გაზრდილი არმია - რეგიონში სამხედრო ბალანსის შესანარჩუნებლად
სომხეთის არმია 1,5-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანისა 2,3-ჯერ აღემატებიან 28-ათასიან ქართულ შეიარაღებულ ძალებს
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დიდი მღელვარება გამოიწვია პარლამენტში შეტანილმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 28-დან 32 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ არმიის გაზრდა აუცილებელია იმ საფრთხეთა აღსაკვეთად, რომელიც ქვეყნის შიგნითაც გვემუქრება და გარედანაც. მეტიც: პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნიკა რურუას მიაჩნია, რომ არმიის რიცხოვნობის გაზრდა შეიძლება გაგრძელდეს და წლის ბოლოს რეგულარული სამხედრო ნაწილებისა და მომზადებული რეზერვის საერთო რიცხვმა 90 ათასს მიაღწიოს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს პრეზიდენტისა და მთავრობის ინიციატივას, ქართული არმიის რიცხოვნობის გაზრდის შესახებ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქართული არმიის გაძლიერება არა რიცხოვნობის გაზრდით, არამედ სხვა გზებით უნდა მოხდეს. ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ გაზრდილი არმიისთვის გამოყოფილი გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი ხელისუფლებას მოახლოებულ არჩევნებზე გამარჯვებისთვის სჭირდება.
ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკური ორთაბრძოლების განხილვა. მთავარია, მკითხველს ვაჩვენოთ, რა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსია შექმნილი დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რამხელა და როგორი შეიარაღებული არმიები ჰყავთ ჩვენს მეზობლებს და რა რეალური საფრთხე ემუქრება საქართველოს შიგნიდან თუ გარედან.
ფაქტია, რომ რეგიონში საქართველოს ყველაზე მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ის რიცხოვნობით სომხეთის არმიას 1,5-ჯერ ჩამორჩება, ხოლო აზერბაიჯანისაზე 2,3-ჯერ ნაკლებია.
რაც უნდა კარგი და მეგობრული ურთიერთობა გქონდეს მეზობელ ქვეყანასთან, ერთგვარი სამხედრო ბალანსის დაცვა აუცილებელია. არავინ იცის, ხვალ ვინ მოვა მეზობელი ქვეყნის სათავეში და რა პრეტენზიები გაუჩნდება შენ მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საერთო საზღვრები ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი.
ვეცდებით, მკითხველს მივაწოდოთ ექსკლუზიური მონაცემები ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, რაც პირველად ქვეყნდება პრესაში.
სომხეთის შეიარაღებულ ძალებში 43,5 ათასზე მეტი კაცი მსახურობს, აზერბაიჯანისაში კი 65 ათასი (ამ ციფრში არ შედის აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების 2500-კაციანი პირადი შემადგენლობა). ჩვენთან აპროტესტებენ მეხუთე ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბების დაწყებას, სომხეთის არმიაში კი 5 საარმიო კორპუსია, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ პოლკებსა და ბატალიონებზე. აზერბაიჯანის არმიაშიც 5 საარმიო კორპუსია (ცალკეული დანაყოფების გარდა). ვანაძორში დისლოცირებულ ყველაზე დიდ მე-3 სომხურ საარმიო კორპუსში 7700-მდე კაცი მსახურობს, ყველაზე მრავალრიცხოვან 1-ელ აზერბაიჯანულ საარმიო კორპუსში - 13 ათასი კაცი, ქართული ქვეითი ბრიგადის შტატში კი მხოლოდ 3200 კაცი! არადა ქართულ არმიაში ბრიგადა ყველაზე მაღალი დონის შენაერთია.
ეს მშრალი ციფრებიც მეტყველებს, რომ ჯერჯერობით რაიმე სამხედრო პარიტეტზე ლაპარაკიც არ ღირს.
იგივე ან უარესი სურათია შეიარაღების მიხედვითაც.
აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში 261 ტანკია (მათ შორის 163 ცალი T-72-ის ტიპისაა), რაც თითქმის 1,5-ჯერ აღემატება ქართულ სატანკო პარკს. აზერბაიჯანულ არმიას ასევე დიდი უპირატესობა აქვს არტილერიის მხრივ, მათ განკარგულებაშია 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის 343 ერთეული სხვადასხვა კლასისა და ტიპის საარტილერიო დანადგარი და ნაღმსატყორცნი, მათ შორის 12 ცალი 300 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “სმერჩი”, რომელიც მაქსიმალურ, 70 კმ სიშორეზე ისვრის რაკეტებს.
აზერბაიჯანული და ქართული სამხედრო ავიაციების შედარება არც კი ღირს, რადგან ბაქოს განკარგულებაშია არანაკლებ 76 საბრძოლო თვითმფრინავი (მათ შორის 32 ცალი ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი МиГ-25 და 14 გამანადგურებელი МиГ-29) და 15 საბრძოლო შვეულმფრენი Ми-24.
სომხეთის არმია, თავისი 110 ტანკით (მათ შორის 102 ცალი Т-72-ის ტიპისაა) თითქოს ჩამოუვარდება ქართულ არმიას, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის არმიაში 2-3-ჯერ მეტი შეიარაღებაა, ვიდრე თავად სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. სომხეთი Ми-24-ის რაოდენობით (8 ცალი) უტოლდება საქართველოს, მაგრამ 16 საბრძოლო თვითმფრინავით (ერთი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი МиГ-25 და 15 მოიერიშე Су-25) აღემატება ქართულ სამხედრო ავიაციას.
აზერბაიჯანის მოსახლეობა 8,4 მლნ კაცია და ალბათ არც არის გასაკვირი, მისი შეიარაღებული ძალები რომ მეტია 4,5 მლნ-იან საქართველოსაზე, მაგრამ სომხეთის მოსახლეობა ხომ მხოლოდ 3,2 მლნ-ია?! მეზობელი ქვეყნების არმიებთან სამხედრო პარიტეტის დაცვის გარდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უწევთ და ალბათ მოუწევთ დაპირისპირება შინა და გარედან მომდინარე საფრთხეებთან.
ჩრდილოეთიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან ღია აგრესიის შესაძლებლობაც რომ გამოვრიცხოთ, გვრჩება ორი გაყინული შიდა კონფლიქტის ზონა. ეს, თავის მხრივ, წარმოშობს ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლის აუცილებლობის არც ისე სასიამოვნო პერსპექტივას.
სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებმა თბილისის გულის გასახეთქად ხელი უკვე მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული დანაყოფებით ერთმანეთის დახმარებას, თუკი რომელიმე ამ რეგიონში განახლდა საბრძოლო მოქმედებები.
ვთქვათ, საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთდროულად ჩაითრიეს ორ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში - ცხინვალთან და გალის რაიონში. შეძლებს კი ქართული არმიის 4 ქვეითი ბრიგადა ამ საფრთხეებთან გამკლავებას? ბრიგადების პირად შემადგენლობას ხომ სჭირდება დასვენება და ახალი ძალებით ჩანაცვლება?
მეხუთე ქვეითი ბრიგადის შექმნის იდეა დღეს არ დაბადებულა. 2005 წლის გაზაფხულზე, ამ სტატიის ავტორთან საუბარში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ იწყებდა მეხუთე ბრიგადის ჩამოყალიბებას.
გასაგებია მოსახლეობის ერთი ნაწილის გულისწყრომა - სოციალურად დაუცველ ფენებს სამხედრო ბიუჯეტთან შედარებით მცირეოდენი დახმარება ეძლევაო. ასეთი სიტუაცია იმანაც გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში ქართული არმია სულს ღაფავდა, მისი დაფინანსება მიზერული იყო. დღეს მოგვიწევს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ. ამას დიდი ხარჯები სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, ვერსად გავექცევით. სოციალურად დაუცველთათვის დახმარებების გაზრდა კი სხვა გზებითაც შეიძლება. მაგალითად, სახელმწიფო ჩინოვნიკური აპარატის უზომოდ გაზრდილი ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებით.
ერთი კაცურად მითხარით გინახიათ რომელიმეს რომ ოპოზიციას როდესმე მაინც კმაყოფილი ყოფილიყოს რამით?
ისე აზერებს ნახეთ სმერჩ-ებიც ყოლიათ ბლიად
This post has been edited by HOOLIGAN on 17 Sep 2007, 11:54
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს.