USSR
Made in

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5136
წევრი No.: 36723
რეგისტრ.: 18-June 07
|
#11836149 · 11 Dec 2008, 00:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ილია ჭავჭავაძემ ძალიან კარგად ახსნა ქართველის ბუნება მგზავრის წერილებში
თერგზე როდესაც ლაპარაკობს ის თერგის სახით ქართველზე ლაპარაკობს
საზღვარს იქით (საქართველოს მხარეს)მჩქეფარედ მოდის ხოლო საზღვარს აქეთ (რუსების მხარეს)მდორედ მიედინება თითქოს ან როზგებქვეშ გაუტარებიათ ან დიდი რამე ჩინი მიუციათო |
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ნამდვილად არ ვიყავით ომისთვის მზად, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს ხათრი ვერ გავუტეხეთ საუკუნოვან მტერს და ავყევით, ალბათ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი, უკვე გენეტიკური შიშის გამოც. შიში შეიქმს სიყვარულსა, სიყვარული კი ბრმაა.
პუშკინისა და ტოლსტოის ქუჩებს კი არ უნდა გადავარქვათ სახელი, რის შემდეგაც კულტურული ხალხი უმალ უკულტურო ბრბოდ გადავიქცევით მთელი მსოფლიოს თვალში, არამედ ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა. ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით, ხოლო ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომისა. ომი, რომელსაც ჩვენ «ორდღიანი» დავარქვით, პეტრე პირველის დაწყებულია. ჩვენმა მწიგნობარმა მეფემ, ვახტანგ მეექვსემ, სიტყვაზე დაუჯერა პეტრეს, ერთად ავლაგმოთ სპარსეთიო და ბოლოს მარტო აღმოჩნდა გააფთრებული სპარსული ლომის პირისპირ, რის გამოც არათუ სამშობლოში ცხოვრება, სამშობლოში დამარხვაც აღარ ეღირსა. ასე რომ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და, როგორც უკვე ვთქვით, ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება, რუსეთი შეიცვლის ზნეს თუ ჩვენ ავილაგმებით პირისაგან მიწისა. რაც აგვისტოში მოხდა, მხოლოდ ორდღიანი მონაკვეთია სამასწლიანი ომისა და ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა. საერთოდ, ერეკლედან მოყოლებული (ერეკლემ ორჯერ მიიღო ამ ომში მონაწილეობა, ერთხელ აწყურთან, მეორეჯერ კრწანისში), საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, ფიქტიურსაც და ფაქტიურსაც, არაფერი უცდია სიტუაციის შესაცვლელად. შეიძლება, შეგნებულადაც იქცეოდნენ ასე, უფრო სავალალო შედეგების შიშით. თუმცა, ჩვენთვის შედეგი ყოველთვის ერთნაირად სავალალოა, როგორც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ დაშვებული ყველა შეცდომა.
კიდევ ერთს ვიტყვი მხოლოდ: გასული საუკუნის ოციან წლებში, ამჯერადაც კრწანისში, მეთერთმეტე არმიის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, მთავარსარდლობამ კატეგორიულად აუკრძალა ქართველ ჯარს კონტრიერიშზე გადასვლა, როცა, სამხედრო ექსპერტების აზრით, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ საქართველოს სასარგებლოდ გადაეწყვიტა ომის ბედი ამ კონტრშეტევას.
აი, ასეთი უცნაური დამთხვევებითაა სავსე ჩვენი გაჭიანურებული ომი, თუკი მეტი გულისყურით გაეცნობით, როგორც უკვე ისტორიულს, ასევე ჯერ კიდევ «ცხელ» ფაქტებს. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, როდემდე შეიძლება, ომისა არ იყოს, ასე უსასრულოდ ვიმეოროთ ერთი და იგივე. ხუთი წლის წინაც ისევე იწვოდა ჩემთვის ჩვენი სამშობლო, როგორც დღეს იწვის. დიდი ხანია იწვის. იწვის ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს გარშემო, ჩვენს სულში! ცოტაც და, კვამლით გავიგუდებით ყველანი, სამარცხვინოდ დავამთავრებთ, ღმერთმა იცის, ამდენ საუკუნოვან არსებობას. ღმერთსაც გავუწბილებთ მოლოდინს და კაცსაც, რადგან ღმერთიც მეტს ელოდა ჩვენგან და კაციც. უფრო სწორად, არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი და არც კაცს. მაგრამ, იმის ნაცვლად, კიდევ უფრო ჯიუტად, კიდევ უფრო მტკიცედ დავმდგარიყავით სამზეოზე, თანდათან რული მოგვერია და ისიც ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით... და აი, მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო. ჩვენ კი, მოურჩენელი სიბნელის ბინადარნი, ერთმანეთს ვუსისხლიანებთ თავ-პირს და ერთმანეთზე ვიყრით ჯავრს საერთო უმწეობისა და უმაქნისობის გამო. ანუ, შეგინებულ სიცოცხლეს ვებღაუჭებით მაინც, წყალობად ვუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა, სახელოვანი სიკვდილი რომ სჯობს ნაძრახ სიცოცხლეს... აღარ გვჯერა, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც რომ აუღებელი ციხესიმაგრეა მტრისთვის... არადა, თუ ჩვენს სამშობლოს მართლა დაღუპვა უწერია, გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები... ერთი დღეც ნუ გვეცოცხლოს უსამშობლოდ! ეს არც წყევლაა და არც ლოცვა. გნებავთ, ლოცვაც ესაა და წყევლაც ერთსა და იმავე დროს, რადგან უსამშობლობა, ყველა უბედურებასთან ერთად, სამარცხვინოცაა და განსაკუთრებით დღეს, როცა ისიც კი იკოწიწებს სამშობლოს, თანაც სხვათა მიწების ხარჯზე, ვისაც არასოდეს ჰქონია, არც სახნისი სჭერია ხელში, არც სასხლავი და არც კალამი... ჩვენ კი, «მონობაში გადიდკაცებულთა» ამაზრზენმა სიხარბემ შვილივით ნაფერები ვაზი აგვაჩეხინა, ომებში გაბასრებული ხმალი ქარქაშში ჩაგვიჟანგა, წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია... ეტყობა, ჩვენმა «გაიძვერა მოყვარემ» უკვე მიაღწია საწადელს: ის აღარა ვართ, ვინც უნდა ვიყოთ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით, როგორიც შეგვქმნა თავიდანვე ღმერთმა თუ ბუნებამ... მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ვისი სისხლი გვიდგას, ბოლოს და ბოლოს, ძარღვებში: «ვეფხისტყაოსნის» დამწერისა თუ ქართველთა შეთქმულების გამცემისა, სვეტიცხოვლის ამშენებლისა თუ ილიას მკვლელისა, მტრის რისხვისა თუ მტრის მსახურისა... და მაინც, დიდი უსამართლობა იქნება ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაწირვა, მხოლოდ იმიტომ, კვლავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვმდგარვართ და სადაც უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. კვლავაც ის რომ გვწამს, რაც თვალისგახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც სანახევროდ თითქმის უკვე დამწვარ, გულსაკლავად დამახინჯებულ-დაპატარავებულ სამშობლოს ამარა დარჩენილებსაც გვწამს: სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ, ვერც სურვილისამებრ აირჩევ - ღმერთის საჩუქარია - და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაკი სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს... ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა!!!
This post has been edited by USSR on 11 Dec 2008, 00:06
|