რუსული «ავაქსი» კვლავ ზვერავს ქართულ ცას
ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის F-50 ქართულ ცას ყველაზე
დაძაბულ მომენტებში ჩრდილო კავკასიიდან აკონტროლებდა
ამ ორიოდე წლის წინ თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალიან გააღიზიანა «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებულმა სტატიამ (2006 წლის 23 ოქტომბერი), რომელშიც ვწერდით, რუსული ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი A-50 (რომელსაც სხვანაირად რუსულ «ავაქსსაც» უწოდებენ) ჩრდილო კავკასიიდან აკონტროლებს საქართველოს მთელ საჰაერო სივრცესო.
თავდაცვის უწყებაში მიიჩნიეს, რომ ამ სტატიით თითქოს საქართველოს მოსახლეობის დაშინებას ვაპირებდით...
ახლახან «კვირის პალიტრას» ხელში ჩაუვარდა ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელშიც გარკვევით წერია: «ერთი A-50 მოქმედებს მოზდოკის რაიონში. ის აფართოებს რადიოლოკაციურ ველს სევანის ტბის თავზე და სომხეთში. რუსეთი სამხედრო-საჰაერო ბაზის მორიგე ეკიპაჟებს მართავს».
რუკაზე ერთი დახედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ სევანის ტბამდე რუსული «ავაქსის» რადიოლოკატორის სხივებმა ჯერ მთელი საქართველოს საჰაერო სივრცე უნდა განვლოს, რაც მის გაკონტროლებასაც ნიშნავს.
გამოდის, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ჩვენ მიერ გამოთქმული მოსაზრება რეალობას შეესაბამებოდა და ჩვენ, საზოგადოების დაშინება კი არა, სამხედრო უწყება გვინდოდა გაგვეფრთხილებინა, სარფთხე გვემუქრებაო.
სხვათა შორის, იმ დოკუმენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნებაა - «საქართველოში რადიოლოკაციური ველის უქონლობის კომპენსირება A-50-ების საშუალებით ხდება. მოზდოკიდან აფრინდებიან და მთლიანად აკონტროლებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. გარდა ამისა, საქართველოს ზონაში შეგვიძლია მუდმივად «ვამორიგეოთ» სამი-ოთხი МиГ-31, რომლებიც მთელ საჰაერო სივრცეს უთვალთვალებენ და ინფორმაციას A-50-ს მიაწოდებენ».
ვინც არ იცის, МиГ-31 ის ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 3000 კმ/სთ-მდეა და «ჰაერი-ჰაერი» კლასის მართვად რაკეტას, P-33-ს 120 კმ-ზე ახვედრებს საჰაერო სამიზნეს.
არ გამოვრიცხავთ კიდევ ერთ შესაძლებლობას. შეიძლება სწორედ რუსული «ავაქსი» ბარაჟირებს კრასნოდარის მხარის თავზე, საიდანაც მთელი საქართველოს სანაპირო ზოლის საჰაერო სივრცეს (როგორც აფხაზეთის, ისე ფოთის, ქობულეთის და ბათუმის) აკონტროლებს.
სავარაუდოდ, მას შეუძლია ქართული უპილოტო თვითმფრინავების ფრენის დაფიქსირებაც და მოპოვებულ მონაცემებს გადასცემს აფხაზეთში მყოფ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - «ბუკების» დივიზიონის მართვის პუნქტს...
მიმაგრებული სურათი