http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmაღლუმის პოლიტიკური ვნებათაღელვა
გაიმართება თუ არა 26 მაისს აღლუმი, სად და როდის...
ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და, შესაბამისად,
იზრდება პოლიტიკური ვნებათაღელვაც - გაიმართოს თუ არა აღლუმი და სად...
საზოგადოებაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოს არ ეზეიმება და აგვისტოს ომის მწარე შედეგების შემდეგ აღლუმის ჩატარება უადგილოა.
ამასთან, ოპოზიცია ეჭვობს, რომ რუსთაველზე აღლუმის გამართვის საბაბით ხელისუფლება ცდილობს, ააღებინოს მათ საკნები და მოძრაობა გახსნას პროსპექტზე.
ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ აღლუმი აუცილებელი ატრიბუტია დამოუკიდებლობის დღეს და მისი ჩატარების ტრადიცია უკვე არსებობს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ აღლუმის ჩატარებით არ ღირს ქვეყანაში ისედაც რთული პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება.
ჩატარდება თუ არა 26 მაისს აღლუმი? აღლუმამდე ათი დღით ადრე, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული. არადა აღლუმისთვის მზადება ერთი თვით ადრე იწყებოდა ხოლმე და ამ მომენტისთვის არმიის დანაყოფები აღლუმის გენერალური რეპეტიციისთვისაც კი იყვნენ მზად.
დარჩენილ დღეებში აღლუმისთვის სრულყოფილად მომზადება გაჭირდება, განსაკუთრებით რთული იქნება მძიმე საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟების, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების პილოტებისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, საარმიო დანაყოფები თავიანთი ნაწილების ტერიტორიებზე უკვე ემზადებიან აღლუმისთვის, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება აღლუმს სავარაუდოდ, მაინც ჩაატარებს, მაგრამ სად?საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღლუმები ყოველთვის რუსთაველის პროსპექტზე როდი ჩატარებულა.
1991 წელს ახალჩამოყალიბებული ქართული გვარდიის პირველი აღლუმი მაშინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თბილისის «დინამოს» სტადიონზე მიიღო.
1994-95 წლებში კი თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ აღლუმი რესპუბლიკის მოედანზე ჩაატარა და იქიდან უპატაკა ედუარდ შევარდნაძეს, რომლის გვერდითაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რუსი გენერლებიც იდგნენ.
1996-97 წლებში აღლუმმა რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა. შევარდნაძე პარლამენტის წინ აღმართული ტრიბუნიდან ღიმილით ადევნებდა თვალს თავის უხელფასო ჯარს.
1998 წლის აპრილის ბოლოს თავდაცვის მინისტრის სავარძელში ნადიბაიძე დავით თევზაძემ შეცვალა და თავისი პირველი აღლუმისთვის აქტიური მზადებაც დაიწყო, მაგრამ ის ჩაიშალა, რადგან იმ დღეებში გალის რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და აღლუმისთვის აღარავის ეცალა.
მას შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლებას აღლუმი აღარ გაუმართავს, მისი ტრადიცია «ვარდების რევოლუციით» მოსულმა სააკაშვილის მთავრობამ აღადგინა.
2004 წლის აღლუმი ორთაჭალაში, კრწანისის ომის ძეგლთან ჩატარდა. პრეზიდენტი სააკაშვილი გაბრწყინებული უყურებდა თავის პირველ აღლუმს. თუმცა, ეტყობა, ვერ დაინახა, ტრიბუნის წინ ჩავლილი ჯავშანტექნიკის ნაწილი შემდეგ ბუქსირებით სათრევი რომ გახდა...
2005 წლიდან აღლუმებმა ისევ რუსთაველზე გადმოინაცვლა. ასე გაგრძელდა 2008 წლამდე, თუმცა ბოლო აღლუმი უკვე აღარ გამოირჩეოდა გრანდიოზულობით და მონაწილეთა სიმრავლით, რადგან აღლუმის გვერდით სააკაშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა არანაკლები მასშტაბის მიტინგი მზადდებოდა.
როგორც ამბობენ, ხელისუფლებას განზრახული აქვს შთამბეჭდავი აღლუმის ჩატარება, რომ პირველად წარმოადგინოს სხვადასხვა სახის ახალი დასავლური საბრძოლო ტექნიკა, რომელთა ნაწილმა აგვისტოს ომშიც მიიღო მონაწილეობა.საერთოდ, აღლუმების გამართვის ადგილთან დაკავშირებით არაერთხელ გამოგვითქვამს აზრი, რომ დედაქალაქის ცენტრში მათი გამართვა მრავალი ობიექტური მიზეზის გამო მიუღებელია.
ჯერ ერთი, მუხლუხებიან საბრძოლო ტექნიკას რუსთაველის პროსპექტზე ვერ ჩაატარებენ, რადგან ასფალტს დააზიანებს, ეს სახიფათოა ქუჩის პირას მდგარი ძველი სახლებისთვის.
ბევრმა შეიძლება არც იცის, რა ტრაგედიას გადაურჩა 2007 წლის 26 მაისს თბილისი: მის თავზე მწყობრად წამოსული შვეულმფრენებიდან ორი Vბ-8 ტიპის შვეულმფრენი ერთმანეთს ძალზე სახიფათო მანძილზე დაუახლოვდა და ბედად გადავურჩით საჰაერო კატასტროფას.
ერთძრავიანი «იროკეზების» დაბალ სიმაღლეზე ქალაქის თავზე ფრენა ხომ საერთოდ დაუშვებელია...
ჩვენი აზრით, ყველაზე მისაღები იქნებოდა აღლუმების გამართვა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ამ აეროდრომის სამანევრო ბეტონირებული ბილიკი ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას იძლევა, იქ ჩაიაროს ყველანაირი სახის საბრძოლო ტექნიკამ, ხოლო ავიაცია დაბალ სიმაღლეზე გადაიფრენდა, რაც ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა, ვიდრე მათი ყურება ხეების ფოთლებს შორის რუსთაველის ვიწრო პროსპექტიდან...