“ქრისტიან-დემოკრატები” “ტელეიმედის” გუშინდელი გადაცემის თაობაზე სასწრაფო გამოძიების დაწყებას ითხოვენ
საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვს, სასწრაფო დაიწყოს გამოძიება “ტელეიმედის” გუშინდელი იმიტირებული გადაცემის თაობაზე და გამოვლინდეს ყველა ის პირი, “ვის თავშიც დაიბადა და შემდეგ განხორციელდა ეს ავადმყოფური იდეა”.
ამის შესახებ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ქრისტიან-დემოკრატმა” გიორგი ახვლედიანმა განაცხადა და მოითხოვა, ყველა ამ ადამიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რათა ქვეყანა არ გადაჰყვეს სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელების ისტერიულ თამაშებსა და პროპაგანდისტულ მანიპულაციებს.
ახვლედიანის თქმით, ქართული საზოგადოება გუშინ გახდა იმის მოწმე, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ხელისუფლების ისტერიული პროპაგანდა. “ქრისტიან-დემოკრატებს” ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის, რაც “ტელეიმედის” “მოდელირებულ ქრონიკაში” იხილეს, არ არის მხოლოდ არხზე მომზადებული სიუჟეტი, არამედ ეს არის ხელისუფლებაში დაბადებული და მათი ინსტრუქტაჟით შესრულებული სპეციალური დავალება, რაც საზოგადოების ზომბირებას და სრულიად გაუმართლებელი პანიკის დათესვას ემსახურებოდა.
“რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურად არსებობს და ჩვენ ამაზე საუბარს არასოდეს ვერიდებით, მაგრამ ამ საფრთხეების გაბუქება და საკუთარი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება სრულიად გაუმართლებელია”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. მისივე თქმით, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა იყო რეგიონებში, სადაც გადაცემის შემდეგ პრაქტიკულად სრული საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა, რადგან ნაციონალური მაუწებლების მხრიდან მომხდარზე საკმარისი განმარტებები არ გაკეთებულა.
ახვლედიანის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და აღელვებული ხალხის დამშვიდება სწორედ “ქრისტიან-დემოკრატებს” უწევდათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი თარგამაძე მეორე დღეა სამეგრელოში იმყოფება, სადაც კონფლიქტის ზონასთან სიახლოვის გამო განსაკუთრებულად მძიმე ემოციური ფონი შეიქმნა.
ამასთან, “ქრისტიან-დემოკრატების” განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ იდეის ავტორების ფანტაზიამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ჯარს, მის ერთიანობასა და სამშობლოს ერთგულების იდეას. “ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვის თავშიც დაიბადა და შემდეგ განხორციელდა ეს ავადმყოფური იდეა და ვითხოვთ დადგეს ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს იდეა არ არის მხოლოდ ტელევიზიის მესვეურების და ეს ნაკარნახევია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერით წუხელ “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1მიხეილ მაჭავარიანი “იმიტირებულ ქრონიკას” დიდ შეურაცხყოფად მიიჩნევს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, “ტელეიმედის” ეთერში გუშინ გასულმა იმიტირებულმა სიუჟეტმა პირველ რიგში ხელისუფლება დააზარალა და, შესაბამისად, იგი აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, თითქოს ეს ყველაფერი ხელისუფლების იდეა იყო.
როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო მიუღებელი მთლიანად საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის.
მისივე თქმით, ეს იყო მაგალითი, თუ როგორ არ შეიძლება გაკეთდეს ინფორმაცია.
“ეს იყო დიდი შეურაცხყოფა”, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ პირველ რიგში ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ქართველი ჯარისა, რომელმაც დაიცვა საქართველო და დღესაც იცავს.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ თავადაც დიდ გაურკვევლობასა და უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა ამ სიუჟეტის გასვლისას და ეკითხებოდნენ თუ რა ხდება რეალობაში. “არხის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ დაუშვებელია მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.