http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmპენტაგონის ორიანი...
საპარლამენტო კომისიის დასკვნა «ლაითი» აღმოჩნდა, სამაგიეროდ,
პენტაგონმა ქართულ არმიას «ორიანი» დაუწერა...
ერთმანეთის დაემთხვა ორი დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც აგვისტოს მოვლენებს ეხება.
პირველი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა, მეორე დასკვნის დეტალებმა, რომელიც პენტაგონში მომზადდა, ამერიკული მასმედიის ფურცლებზე გამოჟონა.
საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია საპარლამენტო კომისიის 200-გვერდიანი მოხსენების სრული ანალიზი, ამიტომ მხოლოდ ძირითადზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამ დასკვნაში აღნიშნულია ის ძირითადი პრობლემები, რაზეც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია - ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად სადაზვერვო მონაცემებისა, რუსეთისგან ასეთი დონის აგრესიას არ ელოდა, არაეფექტიანად მუშაობდა უშიშროების საბჭო, არ იყო კოორდინაცია სხვადასხვა სტრუქტურას შორის, ცუდად მუშაობდა სამხედრო კავშირგაბმულობა, ვერ გაამართლა რეზერვისტთა მომზადების არსებულმა სისტემამ და ა.შ.
მაგრამ ამ კომისიის დასკვნაში არაფერი წერია მთავარი სტრატეგიული დონის შეცდომაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუშვეს - გაიცა ბრძანება ცხინვალის ქუჩებში ქართული ტანკებისა და მებრძოლების შესვლაზე! ეს იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ხასიათის შეცდომაც, რადგან თუ მართლაც გვინდოდა როკის გვირაბიდან ჯავისა და შემდეგ ცხინვალისკენ მომავალი რუსული ჯავშანკოლონების შეჩერება, მაშინ შეტევები სწორედ ამ მიმართულებებით - ცხინვალის გვერდის ავლით უნდა განგვეხორციელებინა. ამით მოვიგებდით დროს და ქართული ჯარიც არ ჩაერთვებოდა ცხინვალში ქუჩის ბრძოლებში. მაგრამ გვგონია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურდა მორიგი პოლიტიკური სატელევიზიო პიარი მოეწყო და ცხინვალის მოედანზე აფრიალებული ქართული დროშების ფონზე მქუხარე სიტყვა წარმოეთქვა...
ამ შემთხვევაში, სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, აუცილებელი მოქმედების ტაქტიკა წმინდა პოლიტიკურმა პიარმა დაჯაბნა!
ის, რაც არ გამოჩნდა ე.წ. დავითაიას კომისიის დასკვნაში, კარგად აისახა პენტაგონის გასაიდუმლოებულ მოხსენებაში, რომელმაც ამერიკულ პრესაში, ჩანს, სპეციალურად გაჟონა.
შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მიერ გამოგზავნილი სამხედროთა ჯგუფი. ეს ჯგუფი დაიყო და სპეციალობების მიხედვით (მართვა, კავშირგაბმულობა, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები, ლოგისტიკა) დაიწყო ინფორმაციების შეგროვება აგვისტოს მოვლენების შესახებ.
ჩანს, სწორედ ამ ჯგუფის მიერ შეკრებილი ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე პენტაგონში შეიქმნა დასკვნა აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ.
თუ დავეყრდნობით ამერიკულ პრესაში გაჟონილ ინფორმაციებს, ამერიკელმა გენერლებმა ქართულ არმიას დიდი ორიანი დაუწერეს.
- ქართულ არმიას აკლია დოქტრინა, ინსტიტუციური მომზადება და ის გამოცდილება, რაც საჭიროა ეფექტიანი მართვისა და კონტროლისთვის;
- თავდაცვის სფეროში ხელმძღვანელი პირების შერჩევა ხდებოდა პირადი ურთიერთობებისა და არა განათლების, მომზადების ან მიღწევების მიხედვით;
- პრობლემები სამხედრო დაზვერვაში: ინფორმაციების მოპოვება, შეგროვება და გაცვლა სხვადასხვა სტრუქტურაში, არაორგანიზებული იყო.
ეს და კიდევ სხვა არასახარბიელო შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა მეტად უკმაყოფილოა პარტნიორი საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ქმედებებით აგვისტოს მოვლენების დროს.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ ამერიკული სამხედროების მიერ მომზადებული ქართველი სამხედროები კუდამოძუებული გარბოდნენ და ეს რუსეთის სამხედრო მანქანის ამერიკულზე სერიოზული გამარჯვებააო (სწორედ ამით აიხსნება ფოთიდან ამერიკული «ჰამერების» გატაცება და მოსკოვში მათი გამოფენა, როგორც ნაალაფრისა). ამის შემდეგ პენტაგონს სურდა იმიჯის გამოსწორება, და ეტყობა, ამიტომაც განახორციელა თავისი შეფასებების ნაწილობრივი გაჟონვა პრესაში, რათა მსოფლიოსთვის დაენახვებინა - ამერიკული სამხედრო ინსტრუქტორები კი კარგად ამზადებდნენ ქართველ კოლეგებს, მაგრამ თავად ქართული არმიის მეთაურობამ ვერ ივარგაო.
უკომენტაროდ......