სტატია ორფოლოს წვრთნების შესახებ:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmწარმატებით ჩატარებული სწავლება მოგებულ ომად არ მოგვეჩვენოს
ორფოლოში ქართულმა არმიამ აგვისტოს ომის შემდგომ პირველი, შედარებით დიდმასშტაბიანი
სწავლება ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგის სატანკო შეტევა «მოიგერია»...
აგვისტოს ომის მძიმე შედეგებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა ქართულ არმიას და მის მეთაურობას აუცილებლად სჭირდება.
ამ მიზნით, ბოლო დღეებში, ორფოლოს პოლიგონზე ტაქტიკური დონის სწავლება ჩატარდა, რომლის ლეგენდა ძალიან ახლოს იყო იმასთან, რაც ქართველმა სამხედროებმა ოთხი თვის წინ მწარედ იწვნიეს.
კერძოდ, ორფოლოში იხვეწებოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის სატანკო ჯგუფის შეტევაზე მოულოდნელად გადმოსვლის კომბინირებული ძალებით მოგერიება და ალყაში მოქცეული ქართული დანაყოფისთვის უკან დახევის უზრუნველყოფა, ანუ ის, რაც აგვისტოში, სამწუხაროდ, რეალურად მოხდა.
წარმოსახვით ტერორისტებთან ბრძოლის ინსცენირებასა და ლამაზი «მასკი-შოუების» მოწყობას ნამდვილად სჯობს კონკრეტული საფრთხეების წინააღმდეგ არმიის მომზადება.
როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის მომზადებული ქართული ჯარი მოუმზადებელი იყო შედარებით ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის, რომლებშიც აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა სიმძლავრისა და კალიბრის არტილერია და, რაც მთავარია, დამრტყმელი ავიაცია.
27 ნოემბერს ორფოლოში გამართულ საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ეს სწავლება აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
მოულოდნელად შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის 20-მდე ტანკმა, რომლებსაც მხარს ქვეითებიც უჭერდნენ, შეუტია ქართულ დანაყოფს და მისი ალყაში მოქცევა სცადა. მტრის პირობით ტანკებს (მათ როლს სამიზნედ ქცეული ჯავშანტექნიკის ნარჩენები წარმოადგენდა) პირველად ცეცხლი მართვადმა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებმა გაუხსნეს. ერთმანეთის მიყოლებით ხუთი «ფაგოტი» გაფრინდა პირობით მტრის ტანკების შესაჩერებლად.
«ფაგოტებს» დაუყოვნებლივ მხარი აუბეს МСТА-Б ტიპის 152 მმ-იანმა ქვემეხებმა, რომლებიც პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ შეტევაზე გადმოსულ მტრის პირობით ტანკებს.
ქართული დანაყოფის უსაფრთხო უკან დახევის შემდგომი უზრუნველყოფა უკვე საარტილერიო ბრიგადის თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა - DANA-მ და АКАЦИЯ-მ იკისრეს. მათ ჯვარედინი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს შეტევაზე გადმოსულ მტერს. საარტილერიო ბრიგადის რეზერვში მოდერნიზებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - RM-70-ებიც იყო, მაგრამ მათი რაკეტების ზალპის აუცილებლობა აღარ დადგა, მტრის პირობითი ტანკების შემოტევა წარმატებით იქნა მოგერიებული...
სწავლებებზე წარმოსახვით მოწინააღმდეგეს მსოფლიოს ყველა არმია ანადგურებს, ერთი ეგაა, რომ რეალური მტრის რეალური სატანკო არმადის მოგერიება უფრო ძნელია. ქართული არმიისა და მისი ხელმძღვანელობის (სხვადასხვა წელს) მთავარი პრობლემა ის იყო (რაც, სამწუხაროდ, კვლავ რჩება), რომ წარმატებით ჩატარებული საჩვენებელი სწავლება მოგებულ ომად ეჩვენებოდათ...
აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მისასალმებელია, რომ ორფოლოში გასულ კვირას იხვეწებოდა მწარე რეალობასთან ძალზე მიახლოებულ სიტუაციაში სწორი მოქმედების ტაქტიკა - როგორ მოიგერიო შეტევაზე გადმოსული რეალური მტრის ტანკები...
28 ნოემბერს საჩვენებელ სწავლებაზე ერთი საინტერესო სიახლეც იყო: ქართული არმიის ისტორიაში პირველად განხორციელდა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ღამით მიზანში სროლა. ეს შესაძლებელი გახდა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების დამატებითი სპეციალური აპარატურების აღჭურვის შემდეგ (ჩვენ საგანგებოდ არ ვაზუსტებთ ამ აპარატების ტიპსა და წარმომავლობას). თუკი ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება, ქართულ არმიაში გვეყოლება მომზადებული კადრები, შეგვეძლება ღამით, როდესაც მოწინააღმდეგე არ ელოდება, ავაფეთქოთ მისი ჯავშანტექნიკა.