ირაკლი ცაგურია
სომხეთთან ომის დროს ერთ-ერთი შეტაკებისას, ის ფაქტობრივად ალყაში მოექცა; ერთად შეკუმშულან 80 მეომარი პოლკოვნიკ ცაგურიას მეთაურობით და მგლის ხროვასავით გარს შემორტყმული მტრისთვის თავზარდამცემი შეჭყივლებით ჰკვეთებიან. პოლკოვნიკ ცაგურიას მიუგდია ცხენი მოიერიშეებზე, გაუკაფავს ხმლით რამდენიმე კაცი და ასე ბრძოლით უვნებლად გამოსულან სამშვიდობოზე. დაჭრილა ცაგურია ბარძაყსა და ხელში ხიშტით.
1921 წლის 24 თებერვალს ის მცირერიცხოვანი რაზმით რუსების კავალერიას ეკვეთა. გვარდიის იმერეთის ბატალიონის უფროსი აკაკი კვიტაიშვილი წერდა „ჩვენი ცხენოსანი ბრიგადა პასიურ მდგომარეობაშია, ვინაიდან მათი ახალი უფროსი პოლკოვნიკი სიდამონ-ერისთავი დაიბნა და ინიციატივას ვერ იჩენს. ყოველივე ამის მიუხედავად, თავისი პირადი ინიციატივით, პოლკოვნიკი ცაგურია თავისი ორი ესკადრონით ეკვეთა მტერს სოფელ ნორიოსთან. აქ პოლკოვნიკი ცაგურია დაიჭრა, მაგრამ მისმა მანიოვრმა მთლიანად შეაჩერა ჟლობას მოძრაობა. მხოლოდ ერთი პატარა თარეში გამოჩნდა სოფელ ავჭალასთან, რომელიც განდევნილ იქნა“.