დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები არაერთხელ ვსაუბრობდით ცხინვალის კატასტროფის მიზეზებზე, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი გუნდი აცხადებდა, თითქოს ეს დასკვნები რუსების წისქვილზე ასხავს წყალს. ახლა ცნობილი ხდება, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ შეისწავლა ცხივალის ომის საქართველოს სამხედრო კრახის მიზეზები, რომლებიც თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევა ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს.
ამ ანგარიშის არსებობა ოფიციალურად დაადასტურა ევროპაში ამერიკული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა ჯონ კრედოკმა. მისთვის ცნობილია ამერიკელთა შეფასების დეტალები.
”ინთერნეიშენალ ჰერალდ თრიბუნის” (ა/წ.18 დეკემბრის ნომერი) წერს, რომ ოქტომბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უარი თქვა მოეხდინა ამ შეფასების კომენტირება.
ნოემბერში როდესაც ”ნიუ-იორკ თაიმსისათვის” ცნობილი გახდა ამ შეფასების ცალკეული დეტალები, ქუთელია ალაპარაკდა, მაგრამ უარი განაცხადა გაეკეთებინა შეფასების ძირითადი დასკვნების კომენტარები იმ საბაბით რომ ისინი გასაიდუმლოებულია.
ამასთან ქუთელია ამტკიცებდა, რომ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე, ამა წლის შემოდგომის ჩათვლით ნატოს მიერ საქართველოს არმიის შეფასება ”უაღრესად დადებითი იყო და მასში ხაზგასმული იყო მნიშვნელოვანი მიღწევები”.
”ინტერნეიშენალ ჰერალდ თრიბიუნის” თქმით, ამ მტკიცების გადამოწმება აგრეთვე შეუძლებელია, ვინაიდან ნატოს შეფასებები გამოქვეყნებული არ აქვს. ელფოსტით გაგზავნილ თავის წერილში ქუთელია ამტკიცებს, რომ პენტაგონმა შეფასება განახორციელა საქართველოს თხოვნით, ”განსაკუთრებით საპასუხისმგებლო” ომისშემდგომი ანალიზის ფარგლებში.
- ”ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს, ისე როგორც ეს ყოველი ომის (თურმე დღენახავარში სამარცხვინოდ წაგებული ომი ”ყოველი ომის” რიცხვს განეკუთვნება. კ.კ.) შემდგომ ხდება, დაგვხმარებოდნენ ჩვენი თავდაცვის სისტემის ნაკლოვანებების აღმოჩენაში და ამ მიზნით განეხორციელებინათ ყოველმხრივი დიაგნოსტიკა” - აცხადებს ქუთელია
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ისინი ქართველ ექსპერტებს კარგა ხანია აღმოჩენილი ჰქონდათ. პენტაგონის მაღალი რანგის ანონიმურმა წარმომადგენელმა აღნიშნა: ”ჩვენ სინდისიერად ვიმუშავეთ. საქართველომ უნდა გაიგოს რომ მას სჭირდება გარკვეული ცვლილებები თუ სურს ჰყავდეს პროფესიული შეიარაღებული ძალები”.
პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანალიზის დროს აღმოჩენილია სერიოზული ნაკლოვანებები და რომ საქართველოს და მის დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ გაარკვიონ როგორ მოიქცნენ მომავალში”. ანუ საქართველო-ნატოს ურთიერთობა სულ არ ყოფილა ისე, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებდა.
- ”აგვისტოს ხანმოკლე ომისას, რუსების მიერ სამარცხვინოდ განადგურებული საქართველოს შეიარაღებული ძალები... ცუდად იმართებიან და არ გააჩნიათ კვალიფიციური ხელმძღვანელობა”.
ეს არის პენტაგონის ექსპერტების მიერ ამა წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული ანალიზის საბოლოო დასკვნა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საგულდაგულოდ უმალავს საქართველოს მოსახლეობას.
ამერიკელი სამხედროების კომისიის დასკვნები თანდათანობით ნათელი ხდება არა მხოლოდ ამერიკული მედიისთვის არამედ ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ”რატომ დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები არაკომპეტენტური ხელისუფლების პირობებში?” კითხულობს ჩვენი საზოგადოება. რატომ გადავყარეთ ათეულ მილიონობით დოლარი იმაში, რომ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოს შეექმნა არმია, რომელიც ომს ორიოდ დღეში წააგებდა? კითხულობენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები.
”ნიუ-იორკ თაიმსი” (7 ნოემბერი, 17 დეკემბერი 2008 წელი) და ”ინთერნეიშენალ ჰერალდ თრიბიუნი” ამ თემებს ვრცელ პუბლიკაციებს უძღვნიან, რომელთაც ჩვენი ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად ვერაფრით ვერ გაასაღებ რუსული დაზვერვის მოქმედებებად.
ეს პუბლიკაციები, აგრეთვე პენტაგონის დასკვნა, ცალსახად ადასტურებს, რომ ცხინვალის კატასტროფა ქართული არმიის მომზადებაშია, უფრო ზუსტად ამგვარი მომზადების არარსებობაშია საძიებელი და არა რუსების მისტიკურ რაოდენობრივ უპირატესობაში თუ ჰაერში ბატონობაში.
ამერიკული მედიის ცნობით, სააკაშვილს, თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის გამოცვლა მხოლოდ ამ ანგარიშთან გაცნობის შემდეგ გადაუწყვეტია.
ამასთან პენტაგონის კომისიის მთავარი დასკვნაა: მასშტაბური რეფორმების გარეშე საქართველო დარჩება უსუსური არმიის მქონე სახელმწიფო. ასევე ამ დასკვნაში აღნიშნულია რომ ქართული არმია პოლიტიზირებულია.
ანუ ლაპარაკია იმაზე რასაც ჩვენი დამოუკიდებელი ექსერტები არაერთგზის უსვავდნენ ხაზს: საქართველოს ჰყავს არა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნიშნით, არამედ პარტიული ნიშნით, ნაცმოძრაობის ერთგულებით დაკომპლექტებული არმია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ ასეთი პოლიტიზებული არმიის მქონე სახელმწიფოს ნატოში არაფერი ესაქმება (თუმცა დასკვნაში ლაპარაკია, რომ სამხედროების კომპეტენციაში არ შედის ნატოში საქართველოს მიღება-არმიღების პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა). არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ჩვენი არმია ამერიკელი ექსპეტების აზრით ვერაფრით აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, რომლებზეც ამდენს ლაპარაკობდა ჩვენი ხელისუფლება.
ანგარიშში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ ამერიკელთა მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ მცდელობათა მიუხედავად, რომელთაგან როგორც ”ნიუ-იორკ თაიმსი” აღნიშნავს (17 დეკემბრის ნომერში) ხუთი წელი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობაზე მოდის, და ამ პერიოდში ქართული არმიის რაიმე არსობრივ გაძლიერებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
როგორც სიტყვა - სიტყვითაა ნათქვამი: ”ქართული არმია სუსტადაა განვითარებული და ცუდადაა მომზადებული”. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი რომ მსოფლიო სამხედრო რეიტინგში საქართველო ისეთი ”უძლეველი” არმიის გვერდით დგას როგორიცაა პარაგვაი.
ამასთან ხაზგასმულია ზუსტად იგივე ნაკლოვანებები, რომლებზეც დამოუკიდებელ ქართველ ექსპერტებს არაერთგზის მიუთითებიათ. ეს ნაკლოვანებებია:
მეტისმეტი ცენტრალიზაცია; დაბალი რგოლებისათვის ინიციატივის მინიჭების უფლებაზე უარის თქმა; მმართველობის საბჭოური სტილი; ჯარისკაცის სიცოცხლის არაფრად ჩაგდება; მეთაურების მიერ გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება დანაყოფები არ არიან დაკომპლექტებული საჭირო შტატებით, ცუდად არიან მომზადებულები და არ ფლობენ სათანადო საშუალებებს სიტუაციაში გასარკვევად;
მეთაურების დიდ ნაწილს არ აქვს პროფესიული უნარ-ჩვევები საჭირო ინფორმაციის დამუშავებისა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებისა; არმიაში არასწორადაა განვითარებული დაქვემდებარების სისტემა მეთაურები ინიშნებიან არა კომპეტენტურობით და პროფესიული ნიშნებით, არამედ ნაცნობობით და პირადი ერთგულებით; მეთაურების დიდ ნაწილს არ აქვს პროფესიული უნარ-ჩვევები საჭირო ინფორმაციის დამუშავებისა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებისა;
ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება რამოდენიმე წუთში, ინფორმაციის შეუფასებლად ხდება; სახელმწიფოს არ გააჩნია კვალიფიციური სამხედრო დოქტრინა და სამხედრო აღმშენებლობის სხვა ფუძემდებლური დოკუმენტები; სამხედროებს არა აქვთ საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევები; საერთოდ არ არსებობს კადრებთან მუშაობის და კადრების კარიერის გაწერის სისტემა (გავიხსენოთ ჯ-1-ს ანუ დეპარტამენტს რომელიც კადრებზე აგებდა პასუხს, სამხედრო კი არა, ოქრუაშვილის დროს იუსტიციის სამინისტროდან გადმოყვანილი პირი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამაყად ატარებდა ”იუსტიციის გენერალ-მაიორის” წოდებას.
საქართველო დასავლელ პარტნიორებს აწვდიდა არაადეკვატურ (ანუ ყალბ) ინფორმაციას თავისი შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე (ანუ ხელისუფლება მარტო ჩვენს, საქართველოს მოტყუებას კი არ ცდილობდა, არამედ ნატოს ევროპული სარდლობის წარმომადგენლებისაც);
ქართულ არმიას არ გააჩნდა კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემა, კავშირის გაბმა ხშირად მობილური ტელეფონებით ხდებოდა;
ქართულ არმიას არ გააჩნდა საჭირო საშტაბო კულტურა რათა სათანადოდ ემართა ოპერაციები; ქართული არმიის პროფესიონალიზმი იმდენად დაბალი იყო, რომ ისინი კასეტური ჭურვებით ცეცხლი უხსნიდნენ საკუთარ სოფლებს (და უნდა ვიფიქროთ პოზიციებსაც);
უაღრესად დაბალი იყო საბრძოლო მოზადების დიონე. ბევრი დანაყოფი გარბოდა ბრძოლის ველიდან, ისე რომ ტოვებდა იარაღს, ტექნიკას, დაღუპულებსა და დაჭრილებს;
ბრძოლის ველზე საერთოდ მოშლილი იყო ურთიერთმოქმედება სხვადასხვა დანაყოფებს შორის (აქ არაფერია ნათქვამი კოორდინაციის სრულ არარსებობაზე შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ძალებს შორის); არ არსებობდა ინფომაციის დამუშავების, დაგეგმის და გაცვლის არავითარი სისტემა; ქართულ არმიას არ გააჩნდა საჭირო საშტაბო კულტურა რათა სათანადოდ ემართა ოპერაციები; არ არსებობდა სტრატეგიული დაგეგმვის არავითარი სისტემა; მეთაურებს შორის ურთიერთობა ემყარება პირად კონტაქტებს და არა საწესდებო ურთიერთობებს;
დავამატოთ ამას დიდი ოდენობით შესყიდული უვარგისი იარაღი და რეზერვისტების მომზადების უხარისხო სისტემა, და ნათელი გახდება, რომ ცხინვალის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ რომელიღაც თავდაცვის მინისტრს, ან გენშტაბის უფროსს, არამედ უმაღლეს მთავარსარდალ მიხაილ სააკაშვილს. და კიდევ ერთი რამ, ხელისუფლება ვალდებულია გამოაქვეყნოს ამერიკელთა ევროპული სარდლობის ექსპერტების დასკვნები.
ესეც ლინკი
http://presa.ge/index.php?text=news&i=5344