fiurer
Super Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1988
წევრი No.: 8700
რეგისტრ.: 7-February 05
|
#5406992 · 23 Apr 2007, 13:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს სტატია ნახეთ დღევანდელი კვირის პალიტრიდან.
ყველაზე გამოცდილი მფრინავ-ინსტრუქტორი ცას გისოსებიდან უყურებს პოლკოვნიკი დემეტრაშვილი საკანში რომ არ მჯდარიყო, Ми-24-ის ეკიპაჟს ღამით რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სასიკვდილოდ არ გაგზავნიდა ან თავად გაფრინდებოდა, - აცხადებენ სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები
მესამე თვეა, ქართული სამხედრო ავიაცია უფროსის გარეშე დაფრინავს. პოლკოვნიკი ელგუჯა დემეტრაშვილი 19 თებერვალს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში ჯერ მოწმედ დაჰკითხეს, შემდეგ ბრალიც წაუყენეს, სასამართლომ კი წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რა უნდა დაეშავებინა ისეთი პოლკოვნიკ დემეტრაშვილს, რომ ამხელა თანამდებობის სახელმწიფო მოხელის სასწრაფოდ საკანში ჩასმა გახდა საჭირო?
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ:
«2006 წლის ზაფხულში, ორფოლოს პოლიგონზე საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობისას, პოლკოვნიკმა დემეტრაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. 7 ივლისს მორიგი საწვრთნელი გაფრენის დროს Ми-24 შვეულმფრენის ბორტზე მეორე მფრინავის ნაცვლად შტურვალთან დასვა თავისი არასრულწლოვანი შვილი გიორგი დემეტრაშვილი, რითაც შექმნა სამხედრო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე.
მეორე ბრალდება კი 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომის ტერიტორიაზე ავარიაგანცდილ Ми-8Т ტიპის შვეულმფრენს უკავშირდება და ეტყობა, სწორედ ეს გახდა პოლკოვნიკ დემეტრაშვილისთვის ბრალის წაყენების მთავარი მიზეზი. შვეულმფრენში აყვანილი შვილის ამბავი კი უფრო ბრალდების დასამძიმებლად გაიხსენეს.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 12 თებერვალს სამხედრო-საჰაერო ძალების Ми-8Т ტიპის (საბორტე №43) შვეულმფრენის ეკიპაჟს დაევალა თბილისი-სენაკის მარშრუტით გაფრენა. ეკიპაჟის მეთაური გახლდათ უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დემეტრაშვილი (პოლკოვნიკ ელგუჯა დემეტრაშვილის ბიძაშვილის შვილი). გაფრენამდე ეკიპაჟის მეთაურს ამავე ნაწილის ერთ-ერთმა ოფიცერმა სთხოვა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შვეულმფრენში აეყვანა მისი მეუღლე და ვაჟი და თუ შესაძლებლობა იქნებოდა, ჩამოესხა ქუთაისის აეროდრომზე. ვახტანგ დემეტრაშვილი დაჰყაბულდა, მაგრამ ამ საკითხის შესათანხმებლად ორივენი ავიაციის უფროსთან, პოლკოვნიკ ელგუჯა დემეტრაშვილთან მივიდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ელგუჯა დემეტრაშვილმა ვახტანგ დემეტრაშვილს ნება დართო ბორტზე აეყვანა ოფიცრის ცოლ-შვილი და ისინი კოპიტნარის აეროდრომზე ჩამოესვა. ცოტა ხანში ეკიპაჟმა სცადა შვეულმფრენის დასმა ქუთაისში, ე.წ «ნოვაიას» აეროდრომზე. გამოძიების თანახმად, ვახტანგ დემეტრაშვილმა ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაარღვია სამხედრო საფრენი აპარატის მართვის წესები, არ დაუკავშირდა შპს «საქაერონავიგაციის» კოპიტნარის ფრენების მართვის ავიამეთვალყურეს, არ მიიღო მისი ოფიციალური ნებართვა დაჯდომისთვის, არ გაითვალისწინა შესაბამისი ინფორმაცია ამინდის - ქარის მიმართულების შესახებ და აღნიშნული პარამეტრების გაუთვალისწინებლად მიწაზე დაეშვა. შვეულმფრენმა დაკარგა წონასწორობა, დაშვებისას გადაბრუნდა და აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. საფრენი აპარატის რამდენიმე მგზავრმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ხოლო შვეულმფრენი მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან».
გამოძიება მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით ელგუჯა დემეტრაშვილმა ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის განსაზღვრული მუხლებით.
მკითხველს არ ეგონოს, რომ გამოძიების დადგენილების ციტირებისას სახელები აგვერია და უნდა დაგვეწერა, «აღნიშნული ქმედებით ვახტანგ დემეტრაშვილმა ჩაიდინა დანაშაული...» რადგან შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაური სწორედ ის გახლდათ, ხოლო ავარიის მომენტში პოლკოვნიკი ელგუჯა დემეტრაშვილი ორასიოდე კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
ამიტომაც მკითხველი, ბუნებრივია, იკითხავს, რატომ დააპატიმრეს ის მფრინავ-ინსტრუქტორი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა შვეულმფრენის ეკიპაჟშიო.
გამოძიების ან სასამართლოს ფუნქციებში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაინტერესა ბრალდებულ ელგუჯა დემეტრაშვილის დამცველის გიორგი ტურაზაშვილის პოზიციამ.
- ბრალდების ორივე ეპიზოდი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ორი თვეა, დაჟინებით ვითხოვ, დადონ დასაბუთება, რომელიც დაამტკიცებს, რომ ელგუჯა დემეტრაშვილმა მართლაც აიყვანა და აფრინა თავისი არასრულწლოვანი შვილი სამხედრო შვეულმფრენით. თითქოს არსებობს რაღაც ვიდეოჩანაწერი, რომელიც თურმე კონტრდაზვერვას მოუპოვებია, მაგრამ საქმეში არავითარი ვიდეოჩანაწერი არ დევს. რაც შეეხება მეორე და მთავარ ბრალდებას, თითქოს ელგუჯა დემეტრაშვილმა ნება დართო ეკიპაჟს, შვეულმფრენში მანდილოსანი და ბავშვი აეყვანათ და მერე ქუთაისში ჩამოესხათ, ამის თაობაზე არავითარი ოფიციალური დადასტურება ან დოკუმენტი არ არსებობს. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის ჩვენებას, რომელთაგან ერთ-ერთი, ვახტანგ დემეტრაშვილი, თავად არის ბრალდებული და 2.000 ლარის გადახდის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. დაცვის მხარე ვაცხადებთ, რომ ელგუჯა დემეტრაშვილს სამოქალაქო პირების შვეულმფრენში აყვანის ნება არავისთვის მიუცია. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვას გააჩნია სამი ოფიციალური საბუთი, რომელიც ელგუჯა დემეტრაშვილის უდანაშაულობაზე მეტყველებს. ეს არის ფრენის მარშრუტის დოკუმენტი. მასში მითითებულია, რომ შვეულმფრენს ფრენა თბილისი-სენაკის მარშრუტზე ძირს დაუშვებლად უნდა შეესრულებინა. როგორ გგონიათ, თუკი ელგუჯა დემეტრაშვილი დათანხმდებოდა ქუთაისში შვეულმფრენის დაჯდომას, გაუჭირდებოდა შეეცვალა ფრენის მარშრუტი, რათა იგი კანონიერი გაეხადა? მეორე დოკუმენტია ეკიპაჟისა და თბილისის დისპეტჩერის რადიოსაუბრების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენის მთელ მანძილზე ეკიპაჟი დისპეტჩერს ატყობინებდა, რომ სენაკისკენ ეჭირა კურსი. მესამე დოკუმენტი «აერონავიგაციაში» მოვიპოვეთ. იქ ასევე გარკვევით არის ნაჩვენები მარშრუტი თბილისი-სენაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟმა თვითნებურად გადაწყვიტა ქუთაისში დაჯდომა.
მართლაც არ არსებობს ელგუჯა დემეტრაშვილის ხელმოწერილი რაიმე დოკუმენტი, სადაც იგი ნებას რთავს ეკიპაჟს, გადაიყვანოს სამოქალაქო პირები და შვეულმფრენი, სენაკში ჩასვლამდე, ჯერ ქუთაისში დასვას.
გამოძიების ვერსიით, თუ ელგუჯა დემეტრაშვილმა ეკიპაჟს მართლაც მისცა კოპიტნარის აეროდრომზე დაჯდომის ნება, შვეულმფრენს კი ავარია ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაჯდომისას მოუვიდა, ეს ორი ადგილი ერთმანეთისგან კარგა მანძილითაა დაშორებული. კოპიტნარის აეროდრომზე დისპეტჩერი ზის, რომელიც შვეულმფრენის ეკიპაჟს აუცილებლად გადასცემდა, რომ ისინი არასწორად შედიოდნენ დასაჯდომად.
დაცვის მხარემ თავიდანვე შესთავაზა სასამართლოს 8 ათასი ლარი გირაოს სახით, ბრალდებული ელგუჯა დემეტრაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მაგრამ მოსამართლემ მიიჩნია, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ელგუჯა დემეტრაშვილს შეიძლება თავი აერიდებინა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებისთვის და ხელი შეეშალა გამოძიების დასრულებისთვის.
ამას კი არ დაიჯერებს არავინ, ვინც პოლკოვნიკ ელგუჯა დემეტაშვილს იცნობს. იგი ერთადერთი მფრინავ-ინსტრუქტორია ქართულ სამხედრო ავიაციაში, რომელსაც შეეძლო სხვა მფრინავები ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენებზე დაეშვა. მას გამოვლილი აქვს ავღანეთის ომი (არც ერთი სხვა სამხედრო პილოტი არ გვყავს, ვისაც Ми-24-ით ავღანეთში უფრენია), სადაც საბრძოლო დარტყმების გარდა ხშირად საჰაერო დაზვერვასაც ახორციელებდა 1984-85 წლებში, 1986 წლის აპრილ-მაისში მონაწილეობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციაში და რადიაციული დასხივებაც მიიღო, აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდან საბრძოლო ფრენებს ახორციელებდა... პოლკოვნიკი ელგუჯა დემეტრაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის IIმეორე და მესამე ხარისხის ორდენებით, მედლებით «მხედრული მამაცობისა» და «საბრძოლო დამსახურებისათვის», საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიო სიგელით - გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისათვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიგელით - სამსახურებრივი მოვალეობისადმი ერთგულებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის.
სხვა თუ არაფერი, ბოლო ათი წლის განმავლობაში სწორედ პოლკოვნიკი ელგუჯა დემეტრაშვილი თავისი შვეულმფრენით უზრუნველყოფდა საქართველოს პრეზიდენტების თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის უსაფრთხოებას, მათ შვეულმფრენებს აცილებდა ფრენის მთელ მარშრუტზე.
გამოდის, რომ ქვეყანა და თავად პრეზიდენტები ენდობოდნენ პოლკოვნიკ ელგუჯა დემეტრაშვილს, ხოლო სასამართლო არ ენდო 55 წლის დამსახურებულ პოლკოვნიკს და გირაოთი არ გაათავისუფლა! მით უმეტეს, რომ იმ ეკიპაჟის მეთაური, რომელიც მართავდა 12 თებერვალს ქუთაისში ჩამოვარდნილ შვეულმფრენს, დიდი ხანია გირაოთია გამოშვებული.
სხვათა შორის, ჩვენ ამ ავარიის შემდეგ ვწერდით - მსოფლიოში არსებობს დაუწერელი კანონი, რომ თუ საავიაციო შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ იღუპება, ეკიპაჟს, შეცდომის მიუხედავად, არ იჭერენ. მათ მიმართ სხვა, მაგალითად, ადმინისტრაციულ სასჯელს იყენებენ.
ბევრმა გულზე ხელი დაიდოს და თქვას, რამდენჯერ მსხდარან ქართული შვეულმფრენის შტურვალთან ჩვენი ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრები ან მათი მოადგილეები, რამდენჯერ გაფრენილა შვეულმფრენით ჯიხვებზე სანადიროდ თავდაცვის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, რამდენჯერ გადაუყვანიათ სამხედრო შვეულმფრენებით მაღალჩინოსნების ახლობელი სამოქალაქო პირები...
დარღვევები ქართულ სამხედრო ავიაციაში, სამწუხაროდ, საკმარისზე მეტია, მათგან ერთ-ერთი ნათლად გამოჩნდა 12 თებერვალს ქუთაისში და 12 მარტს ბაზალეთის ტბასთან. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ არც ერთი საავიაციო შემთხვევის შემდეგ გამოძიებას არ ამოუღია ე.წ. შავი ყუთის მონაცემები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობაში, САРПП-12-ში, არ იყო ჩადებული ჩვეულებრივი ფოტოფირი. სირცხვილია, როდესაც შვეულმფრენებს მილიონებად ყიდულობენ და კაპიკიან ფოტოფირებს და მის გასამჟღავნებელ უბრალო ლაბორატორიას ივიწყებენ. ვერც ქუთაისის ავარიაზე და ვერც ბაზალეთის ტბასთან მომხდარ ავიაკატასტროფაზე ვერ მოიპოვებენ სრულ ინფორმაციას საგამოძიებო კომისიები САРПП-12-ის მონაცემების გარეშე.
სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრების ნაწილი არ მალავს - 19 თებერვალს რომ არ დაეპატიმრებინათ ავიაციის უფროსი პოლკოვნიკი ელგუჯა დემეტრაშვილი, 12 მარტს იგი ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში არ გაუშვებდა Ми-24-ებს ან თავად გაფრინდებოდა და ამ საშინელ კატასტროფასაც თავიდან ავიცილებდითო..
This post has been edited by fiurer on 23 Apr 2007, 13:35
|