ირაკლი ალადაშვილის სტატია კვირის პალიტრიდან:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmდამოკლებულლულიანი, მაგრამ “კალაშნიკოვზე” უკეთესი
ნამდვილად არ გვეგონა, ქართული არმიის გადასაიარაღებლად შეძენილი ამერიკული კარაბინების M4-ების თემას ამ ერთ თვეში მესამედ თუ დავუბრუნდებოდით.
მაგრამ ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც რუსული მასმედიით რუსმა სამხედრო ექსპერტებმა დაცინვა დაუწყეს ქართულ არმიას - შეიარაღებაში M16-ების “ობრეზები” მიიღესო. ისე, რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ცოტა ალმაცერად უყურებს ქართული არმიის ამერიკული კარაბინებით გადაიარაღებას და ამის თაობაზე გვწერენ კიდეც.
სტატიის ავტორმა შემოგთავაზათ მხოლოდ საკუთარი მოსაზრება, რომელიც დაფუძნებულია M4-ის სასროლეთზე გამოცდასა და უცხოელი სამხედროების შეფასებებზე, რომლებსაც პირად საუბრებში გვიზიარებდნენ ან ინტერნეტში მოიპოვება.
ამერიკული კარაბინი M4 ნამდვილად ჯობს რუსულ АК-74-ს. ამას განაპირობებს დამზადების ტექნოლოგია, უნივერსალობა, სროლის სიზუსტე და მოხერხებულობა.
მრავალწლიანი საბჭოთა პროპაგანდის ნაშთების გავლენით, ბევრი დღესაც იმეორებს - “კალაშნიკოვი” ქვიშიდან ამოღების შემდეგაც კი ისვრის, ამერიკული ავტომატური შაშხანა ძალიან ფაქიზია და გაჭუჭყიანებისა ეშინიაო.
საერთოდ, ყველა იარაღს სჭირდება მოვლა. ის, რომ M16 ვიეტნამის ჯუნგლებში გაჭუჭყიანების გამო მართლაც იჭედებოდა, უპირველესად პენტაგონის იმ მაღალჩინოსანი ბიუროკრატების ბრალია, რომლებმაც, ეკონომიის მიზნით, არ შეიძინეს იარაღის საწმენდი კომპლექტები.
M4-ის მთავარი უპირატესობა AK-74-თან შედარებით, სროლის დიდი სიზუსტეა, რასაც განაპირობებს იარაღის კონსტრუქცია - ლულა და კონდახი ერთ წრფეზეა, რაც გასროლის შემდეგ უკუდარტყმის ძალის მიმართულებას სწორხაზოვნად გზავნის. “კალაშნიკოვის” კონდახი კი ლულის წრფის ქვემოთ და კუთხითაა განთავსებული, ამიტომაც ყოველი მომდევნო გასროლისას (ეს ეხება ავტომატურ ჯერს) წინა გასროლის შემდეგ წარმოქმნილი უკუდარტყმის მომენტი დამიზნებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
M4-ის სასროლი მექანიზმები დამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ან საერთოდ გამორიცხავს მათ დაჟანგვას. ამავე დროს, დასავლეთ საქართველოში განთავსებულ ჩვენს სამხედრო ნაწილებში სინესტის გამო “კალაშნიკოვის” დეტალები ხშირად იჟანგება. ამერიკული კარაბინი სროლისას “კალაშნიკოვზე” ბევრად მარჯვეა და კარგად ერგება ხელს. მისი ტელესკოპურად დასაკეცი კონდახი ექვს მდგომარეობაში ფიქსირდება და მოსახერხებელია ყველა აღნაგობის მსროლელისთვის.
M4-ზე “კალაშნიკოვისგან” განსხვავებით ყველა საიარაღო ატრიბუტიკის დაყენება სულ რამდენიმე წუთში შეიძლება - ჯერ პლასტმასის დეტალის მაგივრად აყენებენ Picatinny-ის ტიპის სამაგრს, რომელზეც შემდეგ სურვილის მიხედვით მონტაჟდება სხვადასხვა ტიპის სამიზნე და ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნელი. “კალაშნიკოვზე” ოპტიკური სამიზნის დასამაგრებლად მას მარცხენა მხარეზე ჯერ კიდევ ქარხანაში დაყენებული სპეციალური სამაგრი უნდა ჰქონდეს.
ახლა დავუბრუნდეთ რუსი სამხედრო ექსპერტების ქირქილს, - ქართველებმა თავადვე დაიმოკლეს სროლის ეფექტიანი მანძილი 500-დან 300 მ-მდე, როდესაც დამოკლებულლულიანი M4-ები შეიძინესო.
რუსული 5,45 მმ კალიბრიანი AК-74-ის პასპორტში მართლაც წერია, რომ სროლის ეფექტიანი მანძილი 500 მ-დეა. ამერიკული ავტომატური შაშხანის, M16A2-ის მაჩვენებელი კი 550 მ-ითაა განსაზღვრული.
აქედან გამომდინარე, თითქოს ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აჯობებდა, რუსული AK-74-ის მაგიერ ამერიკული M16A2 შეგვეძინა და არ დავკარგავდით სროლის ეფექტიან მანძილში არც ერთ მეტრს და თანაც სროლის სიზუსტეში მოვიგებდით.
მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ M16A2-ის ნაცვლად შეიძინა მისი დამოკლებულლულიანი ვარიანტი M4, რომელსაც, მოკლე ლულის გამო, სროლის ეფექტიანი მანძილი M16A2-თან შედარებით მცირე აქვს.
სტატიის ავტორი დაინტერესდა ამ გადაწყვეტილების მიზეზით და კომენტარი სთხოვა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნებს.
მათი არგუმენტები იდენტური იყო - ბოლო წლების შეიარაღებულმა კონფლიქტებმა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ისე ავღანეთსა და ერაყში, აჩვენა, რომ საცეცხლე შეტაკებები ძირითადად ახლო მანძილებზე ხდება. ქალაქის პირობებში ბრძოლისას ეს დისტანცია იწყება 20-30 მ-დან და იშვიათად აღწევს 150 მ-ს, ქალაქგარეთ, ველზეც სასროლი დისტანცია 200-400 მ-ია. შეიძლება რუსი სამხედროების კონცეფციაში კვლავ არის გაშლილი შეტევის ელემენტები, როგორც ეს II მსოფლიო ომის დროს იყო, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართულ არმიაში ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. ნახევარ კმ-ზე შეტევისას ჯარისკაცის ავტომატის იმედად კი არ ვიქნებით, არამედ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებს ტყვიამფრქვევებითა და არტილერიით ჩავახშობთ, რათა ნაკლები მსხვერპლი გვქონდეს. ამასთან, ქართული არმია სულ სხვა, თანამედროვე ტაქტიკით იმოქმედებს, რომლის დროსაც კომპაქტური, მოხერხებული და სხვადასხვა საიარაღო ატრიბუტიკით აღჭურვილი M4 ნებისმიერ “კალაშნიკოვზე” უფრო ეფექტიანი იქნებაო.
სხვათა შორის, ინტერნეტში გავრცელებული მონაცემებით, ავტომატური M4-დან სროლის ეფექტიანი მანძილი 360 მ-ითაა განსაზღვრული. “კვირის პალიტრამ” მოიპოვა ცნობილი საიარაღო ფირმა Heckler und Koch-ის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც M4-დან (ის მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ შევიძინეთ) სროლის ეფექტიანი მანძილი 500 მ-ია (და არა 360 მ, როგორც ეს ინტერნეტგამოშვებებშია განთავსებული).
Heckler und Koch-ი დაინტერესებულია, ამერიკელებს M16-ები და M4-ები გერმანული G-36 ტიპის ავტომატური შაშხანებით (ან შუალედური HK416-ით) ჩაანაცვლებინოს, ამიტომაც ვერ დავიჯერებთ, რომ გერმანელ მეიარაღეებს “გაებერათ” ამერიკული M4-ის შესაძლებლობები.
ისე, ერთი შენიშვნა თუ რეკომენდაცია ჩვენც გვექნებოდა.
M4 ძირითადად ოთხი სიგრძის ლულით კომპლექტდება. ჩვენი არმიისთვის შესყიდული M4 ამერიკული ფირმა Bushmaster-ის მიერაა გამოშვებული და დაკომპლექტებულია 14,5 ინჩის სიგრძის ლულით. ეს კი 368,3 მმ-ია. ამავე დროს, არსებობს 16,5 ინჩის ანუ 419,1 მმ ლულიანი M4-იც. ხომ არ აჯობებდა, თავიდანვე 5 სმ-ით გრძელლულიანი M4 შეგვეძინა, რომელსაც მცირედით უკეთესი სროლის სიზუსტე ექნებოდა და ვერც რუსი სამხედროები დაგვცინებდნენ - ქართველებმა “ობრეზიანი” ავტომატური კარაბინები იყიდესო, რადგან მათი “კალაშნიკოვის” AК-74-ის ლულის სიგრძე მხოლოდ 415 მმ-ია!
* * *
Bushmaster-ი რომელზედაც ალადაშვილი ლაპარაკობს ყიდის M4A3 მოდელს:
http://www.bushmaster.com/community_milita...ht_product1.aspეგ არის სწორედ 14.5 ინჩიანი.

Bushmaster-ი ყიდის ასევე აი ამ იარაღს:
http://www.bushmaster.com/community_milita...ht_product2.aspსაკმაოდ საინტერესო მოდელია, ლულა 34.25 ინჩიანი აქვს. bushmaster-ს ეს ვარიანტი როგორც შარფშუტერი ეგრე გაყავს.
აი სურათი: