ფარული ომი „ჯეოსელის“ და „მაგთის“ წინააღმდეგ
http://business.presa.ge/?p=3507„ბიზნესკურიერის“ ინფორმაციით, „ჯეოსელს“ შესაძლოა, ახალი პრობლემა შეექმნას. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია “მეგაფონს” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებას ედავება. კომისიამ „მეგაფონი“ რამდენჯერმე დააჯარიმა კიდეც და „ბიზნესკურიერის“ ვერსიით, შესაძლოა, „მეგაფონისთვის” დაკისრებული თანხა “ჯეოსელის” გადასახდელი აღმოჩნდეს.
„მეგაფონი“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართლაც ცდილობს დაფუძნებას. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მეგაფონის“ გენერალური დირექტორი სერგეი სოლდატენკოვი აცხადებს, რომ კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობის გაფართოებას ცდილობს და აფხაზეთში მოქმედი ოპერატორის, „აკვაფონის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, „მეგაფონის“ ხელმძღვანელის განმარტებით, ეს სრულიად სხვა ბაზარია, რადგან იქ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაფერი დანგრეულია. „პრაქტიკულად, ქსელს ხელახლა ვაშენებთ. შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ჩვენ „მეგაფონის“ ბრენდის ქვეშ გამოვიდეთ“, – აცხადებს სერგეი სოლდატენკოვი.
საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რუსული კომპანია „მეგაფონი“ უკვე სამჯერ დააჯარიმა: 2008 წელს კომპანიას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობისთვის 5 და 500 ათასი დოლარის გადახდა, სექტემბრის დასაწყისში კი 1 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.
„ბიზნესკურიერი“ „ჯეოსელის“ დაჯარიმების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ „ჯეოსელიც“ და „მეგაფონიც“ მსოფლიო ბრენდის „თელია სონერას“ ჯგუფის შემადგენლობაში შედიან.
„ჯეოსელი“ ამ ეტაპზე ნებისმიერ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა იმ ლოგიკით, რომ „ჯეოსელსა“ და „მეგაფონს“ ერთი პარტონი ჰყავს, უფრო შორს წასვლაც შესაძლებელია და გამოდის რომ რაკი „მეგაფონი“ „ჯეოსელის“ დობილია, ვიღაცის ლოგიკით, ერთმანეთის წინაშე სამართალვალდებულება აკავშირებთ (?), ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას „მეგაფონი“ საერთოდ არ უნდა დაეჯარიმებინა. სიტუაცია საკმაოდ აბსურდულია, თუმცა სხვა წყაროს ცნობით, „ჯეოსელს“ უკვე გადაახდევინეს 1,5 მილიონი ლარი.
თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, „რუსთავი 2“ სახელისუფლებო არხია, სახელისუფლებო არხს კი ინფორმაციის გადამოწმება არ გაუჭირდებოდა, წესით, არც ყურით მოთრეულ სკანდალებს უნდა ეძებდეს. ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მსგავსი ინფორმაცია სულ სხვა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, შესაძლოა „ჯეოსელის“ დისკრედიტაციასაც კი.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, რუსული კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არალეგალურ საქმიანობას ეწევა და, შესაბამისად, ქართულ კანონმდებლობას არღვევს. საქმეც ამიტომ გადაეგზავნა პროკურატურას. თუმცა, კომისიაში განმარტავენ, რომ სამართლებრივად, „მეგაფონის“ დანაშაულის გამო „ჯეოსელის“ დაჯარიმების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს.
–„იმ შემთხვევაში თუ საქმე საერთაშორისო განხილვის საგანი გახდება, შესაძლოა, ქართულმა მხარემ ჯარიმის გადახდა „თელია სონერას“ მოსთხოვოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „ჯეოსელს“, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.
რაც შეეხება „ჯეოსელის“ დაჯარიმების ფაქტს, ერთ–ერთი ვერსიით, კომპანია გაყიდულ ბარათებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების გამო დააჯარიმეს. „ჯეოსელი“ ადრეც შეამოწმეს, თუმცა როგორც აბობენ, ამ დარღვევაზე საგადასახადომ თვალი დახუჭა, ახლა კი ბიუჯეტს გაუჭირდა და ყველაფერი ერთად „გადმოულაგეს“.
სპეციალისტების განმარტებით, კორპორატიულ კლიენტებზე სხვანაირად იწერება ანგარიშფაქტურები, ლაი-ლაის ბარათებზე კი სხვანაირად. კერძოდ, დღგ-ს გაანგარიშება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ბარათის მფლობელი სრულად ამოწურავს ლიმიტს, რაც კომპანიას გაწეულ მომსახურებად ჩაეთვლება. არასწორად შეიძლება ჩაითვალოს ის პრინციპი, როცა დღგ–ს ანგარიშფაქტურის გამოწერა ლაი-ლაი ბარათების გაყიდვისთანავე ხდებოდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არცერთ შემთხვევაში ბიუჯეტი არ ზარალდება, თუმცა დღგ-ს გაანგარიშების პრინციპი ირღვევა.
სხვათა შორის, შესაძლოა, ანალოგიური პრობლემის წინაშე „მაგთიც“ აღმოჩნდეს, რომელიც ხელისუფლებას გულზე არ ეხატება და კომპანიაში მეგობარი აშშ–ს ინტერესების მიუხედავად, მის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშება სკანდალის ობიექტად აქცია.
რაც შეეხება „ჯეოსელს“, რჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანია აითვალწუნეს. ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის, რომ „ჯეოსელს“ რუსი პატრონი ჰყავს, მაგრამ თუ ეს დანაშაულად ითვლება, „ბილაინიც“ რუსული კომპანიაა და ასეთ შემთხვევაში, ის ქართულ ბაზარზე საერთოდ არ უნდა შემოეშვათ.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ „ჯეოსელის“ აქციათა 100%-იანი პაკეტის მფლობელი შვედურ-ფინური კომპანია „ტელიასონერას“ მფლობელობაში გადავიდა. ამჟამად „ტელიასონერა“ მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში საქმიანობს. იგი არის „ჯეოსელის“ ყოფილი მფლობელის „თურქსელის“ აქციათა 37%-იანი პაკეტისა და რუსული „მეგაფონის“ 43%-იანი წილის მფლობელი.
„ტელიასონერა“ 2002 წელს შვედეთის და ფინეთის მოწინავე ფიჭური კავშირის ოპერატორების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. მას გააჩნია აქტივები საქართველოში, რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში.
თავად ”ტელიასონერას” წილები კი ასე ნაწილდება: 37,3% – შვედეთის, 13,7% კი ფინეთის სახელმწიფოებს ეკუთვნის. 33,4%-ს შვედური და ფინური კერძო კომპანიები ინაწილებენ, ხოლო 15,6% უცხური კომპანიების საკუთრებაა, და როგორც ამბობენ, იგი რუსულმა “ალფა გრუპმა” შეიძინა.
„ჯეოსელი” მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე 47%-ს ფლობს და დაახლოებით 2 მილიონი აბონენტი ჰყავს. სწორედ ამიტომაც მოექცა იგი გიგანტი სატელეკომუნიკაციო კომპანიების ყურადრების არეალში. ”ტელიასონერამ” “ჯეოსელის” ადგილობრივ პარტნიორებთან წილების გამოსყიდვის შესახებ მოლაპარაკებები 2007 წლიდან დაიწყო და 2008 წლის დასაწყისში 14.8% შეისყიდა. მყიდველი ”ტელიასონერას” შვილობილი კომპანია ”ფინტური” იყო, რომელმაც აქციათა პაკეტი 33 მილიონ დოლარად შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება დიდი ხანია „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ შევიწროვებას ცდილობს, რასაც მოყვა საქართველოში „ბილაინის“ შემოყვანა. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ დღეს ქვეყანაში უდიდესი ოპერატორების დაჯარიმებით და შევიწროებით, ხელისუფლება რაღაც ადგილის გამოთავისუფლებას ცდილობს. შედეგად, „ბილაინის“ გარდა მობილური ოპერატორების ბაზარზე შესაძლოა „გლობალ სელი“ ვიხილოთ, რომელიც მალე ბაზარზე ახალ ამპლუაში მოგვევლინება. ის უკვე უწევს მობილურ ოპერატორებს კონკურენციას როუმინგით მომსახურებაში და რიგ შემთხვევებში, საკუთარ კლიენტებს უფასო შემომავალ ზარებსაც სთავაზობს.
რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ოთხი მობილური ოპერატორისთვის საქართველოს ბაზარი, ძნელი სათქმელია. თავის დროზე. „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ კონკურენციას „მეგაკომმა“ ვერ გაუძლო, თუმცა „ბილაინისათვის“ ქართულ ბაზარზე ადგილი მაინც გამოინახა და ამის მიზეზად კომპანიის მფლობელობაში პრეზიდენტის ძმის ყოფნა სახელდება.
თავის დროზე „მაგთიცა“ და „ჯეოსელიც“ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდნენ, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „მაგთის“ აქციათა პაკეტის მფლობელი „მერტომედია“ ბადრი პატარკაციშვილის „სალფორდმა“ შეიძინა. სამაგიეროდ, ბაზარზე გამოჩნდა „ბილაინი“ და თუ ახლა, მას ხელისუფლებასთან ბადრი პატარკაციშვილზე მეტად დაახლოებული ბიძინა ივანიშვილის კომპანია დაუწყვილდება, „მაგთი“ და „ჯეოსელი“ ალბათ ძველ დიდებას დაკარგავენ.
ლალი ზირაქიშვილი