«ჰერმესმა» უკანასკნელი ვიდეოკადრით რუსეთის აგრესია მთელ მსოფლიოს დაანახა
გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფის, UNOMIG-ის შეფასება კრემლისთვის ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი იყო
ქართული უპილოტო საფრენი აპარატი HERMES 450 20 აპრილს გალის რაიონში МиГ-29 ან Су-27 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო, რომელიც მერე მაიკოპი-კრასნოდარის მხარეს გაფრინდა - ამაზე ცხადი მიმანიშნებელი დასკვნის წარდგენა კონფლიქტის ზონაში მომუშავე გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფს აღარ შეეძლო.
UNOMIG-ის ჯგუფის დასკვნაში გამეორებულია ყველა ის ძირითადი ვერსია, რაც «კვირის პალიტრასა» და ჟურნალ «არსენალში» გამოვთქვით: - 20 აპრილს, სოფელ გაგიდის ახლოს, ქართულ «ჰერმესს» თავს დაესხა გამანადგურებელი, რომელსაც ორი შვეული კუდი ჰქონდა (ანუ შესაბამისად იყო МиГ-29 ან Су-27 ტიპისა). მან ახლო მანძილიდან (დაახლოებით 2 კმ) სითბური დამიზნების «ჰაერი-ჰაერი» კლასის H-73 ტიპის მართვადი რაკეტა ესროლა ქართულ უპილოტო თვითმფრინავს (თუმცა ჩვენს ადრინდელ ვერსიაში P-73 ტიპის რაკეტასთან ერთად ეჭვი მის ადრინდელ მოდელზე, P-60M-ზეც გვქონდა).
UNOMIG-ის ჯგუფმა ოფიციალურად გააჟღერა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა, რადგან აფხაზი სეპარატისტების რუსეთზე გადაფარების მცდელობა, თითქოს ქართული «ჰერმესი» მათმა სასწავლო-საბრძოლო L-39 «ალბატროსმა» ჩამოაგდო, სრული აბსურდი გახლდათ.
გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ ბევრი საინტერესო რამ გახდა ცნობილი.
პირველი: ნაქები ებრაული «ჰერმესი» თურმე სულაც არ ყოფილა რადიოლოკატორებისთვის მაინცდამაინც ძნელად შესამჩნევი. ფოთში დაყენებულმა ქართულმა სამკოორდინატიანმა რადიოლოკატორმა 36Д6-მა, რუსული გამანადგურებლის ფრენის მარშრუტის გარდა, ჩვენი «ჰერმესის» ფრენის დიდი ნაწილიც დააფიქსირა.
კარგი იქნებოდა, ჩვენი «ჰერმესის» ფრენას მხოლოდ ჩვენივე 36Д6 ტიპის რადიოლოკატორი რომ ხედავდეს.
UNOMIG-ის ჯგუფის დასკვნაში თითქმის დარწმუნებითაა ნათქვამი, რომ სოხუმის ახლოს, ბაბუშერის აეროპორტის მიდამოებში განთავსებულ ანალოგიურ 36Д6 ტიპის რადიოლოკატორს 360 კმ-ის რადიუსში შეუძლია დააფიქსიროს მფრინავი ობიექტები, მათ შორის მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტებიც.
როგორც ჩანს, სოხუმის აეროპორტში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაისროლა მობილური 36Д6 ტიპის რადიოლოკატორი, რომლითაც ისინი აღმოაჩენენ «ჰერმესებს» და მათზე გამანადგურებლის პილოტი გაჰყავთ.
20 აპრილსაც ასე მოხდა. ფოთიდან ქართულმა რადარმა რუსული გამანადგურებელი პირველად გუდაუთის აეროდრომიდან აღმოსავლეთით 12,6 კმ-ზე და 2800 მ სიმაღლეზე დააფიქსირა. თავიდან ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ რუსული გამანადგურებელი გუდაუთის ბომბორას აეროდრომიდან უნდა აფრენილიყო (ამ სამხედრო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, წესით, გაუქმებული უნდა იყოს. იქ ერთხელ ჩასულ ეუთოს წარმომადგენლებს მართლაც აჩვენეს ბლოკებით გადაკეტილი ასაფრენი ზოლი. ასე მოჩანდა ეს ზოლი კოსმოსიდან გადაღებულ სადაზვერვო ფოტოსურათებზეც, მაგრამ მათ აღებას ხომ ნახევარი საათიც არ სჭირდება...). შესაძლოა, რუსული საბრძოლო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრციდან დაბალ სიმაღლეზე შემოფრინდა, რათა ქართულ რადარს არ დაეფიქსირებინა; მხოლოდ გუდაუთის მიდამოებში აიღო სიმაღლე, რის გამოც ფოთის რადიოლოკატორის ეკრანზეც გამოჩნდა. იმას, რომ ბაბუშერის აეროპორტიდან 36Д6 ტიპის რადიოლოკატორის დახმარებით რუსული ავიაგამანადგურებლის პილოტს «ჰერმესის» ადგილსამყოფელს უზუსტებდნენ, შემდეგი დეტალი მიუთითებს - რუსული თვითმფრინავი გუდაუთის საჰაერო ზონიდან ქვემოთ და აღმოსავლეთისკენ მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად, სამხრეთისკენ მკვეთრად ქნა პირი, ე.ი. მას რუსული რადიოლოკატორის ოპერატორებმა ჰაერში აღმოჩენილი «ჰერმესის» ზუსტი ადგილსამყოფელი მიუთითეს. თავად გამანადგურებლის საბორტე რადიოლოკატორით რუსული პილოტი, ეტყობა, ვერ აღმოაჩენდა ქართულ «ჰერმესს»...
რუსეთის ოფიციოზს, რა თქმა უნდა, არ სჯერა გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გამოძიების შედეგისა. ეს მათგან არც უნდა გაგვიკვირდეს - მოსკოვი 1994 წლის ნოემბერ-დეკემბერში რამდენიმე დღე უმოწყალოდ ბომბავდა გროზნოს და მთლიანად ჩეჩნეთს და უტიფრად აცხადებდა, - რუსული ავიაცია აქ არაფერ შუაშია, ეტყობა, უცხოპლანეტელები ბომბავენო...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ასევე ურცხვად აცხადებს, - «ჰერმესის» უკანასკნელი ვიდეოკადრები, სადაც რუსული გამანადგურებლის სარაკეტო შეტევის ბოლო წამებია აღბეჭდილი, ქართულმა მხარემ დაამონტაჟა და მსოფლიო საზოგადოებრიობა, ისევე როგორც გაეროს UNOMIG-ის ჯგუფი, შეცდომაში შეჰყავსო.
არადა UNOMIG-ის დასკვნის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ვიდეოკადრებისა და რადიოლოკატორების მონაცემების რეალობის დადასტურებას ეძღვნება.
გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ასკვნიან, რომ ლოკატორის მონაცემები სიმულატორით რომ ყოფილიყო გაკეთებული, მაშინ ხაზები ეკრანზე უფრო თანაბარი იქნებოდა, ხოლო დამონტაჟებულ ვიდეოკადრებზე ფერები აირეოდა. «ჰერმესის» ვიდეოკადრებზე გამოჩენილი სანაპირო ზოლი და რადარზე დაფიქსირებული «ჰერმესის» ფრენის მარშრუტის მომენტი ერთმანეთს ემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს «ჰერმესის» უკანასკნელი ვიდეოკადრების ნამდვილობაზე.
20 აპრილს ქართულმა «ჰერმესმა», თავისი მცირეხნიანი არსებობის ბოლო წამებში ვიდეოთვალით მოიპოვა ისტორიული კადრები, თუ როგორ ლახავს რუსული სამხედრო მანქანა საქართველოს სუვერენიტეტს, რაც მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო გახდა!
მიმაგრებული სურათი