საინტესო სტატიაა
"ტალიავინიმ, სარკოზიმ, შრიოდერმა და სხვებმა თავიანთი მამა-პაპების მიერ აშენებული ევროპა დაასამარეს"
ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა ცოტა ხნის წინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჰაიდი ტალიავინის მიერ წარდგენილ მოხსენებასა და ზოგადად ევროპაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს და "ევროპის დაშლის დასაწყისზე" საუბრობს. ლატინინას მიერ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საქართველოს მიმართ ევროპის წამყვანი ქვეყნების ამჟამინდელი მმართველების პოლიტიკა და ტალიავინის მოხსენებაში გამორჩენილი რიგი საყურადღებო ასპექტები დეტალურადაა განხილული, "პირველი" უცვლელად გთავაზობთ."ალბათ, ბევრს გააკვირვებს ის ფაქტი, რომ ბერძნული, უფრო ზუსტად კი ევროპული კრიზისის პიკზე გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დამეწერა მოვლენაზე, რომელიც თითქმის ერთი წლის წინათ მოხდა - ქართულ-რუსული ომის შესახებ მოხსენებაზე, რომელიც ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის კომისიამ მოამზადა. თუმცა საქმე ისაა, რომ, ჩემი შეფასებით, ეს მოხსენება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გარკვეული მოსაზრებით შეიძლება, თვით რუსეთ-საქართველოს ომზე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალოს. ტალიავინის მოხსენება ახალი "მიუნჰენია" და ამ "მიუნჰენიდან" ძალიან ბევრი რამ გამომდინარეობს, ევროპის ამჟამინდელი ეკონომიკური კრახის ჩათვლით.
თუ ვინმე საკუთარ პოლიტიკასა და ეკონომიკას სიცრუეზე და საკუთარი თავის მოტყუებაზე აგებს, თუ ვინმე საკუთარ თავს გულწრფელად თვლის თავისუფლების დამცველად, რეალურად კი შიშისა და გულგრილობის გამო დიქტატურას ახალისებს, თუ ვინმე გულწრფელად თვლის თავს საბაზრო ქვეყნად, რეალურად კი დიდი ხანია, წვრილმან რეგულირებაში ჩაეფლო და ვალებით ცხოვრობს, მაშინ ის ადრე თუ გვიან, კატასტროფულ შედეგებს მოიმკის.
პირადად ჩემთვის ტალიავინის მოხსენება შოკი აღმოჩნდა: წავიკითხე და ვიფიქრე: "ევროპა პენსიაში გავიდა, ევროპა აღარ არსებობს". და მართლაც, გავიდა წელიწადი და ევროპა იშლება.
პირველ ყოვლისა, მოხსენების შინაარსს შეგახსენებთ. ადამიანს, რომელიც რუსულ-ქართული ომის დეტალებში ვერ ერკვევა, მოხსენება ცუდ შთაბეჭდილებას არ შეუქმნის. დოკუმენტში არაა გამეორებული არანაირი რუსული "გებელსოვშინა": არც ზღაპრები იმის შესახებ, რომ მშვიდობიან სამხრეთ ოსეთზე საქართველოს მზაკვრული თავდასხმის უკან აშშ იდგა, არც იმის შესახებ, როგორ დაატყდა "მშვიდად "მძინარე ცხინვალს" თავს ქართული "გრადი", არც მტკიცება 2000 მშვიდობიანი ოსის მკვლელობაზე და ოს ქალიშვილებზე, რომლებსაც ტაძრებში წვავდნენ, არც ქართულ ტანკებზე, რომლებიც ახალშობილების სხეულებზე სეირნობდნენ... ტალიავინის მოხსენება ამ ჭორების ანალიზს რატომღაც არ შეიცავს.
არადა, სწორედ ეს ჭორები იქნა გამოყენებული რუსული არმიის შეჭრისა და ქართული სოფლების ეთნიკური წმენდისათვის! დოკუმენტის ავტორები მორცხვად დუმან ამის შესახებ, ეს კი იგივეა, რაც აღწერო ნაციზმი და არ ახსენო ნაცისტების მტკიცება იმის შესახებ, რომ ებრაელები ქრისტიანულ სისხლს სვამენ...
ამას მოხსენებაში უშუალოდ ომის ანალიზი მოსდევს და ეს ომი, ტალიავინის შეფასებით, იმ მომენტიდან იწყება, როცა თბილისმა ცხინვალზე დარტყმა განახორციელა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ პატივცემული კომისიის მიერ გაკეთებული პატარა დამატებაც იმის შესახებ, რომ ამას სხვადასხვა რთული მოვლენები უძღოდა წინ.
კითხვა ქ-ნ ტალიავინის: 1941 წლის ივნისში ფინეთმა სსრკ-ს ომი გამოუცხადა. ამას წინ უძღოდა ისეთი უმნიშვნელო დეტალი, როგორიც წითელი არმიის მიერ ათობით ფინური დასახლებული პუნქტის დაბომბვაა ომის გამოუცხადებლობის პირობებში. თუ არის დარწმუნებული ქ-ნი ტალიავინი, რომ ფინეთისა და სსრკ-ის || ომის ათვლა ფინეთის მიერ ომის გამოცხადების მომენტიდან უნდა დაიწყოს.
1939 წლის ნოემბერში კი პოლონეთის დევნილმა მთავრობამ სსრკ-ს ომი გამოუცხადა. ამას ისეთი წვრილმანი უძღოდა წინ, როგორიც წითელი არმიის მიერ ასევე ომის გამოუცხადებლობის პირობებში პოლონეთის ტერიტორიის 52(-ის ოკუპაციაა.
კითხვა ქ-ნ ტალიავინის: თუ თვლის იგი, რომ რუსეთ-პოლონეთის ომის ათვლა 1939 წლის ნოემბრიდან უნდა დავიწყოთ.
ქ-ნი ტალიავინი ომის ახალი განსაზღვრების შემოღებით მსოფლიო პოლიტიკაში გადატრიალებას ახდენს! თურმე, ომს ის იწყებს, ვინც აგრესორის ქმედებებს პასუხობს! როცა წითელი არმია ჰელსინკს ბომბებს აყრიდა და 20 000 პოლონელ ოფიცერს ციხეებში ყრიდა, როცა ოსი "მოხალისეები" ქართულ სოფლებს წვავდნენ - ეს ომი არ იყო. აი, ამ ყველაფერს თუ პასუხს გასცემ, მაშინ იწყებ, თურმე, ომს! ტალიავინის კომისიის ლოგიკით, ქართველებს არ უნდა ეპასუხათ. მივლენ რუსული ტანკები გორამდე. - არ უპასუხო! მივლენ ახალგორამდე - არ უპასუხო! აი, თბილისამდე რომ მისულიყვნენ ტანკები და ქართველებს ეპასუხათ, მაშინ დაიწყებდნენ ეს არამზადა ქართველები ომს! ლოგიკა უზადოა: "ქართველებს რომ არ ეპასუხათ, ომიც ხომ არ იქნებოდა?!"...
მოხსენების მესამე საოცრება შემდეგში მდგომარეობს: კომისია დიდხანს მსჯელობს იმაზე, წარმოადგენდა თუ არა "7-დან 8 აგვისტოს ღამეს ქართული მხრიდან ცხინვალის დაბომბვა" ადამიანის უფლებათა დარღვევას. - და მიდის დასკვნამდე, რომ წარმოადგენდა. ამჯერად ცალსახად დავეთანხმები პატივცემულ კომისიას. მოდით, ასეც ჩავწეროთ: მშვიდობიანი ქალაქისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნა ადამიანის უფლებათა დარღვევაა.
თუმცა კომისიას, ისე, სხვათა შორის, უნდა დაედგინა, რა პირობებში გაიხსნა ცეცხლი... დაედგინა, მაგალითად, რატომ გახიზნეს ქართული მხარის მზაკვრულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალიდან თითქმის მთელი სამოქალაქო მოსახლეობა, სამაგიეროდ კი მასობრივ რეჟიმში შეიყვანეს ჟურნალისტები, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ, ქართული მხარის მზაკვრული აგრესია გაეშუქებინათ. რატომ გაავრცელა ოსურმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ინფორმაცია ქართული მხარის მიერ სოფლების დმენისისა და ხეთაგუროვოს განადგურების შესახებ, თუმცა როცა საკუთარი საქმისადმი პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ეს ინფორმაცია ადგილზე გადაემოწმებინათ, დადგინდა, რომ დმენისიც და ხეთაგუროვოც სრულიად უვნებელია, მათ მეზობლად არსებული ქართული სოფელი ნული კი იწვის. კომისიას შეეძლო, დაედგინა ასევე, რატომ ზეიმობდნენ ცხინვალის ახალი ბინადარნი ჯერ კიდევ 8 აგვისტოს საღამოს ნულის განადგურებას და წერდნენ ბლოგებში "არაგეგმიურად ავავსოთ გორის "მორგი" გვამებით!", რამდენიმე საათში კი საქართველო თავს დაესხა "მშვიდად მძინარე ცხინვალს".
არც იმის დადგენა იქნებოდა უპრიანი, სად, რა და რამდენი განადგურდა, რადგან რაღაც ძალიან უცნაური ტოტალური დაცხრილვა გამოგვდის, რომლის დროსაც ადგილზე მყოფი "იზვესტიას" კორესპონდენტი სასტუმროს შენობის სახურავზე ძვრება (!) და ამ "ტოტალურ დაცხრილვას" ადევნებს თვალს, ოსური მთავრობის მინისტრი კი მთავრობის სასახლესთან გარბის და არკვევს, რომ იგი იწვის... როგორც ჩანს, იწვოდა და ბოლავდა არა მთელი ცხინვალი, თუკი მინისტრი მთავრობის სახლამდე ქუჩებში თავისუფლად და დაუსჯელად დარბოდა!
თუმცა მოვეშვათ ამ წვრილმანებს. დავეთანხმოთ ტალიავინის კომისიას: არ ჰქონდა საქართველოს უფლება, ქალაქისთვის თუნდაც ერთი ჭურვი ესროლა! აი, საპირისპირო მხარეს ჰქონდა უფლება, დაეწვა ნული და ეს ადამიანის უფლებათა დარღვევა არ არის! აი, საპირისპირო მხარეს ჰქონდა უფლება, მოეკლა ქართველი სამშვიდობოები - და ამაზე ქართულ მხარეს საპასუხო ქმედება არ უნდა განეხორციელებინა! აი, საპირისპირო მხარეს ჰქონდა უფლება, ენიავებინა 152 მმ-იანი იარაღიდან! - იმ უმნიშვნელო დეტალის განხილვას კი, საიდან მოხვდა კონფლიქტის ზონაში ამ კალიბრის იარაღი, ტალიავინის კომისია არ დაიწყებს...
კი ბატონო, მაგრამ მაინც რჩება კითხვა: ცხინვალს ხომ არა მარტო 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, არამედ 8-დან 9, 9-დან 10 აგვისტოს ესროდნენ - იმ დროს, როცა ქალაქში ქართული ტანკები იმყოფებოდნენ?!
ჩვენ ხომ ამ დაბომბვების შესახებ თვითმხილველების ჩვენებებიც მოგვეპოვება! ამ ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, რომ მართლაც გამაოგნებელი სისასტიკის დაბომბვების დროს, როდესაც ციდან ჭურვების წვიმა უკვე განურჩევლად ყველას და ყველაფერს ეცემოდა, ქუჩებში ვერავინ დარბოდა, ვერც შენობების სახურავებზე ძვრებოდა და აი, სწორედ ამ მართლაც გამაოგნებელი სისასტიკის დაბომბვებმა გამოდევნა ცხინვალიდან ქართული ჯარი!
ისმის კითხვა: ვინ ასწორებდა ცხინვალს მიწასთან, როცა ქალაქში ქართული ტანკები იყო. ამას თავად უტვინო ქართველები აკეთებდნენ. - თუ ასეა, მაშინ ტალიავინის კომისიას უნდა დაეგმო ისინი და ეთქვა, "აი, ქართველი ფაშისტების სიძულვილი ოსი ხალხის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მათ ქალაქის დაკავების შემდეგ საკუთარ ტანკებსა და ქვეითებს ბომბები დაუშინეს - ოღონდ მათთან ერთად ოსები გაენადგურებინათ!"... მაშინ კომისიას სასტიკად უნდა დაეგმო ტირანი სააკაშვილი, რომელიც "სიგიჟის შეტევის დროს ქალაქში საკუთარ არმიას ანადგურებდა"...
იქნებ, ეს რუსები ბომბავდნენ ყველას და ყველაფერს ქალაქიდან ქართველების განსადევნად?! - თუ ასეა, მაშინ ტალიავინის კომისიას ამისთვისაც ხომ უნდა მიეცა შეფასება?!
აი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ ისევ განაცხადა, რომ "რუსეთი სამხრეთ ოსეთში ოსების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, რომლებიც სხვა შემთხვევაში უბრალოდ განადგურდებოდნენ", - უნდა ვიფიქროთ, რომ ფაშისტი ქართველების მიერ.... თუმცა მოულოდნელად ირკვევა, რომ სანამ ქართველები ქალაქში იმყოფებოდნენ, იქ მაინცდამაინც არავინ გაუნადგურებიათ, პირიქით, მათ სამოქალაქო მოსახლეობასთან ერთად ანადგურებდნენ რუსული ბომბები და ჭურვები!
თუ საარტილერიო მზადება ქალაქის მიმართ, რომელშიც ტანკები შეგყავს, სამხედრო დანაშაული და ადამიანის უფლებათა დარღვევაა, მაშინ როგორ უნდა შეფასდეს იმ მოსახლეობის ტოტალური დაბომბვა, რომელსაც "განადგურებისგან იცავ"?!
და რას ამბობს ამაზე ტალიავინის კომისია. - არაფერს, ის საერთოდ არ თვლის საჭიროდ, ამ უმნიშვნელო პრობლემით დაკავდეს! თუმცა უდავოა, რომ თავად ამ პრობლემის არსებობის შესახებ კომისია საქმის კურსშია, რადგან არსად მოხსენების ტექსტში იგი "ცხინვალის დაცხრილვას" არ ახსენებს და ამავდროულად მუდმივად მოჰყავს დაცხრილვის დრო: "7-დან 8 აგვისტოს ღამე"... ცხინვალის სხვა დროის დაცხრილვები მას არ აინტერესებს!
რისთვის ვწერ ყველაფერ ამას. - იმიტომ, რომ ტალიავინის მოხსენებაში, ისევე, როგორც მიუნჰენის 1938 წლის შეთანხმებაში, არ არის ცალსახა ტყუილი, მსგავსი იმისა, რომ ინგლისი და საფრანგეთი ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს უჭერენ მხარს, ან პატივცემული კომისია იზიარებს გენერალ ნოგოვიცინის შეხედულებებს და თვლის, რომ ქართველი ფაშისტების ზურგსუკან მეოთხე რაიხი იდგა აშშ-ის სახით...
ეს არა თანადგომა, არამედ სიმხდალეა, - შიში არა თუნდაც საერთაშორისო დიქტატორის, არამედ საერთაშორისო ხულიგნის წინაშე! და ამ სიმხდალეში არაფერი იქნებოდა გასაკიცხი, მის გამომგონებლებსა და სულისჩამდგმელებს რომ არბიტრის როლზე არ ჰქონდეთ პრეტენზია! - "თქვენ, ქართველები, გაუგებარი ხალხი ხართ, თქვენ, რუსები - ასევე გაუგებრები, მაგრამ ჩვენ - ევროპა უმაღლესი სასამართლო ვართ და პლანეტის სინდისი!"...
და აი, გაირკვა, რომ ამ სინდისის ყიდვა ან თუნდაც დაშინება არც არის საჭირო, - უბრალოდ, მას რაღაცნაირად ეზარება ურთიერთობების გაფუჭება რუსეთთან, რომელიც განუზომლად უფრო დიდია და მნიშვნელოვანი საქართველოზე...
უნდა ვთქვა, რომ ანალოგიური სიტუაციაა ევროპულ ეკონომიკაში. ეს საბერძნეთი კი არ ირღვევა ნაკერებზე, ეს ევროპაც კი არ ირღვევა ნაკერებზე, ეს ნაკერებზე ევროპული ბიუროკრატ-სოციალიზმის ფილოსოფია ირღვევა, რომელიც რაღაც დასანანი ისტორიული გაუგებრობის გამო საკუთარ თავს დემოკრატიად მიიჩნევს! ევროპა, რომელიც თავის დროზე აშენდა, აშენდა არა ამჟამინდელი ბიუროკრატების მიერ! ის აშენდა არა ტალიავინის, სარკოზის და "გაზპრომის" პიარშიკი შრიოდერის მიერ... ის აშენდა || მსოფლიო ომის შემდეგ მათი მამებისა და პაპების მიერ, როგორც საბჭოთა კავშირის ალტერნატივა, მონობის ალტერნატივა, როგორც შეხსენება იმისა, რომ მიუნჰენის ხელმოწერა და სოციალიზმის მშენებლობა დაუშვებელია! და ეს ევროპა სსრკ-ის დასრულების შემდეგ ევროპელმა ბიუროკრატებმა დაასამარეს! ამ თვალსაზრისით ტალიავინის მოხსენება და ევროს დაცემა - ერთი მედლის ორი მხარეა".