matechala
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2468
წევრი No.: 115529
რეგისტრ.: 13-May 10
|
#26160470 · 25 Jun 2011, 23:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
defender. მართალი ხარ მეგობარო მაგრამ მობილურით ქართულად ვერ დავწერე. ამ ბიჭებზე რომ გადაიღონ ფილმი არ შეიძლება? * * * ვააა მემგონი ჩემი ოცნება ახდება
„ღიმილის ბიჭები – ცივი აგვისტო“ Monday, 18 April 2011 00:00 თორნიკე ყაჯრიშვილი E-mail Print PDF
„შინდისის გმირები“ – ასე უწოდეს ავტორებმა ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სისხლიანი აგვისტოს მოვლენებს, კერძოდ კი, შინდისთან გმირულად დაცემული 17 მეომრის თავდადების ამბავს ასახავს. ყველას გახსოვთ, ალბათ, ნათლია-ნათლულის, ზოიძისა და ონიანის სამაგალითო გმირობის ისტორია, მტერს რომ არ დანებდნენ და მამაო ჩვენოს ლოცვით რომ აიფეთქეს თავი მტრის ალყაში მოქცეულებმა. შინდისელი გმირების სიმამაცემ მტერიც კი გააოცა, არათუ ჩვენ, მათი თანამემამულეები. ეს ისტორია ახალი პროექტის შექმნის მიზეზი გახდა, რომელიც რუსთაველის თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა ბავშვობის მეგობარს, მიხეილ დვალიშვილს და მის თანამებრძოლებს მიუძღვნა. შინდისის გმირებზე დაწერილი პროექტი ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ადგილზე მოძიებული ფაქტებითა და მასალებით, დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. პრემიერა 10 მაისს შედგება.
ედმონდ მინაშვილი, პროექტის ავტორი: „პროექტის გაკეთების იდეა 2008 წლის აგვისტოში, მაშინ გამიჩნდა, როდესაც ჩემი ბავშვობის მეგობრის, მიხეილ დვალიშვილის გმირულად დაღუპვის ამბავი გავიგე. ის შინდისში, 16 ბიჭთან ერთად დაიღუპა... როდესაც მიშიკო სოფელში ჩამოასვენეს, თქვეს, შინდისში მასთან ერთად რამდენიმე ბიჭი გმირულად დაიღუპაო. მაშინ ვთქვი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიშიკოსა და მასთან ერთად დაღუპული ბიჭების სახელი სრულიად საქართველოს გავაცნო-მეთქი. მე ომში არ მიბრძოლია და სინდისის ქენჯნაც მქონდა. მინდოდა, ამით ჩემი დამოკიდებულება და პატივისცემა გამომეხატა მათ მიმართ. დავიწყე პროექტზე მუშაობა. მოვუყევი ბატონ რობერტ სტურუას ჩემი ჩანაფიქრი, რომელსაც ძალიან მოეწონა და მითხრა, ყველანაირად დაგეხმარებიო. შემდეგ მივედი ბატონ რეზო ჩხეიძესთან, მას ომის თემაზე ბევრი აქვს ნამუშევარი. როდესაც შინდისის ისტორია მოვუყევი, მითხრა, ჩემი „ღიმილის ბიჭები“ გამახსენეო... ბატონ რეზოს ვთხოვე, მინდა ეს პროექტი უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით გავაკეთოთ-მეთქი. მეორე დღესვე შემახვედრა უწმინდესსა და უნეტარესს სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში, რომელმაც მოგვცა კურთხევა. შინდისის გმირები სწორედ უწმინდესმა გადმოასვენა 15 აგვისტოს... ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, გოგი მარგველაშვილი, რობერტ სტურუა და რეზო ჩხეიძე ჩემი პროექტის კონსულტანტები არიან. ამ ადამიანების კონსულტაციებით, წერილებით მივდიოდი სპონსორებთან და ვთხოვდი მინიმალურ თანხებს. პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი ექსპედიციას, მასალების შეგროვებასა და დოკუმენტური ფილმის გაკეთებას გულისხმობდა, რომელიც უკვე დავასრულეთ. ექსპედიცია 22 დღე გრძელდებოდა. დაახლოებით 11 ათასი კილომეტრი გავიარეთ. გადაღებული 18-საათიანი მასალიდან ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი გავაკეთეთ, „შინდისის გმირების“ პრემიერა მაისში შედგება. ფილმს მსახიობი ზურა ყიფშიძე ახმოვანებს. ორიგინალური მუსიკა ნიაზ დიასამიძემ შექმნა. ფილმში გამოყენებულია ლექსი, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანმა დაწერა და თავადვე კითხულობს. რეჟისორები დავით ხუბუა და მე გახლავართ, ერთობლივად ვიმუშავეთ. ოპერატორი გიორგი ხელაშვილია. ფილმს ჩემთან ერთად პროდიუსერობას უწევს მსახიობი ბექა სონღულაშვილიც, რომელიც ჩემთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. ძალიან გვეხმარებოდნენ ჟურნალისტები: ოლიკო გვენეტაძე, ნინო მიქიაშვილი და ფოტოგრაფი გიორგი ბარსეგიანი. ფილმის დირექტორი კახა კუპატაძეა. ყველა ეს ადამიანი, ვინც ჩამოვთვალე, უანგაროდ მუშაობდნენ. საპატრიარქოს ტელევიზია ძალიან დაგვეხმარა, როდესაც უწმინდესი გორში ცხედრების გადმოსასვენებლად შევიდა, ოპერატორი ახლდა თან, რომელსაც ეს ყველაფერი გადაღებული აქვს. ფილმში ეს კადრებიც შევიდა... რაც შეეხება ფილმის ბიუჯეტს, ძირითადათ ბარტერული დახმარებით გადავიღეთ. მთლიანობაში, რომ დავიანგარიშეთ, ყველაფერი დაახლოებით 16 ათასი ლარი დაჯდა. ექსპედიცია 17 ბიჭის ოჯახში მისვლითა და მათი ოჯახის წევრების ჩაწერით დავიწყეთ. ვცდილობდით, მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეპოვებინა თითოეულ გარდაცვლილზე. ასევე, ჩავწერეთ მამა იოსები, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები მოგვიყვა. მამაოც იმ კოლონას მოჰყვებოდა, როცა შინდისში ჩასაფრებულმა მტერმა ცეცხლი გაუხსნა სენაკის ბატალიონს... ჩავწერეთ ასევე ჯარისკაცი ოთო კალმახელიძე, რომელიც ამ შეტაკების დროს ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ეს ადამიანი ცოცხალი მოწმეა, რომელმაც შინდისის ისტორია გააცოცხლა და დეტალურად მოგვიყვა ყველაფერი... ეს ადგილი ცოცხალი მუზეუმია, საოცარი აურა მოდის... სოფლის მოსახლეობა გაშლილ მინდორზე რამდენიმე პატარა ნაგებობას როგორც მუზეუმს, ისე უვლის. დოკუმენტურ ფილმში, ასევე, იქნება რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ შეტაკებაში. ეს ინტერვიუ ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ჩაწერა. მისი რესპონდენტი 23 წლის სარატოველი რიგითი ჯარისკაცი, საშა დროზდოვი აღმოჩნდა. საუბრის დასასრულ კი, შინდისის ისტორია მოუყოლებია, როგორც ქართველების გმირობის მაგალითი, ასეთებიც ხდებოდა ამ ომშიო...“
„გულიდან სისხლის წვეთები“ „პროექტის მეორე ეტაპია წიგნის გამოშვება, რომელზეც დაწყებული გვაქვს მუშაობა. წიგნი ისტორიული რომანი იქნება, რომელსაც „გულიდან სისხლის წვეთები“ დავარქვით, სადაც შინდისის გმირების გარდა, სხვა ბიჭებზეც იქნება მოთხრობილი. პროექტის მესამე ეტაპი კი ეკლესიის აგებაა. შინდისში, იმ დაგილას, სადაც ეს შეტაკება მოხდა, ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი პატრიარქს, რომელმაც მითხრა, რომ „წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგეთ. ტაძარი, რომელიც „ყოველთა ქართველთა და ოსთა, ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას“ მიეძღვნებაო. ტაძრის მშენებლობა ჯერ არ არის დაწყებული, თუმცა უკვე ოფიციალურად გადაუფორმდა მიწა ეკლესიას. გახსნილია ანგარიშის ნომერი ბანკში. „მაგთიმ“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“ გამოგვიყო სპეცნომერი – 200 120. თქვენი გაზეთის საშუალებით, ვთხოვთ ყველას, დარეკონ ამ ნომერზე და თუ ვინმეს რაიმე სახის დახმარების სურვილი გაუჩნდა, დაგვიკავშირდნენ და დავაკვალიანებთ. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, ეს არის მხატვრული ფილმის გადაღება. სცენარი იწერება. გვინდა, რომ ამ ბიჭების სახელი არამარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავიდეს. მე ბატონ რეზო ჩხეიძისგან ავიღე უფლება, მინდა ფილმს „ღიმილის ბიჭები“ დავარქვა, ქვესათაურად კი – „ცივი აგვისტო“. დარწმუნებული ვარ, რომ წამოვა კრიტიკა და ბევრჯერ მომიწევს ამ სიტყვების გამეორება. ბატონმა რეზომ მითხრა, აუცილებლად, ამ ფილმს სხვა სახელი არც შეიძლება რომ ჰქონდესო. რაც შეეხება ქვესათაურს, „ცივი აგვისტო“ იმიტომ, რომ აგვისტო ისედაც ცხელია, მაგრამ ის აგვისტო ჩვენთვის ყველაზე ცივი იყო... ფილმის სცენარს ირაკლი სოლომონაშვილი აკეთებს. ფილმის გადაღება, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. ფილმის რეჟისორს ჯერ ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სიურპრიზი, რადგან ის საზღვარგარეთ მოღვაწე, საკმაოდ ცნობილი ქართველი რეჟსორია“.
|