აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ერთადერთ შვილს ჩვენი დახმარება სჭირდება
3 წლის ანანო კვალიაშვილს მწვავე ლიმფოლეიკემია აქვს. ბავშვს სისხლის გათეთრება სექტემბერში, ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდგინეს და ამჟამად ლეიკემიის „ბე“ ფორმით იაშვილის კლინიკაში, ჰემატოლოგიის განყოფილებაში მკურნალობს... ანანო აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული 22 წლის ივანე კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. როცა ვანიკო ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა, ბავშვი ჯერ მხოლოდ 9 დღის იყო... მამას ანანო სულ ერთხელ ჰყავდა ხელში აყვანილი... ვანიკოს მეუღლე, ნინო ბალაშვილი 17 წლის დაქვრივდა...
როცა წიგნ „გმირს“ ვამზადებდით, მეუღლეზე სასაუბროდ ნინოს გორში, ვერხვების დასახლებაში ვესტუმრეთ. მეუღლის გარდაცვალებით მოყენებულ ტკივილს ვერაფერი შემიმსუბუქებს, მაგრამ ახლა მთლიანად ანანოზე ვარ გადართულიო, – მითხრა... არავინ იცოდა, რომ მას ცხოვრება კიდევ ერთ განსაცდელს უმზადებდა. მაშინ ანანო ერთი წლის იყო...
ნინო ბალაშვილი, ანანოს დედა: „ახლა 21 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებამ უკვე ბევრი ტკივილი მომიტანა... 17 წლის ვიყავი, როდესაც 9 დღის ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი...
ბავშვის ტანჯვას რომ ვუყურებ, უფრო გავნადგურდი... შეიძლება ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ანანოს ავადმყოფობამ გარდაცვლილი მეუღლეც დამავიწყა... ახლა მხოლოდ ბავშვზე ვარ გადართული...
სამი თვეა, რაც აქ ვართ და ძალიან დავითრგუნე. ჯერ ბავშვის დიაგნოზმა გამანადგურა, მერე აქ რომ ვუყურებ, როგორ იღუპებიან ბავშვები, უფრო ცუდად ვხდები, ძალიან განვიცდი... როცა იცი, რომ შენს შვილსაც იგივე სჭირს... ძალიან მეშინია...
აქამდე ანანოს არაფერი ასტკივებია. აცრის გარდა, მისთვის ნემსი არ გამიკეთებია... ამ ზაფხულს ზღვაზე მყავდა წაყვანილი დასასვენებლად და ერთ დღეს მოულოდნელად გაყვითლდა. მერე სიცხემ აუწია... მუცელს იტკიებდა და სიყვითლე და სიცხე ჭიას დავაბრალე, მაგრამ... ერთი წუთითაც არ გამიფიქრებია, რომ ბავშვს რამე სერიოზული პრობლემა შეიძლებოდა ჰქონოდა... გორში ჩამოსვლისთანავე ავუღეთ ანალიზები. შემდეგ, ექიმმა რომ გასინჯა, ბავშვს ღვიძლი და ელენთა ჰქონდა გადიდებული. იმ საღამოსვე გამოგვიშვეს თბილისში. როცა იაშვილის კლინიკაში ანალიზი გაუკეთეს, ჰემოგლობინი 26-ზე ჰქონდა დაწეული, არადა 70-ია ნორმა. საავადმყოფოდან აღარ გამოგვიშვეს.
ერთი თვის მანძილზე ბავშვს 18 გადასხმა გაუკეთდა. თითოეული გადასხმის პროცესი ერთი საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება...“
ნანა თოჩიშვილი ბავშვის ბებია: „სანთელივით შევცქეროდით ბავშვს, მაგრამ, ალბათ, უფლის ნებაა და მას ასე უნდა, რომ იყოს...
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მის ექიმს, რომელმაც გასინჯვისთანავე თბილისში გამოგვიშვა და დრო არ დავკარგეთ. კიდევ კარგი, რომ ზღვამ დაავადების გამოვლინება დააჩქარა, თორემ ეს პროცესი ფარულად კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. როცა ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით, უკვე საკმაოდ რთულ ფორმაში ექნებოდა...
ზღვაზე წასვლამდე, ყურის უკან პატარა ჯირკვალი გამოუვიდა, ანტიბიოტიკები დაუნიშნა ექიმმა და ჯირკვალი გაქრა. მაშინ ექიმიც რას წარმოიდგენდა, რომ ბავშვს ლეიკემია ჰქონდა.
ლეიკემიის „ბე“ ფორმა ამ დაავადების საწყისი ეტაპია. გვეუბნებიან, განკურნებადიაო, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ისეთ საშინელებებს შევესწარით, რომ ძალიან გვეშინია... „ბე“ ფორმით გაყვანილი ბავშვი სამი თვის შემდეგ უკან მობრუნდა და აგერ ცოტა ხნის წინ დაიღუპა...
სულ ვკითხულობთ, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც ბავშვს გავუკეთებთ და განიკურნება, მაგრამ არაფერია... ძვლის ტვინის გადანერგვაზეც ასე გვითხრეს, თუ ორგანიზმი ქიმიოთერაპიას აღარ დაექვემდებარა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ძვლის ტვინის გადანერგვაო...
100%-იან იმედს არავინ გვაძლევს, ახლა უფალზე ვართ მინდობილი... დიდი შანსია, რომ განიკურნოს. მკურნალობას, კონკრეტულად კი ქიმიას დაექვემდებარა ორგანიზმი. ვნახოთ, როგორ იქნება... ექიმები ამბობენ, რომ 3 წლის ასაკში ეს დაავადება ადვილად გადასატანია. ღმერთმა ქნას და საბოლოო განკურნების შემთხვევაში, ხუთი წლის განმავლობაში თუ ანანოს ისევ არ განუვითარდა ლეიკემია, ბავშვი გადარჩენილია... ახლა მკურნალობის პირველ კურსს ვამთავრებთ, წინ კიდევ ორი კურსი გველოდება...
მადლობა უფალს, რომ ძალიან კარგი ექიმი შეგვხვდა იაშვილის კლინიკაში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველაფრისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს, ოჯახს მატერიალურად უჭირს.
გმირი –
ივანე
კვალიაშვილი
ივანე კვალიაშვილი 1986 წლის 18 დეკემბერს, გორში, ვერხვების დასახლებაში, დაიბადა. კვალას გორში ყველა კარგი სახელით იცნობდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა...
მომავალი მეუღლე თამარაშენში „ბონიემის“ კონცერტზე გაიცნო. გაცნობიდან ერთ წელში დაქორწინდნენ, მაგრამ ერთად მხოლოდ ერთი წელი იცხოვრეს...
ბოლოს სახლიდან 7 აგვისტოს გავიდა. მეუღლეს უკანასკნელად 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ელაპარაკა. იმ ღამეს ყარაულში იყო, დილით ცვლა უნდა შეეცვალა... გორის სამხედრო ბაზის აფეთქება ოჯახმა ტელევიზორიდან შეიტყო, თუმცა მას უკვე ვეღარ უკავშირდებოდნენ. გორს მხოლოდ მამა არ ტოვებდა, ჩემი შვილი აქ არის და როგორ წავიდეო... იმ დროს, როცა გორის სამხედრო ბაზაზე ჭურვი ჩამოვარდა, ეზოში მდგარი ბიჭებიდან ყველა დაიღუპა. საცეცხლე ჯგუფის მეთაურს ყველგან ეძებდნენ. ბოლოს მამამისმა მორგში ნახა... მაშინ ვანიკო 22 წლის იყო...
გმირი, სახელად ივანე კვალიაშვილი, დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მან ცხოვრებაში გმირის სახელი და პატარა ანანო დატოვა, რომელსაც ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვის სახელზე გახსნილია ანგარიში „თიბისი“ ბანკში. ანგარიშის ნომერი: GE54KB75 68045063600010. ტელ.: 558 17 99 67http://ptpress.ge/index.php?option=com_con...adoeba&Itemid=3დავეხმაროთ ვისაც როგორ შეგვიძლია
This post has been edited by karela on 17 Dec 2011, 21:00
,,როგორც ადრე ვიმარჯვებდით დიდგორთან და ბასიანთან, ახლაც უნდა გავიმარჯვოთ დიდ ღორთან და ბასიაკთან!'' © ტარიელ ჭანტურია