ცხინვალიდან ცხინვალამდე - ქართული არმიის 18 წელი
http://presa.ge/index.php?text=news&i=7481საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 18 წელი გავიდა. 1991 წლის 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა პირველი გაწვევა გამოცხადდა.
18 წლის მანძილზე ქართული არმიის მოწინააღმდეგე არ შეცვლილა - ყველა სამხედრო დაპირისპირება 1991 წლის ცხინვალის რეგიონდან 2008 წლის ცხინვალის რეგიონამდე, მტერი ერთი იყო - რუსეთის ფედერაცია და მისი შეიარაღებული ძალები.
საგულისხმოა, რომ 1991 წლის ცხინვალის რეგიონში დაპისპირების პარალელურად გახსნილი იყო მეორე ფრონტი - 1992-93 წლების ბრძოლა აფხაზეთში, შემდეგი იყო 1998 წლის გალის მოვლენები (სადაც კარგად გათვლილი ავანტიურის შედეგად, რაშიც კატალიზატორის როლი ბეჟან გუნავას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის მარულამ შეასრულა, საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა), 2001 წლის აგვისტო-სექტემბრის რეიდი კოდორის ხეობიდან აფხაზეთში, 2004 წლის ცხინვალის რეგიონი და 2008 წლის აგვისტო, სადაც რუსეთმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და პირდაპირ განაცხადა, რომ აწარმოებს ომს.
ქართული არმიის დაარსებიდან 18 წლის მანძილზე, შეიცვალა 9 თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის 10 და გაერთიანებული შტაბის ორი უფროსი (მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ - 6 ჯერ შეიცვალა პირველი სამხედრო პირი). მხოლოდ სამხედროებზე, რომ ვისაუბროთ, აშშ-ში ბოლო 5 წლის მანძილზე შტაბის 2 უფროსი შეიცვალა, რუსეთში - 2, სომხეთში - 3, აზერბაიჯანში შტაბის უფროსი 15 წლის მანძილზე არ შეცვლილა. თავდაცვის მინისტრების თემა საქართველოში ცალკე ფენომენია (მათი თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხში).
სახეზეა სრული ქაოსი, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, ან არაკომპეტენტურობის. 18 წლის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა კონკრეტულ მიმართულებაზე ჩამოყალიბება, ბოლო 6 წლის მანძილზე გაღვივებულმა ორმა კონფლიქტმა კი (2004 ცხინვალი - მსხვერპლი 40 სამხედრომდე და 2008 ცხინვალი - მსხვერპლი - 170 სამხედრო, 9 რეზერვისტი-მოდ.გოვ.გე) გამოავლინა მმართველობითი რგოლების უუნარობა, რამაც სიკვდიალიანობა, დევნილობა და ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია.
18 წლის მანძილზე პირველად, მოწინააღმდეგემ საქართველოს საჰაერო სივრცე გააკონტროლა, დაიკავა სენაკის სამხედრო ბაზა, ალაფის სახით წაიღო ტანკები, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჯავშანმანქანები და სხვადასხვა ფირმისა და მოდიფიკაციის ავტომობილები, ამერიკული შაშხანები და ტყვიამფრქვევები, სამხედრო ფორმები და სხვა ამუნიცია, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
18 წლის მანძილზე პირველად, საქართველოს უარი თქვა სამხედრო საზღვაო ძალებზე (პირველად საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველა გემი მოწინააღმდეგემ პორტშივე ჩაძირა).
ისტორიის მანძილზე პირველად, მოსკოვში ქართული ალაფის გამოფენა მოეწყო.
18 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა დოქტრინალური დოკუმენტების შემუშავება, ვერ იმუშავა ვერც უსაფრთხოების დოკუმენტმა, ვერც საფრთხეების შეფასების დოკუმენტმა, ვერც თავდაცვის დოქტრინამ.
18 წლის მანძილზე არმიიდან მოხდა ასობით კვალიფიციური კადრის გადინება, განცხადებებს ან წერდნენ, ან აწერინებდნენ (საუბარია, როგორც უმაღლესი და მაღალი რანგის, ასევე საშუალო წოდების ოფიცრებზე).
18 წლის მანძილზე, ქართველმა ჯარისკაცებმა მისია შეასრულეს ბალკანეთზე - კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში.
18 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის ჯამაგირი, მოიხსნა ჯარისკაცის ჩაცმისა და კვების პრობლემა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი ჯარი იყო, ერთ-ერთ საერთაშორისო კვლევაში საქაღთველო შეიარაღების შეძენის ტემპების მხრივ პირველ ადგილზეც აღმოჩნდა.
30 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში ქართულმა არმიამ იუბილე აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები გადასცეს. ღონისძიებაზე სამხედრო ორკესტრი უკრავდა, დარიგდა ჯილდოები, მედლები, როგორც სახელმწიფო, ასევე უწყებრივი. სიტყვით გამოვიდადავით სიხარულიძე.
სიხარულიძე: ”საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 18 წლის განმავლობაში დიდი და მძიმე გზა განვლო. ამ წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ რამდენჯერმე მოუწია მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება. ბევრმა სამხედრომ გმირობისა და თავდადების მაგალითები გვაჩვენა. დღეს თუ გადავხედავთ, უზარმაზარი განსხვავებაა ამ წლების განმავლობაში. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გვყავს საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგე, რომელსაც აქვს საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული, სადაც შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. შესაბამისად ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ და უკეთესი გავხადოთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა სწავლა-განათლება, რომელსაც ბრძოლისუნარიანობა ეფუძნება.
შესაბამისად ეს ყველამ უნდა გავითავისოდ. საქართველოს შეიარაღებული ძალები იცავენ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, არამედ ისინი მონაწილეობენ იმ მისიებში, რომლებიც საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით” (მოდ.გოვ.გე).
განვითარებისა და აღმშენებლობის თვალსაზრისით, შესაძლოა 18 წელი ბევრი არ იყოს და ბევრი არასოდესაა, თუმცა უსწრაფესად გატარებულმა ”ცვლილებებმა” არმიაში და საზოგადოების ინდეფერტულობამ სამხედრო საკითხების მიმართ, დაგვაყენა იმ შედეგის წინაშე, რომელიც დღეს გვაქვს.