ძალიან საინტერესო სტატია ბიჭებო .
http://www.kvirispalitra.ge./palitra/frp_palitra.htm * * *
ექსპერტები რუსეთის ახალ მზაკვრულ გეგმაზე ალაპარაკდნენ...
«ბაკსანის ხეობიდან რამდენიმე საათში ზემო სვანეთში ხვდებით»
რატომ გადმოისროლეს იალბუზთან რუსებმა სპეცნაწილები
რუსეთის ახალი სტრატეგია - «კოლონიები უკუღმა»
შეინიშნება სამთო-მსროლელთა და მედესანტეთა რაოდენობის გაზრდა
თითქოს ქვეყანაში მღელვარება ჩაცხრა და ომის საშიშროებაც განელდა, მაგრამ განა შესაძლებელია იმის პროგნოზირება, როდის რა მოუვა თავში რუსეთის დე ფაქტო მმართველს და მის გარემოცვას?
რამდენიმე დღის წინ რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას ფორუმზე ერთი საინტერესო ცნობა გამოჩნდა. ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მენეჯერი, ვინმე იური კოლომიეცი ლატინინას ატყობინებდა, რომ ბაკსანის ხეობაში 30 ივნისის შემდეგ დახურულია ყველა ალპური ბანაკი (ხეობა საქართველოს ესაზღვრება, იქიდან ზემო სვანეთამდე ფეხით სულ რამდენიმე საათის სავალია. - ავტ.) და ამ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ხეობაში რუს მედესანტეთა ბლოკპოსტებია განთავსებული, გამოცხადებულია კომენდატის საათი! «ვფიქრობ, ეს პრელუდიაა საქართველოში შესაჭრელად» - ასეთია ჩრდილოკავკასიელ ექსპერტთა პროგნოზი. მართალია, ეს შეფასებები ობამა-მედვედევის შეხვედრამდე გაკეთდა, მაგრამ ყაბარდო-ბალყარეთიდან მოსული უკანასკნელი ცნობების თანახმად, სიტუაცია არ შეცვლილა, - არც მედესანტეები წასულან სადმე და არც ალპური სეზონი გახსნილა.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - ბალყარელებმა შეგვატყობინეს, რომ იალბუზის მიმდებარე ტერიტორიაზე არასასიამოვნო ამბები ხდება. საქმე ისაა, რომ 30 ივნისს, ანუ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების დღეს რუსეთის ხელისუფლებამ ამ ზონაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბაკსანის ხეობაში ალპური ტურისტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული. 30 ივნისიდან ტურისტები აყარეს ბანაკებიდან, მეტიც, იმ ტერიტორიის სიახლოვეს გაკარებაც აუკრძალეს. მაგრამ ანტიტერორისტული ოპერაცია იგვიანებს. ორი კვირის განმავლობაში იქ არავითარი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია არ ჩატარებულა. მხოლოდ სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმის დისლოცირება მოხდა. ამ რაზმებს კი ცნობილ წვრთნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. აღნიშნული ზონის ჩრდილოეთით მართლა ჩატარდა კონტრტერორისტული ოპერაცია და როგორც თვითონ ამბობენ, ტერორისტთა ერთი ჯგუფიც გაანადგურეს, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ შეიძლება იყოს იალბუზის მიმდებარე ტერიტორიასთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსული სპეცდანიშნულების ჯარების შეყვანა ამ ზონაში გადაფარეს ანტიტერორისტული ოპერაციით.
- რამდენად შესაძლებელია ბაკსანის ხეობიდან საქართველოში ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მოულოდნელად გადმოსროლა?
- მძიმე ტექნიკის გადმოყვანა ამ ხეობით შეუძლებელია, მაგრამ აქ არის ტრადიციული ტურისტული ბილიკი, რომლიდანაც საბჭოთა კავშირის დროს ტურისტები ბალყარეთიდან გადმოდიოდნენ სვანეთში. მარშრუტი ასეთი იყო: ჩრდილოეთი კავკასია, ბალყარეთი, იალბუზი, სვანეთი და შავი ზღვა (აქედან ჩადიოდნენ სოხუმში). ბილიკის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია, მაგრამ ნებისმიერი გაწვრთნილი რაზმისთვის ამ ბილიკის გადმოლახვა პრობლემა არ არის. რამდენიმე საათში ზემო სვანეთში ხვდები. თუ ლაპარაკია მძიმე ტექნიკის გადმოსროლაზე, ამ მიმართულებით სამთოO ბრიგადების და მედესანტეების გადმოსხმაც საკმარისია. ბაკსანის ხეობაში კი სწორედ ასეთი ჯგუფებია მობილიზებული. საინტერესოა ისიც, რომ წვრთნებში მონაწილე ძალების ხარისხი და შემადგენლობა გაცილებით აღემატება იმ ძველ შემადგენლობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობდა. შეინიშნება სამთო-მსროლელებისა და მედესანტეების რაოდენობის გაზრდა. ეს რაზმები არც ჩრდილოეთ ოლქის საჯარისო დანაყოფებს ეკუთვნის და არც 58-ე არმიას. ისინი რუსეთის სიღრმიდან ჩამოიყვანეს. პარალელურად გაჩნდა ინფორმაცია, რომ სოხუმში დისლოცირებულია სპეცდანიშნულების რაზმ «ვიმპელის» რამდენიმე ასეული მებრძოლი. სოხუმიდან მიღებული ინფორმაციით, რუსები კიდევ აპირებენ ამ რაზმების გაზრდას. საკითხავი ის არის, რაში სჭირდება რუსეთს იმ ზონებში სპეცბრიგადების მობილიზება, სადაც არანაირი საფრთხე არ არსებობს? ბუნებრივია, ასეთ მობილიზაციას ომის სუნი უდის. რუსები ელოდებიან ისეთ პროვოკაციას, რომელიც მათ მიზეზს მისცემს საქართველოში ისევ შემოიჭრან.
- ქართველი პოლიტიკოსები ხომ აცხადებენ, რომ ომის საფრთხე ობამას მოსკოვური ვიზიტის შემდეგ განელდა...
- ობამას განცხადების შემდეგ, საკმაოდ სოლიდურმა რუსმა ექსპერტმა ანდრეი პიანტკოვსკიმ აღნიშნა, რომ ომის საფრთხე 80-იდან 40 პროცენტზე ჩამოვიდა, მაგრამ ეს 40 პროცენტი ხომ არსებობს! ყველამ ვიცით, რომ რუსული ძალები მობილიზებულია კავკასიის სხვა პერიმეტრზეც. ჩრდილო ოსეთში კი რუსებმა ახალი საინტერესო კამპანია წამოიწყეს. იმ ოსებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო დატოვეს და ჩრდილო ოსეთში გადავიდნენ, აძლევენ ფულს, რათა უკან დაბრუნდნენ. ფულს იმ სახლების აღსადგენად აძლევენ, რომელიც სინამდვილეში არც დანგრეულა. ამას აშკარად პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს. დაუზიანებელი სახლის აღდგენისათვის ფულის მიცემა რაღაა? აშკარად იკვეთება შემდეგი სურათი: მთელი კავკასიის მასშტაბით რაღაც პროცესებს აქვს ადგილი. ეს პროცესები კი ჩვენთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. კავკასიაში რომ საინტერესო და რთული პროცესები ვითარდება, ამას აღარც რუსები მალავენ. რუსეთში გამოჩნდა პარტია, რომლის წევრებიც თავიანთ თავს «ნაციონალისტებს» უწოდებენ. მათ რუსებს საინტერესო იდეა შესთავაზეს. ეს იდეა («კოლონიები უკუღმა») იმდენად პოპულარული გახდა რუსეთში, რომ ბოლო გამოკითხვებით მას მოსახლეობის 68 პროცენტი ემხრობა. მათი ერთ-ერთი მიმართულება რუსეთისგან ჩრდილო კავკასიის ჩამოშორებაა.
«კოლონიები უკუღმა»
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ჩრდილო კავკასია რესურსების გამო იყო დაპყრობილი. მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის იმპერია ჩრდილო კავკასიას იპყრობდა როგორც ტრანზიტულ ზონას - გზას საქართველოსაკენ, სპარსეთისა და თურქეთისაკენ. იგი არავის აინტერესებდა, როგორც რესურსებით მდიდარი ტერიტორია, ვინაიდან იქ რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრე არც მოიპოვებოდა.
რუსეთში ჩეჩნეთის ბოლო ომების მიზეზად ნავთობის საკითხია მიღებული, მაგრამ საკუთრივ ჩეჩნური ნავთობი რუსეთის საერთო მარაგის ფონზე ზღვაში წვეთია. ჩეჩნეთის ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გამოკვლეული მარაგების რაოდენობა 20 მლნ ტონას შეადგენს, ხოლო გამოუკვლეველი მარაგების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი - 150 მლნ-ს. შედარებისთვის, რუსეთის საერთო მარაგია 79,4 მლრდ ბარელი (10,5 მლრდ ტონა), რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მსოფლიო მარაგის მხოლოდ 6,4%-ს.
კავკასიური ნავთობის დანარჩენი რესურსები უარეს მდგომარეობაშია. დაღესტანში ნადლეულის მოპოვება ბოლო ორი წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 331 ათას ტონა ნავთობსა და 613 მლნ კუბმეტრ აირს. რესპუბლიკის გაზის მთელმა წარმოებამ თავისი არსებობის 70 წლის განმავლობაში მიაღწია 43 მლნ ტონამდე ნავთობსა და კონდენსატს და აგრეთვე 39 მლრდ კუბმეტრ აირს. შედარებისთვის, რუსეთის უმსხვილესი სამოტლორის საბადო (დასავლეთი ციმბირი) მოპოვების პიკზე იძლეოდა წელიწადში 150 მლნ ტონა ნავთობს.
ყაბარდო-ბალყარეთში შესაძლებელია ვოლფრამის მოპოვება - კარგია, მაგრამ ცოტაა. ამასთან, ყაბარდო-ბალყარეთის ტირნიაუზის სამთომომპოვებელი კომბინატი დახურულია. დაღესტანსა და ჩრდილო ოსეთში მოიპოვება სპილენძი და თუთია, მაგრამ ურალის მარაგებთან შედარებით სათვალავში მისაღები არც არის. უფრო წვრილმან დარგებზე - მარმარილოსა და ტუფის მოპოვებაზე, - ლაპარაკი არც ღირს. ტურიზმისათვის ჩრდილოეთი კავკასია გამოუყენებელია თავისი ჩამორჩენილობის, ინფრასტრუქტურის უქონლობისა და მძიმე კრიმინოგენული ფონის გამო.
ასე რომ, რესურსების თვალსაზრისით, ჩრდილო კავკასია არცთუ მიმზიდველია. ყველა ეს რესურსი ბევრად უფრო მეტია რუსეთის სხვა რეგიონებში. ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები დოტაციურობის თვალსაზრისით (ბიუჯეტის დეფიციტი) რუსეთის მასშტაბით ბოლო ადგილებს იკავებენ:
ჩრდილო ოსეთი - ალანია: 60,16%
ადიღე: 60,68%
ყარაჩაი-ჩერქეზეთი: 67,16%
ყაბარდო-ბალყარეთი: 67,38%
დაღესტანი: 78,82%
ჩეჩნეთი: 84,21%
ინგუშეთი: 89,24%
რამზან კადიროვის თქმით, 2007 წელს კომპანია «როსტნეფტმა» ჩეჩნური ნავთობის გაყიდვით მიიღო 20 მლრდ რუბლი. ამ დროს ჩეჩნეთის ბიუჯეტი 2008 წლისთვის შეადგენდა 30,6 მლრდ რუბლს. აქედან გამომდინარე, მთავარ რესურსსაც კი არ შეუძლია ჩეჩნეთის მოთხოვნილების უზრუნველყოფა.
ასე რომ, ჩრდილო კავკასია - ეს არის «კოლონია უკუღმა». მაშ, რატომ უნდა შეინახოს რუსეთმა ეს რეგიონი, რომელიც მუდმივი დაძაბულობისა და კრიმინალის კერაა?! რატომ უნდა მიმართოს იქითკენ ფინანსური რესურსები, რომლებიც სხვა, წმინდა რუსულ რეგიონებს აკლდება?! ამას გარდა, ჩრდილოკავკასიელების გენეტიკური მეხსიერება ისეთია, რომ ისინი არასოდეს იქნებიან რუსეთის მეგობრები. მაშ რატომ უნდა დაღვარონ რუსმა ბიჭებმა იქ სისხლი. ჩრდილოკავკასიელთა გენეტიკური მეხსიერება კი ამგვარია: მამა გადასახლებული, ბაბუა რუსებთან ბრძოლაში დაღუპული, ბებია კი რუსების მიერ რომელიღაც აულში ჩამწვარი. მოდი და ამის მერე ეცადე საერთო ენის გამონახვა ამ ხალხთან. ასეთია რუსი «ნაციონალისტების» დამოკიდებულება კავკასიასთან, რასაც რუსეთის მოსახლეობაც სრულიად ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ კავკასიელები არ არიან ღირსნი, რომ რუსებმა თავიანთ ხარჯზე შეინახონ და არჩინონ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჩანს, ასე არ ფიქრობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კავკასია დაიმორჩილოს.
მამუკა არეშიძე: - ბოლო დროს ჩრდილო კავკასიაში იმდენი ექსცესი მოხდა (ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში უამრავი მაღალი თანამდებობის პირი მოკლეს), რომ ეს საფუძველს აძლევს რუსეთს გამოაცხადოს, - იძულებული ვართ, ამ რეგიონში ჯარები დავტოვოთ, რადგან სიმშვიდე შევინარჩუნოთო. ეს საჯარისო ფორმირებები კი არც 58-ე არმიის ნაწილებია და არც შინაგანი ჯარები. ეს არის სპეცდანიშნულების ბრიგადები. არ არის გამორიცხული ბოლო დროს ჩრდილო კავკასიაში მომხდარი ინციდენტები სპეციალურად, კრემლის მიერ იყოს პროვოცირებული, სწორედ იმის გამო, რომ ჩრდილო კავკასიაში ჯარების შეყვანა გაემართლებინათ. მინდა ვთქვა, რომ ეს ჯარები არსად გაუყვანიათ. რუსები აკვირდებიან მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ამერიკულ პრესაში კი ძალზე საინტერესო ანალიტიკური სტატიები გამოჩნდა. ამერიკელები ფიქრობენ, რომ რუსებმა მათი პრეზიდენტი მოატყუეს. «რა მიიღო ამერიკამ? სატრანზიტო დერეფანი, რომელშიც ფულს ვიხდით. ამას გარდა, ამ შეთანხმებით იძულებულები ვხდებით, აზიაში დავიცვათ რუსული ინტერესები (არ შევუშვათ თალიბები დ ისლამური ფუნდამენტალიზმი რუსეთისკენ) და დავიცვათ რუსეთი ავღანური ჰეროინისაგან. პლუს ჩვენი ატომური მატარებლები, თვითმფრინავები თუ გემები უნდა გადავიყვანით სხვა რეჟიმში. იძულებულები ვართ, ყველაფერი შევამციროთ. კავკასიის საკითხი კი ისევ ღიად დავტოვეთ. შანსი იმისა, რომ ომი არ დაიწყება, გაიზარდა, მაგრამ კავკასიის საკითხი ჩვენთვის არ გადაწყვეტილა», - ასეთია ამერიკელ ექსპერტთა მოსაზრებები ამ შეხვედრის შემდეგ.
P.S. ექსპერტების მოსაზრებებსა და ბოლო მოვლენებზე დაკვირვებით, იკვეთება რუსეთის ახალი მზაკვრული გეგმა, რომელიც დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს: ჩრდილო კავკასიაში მოწყობილი აფეთქებები, ტერაქტები და რუსეთის ჩინოვნიკების ლიკვიდაციები კრემლის ხელით ხორციელდება და ბუნებრივია, ეს არეულობა «კავკასიელ ტერორისტებს» ჰბრალდებათ (როგორც ჩეჩნებს დაჰბრალდათ რუსეთში ორი კორპუსის აფეთქება. და ეს იქცა ჩეჩნეთში შეჭრის საბაბად). ამის შემდეგ კრემლი დაიწყებს ფართომასშტაბიან «ანტიტერორისტულ» ხოცვა-ჟლეტას ჩრდილო კავკასიაში. ბუნებრივია, ამ პროცესებში საქართველო ვერ გადგება განზე. ძალიანაც რომ მოინდომოს, უბრალოდ საზღვარს ვერ გააკონტროლებს. გარდა ამისა, გასაჭირში ჩავარდნილ კავკასიელებს დახმარებაზეც ვერ ეტყვის უარს. გამოდის, რუსულ სასაკლაოს გამოქცეული «ტერორისტების» შეფარებასაც ვერ ასცდება საქართველო. და აი, მაშინ რუსები საქართველოში შემოჭრის ახალ საბაბსაც გამოძებნიან, - აქაოდა, ტერორისტები თავს საქართველოს აფარებენ და მათი განადგურება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც შეგვიძლიაო (ეს რუსებს კანონში უწერიათ). ღმერთმა ქნას, ეს მზაკვრული გეგმა ჩავარდეს, თუმცა გეგმა არსებობს და ჩვენი მხრიდან სერიოზულ ანალიზსაც საჭიროებს.
P.P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა რუსეთის გენერალიტეტმა მორიგი სიურპრიზი «ესროლა» საქართველოს. კერძოდ, რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ, არკადი ედელევმა განაცხადა, რომ რუსები ელოდებიან საქართველოდან 60 შეიარაღებული ბოევიკის გადმოსვლას და აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ ბოევიკები დსთ-ის ერთ-ერთი ქვეყნის პასპორტებით არიან შეიარაღებულნი. «ერთ-ერთი» ქვეყნის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამას ეტყობა რუსეთი მაშინ «დაადგენს» და დაასახელებს, როცა მორიგი შანტაჟი გახდება საჭირო.
ხათუნა პაიჭაძე
თუ სერიოზული ამბავი ატყდა ჩრ კავკასიაში მერე ნახეთ.
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.