მოგესალმებით, ნაცნობებო და მეგობრებო, ვინც ვირტუალურად მაინც მიცნობს და მივესალმები იმათაც, ვინც პირველად მხედავს და მკითხულობს, რადგან ამ თემაში ჯერ არ დამიპოსტავს და ბევრ ისეთ მომხამრებელს ვხედავ აქ, ვისი პოსტებიც აქამდე თვალით არ მინახავს.
მიუხედავად იმისა, რომ თემა სოხუმის დაცემაზეა და ეს ტკივილი იმდენად მტკივა, რომ დღემდე ვერც ფილმებს ვუყურებ ბოლომდე და ვერც ტექსტებს ვკითხულობ, ჩემი ყურადღება მიიქცია ამ 9 გვერდზე გამუდმებით მოტივტივე თემამ - როგორ მოვექცეთ ყველა იმას, ვინც ჩვენს წინააღმდეგ აღმართა მახვილი და ტყვია გვესროლა.
თვალწინ გვაქვს მშვენიერი ისტორიული მაგალითი: დენაციფიკაცია გერმანიაში, რომელიც პრატიკულად ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის მეორე დღესვე დაიწყო, განსაკუთრებულად მეთოდურად დასავლელ მოკავშირეთა სექტორში მიმდინარეობდა ამერიკული მეთოდიკითა და ზედამხედველობით 1946 წლიდან და შემდეგ, 1948 წლიდან, ამერიკელებმა თავად გერმანელებს ანდეს ეს საპასუხისმგებლო საქმე - რა თქმა უნდა, თავიანთ კონტროლქვეშ. დენაციფიკაციის პროცესი 10 წლის მანძილზე, 1956 წლამდე გაგრძელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები და ბოლშევიკები ნაციზმის და ნაცისტების ყველაზე მკაცრი და სანიმუშო დასჯის მომხრეები იყვნენ - ინგლისი და საფრანგეთი ამ საკითხისადმი უფრო ლმობიერად იყვნენ განწყობილნი: სულ 3-4 წელია, რაც ბრიტანული საარქივო დოკუმენტები გასაჯაროვდა, რომელთა მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჩერჩილი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან, მათი აზრით, ამ შემთხვევაში ნაცისტთა ზოგიერთი ლიდერის სიკვდილით დასჯა იქნებოდა აუცილებელი, სხვების კი - სასამართლოს გარეშე ციხეში ჩასმა. ჩერჩილმა ეს წინადადება 1945 წლის თებერვალში, იალტის კონფერენციაზე წამოაყენა, თუმცა რუზველტმა და სტალინმა ეს გადაჭრით უარყვეს. რუზველტმა - იმიტომ, რომ ამერიკის საზოგადოება აუცილებლად და გადაჭრით მოითხოვდა სასამართლოს, სტალინმა კი - იმიტომ, რომ სასამართლო პროცესები და საბოლოო განაჩენები შესანიშნავი და ურყევი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი გახდებოდა.
საბოლოო ჯამში ბრიტანელებიც დათანხმდნენ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას და სამხედრო დამნაშავეების გასამართლებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში, ხელისუფლებასა და მთავრობაში ბევრი წონიანი ფიგურა თუ ჩინოვნიკი ფიქრობდა, რომ აგრესიული ომის გაჩაღების ბრალდებით გამართული საერთაშორისო ტრიბუნალი და მისი ვერდიქტი სახიფათო პრეცედენტად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო და რომ ასეთი სასამართლოები ძალიან დაემსგავსებოდა 30-იან წლებში სტალინურ სსრკ-ში გამართულ რეზონანსულ პოლიტიკური სასამართლო პროცესებს.
ბრიტანელებს დათმობა მოუხდათ და იძულებულნი გახდნენ, დენაციფიკაციის პროცესშიც ჩართულიყვნენ. კაპიტულაციის პირველივე დღეებიდან მოკავშირეთა ხელში აღმოჩნდა პარტიული არქივი ნაცისტური პარტიის ყვლა წევრისა და კანდიდატის სააღიცხვო ბარათებით. სულ - დაახლოებით 8 მილიონი ბარათი: ეს იყო მისაბმელიანი 21 სატვირთო მანქანით მიუნხენის გარეუბანში, მუყაოს ქარხანა "იოზეფ ვირტის" ტერიტორიაზე 1945 წლის 15 აპრილს შეტანილი 65 ტონა "მაკულატურა", რომლის დაუყოვნებელი განადგურების ბრძანებაც ქარხნის დირექტორმა ჰუბერმა ნაცისტი პარტიული მაღალჩინოსნისგან პირადად მიიღო. ომის ბოლო დღეების გაურკვევლობაში ნაცისტებმა პარტიული დოკუმენტაციის განადგურებისთვის არასწორი ადგილი შეარჩიეს: მუყაოს ქარხნის არცერთი მუშაკი, დირექტორის ჩათვლით, ნაცისტური პარტიის წვერი არ იყო. სიცოცხლისათვის დიდი რისკის ფასად ამ ადამიანებმა არქივი არ გაანადგურეს - სხვა მაკულატურაში დამალეს და უკლებლივ გადასცეს რამდენიმე დღეში მოსულ ამერიკელებს.
კართოტეკაში იყო ყველაფერი: პარტიაში შესვლის წელი და რეკომენდატორი, კარიერული წინსვლა და მისი ეტაპები, დავალებების რაოდენობა და სახეები, ფოტოსურათები... წითელი ჩარჩოთი ის ბარათები იყო შემოხაზული, რომელთა კეთილსაიმედოობაშიც პარტიას ეჭვი ეპარებოდა.
ამერიკის არმიის 1945 წლის 26 აპრილის დირექტივა JCS 1067-ს თანახმად (ამ დირექტივით ბრიტანელებიც ხელმძღვანელობდნენ. დირექტივა ყველა სამხედრო ქვეგანაყოფის შტაბის უფროსს ავალდებულებდა დაპატიმრებების წარმოებას თანდართული თუ ახლადმოპოვებული სიების მიხედვით. მოგვიანებით ამ დირექტივის თითქმის მთელი ტექსტი პოტსადმის კონფერენციის გადაწყვეტილებებში შევიდა) და პარტიული ბარათების მიხედვით დააპატიმრეს და მკაცრად იზოლირებულ ბანაკებში გაგზავნეს ყველა, ვინც კი პარტიულ თანამდებობებს იკავებდა, დაწყებული განყოფილების უფროსიდან. აგრეთვე - SS-ის, გესტაპოს, SD-ს (მ.შ. მოიერიშეთა) მთელი კადრები, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. აგრეთვე - ისეთი ნაცისტური ორგანიზაციების მოსამსახურეები და ფუნქციონერები, როგორიც იყო "ჰიტლერიუგენდი", "ტოდტის ორგანიზაცია", "ფოკლსშტურმი", საკონცენტრაციო ბანაკების მთელი პერსონალი და მრავალი სხვა. თანამდებობებისა და წოდებების დაწვრილებითი სიის სათაური თავისთავად მეტყველებს დაგეგმილ და მიღებულ ზომებზე: სიას სათაურად Automatic Arrest ჰქონდა. ამგვარი სიების მიხედვით ბრიტანულ საოკუპაციო ზონაში 90 ათასი კაცი დააპატიმრეს, ამერიკულში - 100 ათასზე მეტი, საბჭოთაში - თითქმის 120 ათასი. თანაც საბჭოთა ზონაში თითქმის დაუყოვნებლივ შეიქმნა НКВД-ს (1946 წლის შემდეგ - МВД-ს) 10 სპეციალური ბანაკი (მათ შორის 3 - ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ტერიტორიაზე), საიდანაც აქ მოთავსებულთა მასობრივი დეპორტაცია ხდებოდა სსრკ-ში, იძულებით სამუშაოებზე, საბჭოთა სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ სხვა, ჩვეულებრივ სამხედრო ტყვეებთან ერთად.
ცალკე საუბრის თემაა ე.წ. "დიდი ნადირობა", რომელსაც მოკავშირეები აწარმოებდნენ ყოფილი მესამე რაიხის მთელს ტერიტორიაზე ("ისტორიაში ყველაზე დიდი ნადირობა ადამიანებზე ნორვეგიიდან იტალიის ალპების ჩათვლით", როგორც თემთა პალატის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბევინმა) მთავარი ნაცისტების გამოსავლენად და დასაჭერად. "დიდი ნადირობა" 6 კვირაში საგრძნობი წარმატებით დასრულდა.
თავად ოკუპირებული გერმანიის მოსახლეობაში სულ თავიდან მსგავსმა სიებმა და დაპატიმრებებმა კმაყოფილება და გარკვეული ენთუზიაზმიც კი გამოიწვია, მაგრამ, პროცესის დეტალიზებასა და გავრცელებასთან ერთად, ნელ-ნელა იმატა უკმაყოფილებამ. კერძოდ, ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სპეციალურმა, 131-პუნქტიანმა ანკეტამ (Erhebungsformular MG/PS/G/9a. სრული ტექსტი:
https://archive.org/stream/bub_gb_zSgcAAAAM...AAMAAJ_djvu.txt ), რომლის დეტალური და დაწვრილებითი შევსებაც ყოველი მომუშავე გერმანელის უპირველესი ვალდებულება იყო: ინგლისელები და ფრანგები ამ კუთხით ყველაზე ნაკლები სიმკაცრით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ საოკუპაციო ზონებშიც ასეთი სტანდარტული, ერთიანი ანკეტის შევსება გარდაუვალი აუცილებლობა იყო.
სურსათის ბარათი გაიცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პიროვნება შევსებული ანკეტის მუნიციპალურ რატუშაში ჩაბარების დამადასტურებელ ქვითარს წარადგენდა (რასაც ხაზი ესმებოდა სათანადო "კანონის..." მეოთხე თავში, სათაურით "ანკეტის ჩაბარების დამდასტურებელი ქვითარი მნიშვნელოვანი დოკუმენტია..."). ეს ქვითარი იყო, ასევე, მთავარი დოკუმენტი ნებისმიერი სახის დასახლებულ პუნქტში ცხოვრების ნებართვის, ნებისმიერი სახის საცხოვრებელი ადგილის შეძენა/დაქირავების, ნებისმიერი სახის სამსახურში მოწყობის/ახალ სამსახურში გადასვლის, აგრეთვე - სამსახურის ხელშეკრულების/კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაშიც.
არალეგალური ცხოვრების შემთხვევაში სერიოზული სანქციები ემუქრებოდა ბინის მფლობელს/გამქირავებელს. ცალკე პუნქტებად იყო გამოყოფილი პატიმრობის ვადები თუ ფულადი ჯარიმები ანკეტაში ცრუ მონაცემების შეტანის, ანდა რეგისტრაციისთვის თავის არიდებისათვის.
ამერიკულ საოკუპაციო ზონაში, სადაც წმენდისადმი მიდგომები ყველაზე მკაცრი იყო (საბჭოთა ზონაზე არაფერს ვამბობ - აქ პრაქტიკულად ყველამ გაიარა სტალინური ბანაკები), საერთო ჯამში 3,5 მილიონზე მეტი საქმე იქნა განხილული. მთავარ დამნაშავეებად 1 654 ადამიანი იქნა ცნობილი, დამნაშავეებად - 22 122 ადამიანი, უმნიშვნელოდ დამნაშავეებად - 106 422 ადამიანი, ე.წ. "თანამგზავრებად" - 485 057 ადამიანი, უდანაშაულოებად - 18 454 ადამიანი, ამნისტიაში მოხვედრილებად - 2 789 196 ადამიანი. პირველი ორი კატეგორია ავტომატურად ციხეში იგზავებოდა, მომდევნო ორი კატეგორია - გამოსასწორებელ სამუშაობზე.
თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებას გადარჩენილებიც კი იძულებულნი იყვნენ, "დენაციფიკაციის სრული კურსი" გაევლოთ. ეს პროცესი მრავალ ქალაქსა თუ სოფელში შოკური თერაპიით იწყებოდა: ადგილობრივ მოსახლეობას იძულების წესით ათვალიერებინებდნენ მათ ახლოს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებს, თითქმის სავალდებულო წესით დაჰყავდათ ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე.
გერმანიის ნებისმიერი ტერიტორიის დაკავებისთანავე საოკუპაციო ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ბრძანება ყველა სახის რადიოგადაცემებისა და ბეჭდური პროდუქციის გამოცემის აკრძალვა იყო; გამოდიოდა მხოლოდ საოკუპაციო ჯარების ოფიციალური გამოცემები. ასევე იხურებოდა აბსოლუტურად ყველა სახის სასწავლო დაწესებულება - სკოლა იქნებოდა ეს, სპეციალური ტექნიკური/ჰუმანიტარული თუ უმაღლესი სასწავლებელი. გერმანელთათვის პირველ ამერიკულ გაზეთებს ამერიკის არმიის ფსიქოლოგიური ომის წარმოების განყოფილება გამოსცემდა და ამ პროცესის საკუთარ ხელში ქონა იგეგმებოდა მანამ, სანამ პოლიტიკურად წმინდა და კეთილსინდისიერი გერმანელი პუბლიცისტები არ იქნებოდნენ ნაპოვნი.
ფილმების ჩვენება უბრალოდ არ ხდებოდა: ამერიკულ და საბჭოთა საოკუპაციო ზონებში სასურსათო ბარათები მხოლოდ იმათთვის გაიცემოდა, რომლებსაც ფილმის ნახვის დამდასტურებელი აღნიშვნა ჰქონდათ - ასეთ აღნიშვნებს კინოთეატრებში სვამდნენ.
კიდევ ერთი სასჯელი იყო სამოქალაქო პირების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა დამარხვა: მიიყვანდნენ "ჩვეულებრივ გერმანელებს" მასობრივი დამარხვის ადგილებში და ისინი მთელი დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად შიშველი ხელებით (ჰქონდათ მხოლოდ ბარები, ნიჩბები და წერაქვები - არავითარი დამცავი საშუალებები ან სპეცტანსაცმელი) თხრიდნენ საერთო სამარეებს, ამოჰქონდათ გახრწნის სხვადასხვა პროცესში მყოფი გვამები და ცალკე საფლავში, ადამიანურად მარხავდნენ - ეს სამუშაო მოკავშირეთა ადმინისტრაციისათვისაც სასარგებლო იყო, რადგან მის პროცესში საოკუპაციო ხელისუფლება ნაციზმის მსხვერპლთა სისტემატიზაციას და, ზოგჯერ, იდენტიფიკაციასაც კი ახდენდა. ითვლებოდა, რომ ქალებისთვის 5-დღიანი ასეთი სამუშაო კმაროდა დენაციფიკაციის პროცესის გასავლელად, მამაკაცებისთვის - 10-დღიანი. განსაკუთრებით გულმოდგინე და პირწავარდნილი ნაცისტები, აგრეთვე - ნაცისტური პროპაგანდით მეტისმეტად მოწამლულები ასეთ სამუშაოს 1-2 თვესაც კი ასრულებდნენ.
საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა სასწავლო წიგნების შესწავლა-გაცხრილვა: 1947 წლამდე ამგვარი ლიტერატურის უარყოფა 90%-ს აჭარბებდა. 1947 წელს ისტორიის სახელმძღვენლოების უარყოფის პროცენტი 50%-ს ჩამოცდა, 1948 წელს უკვე 17% იყო. თანაც ცვლილებები არა მხოლოდ უახლოეს წარსულს, არამედ უფრო შორეულსაც შეეხო. მაგალითად, 1524-1525 წლების გლეხთა ომი პირველად იქნა მოხსენიებული, როგორც დემოკრატიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გერმანიაში. მომდევნო ორი დემოკრატიული სიმბოლო ამ პროცესში იყო 1848 წლის კონსტიტუცია და ვაიმარის რესპუბლიკა, ხოლო ამ დემოკრატიული პროცესის დასასრულად 1945 წელი ჩაითვალა. ანუ, 1945 წელი გერმანიაში დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებად გამოცხადდა, რომელიც წარსულის სამ მთავარ სვეტს ეყრდნობოდა.
მგონი, ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა, რისთვის დამჭირდა ეს ისტორიული ექსკურსი: დღეს ან ხვალ აფხაზეთს (და სამაჩაბლოს) დავიბრუნებთ. დავაბრუნებთ ჩვენს ლტოლვილებსაც. მაგრამ როგორ უნდა მოვეპყროთ იქაურ, დამხვდურ ადგილობრივებს, მთლად ნათლად არ გვაქვს წარმოდგენილი. არადა, თუკი გვაქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე და დასავლურ ღირებულებებზე, აუცილებლად გვაქვს გასათვალისწინებელი დასავლელ მოკავშირეთა, პირველ რიგში - ამერიკელთა გამოცდილება, რომელთა გულმოდგინებითაც გერმანია მთლიანად გაიწმინდა ნაცისტური ბაცილისგან და რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცა.
მადლობა ყურადღებისთვის.
This post has been edited by Wanguard on 27 Jan 2016, 13:18
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.