რეალური მოწინააღმდეგე სტრუქტურას ცვლის და შეტევისთვის ემზადება
16-23 მარტს რუსეთში, კემეროვოს ოლქში, იურგინის პოლიგონზე, სწავლება გაიმართა. ეს ერთ-ერთი მორიგი სწავლება იქნებოდა, რომ არა მისი ამოცანა - რამდენ ხანში გადავა ახალ საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე და რამდენად ეფექტიანად იმოქმედებს საბრძოლო პირობებში მოტომსროლელი ბრიგადა მშვიდობიანი პერიოდიდან ომის დაწყების შემთხვევაში.
საქმე ისაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მართვის ოთხრგოლიანი სისტემიდან სამრგოლიანზე გადადის. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა და შემდეგ რუსეთის არმიაში მართვის სისტემა ამგვარად გამოიყურებოდა: სამხედრო ოლქი-არმია-დივიზია-პოლკი. ეს სქემა შეიძლება მართებული იყოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დროს (მაგალითად, II მეორე მსოფლიო ომის მსგავს შეიარაღებულ დაპირისპირებაში, როდესაც ფრონტის ხაზი ათასობით კმ-ზე იყო გადაჭიმული), მაგრამ კონფლიქტურ რეგიონებში ეს ოთხრგოლიანი სისტემა არაეფექტიანად მუშაობდა, რაც ნათლად დაამტკიცა კიდეც ჩეჩნეთის პირველმა ომმა.
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის არმიის გენერალიტეტმა დაიწყო ფიქრი უფრო მოხერხებული მართვის სისტემის შექმნაზე, კერძოდ, სამრგოლიანზე - სამხედრო ოლქი-ოპერატიული მეთაურობა-ბრიგადა.
აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში შემოჭრილმა რუსეთის 58-ე არმიამ და სხვა დანაყოფებმა სცადეს ამ ახალი გეგმის განხორციელება - დაიწყეს ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფების ჩამოყალიბება სხვადასხვა სახის სამხედრო ნაწილებისგან.
გასულ კვირას კემეროვოს ოლქში ჩატარებულ სწავლებაზეც რუსი გენერლები ცდილობდნენ, დაედგინათ, თუ რა დრო და სახსრები დასჭირდება ერთ გაძლიერებულ მოტომსროლელ ბრიგადას მოცემულ რაიონში გადასაჯგუფებლად და იქ შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად.
სწავლებაში 5 ათასამდე სამხედრო და ათასამდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის 400-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა. ასევე საბრძოლო ავიაცია.
ცხინვალის ომის გამოცდილების კვალდაკვალ რუსმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ასეთ სწავლებაში მოძრავი სამიზნეები (შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის იმიტაცია) და სატანკო კოლონის მარში.
მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდის იმიტირებისთვის რუს სამხედროებს არ დაეზარათ, ჯავშანმანქანებისთვის 150 სანგრის გათხრა და 100-მდე სხვადასხვა ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობის აშენება.
ეს მნიშვნელოვანი დეტალი იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული რუსული მოტომსროლელი ბრიგადა შეტევისთვის ემზადება და სწავლობს მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას.
არავის შეშინებას არ ვაპირებთ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ხედავს, რომ გარკვეული საფორტიფიკაციო ნაგებობები, მათ შორის სანგრები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მართლაც კეთდება თბილისის სიახლოვეს.
ამ საფორტიფიკაცო თავდაცვითი ზღუდეების ამგებლებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსი გენერლები უკვე ავარჯიშებენ თავიანთ ჯარისკაცებს შეტევითი ზღუდეების გადასალახავად.
ყურადღება მისაქცევია შემდეგი გარემოებაც: ამ სწავლებებზე რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის, მართვადი საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი Краснополь-ი (ლაზერული სხივით მართვადი 152 მმ კალიბრიანი საარტილერიო ჭურვები, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორე 18 კმ-ს აღწევს), Кастет-ი (ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 100 მმ-იანი ჭურვი, რომელსაც МТ-12 ტიპის ქვემეხები ისვრიან) და Штурм-С (მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც მაქსიმალურ, 5 კმ-ზე ხვრეტს 560-600 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს).
რამდენიმე თვეში დაგეგმილია მორიგი სწავლების გამართვა კოდური სახელწოდებით ღფდრფპ-2009.î
თუ რა შედეგი მოგვცა წინა სწავლებამ, ღფდრფპ-2008-მ, სამწუხაროდ, ყველამ თვალნათლივ დავინახეთ - ამ სწავლებაზე მობილიზებული რუსული დანაყოფები შემდეგ როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონში შემოიჭრნენ...
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm