როგორ ცხოვრობენ ენგურს გაღმა საქართველოში
http://www.ambebi.ge/conflicts/10759-rogor...rthveloshi.html"ქართველებს ჰგონიათ, რომ აფხაზი ხალხი ბედნიერია მათ გარეშე, რომ ჩვენ გვძულს ისინი და დასანახავად ვერ ვიტანთ. ეს ასე არ არის... ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობდით და ერთმანეთი გაგვქონდა ჭირსა თუ ლხინში, ვისაც უნდოდა და სჭირდებოდა ეს ომი, შუღლი და სიძულვილი, მათ თავიანთ საწადელს მიაღწიეს, ჩვენ დავზარალდით მხოლოდ, უბრალო ადამიანები."
"ადგილი, სადაც ამქვეყნიური ნეტარება თავად ბუნებამ ინება... ადგილი, სადაც მთები წყლიდან ამოზიდულან და მედიდურად გადმოჰყურებენ თვალწარმტაც, უსასრულო ოქროსფერ სანაპიროს. ადგილი, სადაც მუდამ მაცოცხლებელი ძალით გეგებება ჰორიზონტზე ზეცასთან შერწყმული ფირუზისფერი, კამკამა ზღვა... მიწიერი სამოთხე... ეს აფხაზეთია - ადგილი სულიერებისა და აღმაფრენისა, ადგილი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ღმერთმა თავისთვის შექმნა, უსაზღვრო სტუმართმოყვარეობისა და ხელგაშლილობის გამო კი აფხაზებს უბოძა", - ასეთი სიტყვებით მიმართავენ აფხაზები ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის საშუალებით ტურისტებს, ხოლო უფრო გულახდილები რომ ვიყოთ - მხოლოდ რუს ტურისტებს. აფხაზეთში დასვენება რეალობაა, რომელიც ყოველგვარი ოცნების ზღვარს სცდება, მაგრამ ჩვენთვის ოცნებადვე რჩება...
,,ქართველებს ჰგონიათ, რომ აფხაზი ხალხი ბედნიერია მათ გარეშე, რომ ჩვენ გვძულს ისინი და დასანახად ვერ ვიტანთ. ეს ასე არ არის..." - ეს სოხუმში მცხოვრები შვილმკვდარი აფხაზი მამის სიტყვებია. მას ვაჟი აფხაზეთის ომში მოუკლეს. არ იცის, ვინ და არც არავის აბრალებს. ეს უაზრო და ულმობელი ომის კანონიაო, ამბობს. ყოფილი პედაგოგი ენგურს აქეთა საქართველოში ნახევრად ქართველი შვილიშვილის სანახავად გადმოდის ხოლმე...
ადამიანს, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელი აფხაზეთის შესახებ გვიყვება, სრულიად შემთხვევით შევხვდი ზუგდიდში. რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით მისი ვინაობის გამხელისაგან თავს შევიკავებთ. როგორ ცხოვრობენ აფხაზები აფხაზეთში ქართველების გარეშე და როგორია "სამოთხეში" ცხოვრება ახალ მეზობლებთან ერთად, ამ ყველაფერზე სწორედ ჩვენი აფხაზი მეგობარი გვიყვება:
- რას ვეტყვი ქართველებს? - პირველ რიგში იმას, რომ ძალიან გვენატრება ისინი და დრო, როდესაც ერთად ვცხოვრობდით. არც ვიცი, რით დავიმსახურეთ ეს დიდი განსაცდელი. წარმომიდგენია, ქართველებს როგორ ენატრებათ ეს კუთხე... რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეწურება იმედი, რომ ოდესმე ვნახავ ძველ ცხოვრებას, ჩემს დიდ ოჯახს ისევ ერთად. სულ უფრო აშკარად ჩანს, რომ აფხაზეთი ქართველებისთვის სამუდამოდ დაკარგულია. აქ იზრდება თაობა, რომელმაც არაფერი იცის ჩვენი და ქართველების ურთიერთობაზე. მათ იციან ომი და ქართველებს მტრებს, აგრესორებს უწოდებენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სიბერეს მარტოობაში გავატარებდი და ასე უსაზღვროდ მონატრებული დავრჩებოდი ენგურს გაღმა საქართველოში - "დამოუკიდებელ აფხაზეთში".
- რა ხდება ენგურის საზღვარზე? თქვენ როგორ გადმოხვედით?
- საზღვარზე სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია. აფხაზები აკონტროლებენ ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტს, თუმცა, როგორც ამბობენ, ვითარება მალე შეიცვლება - აფხაზების ნაცვლად რუსები დადგებიან. რუსი ჯარისკაცები საზღვართან რამდენიმე მეტრზე არიან დაბანაკებულები, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მათი ბანაკი რამდენიმე თვეზე არ არის გათვლილი - საფუძვლიანად არიან მომზადებული მოახლოებული ზამთრისთვის.
საზღვრის გადმოლახვა, რა თქმა უნდა, პრობლემებს უკავშირდება, მაგრამ, როგორც იტყვიან, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს... ყველაფრის მოგვარება შეიძლება, გააჩნია, რამდენს გადაიხდი. არსებობს ოფიციალური გადასახადიც. თუ გალის რაიონში გადადიხარ - 200-დან 300 რუბლამდე, თუ გალის რაიონს გასცდები - 500 რუბლიდან ზემოთ.
- რუსები საზღვრის გადმოკვეთის პროცესში არ მონაწილეობენ?
- ჯერჯერობით არ ერევიან, თავიანთი ბანაკიდან თითქმის არც გამოდიან, მშვიდად ადევნებენ თვალს, რაც აქეთა მხარეს ხდება, თუმცა, როგორც გავიგე, დაბალი ზონის საზღვრებზე უკვე მათი ჯარისკაცები ჩადგნენ.
- საზღვრის გადმოკვეთის პროცესში ჯერჯერობით არ ერევიანო, ბრძანეთ. რას ელოდებიან?
- ამბობენ, სოხუმში რუსეთის საკონსულოს ამოქმედებისთანავე ენგურის საზღვარზე დადგებიან და ყველაფერი შეიცვლებაო. რუსეთის ელჩი უკვე ჩამოსულია და როგორც გავიგე, ოქტომბრის დასაწყისში საელჩოც დაიწყებს ოფიციალურად მუშაობას. მერე უკვე არავინ იცის, როგორ მოვახერხებთ მიმოსვლას ან ჩვენ, ან ის ქართველები, რომლებიც აფხაზეთში გადმოდიოდნენ. მით უმეტეს, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა პასპორტების მიღებასთან დაკავშირებით.
- რუსული პასპორტების მიღებას გულისხმობთ?
- ეს გაცილებით მძიმე თემაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. რუსული პასპორტების მიღება სულაც არ არის ისეთი ადვილი, როგორც საქართველოში ამბობენ. უფრო მეტიც - დიდი ხანია, აფხაზებს რუსულ პასპორტებს არ ურიგებენ, ამჟამად კი აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესიც შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე ასე იქნება, ამის მიზეზად კი პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებენ. აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ოპოზიციამ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არ მოიწონა, ქართველებს აფხაზური პასპორტები რატომ უნდა დავურიგოთო. აფხაზეთში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, პრეზიდენტის ოპონენტებს საკმაოდ დიდი ძალა აქვთ.
- თქვენი აზრით, სერგეი ბაღაფშს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს?
- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მსურს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენს აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს - პრეზიდენტი ის გახდება, ვინც მათ სურთ. კარგად იცით, ვისაც ვგულისხმობ.
- ადრე აფხაზებისთვის რუსული პასპორტის მიღება პრობლემას არ წარმოადგენდა, რა შეიცვალა?
- ის შეიცვალა, რომ დღეს აფხაზეთი უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. მერე რა, რომ ამას მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა და რუსეთი აღიარებენ... რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადები, რა თქმა უნდა, შეაქვთ, მაგრამ პასპორტის მიღებას ძალიან დიდი დრო და თანხა სჭირდება. აფხაზებს რუსეთში გადასვლა აფხაზური პასპორტითაც შეუძლიათ, მაგრამ ფსოუს საზღვარზე აფხაზური პასპორტით გადასვლა ფასიანი გახდა, თან აფხაზი ხალხისთვის საკმაოდ ძვირი. როგორც თქვეს, ფასი 100-დან 300 დოლარამდე მერყეობს.
- რუსებისთვის აფხაზეთში გადმოსვლა რა ღირს?
- რუსები ფსოუს საზღვარზე გადმოსვლაში ფულს არ იხდიან. თავად არ ვყოფილვარ, მხოლოდ იმას გიყვებით, რაც გამიგონია.
- ხალხმრავლობა იყო წელს სოხუმში საკურორტო სეზონზე?
- წელს სოხუმში ყველა სასტუმრო თუ დასასვენებელი სახლი გადაჭედილი იყო. გაგრა, ბიჭვინთა, სოხუმი უმთავრესად საკურორტო ქალაქებად იქცა. მშენებლობა თუ სარესტავრაციო სამუშაოები სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს. ექსკურსიებით დამსვენებლები აფხაზეთის ყველა მხარეს სტუმრობენ, კოდორის ხეობასაც კი... სანახავი, დამეთანხმებით, ბევრი აქვთ... ამაზე საუბარი არც მე მიხარია, უფრო მეტიც - ძალიან მიჭირს. ქართველებს ჰგონიათ, რომ აფხაზი ხალხი ბედნიერია მათ გარეშე, რომ ჩვენ გვძულს ისინი და დასანახავად ვერ ვიტანთ. ეს ასე არ არის... ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობდით და ერთმანეთი გაგვქონდა ჭირსა თუ ლხინში. ვისაც უნდოდა და სჭირდებოდა ეს ომი, შუღლი და სიძულვილი, მათ თავიანთ საწადელს მიაღწიეს, ჩვენ დავზარალდით მხოლოდ, უბრალო ადამიანები. დამიჯერეთ, ჩვენ არ ვცხოვრობთ კარგად... ძალიან მიჭირს ყოველდღიურად ქართველების დამწვარი და აწ უკვე გაყიდული სახლების ნახვა... ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია.
- საშუალოდ რა უჯდებათ რუსებს აფხაზეთში დასვენება?
- ზაფხულში სოხუმში რომ მოხვდეთ, თავი ევროპის რომელიმე ფეშენებელურ კურორტზე გეგონებათ. გალამაზებული, მოპირკეთებული ქუჩები, სადაც გამუდმებით საცობებია - რუსები საკუთარი ავტომობილებით ჩამოდიან. ბულვარში და ტროტუარებზე ნახევრად შიშველი დამსვენებლები დასეირნობენ, სანაპიროზე კი რუსი ერის გასამრავლებლად ზრუნავენ, არც რესტორნებს, ბარებსა და ღამის კლუბებს იკლებენ. ფული არ აკლიათ, არაფერზე ამბობენ უარს. საშუალო ფენის ოჯახები ძირითადად აფხაზების სახლებში ცხოვრობენ - ერთი კაცისთვის ღამე 500 რუბლი ღირს. საკვები აფხაზეთში საკმაოდ ძვირია, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან სამუშაო თითქმის არავის აქვს.
- საიდან შემოდის აფხაზეთში სურსათი, თუ იქ არც ერთი საწარმო არ ფუნქციონირებს?
- კრასნოდარის მხარიდან. ბევრი რამ საქართველოდანაც შემოაქვთ. სოხუმის ბაზარში ხშირად ისმის მეგრული ლაპარაკი და შეძახილი: "კუპიტე ქუთაისკიე პამიდორი!" უფრო მეტსაც გეტყვით - თუ სანდო ნაცნობი გყავს მაღაზიაში და თავადაც გენდობა, "ნაბეღლავსაც" მოგყიდიან... სხვათა შორის, აქ ეს მინერალური წყალი ძალიან უყვართ.
- ვინ ყიდის და ყიდულობს აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სახლებს?
- აფხაზეთში ქართველთა სახლების გაყიდვის პროცესი დღეს არ დაწყებულა. უბრალოდ, ადრე ეს არალეგალურად ხდებოდა, რის შედეგადაც ერთ სახლს რამდენიმე მეპატრონე ჰყავდა, დღეს კი პროცესმა ლეგალური სახე მიიღო, ოფიციალური მოთხოვნით, ყველა მფლობელს საკუთარი სახლი თავის სახელზე უნდა გადაეფორმებინა. ვინც ვერ გადაიფორმა, მისი სახლიც გაიყიდა... თავისთავად, ასეთი მხოლოდ იმ ქართველების სახლები აღმოჩნდა, ვინც აქ აღარ ცხოვრობს... ყველა სახლი აღრიცხულია და ნელ-ნელა ყიდიან. უმთავრესად რუსები ყიდულობენ და საკმაოდ ძვირსაც იხდიან.
- კერძოდ, რამდენს?
- სოხუმში სახლი ძალიან ძვირია. ფასი 150 ათასი ამერიკული დოლარიდან იწყება, გააჩნია ადგილს, ფართობს და სახლის მდგომარეობას. სოხუმში ეს პროცესი თითქმის დასრულებულია, ახლა ოჩამჩირეში დაიწყო მასშტაბური გაყიდვები. სანაპირო ზოლზე მდებარე სახლები რუსებმა შეისყიდეს. ჯერჯერობით აფხაზეთს არ ეტყობა ახალი, შეძლებული მოსახლეობის ხელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ფინანსური კრიზისის დაძლევისთანავე ყველაფერი სახეს იცვლის.
- ამ სახლებს, ალბათ, უფრო მეტად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ყიდულობენ...
- შესაძლოა, ასეც იყოს. თან ოჩამჩირეში ხომ სამხედრო-საზღვაო პორტის გაფართოება იგეგმება ახლო მომავალში.
- როგორი ვითარებაა ოჩამჩირესა და გალში?
- ზოგადად სიმშვიდეა, თუმცა დამსვენებლები ოჩამჩირეს არ ჰყავს - პირობები არ არის. თითქმის არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება არ ფუნქციონირებს, გარდა მთავრობის სახლისა და მილიციისა. ამ ქალაქს ომის კვალი ჯერაც ეტყობა - დამწვარი, გაძარცული სახლები, განადგურებული გზები, მოუვლელი ქუჩები, საქონელი შუა ქალაქში და, უხეშად რომ ვთქვათ, ოცამდე ოჯახი...
ოჩამჩირესა და გალის რაიონს ყველაზე მეტად ეტყობა ომის ნაკვალევი. არც გამარჯვების კვალი ემჩნევა, თუმცაღა ოჩამჩირიდან გალისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ბილბორდი დგას აფხაზური დროშის ფონზე წარწერით: "1993-2008 წელი - გამარჯვება!"
P.S. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ალბათ, დრო მოვა და ამ წარწერასაც ვაპატიებთ აფხაზ ხალხს, თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, დრომ წაშალოს ის სიძულვილი, შური და ბოღმა ქართველების მიმართ, რომლითაც აფხაზი ახალგაზრდები იზრდებიან. მათთვის ხომ ქართველი მხოლოდ მტერია. არადა, მეც და ბევრ ჩემნაირსაც ძალიან გვენატრება ზღვა, რომელიც შორია...