სტატია დღევანდელი კვირის პალიტრიდან აზერების აღლუმს გამოეხმაურა:
აზერბაიჯანმა გაძლიერებული არმია წარმოადგინა
პირველად, ამ 16 წლის მანძილზე, ბაქოს ცენტრში გაიმართა
დიდი აღლუმი, რომელზეც აზერბაიჯანის არმიამ ახალშეძენილი ულტრათანამედროვე დასავლური საბრძოლო ტექნიკა აჩვენა...
«ვარდების რევოლუციის» შემდეგ მოსული საქართველოს ხელისუფლებისთვის არაერთხელ შეგვიხსენებია, რომ დიდი «აღლუმანიით» იყო შეპყრობილი, თუმცა წლევანდელი 26 მაისის აღლუმი რუსთაველის პროსპექტზე მეტად მოკრძალებული გამოვიდა, რაც უფრო პოლიტიკური დაძაბულობით იყო ნაკარნახები...
სამაგიეროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასულ კვირას, 26 ივნისს, ბაქოს ცენტრში ჯერ არნახული მასშტაბის აღლუმი ჩაატარა, რომელზეც პირველად აჩვენა ახალშეძენილი დასავლური წარმოების (ძირითადად, ისრაელის) თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა.
სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე არც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს იტყვიან უარს, მაგრამ იქ ახალს თითქმის ვერაფერს ნახავთ - აღლუმზე მხოლოდ საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკა, არტილერია და სარაკეტო კომპლექსები ჩაივლის, ჰაერში კი ასევე საბჭოთა დროინდელი შვეულმფრენები და თვითმფრინავები გადაიფრენენ.
სამხრეთ კავკასიაში საქართველომ პირველმა უჩვენა აღლუმებზე დასავლური წარმოების საბრძოლო ტექნიკა. 2004 წელს, ორთაჭალაში გამართულ აღლუმზე პირველად გადაიფრინეს ამერიკელებისა და თურქების ნაჩუქარმა «იროკეზებმა», შემდგომ წლებში კი რუსთაველზე ჩაიარეს უკვე ჩეხურმა საარტილერიო «დანებმა», თურქულმა ჯავშანმანქანებმა «კობრამ» და ებრაული ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა დანადგარებმა «გრად-ლარებმა» და Lar-160-ებმა, ბოლო აღლუმზე კი სამხედრო მოსამსახურეებს ნაცნობი «კალაშნიკოვების» მაგიერ ამერიკული ავტომატური კარაბინი M4-ები ეჭირათ ხელში...
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლური იარაღის ნიმუშების დიდი რაოდენობით შემოტანის პიონერი ქართული არმია იყო, 26 ივნისს აზერბაიჯანის არმიამ, თავისი შექმნიდან 90-ე წლისთავზე, მართლაც ფურორი მოახდინა.
იმ დღეს ბაქოს ცენტრში 4500-მა სამხედრომ ჩაიარა. თბილისში აღლუმზე 3-3,5-ჯერ მეტ სამხედროსაც ჩაუვლია და ეს არც გვიკვირს, მაგრამ განსაცვიფრებელი საბრძოლო ტექნიკისა და მათი ახალი სახეობების სიუხვე გახლდათ.
აღლუმზე ჩაიარა 210-მა ერთეულმა ტანკმა, საარტილერიო დანადგარმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა, გადაიფრინა 19-მა შვეულმფრენმა და 25-მა თვითმფრინავმა, ხოლო ბაქოს სანაპიროსთან გამოჩნდა სხვადასხვა კლასისა და ტიპის 30 სამხედრო ხომალდი და კატარღა.
ის, რომ აზერბაიჯანს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - «გრადები» ჰყავდა, ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აღლუმზე პირველად აჩვენეს «გრადის» უფროსი ძმებიც - «ურაგანი» და «სმერჩი».
მეტიც, გამოჩნდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების კომპლექსები - 9K79 Точка -у-ე, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის არტილერიას შეუძლია თანამიმდევრობით მიაყენოს სარაკეტო დარტყმები 21 («გრადი»), 35 («ურაგანი»), 70 («სმერჩი») და 120 კმ-ზე («ტოჩკა-უ»).
ბაქოში ასევე გამოიყვანეს ოთხღერძიანი «კამაზების» ბაზაზე დამონტაჟებული ებრაული წარმოების Lar-160-ები, რომლის 160 მმ-იანი კალიბრის რაკეტები მაქსიმალურ, 45 კმ-ზე მიფრინავს.
წლის დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ აღლუმზე ქართულმა არმიამ სამხრეთ კავკასიაში პირველად აჩვენა გერმანულ «მერსედესებზე» დამონტაჟებული Lar-160-ები.
სამაგიეროდ, აზერბაიჯანმა Lar-160-ის გარდა, აღლუმზე გამოიყვანა ასევე «კამაზის» ძარაზე დამონტაჟებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ერთ მანქანაზე ოთხი რაკეტაა), რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ებრაული წარმოებისაა, ოღონდ Lar-160-ის რაკეტებზე უფრო მსხვილი კალიბრის (300 მმ-მდე) რაკეტები აქვს და, შესაბამისად, უფრო შორსაც მიფრინავენ.
რუსულ სატვირთო «გაზიკებსა» და «უაზებზე» ჩაატარეს თანამედროვე უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები Orbiter-ები და Aerostar-ები, რომლებიც ისევე, როგორც ქართული «ჰერმესები», ისრაელშია ნაყიდი.
აღლუმზე გამოჩნდნენ აზერბაიჯანული არმიის სპეცდანიშნულების რაზმებიც, რომლებსაც უცნაური კამუფლირებული ფორმა ეცვათ და სახეც რატომღაც ცისფრად ჰქონდათ დახატული. ხელში ასევე ებრაული წარმოების ავტომატური შაშხანები თავორ-21-ები ეჭირათ (საქართველოს შინაგანმა ჯარმა პირველი ებრაული «ტავორები» 2004 წელს მიიღო).
ამ რაოდენობის ებრაული წარმოების სამხედრო ტექნიკის ჩვენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანს საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობა აქვს ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და მისი დახმარებით (და, რა თქმა უნდა, «ნავთობდოლარებით») სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღება შემოაქვს თავისი არმიის აღსაჭურვად.
გარდა ისრაელისა, ბაქოს ძალზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს უკრაინასთან, რომლისგან ბოლო წლებსა და თვეებში შეიძინა VბU-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები «ურაგანი» და «სმერჩი», შორმსროლელი მსხვილკალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები: «პიონი», ასევე «აკაცია» და «გვოზდიკა».
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის არმიის არაერთი დანაყოფი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადის თურქეთის ტერიტორიაზე, მათ თურქი სამხედრო ინსტრუქტორები აზერბაიჯანშიც ამზადებენ.
ძირითადად ამ სამი ქვეყნის - თურქეთის, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო-ტექნიკური დახმარების ხარჯზე დღეისთვის აზერბაიჯანის არმია რეგიონში ყველაზე კარგად და ხარისხიანადაა შეიარაღებული, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საფუძველიც გახდეს, რადგან აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ადრე თუ გვიან ძალისმიერი გზით დაიწყებს.
26 ივნისის გრანდიოზული აღლუმიც ბაქოში, ეტყობა, იმის არაერთგვარი მინიშნება იყო, რომ აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო გადაიარაღება და მალე მზად იქნება ახალი, გადამწყვეტი ბრძოლისთვის.


ამ სურათზე ძალიან კარგად ჩანს სამ გრადლარს შორის განსხვავება 300მმ-იანს 160მმ-იანს და 122მმ-იანს შორის...





This post has been edited by 098 on 30 Jun 2008, 20:31