#9124537 · 7 Apr 2008, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველმა მებრძოლებმა ერაყში ტერორისტების თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს
სამხედრო ბაზაზე მოულოდნელი შეტევის დროს ქართული არმიის I ბრიგადის მე-11 ბატალიონის მებრძოლებმა ათამდე ტერორისტი დაჭრეს და მოკლეს
გასულ კვირას ყურადღება ბუქარესტში მიმდინარე NATO-ს სამიტისკენ იყო მიპყრობილი და ამიტომაც ჩრდილში დარჩა ერთი მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული არმიისთვის.
ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ერაყში, ვასიტის პროვინციაში, ელ-კუთის სამხედრო ბაზას ტერორისტები მოულოდნელად დაესხნენ თავს.
ნახევარ წელზე მეტია ერაყის ამ პროვინციაში სიტუაციის გაკონტროლება ქართულ სამხედრო სამშვიდობო კონტინგენტს აქვს დავალებული. თავიდან ელ-კუთში მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა იდგა, ა.წ. იანვრის მეორე ნახევრიდან კი მათ პირველი ქვეითი ბრიგადა ჩაენაცვლა.
ელ-კუთის სამხედრო ბაზას და ქართველი სამხედროების მობილურ პატრულებს აქამდეც ესხმოდნენ თავს (ქართველი სამხედროების «ჰამერებს» ორჯერ დაესხნენ), მაგრამ ტერორისტების ბოლო გამოხდომა, ჩანს, მეტად მძაფრი იყო.
ძნელი სათქმელია, ბუქარესტში NATO-ს სამიტის გახსნასა და ამ თავდასხმას შორის რაიმე კავშირი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ტერორისტებმა ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ნაღმსატყორცნებიც გამოიყენეს.
თავდასხმა 10-15 წუთი გრძელდებოდა. აშკარაა, ტერორისტები კარგად იყვნენ მომზადებულნი, რაზეც მათ მიერ წარმოებული ცეცხლის ინტენსიურობაც მეტყველებდა.
1-ელი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის მებრძოლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დააბნია უეცარმა თავდასხმამ, დროულად დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები და მომხდურებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
დაახლოებით 15-წუთიანი ორმხრივი ბრძოლის შემდეგ ტერორისტებმა უკან დაიხიეს, ბრძოლის ველიდან ათამდე დაჭრილი თუ დაღუპული თანამებრძოლი გაათრიეს.
საბედნიეროდ, ქართულ მხარეს მსხვერპლი არ არის, დაიჭრა ერთი მებრძოლი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
ეს არ ყოფილა 1-ელი ქვეითი ბრიგადის საბრძოლო ნათლობა. საქართველოს პრეზიდენტმა 15 მარტს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ბაღდადის მახლობლად ქართველმა სამხედროებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს ოპერაცია და რამდენიმე სოფელი ტერორისტებისგან გაწმინდეს.
«კვირის პალიტრა» ამის თაობაზე წინა ნომერში წერდა. ბაღდადის მახლობლად 1-ელი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის, «შავნაბადას» მებრძოლებმა ერთ-ერთ ერაყულ სოფელში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 51 კაცი დააკავეს და მშვიდობიან მოსახლეობას მშობლიურ სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს.
რა თქმა უნდა, ძნელია თბილისიდან იმის შეფასება, თუ რომელი საბრძოლო ეპიზოდი იყო უფრო სახიფათო და რთული, თუმცა ვფიქრობთ, რომ ელ-კუთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მოგერიება არანაკლებ ძნელი იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში ორმხრივ ინტენსიურ სროლას ნაღმსატყორცნების ცეცხლიც ახლდა.
ეს ორი საბრძოლო ეპიზოდი მეტყველებს, რომ ერაყში მყოფი 1-ელი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა კარგადაა მომზადებული და აქვს ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე შეიარაღებული თავდასხმების მარჯვედ მოგერიების გამოცდილება.
მეორე მხრივ, სამწუხაროდ, იკვეთება ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება - ერაყში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმის სამიზნე უფრო ხშირად ხდება ხუთჯვრიანი «ჰამერები» და ქართველი სამხედროების დისლოკაციის ადგილები. ეტყობა, ეს არც ისე სახარბიელო ტენდენცია გაგრძელდება. ტელევიზიასა და ინტერნეტზე ტერორისტებსაც მიუწვდებათ ხელი და კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველო მათი უპირველესი მტრის - აშშ-ის საუკეთესო მეგობრადაა აღიარებული.
--------------------
გინდა ომი ემზადე მშვიდობისთვის
|