საფრთხე სამხრეთიდან!
სად გაქრა ქართული მიწა?!
ტიგრან კარაპეტიანი: «საქართველო დაკარგავს ჯავახეთს და ჩვენ გვექნება გასასვლელი ზღვაზე»
ვინ გააქრო ნახევარი სოფელი საქართველოს რუკიდან
აგვისტოს ომის მიუხედავად, საქართველო, როგორც კავკასიის ცენტრი, რუსეთისათვის კვლავ რჩება სტრატეგიული ინტერესის ობიექტად. რუსები აღარ მალავენ, რომ საქართველოს პრობლემა სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. აშკარაა, რომ ძმათამკვლელი ომების მიუხედავად, კავკასიელებს ერთმანეთი მაინც ვერ შეაძულეს. აფხაზები ქართველებთან დიალოგზე ფიქრობენ, ოსები ინგუშებთან დიალოგის მომხრენი არიან; ანუ კავკასიაში ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ცენტრი ისევ საქართველოა. ბუნებრივია, რუსეთისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია და საჭიროა საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა. ამჯერად, როგორც ჩანს, ჩვენს «უფროსს ძმას» ახალი გეგმა აქვს, რომელიც სომხებისა და ქართველების ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებას ისახავს მიზნად. სხვას ვერაფერს დაარქმევ ბოლო პერიოდში სომხეთის მედიაში ატეხილ ისტერიკას, არიქა, ქართველები ჯავახ თანამოძმეებს გენოციდს უწყობენო.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთის ელჩმა სომხეთში ნიკოლაი პავლოვმა მეტად საინტერესო და პროვოკაციული პრესკონფერენცია გამართა: «22 იანვარს ახალციხეში საქართველოს მოქალაქეები გრიგორი მინასიანი და სერგო აკოფჯანიანი დააკავეს. მათ საქართველოს ხელისუფლებამ ბრალად დასდო არალეგალური შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება და შპიონაჟი რუსეთის სასარგებლოდ. ეს ქართველების მორიგი პროვოკაციაა. დსთ-ის სივრცე რუსეთს შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტულ საკითხად მიაჩნია. სამხრეთ კავკასიამ გადაიტანა კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ავანტიურით, რაც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით გამოიხატა. მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა ზომებმა, რაც სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის(!) ნორმებს, გახადა შესაძლებელი ოსი ხალხის გენოციდისგან გადარჩენა».
მართალია, რუსეთის ელჩს არ უთქვამს, აბა, თქვენ იცით, ჯავახელო სომხებო, თუკი რაიმეს მოიფიქრებთ, «Gგენოციდისგან» თქვენც გიხსნითო, მაგრამ პრესკონფერენციის ქვეტექსტი ნამდვილად ეს იყო. როგორც ჩანს, ეს სომხეთშიც კარგად ამოიკითხეს და ანტიქართული სტატიებისა და განცხადებების ნიაღვარი დაიძრა (სხვათა შორის, ამ განწყობილებას ვერც ქართველი მინისტრების მიერ ეკლესიის კარის შემტვრევამ უშველა).
ჯერ იყო და, სომეხმა პოლიტოლოგებმა ახალი ინიციატივები წამოაყენეს. განაცხადეს, რომ საქართველო-ოსეთის ომის შემდეგ სომხეთის როლი კავკასიის რეგიონში გაიზარდა და ვალდებული ვართ, ეს საჩვენოდ გამოვიყენოთო. ამას მოჰყვა პოლიტოლოგ ლევონ მელიქ-შახნაზარიანის განცხადება, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ყარაბაღის პრობლემით არის დაკავებული და ამ დროს უყურადღებოდ რჩება სომეხი მოსახლეობის პრობლემები საქართველოში.
კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივით სომხურ პრესაში სახალხო პარტიის თავმჯდომარე ტიგრან კარაპეტიანი წარდგა და საზოგადოებას ამცნო, როგორ უდიერად ექცევიან ქართველები სასიქადულო სომეხი მამულიშვილის, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმს და მისი ყიდვის სურვილი საქართველოს მთავრობას შემოუთვალა (ნეტავ ის თუ იცის ტიგრან კარაპეტიანმა, რა დაუბარა შთამომავლობას ოვანეს თუმანიანმა? მან თქვა, შევაჩვენე ყველა სომეხი, რომელიც ქართველებზე ხელს აღმართავსო). ტიგრან კარაპეტიანის განცხადებიდან: «საქართველოს ხელისუფლება ავიწროებს ჯავახეთის მოსახლეობას და ეს განპირობებულია ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო რუსეთთან, ახლა უკვე თურქეთსა და ირანთან. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს სომხების მოთხოვნას და არ გადაწყვეტს ჯავახელი მოსახლეობის პრობლემებს, როგორც ეკონომიკურ, ასევე ნაციონალურ-რელიგიურ სფეროში, თუ არ დაანებებენ თავს სომეხი აქტივისტებისა და ორგანიზაციების დევნას, მაშინ საქართველო დაკარგავს ჯავახეთს და ჩვენ გვექნება გასასვლელი ზღვაზე. საქართველო ცეცხლთან თამაშობს. შეიძლება მალე განმეორდეს ის, რაც უკვე მოხდა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ეს მით უფრო რეალურია, რომ ამით დაინტერესებულია რუსეთიც(!)».
ამონარიდი კიდევ ერთი სტატიიდან, რომელიც ჟურნალისტმა სააკიანმა მიუძღვნა «სააკაშვილის საქართველოს»: «სომხეთის ხელისუფლების მუდმივმა შიშმა, გააფუჭოს ურთიერთობა საქართველოსთან, მიგვიყვანა იქამდე, რომ თბილისი სომხურ ძეგლებსა და სომხებს ისე ექცევა, როგორც სურს. მას შემდეგ, რაც საქართველო დამარცხდა სამხრეთ ოსეთთან ომში, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შელახული იმიჯი სომხების ხარჯზე აღადგინოს. ამას აკეთებს ძველი ნაცადი ხერხით, - სომხების შევიწროებით, რომლებიც საქართველოში ისედაც ძალზე ცოტანი დარჩნენ. აქ ახალი არაფერია, სომხები ამ ქვეყანაში ყოველთვის არასასურველი ნაცია იყო. ამაში ქართველები მაგალითს აზერბაიჯანელებისა და თურქებისაგან იღებენ. მათი მოქცევის მოდელიც ისტორიულია. ჯერ საუბრები იწყება ისტორიის მითვისებაზე, მერე შპიონაჟში ამხელენ სომხებს, მოგვიანებით კი ამას სომხების საქართველოდან გასახლება მოჰყვება».
ჩვენი ძმა სომხების უსინდისობა უფრო შორს მიდის:
«სომხური ეკლესიის, ნორაშენის ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯავახეთზე გადართულიყო. ჯავახეთში სომხები ჯერ კიდევ ეთნიკურ უმრავლესობაში არიან. დემოგრაფიული ვითარების შეცვლის მიზანი აშკარაა. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ახალციხესა და ახალქალაქში სომეხი აქტივისტების დაპატიმრება. მათ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ადანაშაულებენ. სწორედ ასევე ამართლებდნენ სომხების გენოციდს თურქები... დროა, სომხეთის ხელისუფლებამ იზრუნოს სომხეთის მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. თუნდაც ეს ირანის გავლით იყოს».
შემდეგ განცხადება, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაცია «ხეთანის» წარმომადგენელმა არამ არუთინიანმა გაახმაურა:
«ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა აიძულებს სომხებს საპასუხო ნაბიჯები გადადგან. ეტყობა, ვერ გაუთვითცნობიერებიათ ვითარების სიმძიმე და შედეგი. ეტყობა, აფხაზეთი და ოსეთი არ არის თბილისისთვის გაკვეთილი. დაავიწყდა თბილისს, რომ ღმერთი სამობითაა? საქართველოს საბოლოოდ უნდა მიეჩინოს სათანადო ადგილი ისტორიაში. XX საუკუნის სრულიად სომხეთის კათოლიკოსის, მკრტიჩ ვანაცის სწავლება და შეგონებანი შესანიშნავად გაითავისეს ყარაბაღში და შეიარაღებული აჯანყებიდან დამოუკიდებლობამდე მივიდნენ კიდეც. საქართველომ რეალობასთან კავშირი დაკარგა. ცდილობს ამოვიდეს დამცირებისა და დამარცხების ორმოდან და ბოღმას დაუცველ სამცხე-ჯავახქ-წალკაზე ანთხევს. თბილისი სახელმწიფო ტერორის გზას დაადგა, ეს ტერორი კი მიმართულია სომეხი მოსახლეობისკენ და ავიწყდება, რომ მოპირდაპირე მხარესაც აქვს უფლება, ადეკვატურ ზომებს მიმართოს! ეს არის შესავალი ვითარებისა. მალე საქართველოში დაიწყება ეთნიკური სომხების მასობრივი დაპატიმრება, საქართველოს ტელევიზიით გადაიცემა სიუჟეტები ამოღებული იარაღის დიდი მარაგის შესახებ და ვითარების დესტაბილიზაცია დაბრალდება საქართველოს «მუდმივ მეგობარ» რუსეთს. ბოლო დროს სომხეთში მომრავლდნენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს «სომხეთის საკითხზე» აქტიურად მუშაობენ. თბილისის ხელი ჯერ ერევნამდე ვერ წვდება».
რიჩარდ კირაკოსიანი, სომხეთის სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების ცენტრის დირექტორი (სტატია გამოქვეყნდა გამოცემაში «იც ბაგინი»): - «ჯავახქი და წალკა ის რაიონებია, სადაც ეკონომიკურს პოლიტიკური პრობლემებიც ერთვის. აქ მოსახლეობას დიდხანს ჰქონდა წართმეული ფუნდამენტური უფლებები.
სომხეთმა გვერდი არ უნდა აუაროს წალკის რაიონსაც, რადგან მას ახლა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქ გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა, კრახით დასრულდა. რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამ, რაც ერთადერთი წყარო იყო ჯავახი მოსახლეობის დასასაქმებლად, რეგიონში ტოტალური უმუშევრობა გამოიწვია. სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა, სამუშაოს საძებნელად რუსეთში ან სხვა ქვეყანაში წასულიყო. ფაქტობრივად, ყველა გზა სომხეთისკენ არის მიმართული. საქართველოს სხვა რეგიონებისგან მოწყვეტა კიდევ უფრო აძლიერებს ამ კავშირს.
სომხეთის ეკონომიკური შესაძლებლობები გაცილებით დიდია. ჯავახეთში არ არის საკმარისი რაოდენობის წიგნები, არ არის შუქი, გათბობა. შეინიშნება ეთნიკური დისკრიმინაცია. ქართველ მასწავლებლებს უფრო მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე სომხებს. ახლა სომხეთი ყოველწლიურად გამოყოფს ფინანსებს სასკოლო ინვენტარისა და სპეციალური ლიტერატურის შესაძენად. დიდი ნაწილი სომხური დახმარებისა ხმარდება იმ ჯავახი სტუდენტების სტიპენდიებს, რომლებიც სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. სომხეთის განათლების სამინისტროს პატრონაჟი ჯავახელ სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას სწავლისათვის. სამაგიეროდ, სტუდენტები იძლევიან პირობას, რომ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უკან, ჯავახეთში დაბრუნდებიან. ჯავახქი სომხური ანკლავია. აქ წარწერები ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზეა, ქართული ფაქტობრივი გავლენა ამით ამოიწურება. ჯავახეთში უყურებენ სომხურ გადაცემებს და არა ქართულს, რადგან სომხებისათვის ეს უფრო ხელმისაწვდომია. ამას ემატება არაოფიციალური კულტურული ავტონომია ჯავახეთისა. ჯავახქის ავტონომიას შეუძლია მთელი რიგი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. ჯავახქის ტერიტორიის გამოსაყენებლად ყველაზე რეალურია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და თბილისი-ყარსის რკინიგზიდან შემოსული თანხების ნაწილის ავტონომიაში დატოვება. მაგალითისთვის აჭარაც გამოდგება. აჭარლებს ხომ უხდიან ფოთის(!) პორტის ექსპლუატაციის საფასურს? უკეთესი იქნება, თუ ასეთი შემოსავალი მიეცემა ჯავახეთის განვითარების კერძო ფონდს. მომავალში ჯავახქის ავტონომიის შექმნა გარდაუვალია.
მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან საქართველოში მოვლენები დრამატულად იცვლება, სამცხე-ჯავახქის რეგიონს მაინც ნაკლებ ყურადღებას უთმობს საქართველოს ხელისუფლება. ახალი კონფლიქტის საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ჯავახქს მიანიჭებენ ავტონომიას, რომელიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებაზე»."
ბადრი ნაჭყებია, ტელეკომპანია «მირის» საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი, ექსპერტი, კონფლიქტოლოგი: - დავუბრუნდები თურქი მესხების პრობლემას. აშკარაა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები არ იცნობენ ვითარებას რეგიონში, - ყარაბაღის კონფლიქტი ჯერაც მოუგვარებელია, ისინი კი დაჟინებით ითხოვენ ამ რთულ რეგიონში ეგრეთ წოდებული თურქი მესხების ჩასახლებას.
რეგიონში ვითარების აფეთქება რუსეთს სჭირდება. აგვისტოში მან ვერ მიაღწია მიზანს საქართველოში. საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელში ჩაგდებით რუსეთი ხელში იგდებს ვეებერთელა დერეფანს, რომელიც შუა აზიაზე გადის. ფაქტობრივად, საქართველოს აღების შემდეგ სუვერენიტეტის დონე ავტომატურად დაეცემა არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ შუა აზიაშიც. ამას მოჰყვება მძიმე შედეგი: რუსეთის ახალი ჰეგემონია პოსტსაბჭოურ სივრცეში, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული შანტაჟი...
სომხეთთან ტერიტორიული კონფლიქტი ერთხელ უკვე გვქონდა - 1918 წლის დეკემბერში. მაშინ სომხები თბილისის დაპყრობას აპირებდნენ. მთელ ქვემო ქართლზე იყო საუბარი, წალკის ჩათვლით.
აქამდე ლაპარაკობდნენ ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდაზე, ახლა უკვე წალკაც მიუმატეს. წალკის რაიონი კი სულაც არ ეკუთვნის ჯავახეთს. რამდენიმე წლის წინ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები, სადაც ავტორები - ანდრანიკ მიგრანიანი და კონსტანტინ ზატულინი სომხურ იზოლაციაზე ლაპარაკობდნენ. სტატიაში გამოსავალიც იყო მითითებული: სომხებს სთავაზობდნენ, მოეწყოთ ჰუმანიტარული დერეფანი სამხრეთ ოსეთის მეშვეობით რუსეთისკენ. ესე იგი უნდა წარმოვიდგინოთ გორის, კასპის რაიონების აღება, მთაზე გადასვლა, ახალი კომუნიკაციების გაჭრა და საქართველოს შუაზე გაყოფა.
- შეძლებს სომხეთი ამის გაკეთებას?
- იმას, რაც პუტინმა ჩაიდინა საქართველოში, არავინ ელოდა, მაგრამ ხომ გაკეთდა? რუსეთმა დაანახვა მსოფლიოს, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია. იმ შემთხვევაში, თუ ჯავახეთშიც დაიწყო არეულობა და ამას სომხები შეუწყობენ ხელს, არაფერს გამოვრიცხავ. როცა რუსეთის ელჩი ასეთ თამამ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ კი არაფრისთვის არ ვემზადებით და რას ვაკეთებთ, თვითონაც არ ვიცით, ყველაფერია მოსალოდნელი.
- რისი იმედი შეიძლება გვქონდეს ამ ვითარებაში?
- საერთაშორისო საზოგადოებრიობის თეორიული და მორალური მხარდაჭერის გარდა, არაფრის იმედი არ მაქვს. ვის სჭირდება ეს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა, თუ ქვეყანა გაანადგურეს და მხარდაჭერის სუბიექტი არ დატოვეს ქვეყანაში? მართალია, დიდ ავანტიურასთან გვაქვს საქმე, ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მათ შორის რუსეთისთვის და სომხეთისთვისაც, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ასეთი ვითარება, ფაქტობრივად, ომს ნიშნავს. საქართველო და აზერბაიჯანი ჩიხში ექცევიან. სად არის გარანტია, რომ ამ ამბავში თურქეთი არ ჩაერევა? თუ ამ ოპერაციაზე რუსეთი წამოვა, ჩვენ წინააღმდეგობის გამწევი არ ვართ. ნატო-ში ჩვენ არ გვიღებენ, შიდაპოლიტიკური ვითარებაც არეულია. ისღა დაგვრჩენია, კარდინალურად გადავხედოთ ურთიერთობას რუსეთთან. აზრს, რომ რუსეთი ამ ეკონომიკური სიდუხჭირის დროს არ წავა დიდ ავანტიურაზე, არ ვეთანხმები. არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია. როცა საქართველოს თავს დაატყდება ძალზე დიდი კრიზისი და დაიწყება ინდიფერენტულობა - როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენს საქმეში არ ჩაერევიან, აუცილებლად აგორდება ანტიდასავლური განწყობილება (რაც ისედაც შეინიშნება). ნუ დაგვავიწყდება, - რაც უნდა იყოს, საქართველო სტალინის სამშობლოა. ქვეყანაში საკმარისზე მეტია პრორუსული ძალა. არც რელიგიური ერთობის საკითხების დავიწყება ღირს. თუ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებაში ლუკაშენკოზე უფრო პრორუსი ხელმძღვანელი მოვიდეს. მხოლოდ განცხადებები, შეშფოთებები და მორალური მხარდაჭერები რეალურ პოლიტიკას ვერ ქმნის. რუსები შეფარულად გვეუბნებიან, თუ იქნები ჩემი მოკავშირე და ჩემი გავლენის სფეროში დარჩები, არ დაგშლიო. აგვისტოს ომით ისიც გვითხრა, ხომ დაინახეთ, დასავლეთმა როგორაც დაგიჭირათ მხარი, არავის სჭირდებით ჩვენ გარდაო. ის, რომ საქართველოს საკითხი მსოფლიო პოლიტიკური საკითხების ხუთეულშიც არ შედის, მრავლისმეტყველია.
არ გამოვრიცხავ, საქართველომ გააძლიეროს კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთთან. დიდი ავანტიურა იქნება, თუ სომხები ომს დაიწყებენ საქართველოსთან, მაშინ როცა 450-კილომეტრიან საზღვარზე აზერბაიჯანთან ჯარი უდგათ. არა მგონია, სომხეთი კარგ დღეში ჩავარდეს.
ვან ბაიბურთი, საქართველოს პარლამენტის წევრი: - ასეთ პუბლიკაციებზე რეაქციით რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. წაიკითხავენ ამას ახლა ქართულ გაზეთში, ატყდება ქართველებსა და სომხებს შორის შუღლი და ამასობაში რუსები თავიანთ საქმეს გააკეთებენ.
- ჩვენ კარგა ხანია თვალს ვიბრმავებთ და ყურს ვიყრუებთ, ამასობაში კი სომხეთში საქართველოს საელჩოსთან ეწყობა აქციები მოთხოვნით, შეწყვიტონ ქართველებმა სომეხი ერის გენოციდი და უდანაშაულო სომხების ეთნიკური ნიშნით დაპატიმრება.. რას იტყვით, ისევ არაფერი შევიმჩნიოთ და არ ვთქვათ, რომ გენოციდს არავის ვუწყობთ?
- ამ დროს რუსები თავს იკლავენ ნერვიულობით, რომ არაფერი გამოსდით და ქართველები სომხებზე არ იწევენ. ვინ მოაწყო ეს ამბები სომხეთში? ვინ წერს ამ სტატიებს? ესენი წმინდა წყლის პროვოკატორები არიან, მათ რუსეთი აფინანსებს. აშკარაა, რომ ერთ-ორ პარტიას, ანალიტიკურ ცენტრებს თუ სხვას, რუსეთი აფინანსებს. დღეს რუსებს საშუალება არ აქვთ, თვითონ მოაწყონ პროვოკაცია ჯავახეთში. რუსეთის სპეცსამსახურებმა ომის შემდეგ განაცხადეს, რომ ჯავახეთში წააგეს ქართულ სპეცსამსახურებთან ბრძოლა. გახსოვთ, ალბათ, ინტერნეტსაიტებზე ქვეყნდებოდა განცხადებები, ვითომ ჯავახები წერდნენ: «ჩვენო ოსო ძმებო, მოვალთ, დაგეხმარებით»; «ჩვენო რუსო ძმებო, მოდით, დაგვეხმარეთ». თურმე ყველა საიტი ФСБ-სი იყო. ეს ანტიქართული კი არა, უფრო ანტისომხური საქმიანობაა. მსოფლიოში ქართველებს მხოლოდ რუსეთი ლანძღავს და კიდევ, სამწუხაროდ, ზოგიერთი სომხური ორგანიზაცია. მინდა ვუთხრა მათ, ჩამოვიდნენ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და ჰკითხონ სომხებს, ავიწროებენ თუ არა ქართველები. ამ სტატიებს მეც ვკითხულობ და გაოგნებული ვარ იმით, რომ არც ერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. იციან, რომ საქართველოში 168 სომხური სკოლაა, მუშაობს სომხური თეატრი, გამოდის სომხური გაზეთები, ფუნქციონირებს სომხური ანსამბლები, საზოგადოებრივ არხსა თუ ადგილობრივ ტელევიზიებში სომხურ ენაზე გადაიცემა საინფორმაციო პროგრამები. სად ხედავენ სომხების გენოციდს? სირცხვილია, ხალხო! ვის წისქვილზე ასხამთ წყალს? ვის სიმღერას მღერით?
ის, ვინც ქართველებისა და სომხების წაკიდებას ფიქრობს, უპირველესად სომხეთის მტერია. სამწუხაროდ ზოგიერთს ავიწყდება, სომხეთისათვის საბედისწერო ჟამს რამდენჯერ უღალატეს რუსებმა სომხებს ბოლო 150 წლის განმავლობაში. მრცხვენია, რომ ამ აბსოლუტური სიცრუისა და პროვოკაციების ავტორები სომხები არიან. ვიცი «კვირის პალიტრას» მთელი მსოფლიო კითხულობს და ამიტომ მინდა ამ გაზეთიდან მივმართო მათ: თქვენ სომხეთის მტრები ხართ, ბატონებო! ეტყობა, ჯავახეთში არც გარემონტებული სკოლების არსებობა იცით, არც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებზე გსმენიათ რამე, არც ახალ გზებზე და არც 2000 ახალ სამუშაო ადგილზე. ამ საწყლებმა ისიც არ იციან, რომ ფოთის პორტი აჭარაში არ არის!
ექსკლუზიური რეპორტაჟი საზღვრისპირა სოფლიდან...
ანუ როგორ გაქრა რუკიდან ნახევარი სოფელი
მას შემდეგ, რაც სომხურ საიტებზე სკანდალი ატყდა, გადავწყვიტეთ სომხეთის საზღვართან განლაგებული სოფლები მოგვევლო. სომეხი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების სტატიებში ბევრი საყურადღებო რამ ამოვიკითხეთ.
მარნეულის რაიონში სომხეთის საზღვართან მდებარეობს სოფელი ახქერფი. სოფელში სამასი კომლი ცხოვრობს და უკლებლივ ყველა სომხურია. სოფელი აბსოლუტურად მოწყვეტილია ქართულ სახელმწიფოს. სოფელში უგზოობის გამო არ დადის ტრანსპორტი, არ ვრცელდება ქართული მაუწყებლობა, პრესა. ყველაზე ღარიბ ოჯახშიც კი, რომელსაც არც ფანჯრები შემორჩენია, სამი სატელიტური ანტენა დგას. აქ მხოლოდ სომხური და რუსული არხები მაუწყებლობენ. სოფელში ჩასულებს ერთი მეტად მტკივნეული სურათი გადაგვეშალა თვალწინ: სოფელ ახქერფს განაპირა მხარეს მდინარე ჩამოუდის. მდინარის იქითა ნაპირი უკვე სომხეთია, აქეთ საქართველო. მდინარის იქით ორსართულიანი კაპიტალური შენობა უკვე დასრულებულია. იქ სომეხი მესაზღვრეები უნდა განთავსდნენ. პუნქტს გარს ტუფის გალავანი არტყია. მდინარის აქეთ ქართული სასაზღვრო ძალები არიან... სამ კვადრატულ მეტრიან რკინის ჯიხურში(!).
მოგეხსენებათ, სომხეთთან საზღვრის დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა და ახქერფის ადმინისტრაციული ერთეულის რუკიდან განაპირა 633 ჰექტარი უკვე გაქრა. რუკა 2005 წელს შეადგინა შპს «ლეგენდამ». საბჭოურ რუკაში ეს ტერიტორია დატანილია, 2005 წელს მომზადებული რუკიდან კი 633 ჰექტარი მიწა ამოღებულია. «გაუჩინარებული» მიწის ნაწილი იჯარით ჯერ კიდევ 1992 წელს ჰქონდა აღებული საქართველოს ერთ-ერთ სომეხ მოქალაქეს. რადგან საიჯარო ხელშეკრულების ვადა 15 მარტს იწურება, მან მიწის შესყიდვა გადაწყვიტა და შესაბამის ორგანოებს მიმართა. სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამაოგნებელი პასუხი მიიღო: ეს ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან რუკაზე არ ირიცხებაო. ახქერფის სოფლის რწმუნებულმა ორივე რუკა წარმოგვიდგინა, - საბჭოურიც და ახალიც.
გიგოლა ათარბეგიანი, სოფელ ახქერფის რწმუნებული: - ამ მიწას დღეს ისევ საქართველოს მოქალაქეები ამუშავებენ. სომხურ მხარეს, ჯერჯერობით, პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ ფაქტია, ახალი რუკიდან 633 ჰექტარი მიწა გაქრა. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი.
ზაზა დეკანოიძე, მარნეულის გამგებელი: - ეს რუკა «კაეფის» პროექტის ფარგლებში გაკეთდა. «კაეფი» ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებთნ ერთად აზუსტებდა ამ რუკებს. როგორც ჩანს, ვიღაცამ არასწორად მიაწოდა ინფორმაცია და მათაც უნებლიეთ გაატარეს ხაზი(?!).
- კი, მაგრამ საზღვრისპირა რეგიონის რუკის შედგენა ვიღაცის ნათქვამით შეიძლება?
- ალბათ, ეგრე იქნებოდა. ადგილობრივ საკრებულოს ჰკითხეთ.
ვითარების გასარკვევად ისევ სოფლის რწმუნებულს მივმართეთ კითხვით, ხომ არ იცოდა, ვინ იყო ამ პროექტში ჩართული.
გიგოლა ათარბეგიანი: - სწორედ ამ პერიოდში, როცა ეს რუკა შედგა, ამ პოსტზე არ ვმუშაობდი. ორი წელი გათავისუფლებული ვიყავი. როცა დამაბრუნეს, «ლეგენდის» შედგენილი ლეგენდარული რუკიდან უკვე 633 ჰექტარი მიწა გამქრალი დამხვდა...
დავით კირკიტაძე, პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში: - ეს საკითხი სოფლის გამგეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას კი არ ეხება, ეს ქვეყანათაშორისი შეთანხმების საკითხია. ეს საქმე არც სადავოა და არც გასაბუქებელი. მიდის მუშაობა და დადგინდება ყველაფერი.
- ჩვენ არავის ვერჩით, ბატონო დავით, ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ გააქრო რუკიდან ამხელა საზღვრისპირა ტერიტორია.
- არც ძველი რუკა (რომელსაც აწერია «საქართველოს სსრ») და არც ახალი არ არის ჩვენთვის იურიდიული დოკუმენტი.
- ანუ ეს საკითხი პრობლემატური არ არის?
- პრობლემა იქნება, თუ სადემარკაციო ხაზი გაივლის და ეს ტერიტორია არ აღმოჩნდება ჩვენს საზღვრებში. ამაზე ვმუშაობთ. არა მგონია, პრობლემა შეიქმნას ამ მონაკვეთზე. პრობლემა უფრო სხვა მონაკვეთებზეა.
ის, რომ «კაეფის» პროექტით შედგენილი რუკა იურიდიული დოკუმენტი არ არის, ამაში ბატონ დავით კირკიტაძეს ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. «კაეფის» პროექტი საქართველოში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა განახორციელა 2000-2007 წლებში. მიწის აზომვითი სამუშაოები ქვეყნის 52 რაიონში ჩაატარეს. ამ პროექტის ფარგლებში შეადგინეს ნიადაგის ატლასები, ორთოგრაფიული რუკები. აწარმოეს აერო და კოსმოსური გადაღებები. ამ რუკებით ხელმძღვანელობს დღეს საქართველოს საჯარო რეესტრი.
სამწუხაროდ, ვერც საგარეო საქმეთა და ვერც გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისგან, ვერც კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამმართველოსგან პასუხი კითხვაზე, - ვის შეეძლო ასეთი რამის ჩადენა, ვერ მივიღეთ. როგორ მოხდა, რომ ქართული საზღვრისპირა სოფლის 633 ჰექტარი მიწა რუკიდან გაქრა? ვფიქრობთ, ეს სამართალდამცველების საქმეა, სპეციალისტების განმარტებით, აქ შეცდომა გამორიცხულია. ამას, ბატონებო, ქართულ ენაზე სამშობლოს ღალატი ჰქვია. ახლა გასარკვევი ის არის, ვინ მიაწოდა შპს «ლეგენდას» მცდარი მონაცემები. სამწუხაროდ, პროექტი დასრულებულია და მათი წარმომადგენლები საქართველოში აღარ არიან. ლეგენდარული «ლეგენდის» კვალს კი ვერსად მივაგენით. ერთი საინტერესო დეტალიც: რუკიდან გამქრალი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, საქართველოს საზღვართან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ ვრცელდება. არაოფიციალური მონაცემებით კი სოფელ ახქერფის საზღვარზე კიდევ ერთი რუსული ბაზა შენდება, სომხური სასაზღვრო პუნქტის საფარქვეშ. არადა, ერთ სოფელში ორი ვეებერთელა სასაზღვრო ობიექტის მშენებლობის საჭიროება სრულიად არ არსებობს.
სომხეთის საზღვრისპირა სოფელში ჩასვლამ დაგვარწმუნა, რომ სომხურ პრესაში ატეხილი ამბავი უსაფუძვლო და მხოლოდ ენის ჭარტალი არ არის. ლაპარაკს სომხურ ავტონომიაზე საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. ქართულ საინფორმაციო სივრცესა და ქართულ რეალობას მოწყვეტილი სომეხი მოსახლეობა დიდი ხანია სომხეთის სატკივრითა და სიხარულით ცხოვრობს. სოფელ ახქერფის ახალგაზრდობა სომხურ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. სხვათა შორის, ამ სოფლის რამდენიმე მკვიდრი სომხეთის პარლამენტის წევრიცაა(?!).
გულდამძიმებული დავბრუნდი ახქერფიდან. მართალია, სოფელი ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე ირიცხება, მაგრამ იქ აღარაფერია ქართული.
პ. ს. შეუძლებელია ერთ რამეში არ დაეთანხმო სომეხ პოლიტიკოსებს: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მართლაც რეალურად ვერ აფასებს ვითარების სიმძიმეს. ის, რომ სომხური პრესა ავტონომიაზე საჯაროდ ლაპარაკობს, რომ საზღვრისპირა რეგიონებში სრული განუკითხაობაა, არ ვრცელდება ქართული საინფორმაციო არხები, რუკიდან ათობით ჰექტარი მიწა ქრება და ადეკვატური რეაგირება არ ჩანს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემებია. ვფიქრობთ, რუკიდან გამქრალი ნახევარი სოფლის ამბავი სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
P.P.S. ახქერფი აზერბაიჯანული სიტყვაა და ქართულად «თეთრ ხიდს» ნიშნავს. სამხრეთ კავკასიაში დღეს ურთულესი პოლიტიკური ვითარებაა და არც ერთი ხიდის, მით უმეტეს თეთრის, დაწვა არ გვეპატიება.
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm