ვახა გელაევი: ქართველები ომისათვის უნდა მოემზადოთ, თუ არადა კადიროვისნაირი პრეზიდენტი გეყოლებ
მაისი 04,2009
2008 წლის აგვისტოში რუსებმა საქართველოს წინააღმდეგ ჩეჩნური ბატალიონი “ვოსტოკი” გამოიყენეს. ომის შემდეგ, რუსებმა “ვოსტოკს” გარჯა `დაუფასეს~ – ბატალიონი დაშალეს, მის მეთაურ სულიმ იამადაევზე კი, ძებნა გამოაცხადეს. ეს იმით დასრულდა, რომ ჯერ მოსკოვში “ვოსტოკის” ყოფილი მეთაურის ძმა მოკლეს, ერთი თვის წინ კი, საიქიოს თავად სულიმ იამადაევიც გაისტუმრეს. საინფორმაციო სააგენტო `მედიანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ვოსტოკის” ყოფილი წევრი ვახა გელაევი აცხადებს, რომ “ვოსტოკის” მაგალითზე ჩეჩნეთში ყველა მიხვდა, რომ რუსების სამსახურს კარგი არაფერი მოაქვს. ამიტომაც, ახალ ქართულ-რუსულ ომში, რომელიც გელაევის აზრით, გარდაუვალია, ჩეჩნები რუსების მხარეს აღარ იბრძოლებენ.
_ ახალი ომი იქნება. რუსები ემზადებიან ამ ომისთვის. გირჩევთ, თქვენც მოემზადოთ.
_ რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
_ ყველა ამაზე ლაპარაკობს. პირველ რიგში, ამაზე საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში. დათვრებიან რუსი გენერლები და ყრანტალებენ ყველაფერს.
_ მაინც რას ამბობენ?
_ იმას, რომ ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება ახალი ომი. საერთოდ, ქართველები ძალიან უდარდელი ხალხი ხართ. ახლა საქართველო ერთ დიდ ციხესიმაგრედ უნდა იყოს გადაქცეული. არ დადგეთ ისევე ფაქტის წინაშე!
_ კონკრეტულად რაზე საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში?
_ -მე პირადად ვიცნობ გენერალ რუსლან აუშევს. ეს ადამიანი ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. მან თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ იქნება ახალი რუსულ-ქართული ომი. მან იცის, რასაც ლაპარაკობს.
_ და ომში, ალბათ, ჩეჩნები ისევე ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, არა?
_ რამზან კადიროვი რომ პუტინს არ უღალატებს, ეს ვიცი. მაგრამ ბევრი ჩეჩენი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს. მაგალითად მე მეორედ იგივე შეცდომას არ დავუშვებ. ჩემს მეგობარ სულიმ იამადაევს როგორც მოექცნენ, ყველამ კარგად იცის. სწორად მოიქცა ბატალიონი “ზაპადი” ქართველების წინააღმდეგ ომზე უარი რომ განაცხადა.
_ საინტერესოა, `ვოსტოკის” წევრები ვის ადანაშაულებენ იამადაევის მკვლელობაში.
_ სულიმი კადიროვმა რომ მოკლა, ეს ყველამ იცის.
_შურისძიებას არ აპირებთ?
_ მოდით, არ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
_ ომის თემას დავუბრუნდეთ.
_ მე ახლა ცხინვალში ვარ და რუსებს რა ბრძოლისუნარიანი ნაწილებიც ჰყავთ, ყველაფერი აქ არის თავმოყრილი. ივლისამდე ომი არ იქნება. ამიტომაც, ქართველები მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ. თუ არადა, გეყოლებათ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც რამზან კადიროვია.
_ ცხინვალში რა ხდება?
_ ცხინვალში მძიმე მდგომარეობაა. ყველამ მოიპარა ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლებოდა. ქართველების სოფლები უკვე მერამდენედ გაძარცვეს, აღარ ვიცი. მაგალითად, გუშინ რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს ოსებს, რომლებიც ქართველების საფლავის ქვებს იპარავდნენ. არაფერი შენდება ცხინვალში. ქალაქში ნეხვის სუნი დგას. აი, ეს არის ამათი გამარჯვება.
_ თქვენგან მიკვირს ამის მოსმენა. ამ ე.წ. გამარჯვებაში წვლილი ხომ ბატალიონმა “ვოსტოკმაც” შეიტანა.
_ ბატალიონ “ვოსტოკის” შემოყვანა 2008 წლის აგვისტოში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მე ახლა, ნამდვილად ვნანობ, ქართველების წინააღმდეგ რომ ვიბრძოლე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ჩვენ გამოვიყვანეთ ქართველები თამარაშენიდან, თორემ ოსები ჩახოცავდნენ ყველას.
_ ნიქოზი და გორი თქვენ არ აიღეთ?
_ ნიქოზი რუსმა მედესანტეებმა აიღეს. და გორის აღებას რას ეძახით?
_ თქვენი მეთაური სულიმ იამადაევი ამაყობდა, რომ გორში პირველი ბატალიონი “ვოსტოკი” შევიდა.
_ ეს არ იყო აღება. შევედით ცარიელ ქალაქში. მიკვირს, რატომ დატოვეთ გორი. სამხედრო ბაზაზე იმდენი შეიარაღება ვიპოვეთ, რომ ქალაქის დაცვას 10 თვე ეყოფოდა. ოცზე მეტი გამართული ქართული ტანკი იყო მიტოვებული. სულიმმა თქვა, ეს რაღაც ხაფანგი იქნებაო. მართლაც, ის ტანკები რომ დაძრულიყვნენ, ახლა მე თქვენთან არ ვისაუბრებდი. ბაზაზე ვიპოვეთ ორი აბსოლუტურად გამართული ბუკ – მ1. ჰოდა, ახლა ამ თქვენ ყოფილი ტანკებს და ბუკებს თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ.
_ ცხინვალში რა მიზნით ხართ ჩასული?
_ ჩეჩენი მშენებლები მუშაობენ აქ. ჩემი მეგობრები არიან და მათ სანახავად ჩამოვედი.
http://www.medianews.ge/geo/news/42508.html