http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmმუდმივი საკადრო ცვლილებები ჯარს არ წაადგებაგასულ კვირას გამართლდა ჭორი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია თანამდებობას ტოვებსო.
ასეთი ხმები ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ხშირად გაისმოდა, რაც ერთი მხრივ დიდ გაკვირვებას იწვევდა, რადგან პოლკოვნიკი ჩაჩიბაია ამ მაღალ თანამდებობაზე სულ ორიოდე თვის დანიშნული იყო.
საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ გაერთიანებულ შტაბს ოთხიოდე თვე უხელმძღვანელა და სამხედრო ფორმა გაიხადა. შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ძნელი სათქმელია, რომ ეს ჩაჩიბაიასთვის დაწინაურება იყოს, რადგან იგი მანამდე «პირველი სამხედრო» იყო, ახლა კი სამოქალაქო კოსტიუმი აცვია და დაასრულა სამხედრო კარიერა.
თუკი ჭორებს ვენდობით, პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას სამხედრო კარიერის დროზე ადრე დამთავრებას ხელი შეუწყო თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბაჩო ახალაიას აქტიურობამ (მათ შორის ვიდეოკამერებით ყაზარმებში გადაღებულმა კადრებმა, რომლებიც პრეზიდენტს გადაეცა). როგორც ჩანს, კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ ყოფილა და ჩაჩიბაიასა და ახალაიას დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, რაც ახალაიას გამარჯვებით დამთავრდა.
თუმცა ცოტა უცნაური სიტუაციაა, როდესაც ამ ორთაბრძოლაში «დამარცხებული» ჩაჩიბაია «გამარჯვებულ» ახალაიაზე ერთი საფეხურით მაღლა - თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე კარგად არის ცნობილი შეიარაღებულ ძალებში (ამ სტატიის ავტორი მას 1992 წლის ივნისიდან, ცხინვალის ომიდან იცნობს). აგვისტოს ომში მისი მეთაურობით ქართულმა არტილერიამ ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა მტერს. ომის შემდეგ კი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, თუმცა ცნობილი იყო, რომ მას გაერთიანებული შტაბის უფროსობისთვის ამზადებდნენ.
თუკი ასეა, მაშინ რაღა საჭირო იყო გაერთიანებული შტაბის უფროსად სულ რაღაც ოთხი თვით პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას დანიშვნა და მერე მოხსნა? რუს ოკუპანტებს თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ახალგორის რაიონი აქვთ დაპყრობილი და ნუთუ იმდენი დრო გვაქვს, შეიარაღებულ ძალებში ისევ ექსპერიმენტები ჩავატაროთ?
არმიის პოლიტიკურ გარჩევებში ჩაბმა სახელმწიფო დანაშაული იქნება
დედის გინება, კლანების შექმნა, თაობათა ბრძოლა, საბანკო
კრედიტებით «დახრჩობა» - დღევანდელი ქართული არმიის სამწუხარო პრობლემებისაკონტრაქტო პრინციპით დაკომპლექტებულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლისას გვიხაროდა, საბოლოოდ აღმოვფხვრით საბჭოთა არმიის გადმონაშთ «დედოვშჩინასო».
ასეც მოხდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ არმიაში გაჩნდა ახალი პრობლემები, რომლებიც გარედან ნაკლებად ჩანს. აგვისტოს ომმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
21-ე საუკუნეში და თანაც საქართველოში, ჩვენი მენტალიტეტის მიუხედავად, არმიაში ხელქვეითებს დედის გინებით რომ «მართავ», ეს უკვე ტრაგედიაა.
ამ უგვან «ტრადიციას» საფუძველი 2005-2006 წლებში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა ჩაუყარა, რომელსაც მაშინვე მხარი აუბა გენშტაბის იმდროინდელმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლეიშვილმა.
თათბირსა თუ საველე სწავლებაზე წარამარა ისმოდა დედის გინება (ამის მოწმეა ათიათასობით ტელემაყურებელიც) - იგინებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირველი პირები. ხელქვეითების ლანძღვა-გინებაში მათ მხარს მაშინვე უბამდნენ სხვადასხვა დონის მეთაურები...
რას იტყვით, მშვიდობიანობის დროს გინებით გაბეზრებული ჯარისკაცი ომში ასეთი მეთაურისთვის თავს გაწირავს? სულაც არა. ეს აგვისტოს ომის დროს გამოჩნდა - ზოგიერთი დაჭრილი თუ დაღუპული მეთაურის (სხვადასხვა დონის) ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად თავი არავის გაუწირავს...
როდესაც თუგინდ დისციპლინის დარღვევისთვის რამდენიმე ჯარისკაცს ერთმანეთს გადააჯაჭვავ, ხეზე მიაბამ და ტყეში მთელი ღამე საცვლების ამარა დატოვებ, ის ჯარისკაცი შენი პირადი მტერი ხდება.
ქართული არმიის უდიდესი პრობლემაა კლანების შექმნა და ნეოპოტიზმი, ანუ ნათესაობის მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნა. ზოგიერთმა მეთაურმა აგვისტოს ომამდე თავისი ბრიგადები ნათესავებით გაავსო. ერთი მხრივ, რა ჯობს, თუკი ნათესავი მოგბაძავს და ქვეყნის დასაცავად სამხედრო ფორმას ჩაიცვამს, მაგრამ ეს ნათესავები ბრიგადებში (და არა მარტო იქ) დაუმსახურებლად ინიშნებოდნენ არასაბრძოლო მაღალ თანამდებობებზე, ჰქონდათ მაღალი ხელფასებიც და მეტი თავისუფლებაც.
ის ოფიცერი, რომელსაც ეკუთვნოდა დაწინაურება (ნამსახურობისა და გამოცდილების მიხედვით), ხახამშრალი რჩებოდა, რაც ასევე აღვივებდა დაპირისპირებას სამხედრო ნაწილის შიგნით.
ყოველ ახალ მეთაურს თავისი ახლობლები მოჰყავდა, ვისაც არ გაუმართლებდა და ვერ ნახავდა საახლობლოს, მისი სამხედრო კარიერა განწირული იყო.
ქართული არმიის კიდევ ერთი ფარული სენია თაობათა ბრძოლა. თაობებში თავიდან ცხინვალისა და აფხაზეთის ომის მონაწილეები ითვლებოდნენ, რომლებიც 2004 წლიდან მალე ჩამოაშორეს არმიას, სამაგიეროდ, თაობების ბრძოლა გააგრძელეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სხვადასხვა წელს გამოშვებულმა ოფიცრებმა. უკვე ბევრს ნიშნავდა, ვინ ვისი ჯგუფელი ან კურსელი იყო. ჯერ ერთი «მიათრევდა» მეორეს, შემდეგ ეს უკანასკნელი მესამეს გაუწვდიდა დახმარების ხელს...
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არ არის, რომ სამხედრო აკადემიაში წლობით გვერდიგვერდ მყოფმა მომავალმა ოფიცრებმა იმეგობრონ და ერთმანეთს დაეხმარონ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ოფიცრების ხარჯზე, ვინც მათ თაობას არ ეკუთვნის.
და მივედით ქართული არმიის ერთ-ერთ ახალ, მაგრამ ყველაზე საშიშ პრობლემასთან - შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს ბანკების ვალი აქვს. სამიოდე წლის წინ ქვეყნის ხელისუფლებამ შეაგულიანა სამხედროები, ბანკებიდან იაფი კრედიტები აეღოთ.
ვერ გეტყვით, რამდენად იაფი აღმოჩნდა საბოლოოდ ეს საბანკო კრედიტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ ბევრი მათგანი სერიოზული საფინანსო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
ამაშიც აგვისტოს ომია დამნაშავე, ოღონდ არაპირდაპირ. ბევრი, ვინც საბანკო კრედიტი აიღო, იმედოვნებდა, რომ ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას აღებული მივლინების თანხით (მათ ამავდროულად, საქართველოში ხელფასი ენახებოდათ) შეძლებდნენ ბანკის ვალის დაფარვას. მაგრამ ომის დაწყებისთანავე ორი ათასამდე კაცი ერაყიდან სამშობლოში დააბრუნეს და მათი გეგმებიც დაიმსხვრა.
აგვისტოს ომის შემდეგ სამხედროების არც ისე მცირე ნაწილი ელოდებოდა კონტრაქტის ვადის გასვლას 2009 წლის გაზაფხულზე და აღარ აპირებდა მის გაგრძელებას, მაგრამ მათ სწორედ საბანკო კრედიტების «მარყუჟი» აჩერებთ.
მეტიც, პირად საუბრებში ზოგიერთი სამხედრო არ მალავს - თუკი ხელისუფლება მოგვცემს ბრძანებას უნებართვო მიტინგების დასაშლელად და ამისთვის პრემიებსაც დაგვირიგებს, ამ ბრძანებას შევასრულებთო...
ძნელი სათქმელია, რამდენად გავრცელებულია ეს აზრი მთელ არმიაში, მაგრამ გამორიცხული არ არის საბანკო კრედიტების «მარყუჟში» მოქცეული სამხედროების ნაწილის შიდაპოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე ხელისუფლებიდან ვინმემ მართლაც იფიქროს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გამოყენება შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად და მიტინგების (თუნდაც უნებართვოს) დასაშლელად სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
არმიის საქმე არ არის მიტინგების დაშლა. სამხედრომ არც იცის, ეს როგორ გააკეთოს. არმიამ ქვეყანა გარეშე მტრისგან უნდა დაიცვას, მტრისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითქმის შუაგულშია შემოსული...
This post has been edited by gigzi on 9 Mar 2009, 03:48