http://presa.ge/index.php?text=news&i=9928ფრანგი ”მეგობარი”, ანუ ”დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის”
პოლიტიკა — თავფურცელი
09:37 24.09.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[კახა კაციტაძე]
რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ იგი აცხადებს კონკურსს სადესანტესო შვეულმფრენზიდის შესასყიდად. რუსებს საკუთარი ძალებით არ შესწევთ ამ თანამედროვე და მეტად ძვირად ღირებული ხომალდის აშენება. ამ ტიპის ხომალდების აშენება დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერც სსრ კავშირმა მოახერხა. ამასთან რუსი ადმირლები ამ შვეულმფრენმზიდების შეძენას პირდაპირ უკავშირებენ პერსპექტიულ ომს საქართველოსთან.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ვლადიმერ ვისოცკიმ პრეს-კონფერენციაზე შვეულმფრენმზიდების შეძენასთან დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით განაცხადა: - ”საქართველოსთან შარშანდელი ომისას, ფრანგული ხომალდი რომ გვყოლოდა, ჩვენი ამოცანის შესასრულებლად 26 საათი კი არა, ორმოცი წუთი გვეყოფოდა”. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში რუსი ადმირალი არ ტყუოდა.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანგებთან შვეულმფრემზიდ ”მისტრალის” და ჰოლანდიელებთან შვეულმფრენმზიდ ”როტერდამის” შესაძენად. გაიჟღერა ინფორმაციამ, ესპანეთში ”მეფე ხუან კარლოსის” ტიპის მსუბუქი ავიამზიდების შეძენაზე, რომელიც მცირე მოდერნიზაციის შემდეგ, აგრეთვე შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც სადესანტო შვეულმფრენმიზიდი.
წარმოდგენილ მასალაში შევეხებით ჯერ იმას, თუ რას წარმოადგენენ სადესანტო შვეულმფრემზიდები, შემდეგ იმას, თუ რას წარმოადგენენ ფრანგული და ჰოლანდიური ხომალდები, დაბოლოს იმას, - თუ რას ნიშნავს ეს ევროპელებისა და სააკაშვილის ურთიერთობის კონტექსტში.
უნივერსალური სადესანტო ხომალდები
სადესანტო შვეულმფრენმზიდებს ზოგჯერ ”უნივერსალურ სადესანტო ხომალდებსაც” უწოდებენ. სადესანტოს გარდა, არსებობენ ნავსაწინაღმდეგო შვეულმფრენმზიდები, რომელთა ამოცანაა არა საკუთარი ჯარების დესანტირება, არამედ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლა სპეციალური ნავსაწინაღმდეგო შვეულმფრენებისათვის. ნავსაწინააღმდეგო შვეულმფრენმზიდებს გადამწყვეტი როლი ენიჭებად ნებისმიერი სტრატეგიული სადესანტო ოპერაციის განხორციელებაში.
დღეს შეიქმნა უნიკალური ვითარება, როდესაც ერთი ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალების დომინირება გლობალურ დონეზე იმგვარია, რომ არ არსებობს მათდამი ოდნავ მიახლოებული ძალაც კი, რომელიც მათთან საზღვაო ბრძოლას გამართავს. ანუ, ვთქვათ, ამერიკელთა ფლოტი აღარ არის პრიორიტეტულად გამიზნული იმაზე, რაზედაც ნებისმიერი ფლოტი იყო გამიზნული – ოკეანეში წარმოებულ საზღვაო ბრძოლაზე.
ითვლება რომ ამერიკელებს, ფლოტის არნახული უპირატესობის ხარჯზე (მით უფრო ნატოელებთან ერთად), აპრიორი აქვთ მოგებული ნებისმიერი საზღვაო ბრძოლა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან.
ასეთ ვითარებაში ფლოტის წინაშე დგება სრულიად არატრადიციული მიზნები: ტერიტორიის დიდი მონაკვეთების რაკეტსაწინაღო დაცვის განხორციელება, მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ობიექტების განადგურება საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ავიამზიდებზე ბაზირებული თვითმფრინავებით (სულ, 12 ავიამზიდზე ამერიკელებს 1200-მდე თვითმფრინავის ბაზირება შეუძლიათ).
ცნობილია, რომ სერბიიის დაბომბვისას, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია სერბეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზღვიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობდა. თანაც არც ერთი ირგვლივ მყოფი ნაგებობა არ დაზიანებულა.
მოკლედ, შეიცვალა სამხედრო-საზღვაო ძალების მიზნის ტრადიციული გაგება. ამ ძალების როლი აღარ არის საზღვაო თუ საოკეანო ბრძოლების წარმოება. ამ დონეზე მოწინააღმდეგე უბრალოდ აღარ არსებობს. ამოცანა ხდება ის, რასაც ამერიკელები საზღვაო ძალის ხმელეთზე პროეცირებას უწოდებენ. თანაც ამ პროეცირების მასშტაბები და საზღვრები არნახულად გაიზარდა.
თუ ადრე ამერიკელები ზღვიდან დესანტირებით, ძალის პროეცირებას მხოლოდ სახმელეთო ზედაპირის ზღვასთან მიმდებარე ნაწილზე ახდენდნენ, ახლა ზღვიდან ძალის პროეციერება ხდება რამოდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში. თანაც ისე, რომ მებრძოლი საზღვაო ქვეითები იღებენ ყველა სახის დახმარებას ხომალდებიდან.
მაგალითად, ბოლო დროს ამერიკელებმა ”ზემუოლთ”-ის ტიპის ხომალდებზე დაამონტაჟეს ორი 155 მმ-იანი ჰაუბიცა, რომლებიც ზეზუსტი (მათ შორის კოსმოსური დამიზნების) ჭურვებით ისვრიან 185 კილომეტრის მანძილზე. შესაბამისად: ხაშურის რაიონში მებრძოლ დაჯგუფებას, რომელსაც მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკამ შეუტია, შეუძლია გამოიძახოს ხსენებული ქვემეხების მხარდაჭერა და სადღაც ფოთთან, ან ბათუმთან განლაგებულ ხომალდს შეუძლია 3000 ჭურვის გამოყენებით გაანადგუროს სადღაც სურამთან მოქმედი ჯავშანსატანკო დანაყოფი.
ხმელეთზე ძალის ამგვარ პროეცირებაში გადამწყვეტი როლის შესრულება სწორედ სადესანტო შვეულმფრენმზიდებს ენიჭებად. და საერთოდ, როგორც ვთქვით, ამჟამად სამხედრო - საზღვაო ბრძოლას აღარ აქვს ტრადიციული მნიშვნელობა. მას ენაცვლება ფლოტის უნარი, მოახდინოს ძალის ხმელეთზე პროეცირება. ამ მიმართებით აშშ-ს შემდეგ, უახლოეს წლებში უძლიერესი ფლოტები ეყოლებათ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, სამხრეთ კორეას, იტალიას.
რაც შეეხება ბალისტიკური რაკეტებიდან დაცვის უნარს, აქ ამერიკელთა შემდეგი პოზიციები ექნებათ: იაპონელებს, ბრიტანელებს, გერმანელებს, ესპანელებს, სამხრეთ კორეელებს. რაც შეეხება რუსეთს, ის ამ ელიტაში ვერ ხვდება. რუსეთი ხვდება, მხოლოდ იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომელთაც თეორიულად კიდევ შეუძლიათ აწარმოონ შეზღუდული მასშტაბის საოკეანო ბრძოლა. ამ ნუსხაში რუსეთი ჩამორჩება ინდოეთს და ერთი ადგილით უსწრებს ისეთ სახელმწიფოს როგორიც არის ტაილანდი.
როგორც ითქვა საზღვაო დესანტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღიდან ძალის პროეცირებაში. ამასთან, აქამდე დესანტირებას სხვადასხვა ხომალდები ახდენდნენ. შვეულმფრენმზიდებს გადაჰყავდათ მსუბუქად აღჭურვილი მედესანტეები. სპეციალურ ბრტყელძირიან ტანკსატრანპორტო ხომალდებს ტანკები შეეძლოთ პირდაპირ ნაპირზე გადაეტვირთათ. სპეციალურ გემებს და კატარღებს გადაჰქონდათ ტყვია - წამალი, გადაჰყავდათ დაჭრილები და ა.შ.
”მისტრალის” ტიპის შვეულმფრენმზიდი უნივერსალური ხომალდია, რომელსაც ერთს ძალუძს განახორციელოს ყველა ჩამოთვლილი მოქმედება. აქედან გასაგებია, რა საფრთხის შექმნა შეუძლია საქართველოსათვის ამ ხომალდს რუსების ხელში.
”მისტრალის” და ”როტერდამის” მახასიათებლები
”მისტრალის” წყალწყვა 21,300 ტონაა, რაც დაახლოებით ტოლია ”ინვინსიბლის” ტიპის ინგლისური, ”კავურის” ტიპის იტალიური და ”მეფე ხუან კარლოსის” ტიპის ესპანური მსუბუქი ავიამზიდების წყალწყვისა. ”მისტრალს” აქვს ასაფრენი ბილიკი, შესაბამისად მისი ზედაპირიდან შეიძლება აფრინდნენ არა მხოლოდ შვეულმფრენები, არამედ ვერტიკალური/მოკლე აფრენის თვითმრინავები. ვთქვათ ინგლისური ”ჰარიერის” ტიპისა.
”მისტრალზე” ბაზირებულია 16 შვეულმფრენი. როგორც წესი, 6 გერმანულ - ფრანგული უახლესი ”ტიგერი” (რომელთან შედარებით რუსული მი-24 უსარგებლო სათამაშოა) და 10 მძიმე სადესანტო შვეულმფრენი, მოიერიშე ჯგუფის ტრანსპორტირებისათვის. ხომალდის კორპუსში მოთავსებულია ერთგვარი აუზი, დოკი, რომლიდანაც მცურავი საშუალებები პირდაპირ ზღვაში შეიძლება იქნენ გადაშვებულნი. სულ ”მისტრალს” შეუძლია ატაროს ორმოცი ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის 13 ზეთანამედროვე ტანკი ”ლეკლერკი”, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები არათუ ქართველებს, რუსებსაც არ აქვთ.
ცამეტ ტანკს ემატება 30-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა. აღარაფერს ვიტყვი მსუბუქ, მცურავ სადაზვერვო ჯავშანმანქანებზე, ავტომობილებზე, ქვემეხებზე და ა.შ. ხომალდზე განლაგებულია ჰოსპიტალი, იარაღის და საწვავ-საპოხი საშუალებების მარაგი დესანტისათვის და ა.შ. ამასთან, როგორც შეიარაღებიდან ჩანს, ”მისტრალს” შეუძლია ერთდროულად განახორციელოს და უზრუნველჰყოს სადესანტო ოპერაციები ზღვიდან მინიმუმ რამოდენიმე ათეულ კილომეტრში.
იგივე პოტენციალი აქვს ჰოლანდიურ ”როტერდამს”. ”მისტრალს” ის მხოლოდ იმით ჩამორჩება, რომ ასაფრენი ბილიკის ნაცვლად, მხოლოდ შვეულმფრენების ასაფრენი მოედანი აქვს და შესაბამისად ვერ უზრუნველჰყოფს ვეტიკალური/მოკლე აფრენის გამანადგურებლების ბაზირებას. სხვა მხრივ, ამ ორი ხომალდის პოტენციალი დიდად არ განსხვავდება.
შესაძლო გამოყენება საქართველოსთან ომში
სამწუხაროდ, ადმირალ ვისოცკის გამონათქვამი არ არის მთვრალი რუსის უბრალო ბრავუდა. ”მისტრალის” ტიპის ხომალდს მართლაც შეუძლია შევიდეს ფოთის აკვატორიუმში და დაიწყოს დესანტის გადმოსხმა. შვეულმფრენებს შეუძლიათ ორი-სამი რეისით გადასხან მედესანტეთა ბატალიონი, რომელიც დაიწყებს სტრატეგიული ობიექტების დაკავებას ქუთაისში, რაც ქალაქში პანიკას და ხელისუფლების დეზორგანიზებას გამოიწვევს (მაგალითები მგონი ნანახი გვაქვს).
დამრტყმელი შვეულმფრენები სწრაფად ჩაახშობენ ჩვენს თავდაცვით პოზიციებს და ჩვენი ძალების კონტრშეტევის მცდელობას. ფრანგული მცურავი სადაზვევრო ჯავშანმანქანები გემიდან ნაპირზე გადმოსხდებიას და დაიწყებენ ტერიტორიის კონტროლირებას თვით სენაკამდეც კი. მოაწყობენ რეიდებს ხელისუფლების ორგანოებზე, სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან მძიმე ტანკები ”ლეკლერკები” და ქვეითთა საბძოლო მანქანები ”AMX-13”-ბი.
შერეული ჯავშანსატანკო ძალებით აღჭურვილ პოლკის ტოლფას დანაყოფები, მით უფრო როცა ცაში ”თიგერის” შვეულმფრენები ბატონობენ, უპრობლემოდ მივლენ ქუთაისამდე. ამასობაში აერომედესანტეები, რომლებმაც უკვე დაიკავე ქუთაისი, უპრობლემოდ გადაადგილდებიან რიკოთამდე. საქართველო ორად გამოხლეჩილი აღმოჩდება.
იტყვიან ცუდი ფანტაზიააო. რუსებს თავიანთი ჩამორჩენილობიდან და დაბალი საბრძოლო მომზადებიდან გამომდინარე შეიძლება გაუჭირდეთ ასეთი ოპერაციის ჩატარება, მაგრამ ვერავინ იტყვის გარანტირებულად, რომ ისინი ამას ვერ მოახერხებენ. ჩვენს ხელისუფლებას უარესი კოშმარიც უქცევია სინამდვილედ.
საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად რეალიზებადია სცენარი, რომ ფრანგები რუსებს მიჰყიდიან არა მხოლოდ ხომალდს, არამედ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ტექნიკასაც და პირად შემადგენლობასაც გაუწვრთნიან. ასეთ შემთხვევაში მოხარული ვიქნებოდი, თუ ვნახავდი სამხედრო ექსპერტს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ჩვენს მიერ აღწერილი სცენარის ალბათობას.
თუ ფრანგები მხოლოდ ხომალდს მიჰყიდიან, ცხადია რუსებს მისი აღჭურვა რუსული ტანკებით, შვეულმფრენებით და სხვა ტექნიკით მოუწევთ, რაც მათ მოქმედებას ეფექტიანობას შეუმცირებს და ჩვენ წინააღმდეგობის უნარს გარკვეულად გაგვიხანგრძლივებს. თუმცა შედეგი მაინც სახეზე იქნება. მით უფრო, რუსეთი რამოდენიმე ”მისტრალის” ტიპის ხოლმალდის ყიდვას აპირებს.
იბადება სრულიად პოლიტიკური ხასიათის კითხვა: რატომ ყიდიან ფრანგები რუსეთზე ისეთ იარაღს, რომელიც ამ უკანასკნელთა განცხადებით, ეჭვმიუტანებლად იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ და რატომ დუმს საქართველოს მთავრობა.
პოლიტიკური ქვეტექსტი
როგორიც არ უნდა იყოს საფრანგეთის მოტივაცია, ხსენებული მოლაპარაკებები შვეულმფრენმზიდ ”მისტრალის” გაყიდვაზე ბოლო ლურსმანია იმ კუბოში, რომელსაც ”სააკაშვილის დიპლომატია” ჰქვია. სახელდობრ:
1.თავისი მოქმედებით საფრანგეთი ნათელს ხდის, რომ აღარ მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად (სტრატეგიული პარტნიორის მტრებს, რომლებთანაც სააკაშვილის თქმით, ომის სიტუაციაში ვიმყოფებით, მოკავშირეები იარაღს არ ყიდიან. თან რა იარაღს -ავიამატარებელ ხომალდს. რა ვქნათ. ვიძახოთ: ”სარკო” მხცოვანი მსახიობის თამადობით?)
2.საფრანგეთი აღარ გამოდის საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტად და კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ნატოში გაწევრიანებას.
3.საფრანგეთი უძლიერეს ხომალდს ყიდის რუსებზე, რაც ნიშნავს რომ ის არ განიხილავ რუსეთს შარშანდელ ომში აგრესორად, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებდა . აგრესორებზე იარაღს, თან ასეთს არ ჰყიდიან.
4.პარალელურად ნატოს გენმდივანი ადასტურებს რა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის, ლაპარაკობს ისეთ დაშორებაზე ნატოს სტანდარტებიდან, რომელთა გადალახვას წლები სჭირდება.
5.ეს ყველაფერი ხდება როცა დღე - დღეზე ელოდებიან ტალიავინის კომისიის დასკვნას.
6.ეს ხდება მაშინ, როდესაც ობამა აცხადებს მორატორიუმს პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე. პოლიტიკურად ყველაზე მეტად გალახულია სააკაშვილის მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი.
7.ეს ხდება მაშინ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის კონტრდაზვევრა აგროვებდა საბუთებს უშიშროების საბჭოს ორ ყოფილ მდივნებზე, ბეჟუაშვილსა (ეკავა აგრეთვე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობა) და ლომაიაზე. ორივენი ცნობილნი არიან ამერიკელეთან მჭიდრო კონტაქტებით.
რატომ არის, რომ კონტრდაზვევრვა საქმის ნაცვლად დაკავებულია, იმის მტკიცებით, რომ სახელმწიფო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსების ჯაშუშია? რასთან გვაქვს საქმე: პოლიციურ სახელმწიფოში ჩვეულებრივ ურთიერთბრძოლასთან სპეცსამსახურებს შორის (შელენბერგი- მიულერი). თუ ყველაფერი უნდა განვიხილოთ, როგორც ”ნაციონალებში” დაბუდებული პრორუსული ძალების მცდელობა, ყოველმხრივ შეზღუდონ იმავე ”ნაცმოძრაობაში” ამერიკელებზე ორიენტირებული ფიგურები?
ყოველ შემთხვევაში ”მაისაის პროცესი” თანდათან იღებს ”დრეიფუსის პროცესის” სახეს, რომელმაც საფუძვლიანად შეიარყია საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის საფუძვლები (ლაპარაკია საფრანგეთის გენშტაბის ოფიცერზე, ეროვნებით ებრაელზე, რომელიც იმხანად საფრანგეთის ”ძალოვნებში” გამეფებული ანტისემიტური განწყობებიდან გამომდინარე ტყუილად დააპატიმრეს, როგორც გერმანელთა ჯაშუში. დრეიფუსი რამოდენიმე წლის შემდეგ ბოდიშის მოხდით გაათავისუფლეს. მის დასაცავად აღდგა მთელი პროგრესული საფრანგეთი).
ძალიან ბევრი რამ იკრიბება საქართველოს ირგვლივ. საქართველოს ხელისუფლებას კი ამ დროს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. მართალია ხელისუფლება დუმს, მაგრამ პასუხებს ალბათ მალე მივიღებთ. ცნობილია, როცა ცრუნი დუმან, ღაღადს ქვები იწყებენ.