098
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 56916
წევრი No.: 25137
რეგისტრ.: 2-November 06
|
#10409298 · 14 Jul 2008, 02:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (white @ 11 Jul 2008, 02:03 ) | | რა რირს ისე ერთI გათვლა პეტრიოტი? თავის რადარებით და ყველაფრით? |
500-ლიმონიდან მილიარდამდე
ესეც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების თემაზე სტატია კვირის პალიტრიდან...
როგორ ჩამოვაგდოთ საჰაერო აგრესორი
რადიოლოკაციური სადგურებისა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სწორი და ჭკვიანური მართვის შემთხვევაში რუსული «მიგებისა» და «სუებისგან» ნამსხვრევებიღა დარჩება
ჩვენს საზოგადოებაში ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გასჩენოდეს კითხვა - რა გახდა ეს რუსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები, ერთი მაინც რომ ვერ ჩამოვაგდეთო...
მას მორიგი შეკითხვაც მოჰყვება - ქვეყანას სამხედრო ბიუჯეტისთვის მილიარდ ლარზე მეტი არ ენანება, ნუთუ ეს არ არის საკმარისი საჰაერო აგრესორის ერთხელ მაინც დასასჯელადო...
დავიწყოთ იმით, რომ არაერთი რუსული სამხედრო საფრენი აპარატი გვყავს ჩამოგდებული.
აფხაზეთის ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - «სტრელებით» გაშვებული სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებით რუსეთისა და აფხაზი სეპარატისტების ხუთი Ми-8 ტიპის შვეულმფრენი ააფეთქეს (ერთი აფხაზური Ми-8 სოხუმის ჩრდილოეთით დესანტის გადასხმის მცდელობისას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით ჩამოვაგდეთ), ასევე ჩამოგდებულია ერთი გიგანტური Ми-6 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენიც.
სოხუმის ახლოს, 1993 წლის მარტში კატასტროფა განიცადა იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელმა Су-27-მა. ეს იყო რუსული Су-27-ის პირველი და დღემდე ერთადერთი დანაკარგი საბრძოლო მოქმედების ზონებში.
როგორც ხედავთ, რუსული გამანადგურებლებიც და შვეულმფრენებიც ფეთქდებიან, მაგრამ ერთია, თუ ეს ხდება საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც ფრენების ინტენსივობა დიდია და შენი მეზენიტეებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მეორეა, როდესაც საჰაერო აგრესიას მთელი საზღვრის პერიმეტრზე დაახლოებით 300 კმ-ის გასწვრივ ელოდები...
მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ როდესაც 40 წუთის განმავლობაში შენს საჰაერო სივრცეში უცხო და მტრულად განწყობილი ქვეყნის საბრძოლო თვითმფრინავები დანავარდობენ, მათ წინააღმდეგ აქტიურ საპასუხო ზომებს არ ან ვერ იღებ. საჰაერო აგრესორის ჩამოგდების მცდელობაზე უარის თქმა იმის მომიზეზებით, რომ შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდეს, არადამაჯერებლად ჟღერს - ამ რუსულ თვითმფრინავებს შეიძლება იმ ტიპის ბომბები ან რაკეტები ჩამოეყარათ, რომლებიც იმავე მშვიდობიან მოსახლეობაში გაცილებით მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა.
არადა დღეისთვის საქართველოს უკვე შეძენილი აქვს საჰაერო თავდაცვის შედარებით თანამედროვე სისტემები და მართლაც «როგატკების» იმედად როდი ვართ.
დიდი სამხედრო საიდუმლოების გათქმა არ იქნება, თუკი გაგაცნობთ, რითი შეგვიძლია შევებრძოლოთ ჩრდილოეთიდან შემომფრენ საჰაერო აგრესორებს. საჰაერო თავდაცვის ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემების შეძენის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გაცხადებული გაეროს რეესტრში, ამაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც რუსული, ისე დასავლური საინფორმაციო საშუალებები.
მთავარია, საჰაერო სივრცის პოტენციური დამრღვევი საფრენი აპარატი შენს საზღვრებთან მოახლოებამდე, რაც შეიძლება შორს აღმოაჩინო. სხვათა შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც 8 ივლისის ინციდენტს ეხებოდა, გაიჟღერა ერთმა საინტერესო ფაქტმა: «პირველად არის დაფიქსირებული, თუ როგორ შემოდიან ეს თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსეთის ტერიტორიის 80 კმ-იანი სიღრმიდან».
ანუ გამოდის, რომ ქართულმა რადიოლოკატორმა რუსეთის საჰაერო სივრცის სიღრმეში «შეიჭყიტა» და დროულად აღმოაჩინა დამნაშავე.
დღეისთვის ქართული არმიის განკარგულებაშია პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის ავტომატიზებული სადგური Колчуга, რომელიც 600 კმ-ის სიშორეზე და 150 კმ-ის ფრონტზე (სიგანეზე) აფიქსირებს რადიოელექტრონულ სიგნალებს.
წესით, «კოლჩუგას», რომელიც სამი მანქანისგან შედგება, არ უნდა გაუჭირდეს პასიურ რეჟიმში დააფიქსიროს საქართველოს საზღვრებთან მფრენი საჰაერო ობიექტები, რადგან ეს უკანასკნელები მუდმივად გამოასხივებენ რადიოტალღებს (თვითმფრინავის რადიოსადგური, საბორტე რადიოლოკატორი, ნავიგაციის სისტემა, დოპლერის კომპლექსი და ა.შ.).
«კოლჩუგებით» შეიძლება იმ რადიოლოკატორების აღმოჩენა, რომლებიც რუსეთმა მალულად შემოიტანა აფხაზეთში და, სავარაუდოდ, ცხინვალთანაც აპირებს დაყენებას.
ასე რომ, «კოლჩუგების» პროფესიონალურ დონეზე მოხმარების შემთხვევაში საქართველოს საჰაერო თავდაცვას ეძლევა საშუალება, დროულად აღმოაჩინოს ის საფრენი აპარატებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოახლოებიან საქართველოს საზღვრებს.
პოტენციური საჰაერო აგრესორების აღმოსაჩენად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვთ საჰაერო სივრცის ხედვის მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკატორები 36Д6М-ები.
ამ რადიოლოკატორს მაქსიმალურ, 360კმ-ზე შეუძლია საფრენი აპარატების დაფიქსირება და ფრენის პარამეტრების (აზიმუტი, სიშორე, სიმაღლე) ზუსტად გათვლა. ამიტომ უნდოდათ რუს სამხედროებს ერთ-ერთი ასეთი რადიოლოკატორის აფეთქება გასული წლის აგვისტოში ანტირადარული რაკეტით.
«კოლჩუგასთან» ერთად ამ სამკოორდინატიანი მობილური რადიოლოკატორების ეფექტიანი მუშაობა (მოდერნიზებული П-18 ტიპის რადიოლოკატორების დამატებით გამოყენებით) საშუალებას იძლევა, დაფიქსირდეს უცხო საფრენი აპარატები საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრამდე.
თუმცა აქ არის ერთი პრობლემა. რადიოლოკატორს თუკი მთა ეფარება, ბუნებრივია, ვერ აღმოაჩენს მთის უკან მფრენ ობიექტს. ამ მხრივ კავკასიის ქედი ერთგვარ «დამაბრმავებელ» ეფექტს უქმნის საქართველოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს - რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს (მაგალითად, Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენს, რომელსაც რელიეფის მიყოლებით უსაფრთხო ფრენის სისტემა აქვს) შეუძლია, დაბალ სიმაღლეზე ჩრდილოეთიდან მიუახლოვდეს კავკასიის ქედს, უცბად «აიწიოს» და სწრაფად შემოიჭრას ჩვენს საჰაერო სივრცეში.
სხვათა შორის, კავკასიის ქედის «დამაბრმავებელი» ფაქტორი უფრო მეტად რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებს აწუხებთ, რადგან ეშინიათ, რომ ამერიკულმა ბირთვულქობინიანმა ფრთოსანმა რაკეტებმა - «ტომაჰავკებმა» სამხრეთ კავკასიის მხრიდან შეუმჩნევლად არ გადაკვეთონ რუსეთის სამხრეთ საზღვარი. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამის გამოც არ უნდა რუსეთს საქართველო NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
ვთქვათ, ქართულმა «კოლჩუგამ» და რადიოლოკატორებმა აღმოაჩინეს ჩვენს საზღვარს მოახლოებული საჰაერო აგრესორები. ამის შემდეგ საქმეში მართვის პუნქტი ერთვება, რომელმაც უნდა ამოიცნოს საჰაერო ობიექტის სახელმწიფოებრივი კუთვნილება და განზრახვა.
თუკი ობიექტი უკანონოდ შემოიჭრება ჩვენს საჰაერო სივრცეში და არ უპასუხებს რადიოშეკითხვებს, შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ამ ობიექტის განადგურების შესახებ.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ძალზე სასწრაფო საკითხი უმაღლეს მთავარსარდალთან - პრეზიდენტთან შეთანხმდეს. სანამ საჰაერო თავდაცვის მართვის პუნქტის მორიგე საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ თავის უფროსს მოახსენებს, შემდეგ ეს ამბავი გაერთიანებული შტაბის უფროსამდე მივა, მისგან - თავდაცვის მინისტრი შეიტყობს, ის კი პრეზიდენტს დაურეკავს, დამრღვევი თვითმფრინავი თავის აეროდრომზე დაბრუნებას მოასწრებს.
ამიტომაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ადგილზე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც საქმეში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და გამანადგურებელი ავიაცია ერთვება.
იმის გამო, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავები დღემდე არ გვყავს, თავისი სიტყვა მხოლოდ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა უნდა თქვან.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან საქართველოს საჰაერო თავდაცის სისტემის შეიარაღებაშია სტაციონარული C-125, მობილური Бук-М1 და Оса-АК.
С-125-ის პოზიციები თბილისის და ფოთის მახლობლადაა განთავსებული (ეს არ არის საიდუმლო, რადგან საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო). ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის,С-125 Печора-ს საზენიტო რაკეტას საფრენი აპარატის დაზიანება მაქსიმალურ სიშორეზე - 17,5 კმ-ზე და მაქსიმალურ სიმაღლეზე - 18 კმ-ზე შეუძლია.
თბილისიდან ცხინვალს ამ რაკეტით ვერ მისწვდები, ისევე როგორც ფოთიდან - გალამდე. თანაც ეს საზენიტო-სარაკეტო სისტემები მოძველებულ რადიოელექტრონულ ბაზაზეა შექმნილი და ხშირად ფუჭდება.
«ოსა» და «ბუკი» მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია და С-125-ებისგან განსხვავებით, მათი გადასროლა უშუალოდ კონფლიქტის ზონების სიახლოვეს დიდი პრობლემა არ არის.
საჯარისო საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ОСА (რომლის აწყობასაც თავდაპირველად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში გეგმავდნენ გასული საუკუნის 60-იან წლებში) მართვად საზენიტო რაკეტას 10 კმ სიშორეზე და 5 კმ სიმაღლეზე მფრენ ობიექტს ესვრის. საჰაერო სამიზნის აღმოჩენიდან საზენიტო რაკეტის გაშვებამდე ეკიპაჟს რეაქციისთვის 30-40 წმ მაინც სჭირდება. ეს არაფერია, თუკი დამრღვევი თვითმფრინავები მთელი 40 წუთი «დანავარდობენ» შენს სივრცეში...
10 კმ-ის რადიუსში მოქმედი «ოსა» ნაკლებეფექტიანი იქნება კონფლიქტის ზონებში, თუკი ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემის მობილურ დანადგარებს არ შეიყვანენ უშუალოდ ამ ზონებში. ეს კი არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რადგან რუსეთი მაშინვე სამშვიდობო ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას დაგვაბრალებს.
სამაგიეროდ, მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Бук-М1-ების საზენიტო რაკეტებს 35 კმ სიშორესა და 22 კმ სიმაღლეზე მფრენი ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლიათ.
ეს კი შესაძლებლობას იძლევა, «ბუკის» საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დანადგარები განთავსდეს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონის გარეთაც და გააკონტროლოს საჰაერო სივრცე, როგორც ცხინვალის თავზე, ისე როკის გვირაბთანაც (8 ივლისს რუსული საბრძოლო თვითმფრინავები როკის უღელტეხილის თავზე შემოიჭრნენ).
იგივე შეიძლება ითქვას გალის რაიონზეც. ქართული «ბუკი» უსაფრთხოების 12 კმ-იან ზონაში შეუსვლელადაც მოახერხებს გალის თავზე საჰაერო სამიზნის ჩამოგდებას.
უფრო ახლო და დაბალ სიმაღლეზე საბრძოლველად ქართულ არმიას შეიარაღებაში აქვს 57 მმ კალიბრიანიС-60 ტიპის ავტომატური საზენიტო ქვემეხები (ის საჰაერო სამიზნეს 4 კმ სიმაღლეზე და 6 კმ სიშორეზე ესვრის), 23 მმ კალიბრიანი საზენიტო ავტომატები ЗУ23-2 (სროლის სიშორე 2,5 კმ, სიმაღლე - 2 კმ), თვითმავალი საზენიტო დანადგარები ЗСУ-23-4 Шилка(სროლის სიმაღლე 1,5 კმ, სიშორე - 2 კმ, სროლის ტემპი - 1000 გასროლა/წთ-ში), გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Стрела-2М (რაკეტის მაქსიმალური სროლის სიშორე 4,2 კმ, სიმაღლე - 2,3 კმ) და Игла (სროლის სიშორე 5,2 კმ, სიმაღლე - 2,5 კმ). საჭიროების შემთხვევაში საჰაერო სივრცის დამრღვევი შვეულმფრენების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად ეფექტიანად შეიძლება გამოყენებული იქნეს 12,7 მმ კალიბრიანი ДШК-ს ტიპის საზენიტო ტყვიამფრქვევებიც.
როგორც ხედავთ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა მთლად «როგატკების» იმედად არ ყოფილა. თუმცა მარტო შეიარაღების შეძენა და ქონა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი ეს საბრძოლო ტექნიკა გამართული არ იქნება და მათ პროფესიონალები არ მოემსახურებიან. ასევე აუცილებელია მუდმივი წვრთნები, საზენიტო რაკეტების საჰაერო სამიზნეებზე გაშვების პრაქტიკული გამოცდილება და, რაც მთავარია, საჰაერო სივრცის ობიექტური კონტროლისა და მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, თორემ საჰაერო აგრესორების დასჯა გაგვიჭირდება.
P.S. როგორც «კვირის პალიტრისთვის» გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, დასავლეთ საქართველოში გამართული წვრთნების დროს ქართველმა მეზენიტეებმა განახორციელეს საზენიტო რაკეტების პრაქტიკული სროლა. თუ რამდენად წარმატებული გახლდათ მათი ვარჯიშის შედეგი, ძნელი სათქმელია, მაგრამ მთავარია, რომ მათ პირველად გაუშვეს მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან საბრძოლო რაკეტები. იმედია, ისინი თანდათანობით უფრო დახვეწენ ოსტატობას და რეალურ საჰაერო აგრესორებსაც ქართულ მიწაზე ნამსხვრევების სახით სამუდამოდ დატოვებენ.
მით უმეტეს, რომ მათ შეიარაღებაში უკვე გამოჩნდა დასავლური წარმოების თანამედროვე საზენიტო საშუალებებიც
|