http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmპოლიტიკური თამაშები ტანკის ლულებით?!
არმიის პოლიტიკურ გარჩევებში ჩათრევა ხელისუფლების ან ოპოზიციის მიერ
დამღუპველი იქნება როგორც შეიარაღებული ძალებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის
მაინც რა მოხდა 5 მაისს მუხროვანში? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ერთი კვირის შემდეგაც არ არსებობს.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მან უსისხლოდ ჩაახშო სამხედრო ამბოხის მცდელობა.
ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ტანკისტთა მეთაურმა არ შეასრულა ხელისუფლების ბრძანება და არ გაიყვანა ტანკები ოპოზიციის საგზაო პიკეტების წინააღმდეგ...
საბოლოო პასუხი არც ჩვენ გვაქვს, რადგან ბევრი ნიუანსი ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომაც შეიძლება შემოგთავაზოთ ის, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ.
5 მაისს «კვირის პალიტრამ» მოახერხა მუხროვანის გადასახვევიდან (სადაც ჟურნალისტები იყვნენ შეჯგუფებულნი და მათ პოლიცია მუხროვანისკენ არ უშვებდა) უფრო ღრმად შეეღწია იმ სამხედრო საველე კარვებამდე, სადაც სახელისუფლებო ძალების დროებითი ოპერატიული შტაბი იყო მოწყობილი.
მანამდე კი, გზის პირას, მე-4 ქვეითი ბრიგადის არტილერისტების 6 ცალი 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი საბრძოლო პოზიციებზე ჰქონდათ განლაგებული და მზად იყვნენ, დახურული პოზიციიდან ცეცხლი მუხროვანის სამხედრო ნაწილისთვის გაეხსნათ.
ასევე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის 30-მდე ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა საბრძოლო პოზიციებზე იყო განთავსებული და შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში ალბათ ისინიც გახსნიდნენ ცეცხლს დამიზნებით.
ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებდა, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და არც ცეცხლის გახსნაზე იტყოდა უარს, თუკი მუხროვანში დისლოცირებული ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურობა არ დანებდებოდა.
ეს გარემოება მიუთითებს, რომ საქმე არ იყო მთლად სახუმაროდ, მით უმეტეს, რომ თავად მუხროვანის სამხედრო ნაწილის პერიმეტრზე ფარეხებიდან გამოყვანილი რამდენიმე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და თვითმავალი საზენიტო დანადგარი საბრძოლო მდგომარეობაში იდგა.
არადა, ამ ბატალიონის შეიარაღებაში 43 ცალი თ-72 ტიპის ტანკი (მათ შორის უმეტესობა შიმ1-ის დონეზეა მოდერნიზებული) და 13 ქვეითთა საბრძოლო მანქანა იყო, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა. ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების სპეცრაზმმა შეაღწია, რომელმაც ბატალიონის მეთაურობა დააკავა და განაიარაღა. სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შავნაბადის ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლებიც.
ამ ინციდენტის დროს შსს-მ გაავრცელა წინა დღეებში გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მაიორი ღვალაძე გრანდიოზულ გეგმებს სახავს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად და თვით საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის შესაცვლელად.
ვიდეოჩანაწერებში მაიორ ღვალაძის გარდა, ყველას სახე დაფარული აქვს ვიდეომონტაჟის წყალობით. ერთ-ერთს ფარული მინივიდეოკამერა ტანსაცმელზეც აქვს დამაგრებული. ყოველივე ეს და თვით საუბრების შინაარსიც რატომღაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვიდეოჩანაწერში სცენარით თამაშობდნენ არა მარტო სახედაფარული შსს-ს აგენტები, არამედ თავად მაიორი ღვალაძეც.
ის ამტკიცებდა, 7 გენერალი მცხეთაში აწყობდა გეგმებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებო, რაც ვერ მოხდებოდა, რადგან დასახელებული გენერლებიდან ზოგიერთი საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში, ზოგს კი ერთმანეთთან ისეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომ ძალიან ძნელია, ისინი ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ერთად მონაწილეობდნენ.
ამ ფარულ ვიდეოჩანაწერებსა და მუხროვანის ინციდენტს ერთი გვარი - პოლკოვნიკი ოთანაძე აერთიანებს. ფარულ ჩანაწერებშიც მაიორი ღვალაძე ოთანაძეს ახსენებს, და ხელისუფლებაც ამტკიცებს, რომ ოთანაძე მუხროვანში ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შემდეგ იქიდან თანმხლებებთან ერთად მიიმალაო.
თუკი ოთანაძე და რამდენიმე სხვა პირი ნაწილის ტერიტორიაზე მართლაც შეუშვა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა, ეს ბევრ რამეს ცვლის, ისევე როგორც საბრძოლო ტექნიკის ფარეხებიდან გამოყვანა და პერიმეტრზე განთავსება.
ამ ბატალიონმა და მისმა მეთაურმა გორგიაშვილმა ცხინვალში და მის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები გადაიტანეს და ვაჟკაცურადაც იბრძოდნენ. ამიტომაც ძალიან საწყენია, თუ ისინი პოლიტიკურ თამაშებში აღმოჩნდნენ გარეულნი.
პოლიტიკური თამაშების გამართვა ტანკების ლულებით ძალზე საშიში იქნება, არა მარტო არმიისთვის (როდესაც მისი მებრძოლები რამდენიმე საათი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ), არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა დაანებონ არმიის საშუალებით შიდაპოლიტიკურ გარჩევებში უპირატესობის მოპოვებაზე ფიქრს.
არმიის მთავარი დანიშნულება გარეშე მტერთან ბრძოლაა და არა პოლიტიკურ პარტიებთან ჩუმი ფლირტი...