაციული პერიოდიც ინდივიდუალურია და პირდაპირ ასე ალბათ, არც იქნებით. შედეგიც ინდივიდუალური იქნება, რა თქმა უნდა.
აპრილში, როდესაც ოპერაცია გავიკეთე, ვწერდი როგორ მივედი ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდზე, როდესაც ჯერ 1 კვირა იყო მხოლოდ გასული ოპერაციიდან. აგერ უკვე 4 თვე გავა რამდენიმე დღეში, რაც ოპერაცია გავიკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ გავბედე და გავიკეთე

მიუხედავად იმისა, ვიცოდი თავიდანვე, შემდგომ თუ რა საშინელი ტკივილისთვის უნდა გამეძლო და რა რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაცია მელოდა წინ. ახლა მიუხედავად იმისა, რომ 100% გამოჯანმრთელებულად არ ვითვლები, რადგან ზოგჯერ, შიდა ჭრილობიდან სისხლის ნადები და უმნიშვნელო დისკომფორტი ჯერ კიდევ მაქვს, მაინც განსხვავება და შვება იმდენად დიდია, რომ ეს უკვე აღარაფერია.
ვთქვი, რომ ოპერაციამდე ვიცოდი, თუ რა საშინელი ტკივილისთვის უნდა გამეძლოთქო, მაგრამ რაც რეალურად ეს არის გაცილებით უფრო საშინელი და ენით გამოუთქმელი
პირველი რჩევა, რაც ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის მექნება არის ის, რომ მიუხედავად ამ ჯოჯოხეთური ტკივილისა, უნდა ეცადოთ, ტკივილის შიშის მიუხედავად, აუცილებლად ყოველ დღე გქონდეთ კუჭის მოქმედება. გახსოვდეთ, რომ მაგ ტკივილს არავინ მოუკლავს

უბრალოდ უნდა გაუძლოთ პირველ რიგში იმისათვის, რომ მალე შემსუბუქდეს ეს ტკივილი. ოპერაციის შემდგომ პირველი მოქმედება შეეცადეთ, გქონდეთ მესამე დღეს, უარეს შემთხვევაში მეოთხე დღეს მაინც. სანამ მოქმედება იქნება, დაახლ. ნახევარი საათით/ერთი საათით ადრე 2 კვირა აუცილებლად გირჩევთ გამაყუჩებელ ნემსს. კი, ეს ამსუბუქებს მხოლოდ იმას, რომ მოქმედების შემდგომ პერიოდში მაინც რომ შედარებით დასვენებული იყოთ და პერიოდული სპაზმის დროს ტკივილი ისეთი საშინელი არ იყოს, თორემ მოქმედების დროს ტკივილს არავინ და არაფერი შველის, ნუ პრეპარატის გამო მოდუნებული ხართ და ძილი გინდათ ძირითადად, მაგრამ ჭრილობისთვისაც კარგია ეს, ერთი კვირა მინიმუმ მაინც უძრავად ყოფნა სჯობს. მოქმედებისთვის დანიშნული მქონდა სხვადასხვა ეტაპზე ფორლაქსის და ფსილო მუცილის ფხვნილი.
მეორე რჩევა, 2 თვე მაინც აუცილებლად გააკეთეთ დღეში ორჯერ ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაცია ჰიგიენის და აბაზანის შესახებ - ამის დაცვაც არსებითია ჭრილობის მალე და კარგად შესახორცებლად. ჩემს შემთხვევაში იყო ბეტადინი და გვირილის აბაზანა. თავიდან თვენახევარი დანიშნული მქონდა ლევომეკოლის მალამო, შემდგომ უზნაძე მჭედლიშვილი. თვენახევრის მერე პერიოდულად მენიშნებოდა ქაცვის ზეთის სანთელიც.
მესამე რჩევა, აუცილებლად მოაწესრიგეთ კვება მკაცრად ერთნაირად 2 თვის ხანგრძლივობით მაინც. რაც გულისხმობს როგორც რაციონს, ისე ერთსა და იმავე დროს ჭამას. მაგალითად ჩემს შემთხვევაში ასე იყო და დღესაც მეტნაკლებად ვცდილობ ასე ვიკვებო - დილას ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს და ნახევარ საათში ვჭამდი ნებისმიერ ფაფას. პირდაპირ ვაყოლებდი ყავას/ჩაის 5-10 გრ.-მდე კარაქიანი პურით (2 თვე საერთოდ ამოღებული მქონდა თეთრი პური და საერთოდ პურეული, თუმცა ოპერაციის მეორე დღიდანვე ვჭამდი მარგის პურს, რაც თავის მხრივ მოქმედებასაც უწყობს ხელს). 2 საათში ვიღებდი ხილს, რჩევით თავიდან ვაშლიც ვჭამე, მაგრამ ძალიან შემბერა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ძალიან დისკომფორტი შემიქმნა, ამიტომ თუ ვაშლი თქვენზეც ასე მოქმედებს, არ გირჩევთ პირველი პერიოდი. 2-დან 3-მდე სადილის დროს ვნაყრდებოდი ყველაზე მეტად, ანუ შედარებით მძიმეს თუ იღებთ ამ მონაკვეთში სჯობს. და ბოლო კვება იყო აუცილებლად 6-დან 7-მდე. ჩემს შემთხვევაში იყო წვნიანი. თუ ბოსტნეული გიყვართ, არ გაგიჭირდებათ, მე ვამზადებდი მხოლოდ სტაფილო, ბულგარულით და ბევრი მწვანილით. ყველაფერს, რასაც ვჭამდი, ვაყრიდი ქატოს - ნუ ეს დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა

დღის რაციონში 2 თვე აუცილებლად უნდა იყოს - წვნიანი და ბოსტნეული. რასაც მიიღებთ სადილად ან ვახშმად, აუცილებლად მიაყოლეთ ბოსტნეული, თუნდაც სტაფილო ახრამუნეთ.
დღის რაციონში 2 თვე აუცილებლად ამოიღეთ - თეთრი პური და პურეული, კომბოსტო, ბოლოკი, კარტოფილი, ალკოჰოლური სასმელი, ღორის და ცხვრის ხორცი, ცხვრის ყველი.
მეოთხე: აუცილებლად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს; რაც გულისხმობს, ყველაფერთან ერთად გეგმიურ ვიზიტებს და ვიზიტის დროს აუცილებლად სრულყოფილ გასინჯვას. 1 თვის მერე ყოველი მისვლა იყო საშინელ ტკივილთან ასოცირებული და ფეხები უკან მრჩებოდა, ერთხელ შევეხვეწე კიდეც, დღეს აღარ გამსინჯოთთქო მაგრამ კიდევ კარგი არ დამიჯერა

ჩემს შემთხვევაში 3 თვე, სანამ ყველაფერი საეჭვო გამოირიცხა, დავდიოდი ყოველ 2 კვირაში. ეს თავიდან აგაცილებთ შევიწროების განვითარებას, ან განვითარების პირველ ეტაპზევე პრობლემის აღმოფხვრას. სულ იყავით ექიმთან ხაზზე და პატარა პრობლემაც კი უთხარით, რომ რაიმე გართულება არ გაიპაროს.
ოპერაციამდე, როდესაც ინფორმაციას ვეცნობოდი, ყველაზე ძალიან მაინტერესებდა, როგორ და რამდენ ხანში მცირდება ეს ტკივილი. ჩემს შემთხვევაში მცირედი შემსუბუქებები იყო დაახლოებით 7, 18, 25 დღის, თვენახევრის შუალედებით, რაც გულისხმობს ტკივილის შემცირებას და ხანგრძლივობას. ჩემს შემთხვევაში პირველი რამდენიმე დღე ჯოჯოხეთური ტკივილი იყო 10-15 წუთი, შეიძლება ზუსტად არც მახსოვს, იმ დროს შოკში ვიყავი

) მერე ხდება 5 წუთი, 3 წუთი და წამები. შემსუბუქებას გრძნობთ მცირედით, თუმცა იმ პირველი ტკივილის მერე იმდენად დიდი შვებაა თუნდაც მცირედი, რომ ფსიქოლოგიური მომენტიცაა ალბათ, რომ ნელ ნელა აღარაფრად გეჩვენებათ.
ბოლოს მთავარი რჩევა: როდესაც ტკივილს იგრძნობთ, მალევე მიდით ექიმთან, ჩემი აზრით, ადრეულ ეტაპზე ოპერაციის თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გართულებულია და ოპერაციას გეტყვიან, კი ასე ცხოვრებაც შეიძლება, უბრალოდ მთელი ცხოვრება დისკომფორტში და "იმ ერთ ადგილზე" დამოკიდებული გახდებით - ყველაფერს ვერ შეჭამთ, ვერ დალევთ, უცხო ადგილას დარჩენა გაგიჭირდებათ.. ასე რომ თუ საოპერაციო ხართ, აუცილებლად გაიკეთეთ, შემოუძახეთ თავს და აუცილებლად, ზედმიწევნით დაიცავით ყველა წესი და შედეგს აუცილებლად იგრძნობთ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ და დაგიბრუნდებათ ცხოვრების ხალისი.
This post has been edited by shxapuna2021 on 5 Aug 2021, 17:36