ეს სტატია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა(ვრცელი კია მაგრამმაინც)
http://presa.ge/index.php?text=news&i=11602პოლიტიკა — თავფურცელი
13:01 30.12.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[კახა კაციტაძე]
უცნაურია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ალერგია სჭირთ არა მხოლოდ მათთვის საჭირო კვლევებისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიის მიმართ, არამედ საერთოდ სძულთ სიტყვა “მეთოდი”, როგორც რაღაც გაუგებარი და ავისმომტანი.
არადა, მეცნიერული ცოდნა არ არსებობს მეთოდოლოგიის გარეშე. თანამედროვე მეცნიერება, მეტიც – თანამედროვეობა, როგორც ასეთი, იმით იწყება, რომ ერთმა ფრანგმა კოლორიტულმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა რენე დეკარტმა (სხვათა შორის მესამე სპეციალობაც გააჩნდა - სამხედრო იყო) განაცხადა, ყოველივე სათანადო მეთოდს საჭიროებსო.
ხელისუფლებაში მოსვლა და სახელმწიფოს მართვაც სათანადო მეთოდს, უფრო ზუსტად – მეთოდოლოგიებს და მეთოდებს საჭიროებს, რაც ვერც ხელისუფლებამ შეიგნო და ვერც ოპოზიციამ.
საქმე ასე “კარგად” იმიტომაა, რომ სათანადო მეთოდების არარსებობის გამო არ შეგვიძლია მომავლის პროგნზირება და წინასწარი ზომების მიღება (კიდევ კარგი ლელა კაკულია მაინც გვყავს). ამას გარდა, ასევე მეთოდების არარსებობის გამო ვერ ვახერხებთ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ნებისმიერი პოლიტიკა, თავდაცვიდან ჯანდაცვამდე.
თუმცა, ახლა ჩვენ თავდაცვითი პოლიტიკა გვაინტერესებს. ამიტომ, რამდენადაც ეს საგაზეთო პუბლიკაციის ჩარჩოებშია შესაძლებელი, შევეცდებით გავარკვიოთ რა მეთოდოლოგიებსა და მეთოდებს უნდა დაეყრდნოს ჩვენი თავდაცვითი პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების დაგეგმვა - განვითარება.
საქართველოს თავდაცვითი პოლიტიკისა და განხორციელებისათვის საჭირო მეთოდოლოგიების სწორად შერჩევა და გამოყენება თავადაა ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში. კლასიკური სამხედრო მეცნიერება თავდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვისას იყენებდა ე.წ. საფრთხეებზე ორიენტირებულ დაგეგმვას.
გამარტივებულად რომ ვთქვათ, ამგვარი დაგეგმვის დროს სამხედრო საფრთხის წყარო და ხასიათი, ისევე როგორც მომავალი ომის ხასიათი, პრინციპში მაინც განსაზღვრული იყო. მაგალითად, ცნობილი იყო დაგეგმვის რამდენი პირობითი ერთეული (ბატალიონი, ბრიგადა, დივიზია, კორპუსი და ა.შ.) შეეძლო გამოეყვანა მოწინააღმდეგეს.
აქედან გამომდინარე, განისაზღვრებოდა იმ პირობით ერთეულთა ოდენობა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა მოწინააღმდეგის პირობითი ერთეულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
შემდეგ, ითვლებოდა ამ ერთეულების მომზადების და მართვის პრინციპები, რომლებსაც ერგებოდნენ წესდებები და სამხედრო განათლების სისტემა. ამის შემდეგ, ეკონომიკური და ტექნოლოგიური, აგრეთვე, დემოგრაფიული გათვლების გზით განისაზღვრებოდა რა ეკონომიკური და ადამიანური რესურსები იყო საჭირო ამ ოდენობის პირობითი ერთეულების საკმარისი ოდენობის მისაღებად.
ითვლებიდა, რა რაოდენობის ტრანსპორტი (საავტომობილი, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო) იყო საჭირო წინასწარ განსაზღვრული ერთეულების გადასროლისათვის, როგორი უნდა ყოფილიყო მათი მსუბუქი და მძიმე აღჭურვილობა და ა.შ.
ყოველივე ამის შედეგად დგებოდა სტარტეგიული და ოპერატიული გეგმები (მაგალითად შლიფენის ცნობილი გეგმა, ან გაცილებით დაბალ დონეზე შესრულებული გეგმა “ბარბაროსა”). ამას მოსდევდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის რუტინული პროცესი.
საფრთხეებზე ორიენტირებული თავდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა ინტენსიურად გამოიყენებოდა ორივე მსოფლიო ომისას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარე ლოკალურ ომებში და “ცივ ომში”.
“ცივი ომისას” საფრთხეებზე ორიენტირებიული სტრატეგიის ტიპი დაახლოებით 1960-90 წლებში იყო გაბატონებული. «ცივი ომის» დასრულების შემდეგ ვითარება იცვლება. საფრთხეები კარგავენ კონკრეტულ კონტურებს.
ნატოს დღეს აღარ უპირისპირდება გარკვეული ოდენობის პირობითი დივიზიები, რომელთა დამარცხებისათვის საჭიროა ასევე პირობითი დივიზიების გარკვეული ოდენობა (ეს ნათლად განსაკუთრებით ავღანეთში ჩანს). საფრთხეები გაურკვეველ ხასიათს იღებენ, ხოლო ბევრ მათგანს უჩნდება ექსპონენციალურობის თვისება, ანუ მათი გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირება პრინციპულად შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე საფრთხეებზე ორიენტირებული თავდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვას დღეს-დღეობით მატ-ნაკლებად ენაცვლება შესაძლებლობებზე ორიენტირებული დაგეგმვა. თუმცა ზოგი ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსი ამგვარი დაგეგმვის შესაძლებლობასაც კი მითად აცხადებს.
ცხადია, რომ საფრთხეებზე ორიენტირებული დაგეგმვა ისტორიას ბოლომდე კიდევ არ ჩაბარდა. უბრალოდ აუცილებელია დაგეგმვისას გამოვიყენოთ ორივე მეთოდოლოგია ან მათი ნაზავი.
შესაძლებლობებზე ორიენტირებული დაგეგმვა არ ამოდის კონკრეტული საფრთხეების ანალიზიდან, არამედ მხოლოდ მოხაზავს იმ სფეროებს სადაც საფრთხეები ამა თუ იმ სფეროში განსაკუთრებით ინტენსიურია. ამის შემდეგ განისაზღვრება შეიარაღებული ძალების მოქნილი სტრუქტურა, რომელიც აწყობილია მოდულური პრინციპით. ამ მოდულებზე დაყრდნობით, ყველა კონკრეტული გამოწვევაზე რეაგირებისათვის, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება საჭირო ოდენობის და ხარისხის დაჯგუფების შექმნა.
ასევე განისაზღვრება სხვადასხვა თეორიულად გათვლადი სტარატეგიების პრინციპები. თუ უაღრესად მაღალი რისკის და გაურკვევლობის პირობებში მოქმედების სტრატეგიის კონკრეტული გათვლა შეუძლებელია, განისაზღვრება ძირითადი და უნივერსალური პრინციპები, რომელიც შემდგომ მიუდგება ყველა კონკრეტულ სიტუაციას.
ამგვარი განსაზღვისა და მიყენების შემდეგ სასწრაფოდ დგება (არა წლების განმავლობაში, როგორც ამას შლიფენის გეგმისას ჰქონდა ადგილი, არამედ რამოდენიმე კვირაში, თუ საჭიროა – რამოდენიმე დღეშიც) სტრატეგიული და ოპერატიული გეგემების მონახაზები.
ადგილზე მიემგზავრებიან გამოცდილი გენშტაბისტები, რომლებიც სწრაფად იწყებენ მუშაობას ოპერატიულ გეგმებზე ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით (ამ დროს განსაკუთრებული როლი ენიჭება დაზვერვის სწრაფ და გამართულ მუშაობას).
ამ დროს გენშტაბში სხვადასხვა სამხედრო სპეციალისტებით (სამხედრო ფსიქოლოგების და კულტუროლოგების ჩათვლით) დაკომპლექტებული განსაკუთრებული ჯგუფი, ადგილზე მყოფ ოპერატიულ ჯგუფებთან კონტაქტში, იწყებენ სტრატეგიული გეგმის მონახაზის შემუშავებას, რომელიც სულ უფრო და უფრო ზუსტდება ვითარების გარკვევის პარალელურად.
ამავე დროს, იწყება იმის გაანგარიშება, რა ოდენობის სამხედრო მოსამსახურეები, შეიარაღება და ტექნიკა შეიძლება დაგვჭირდეს კონკრეტული სიტუაციაში გაჩენილი საფრთხეების ნეიტრალიზაციისათვის. აქედან გამომდინარე, დაითვლება ლოგისტიკა, განისაზღვრება მართვა და კავშირგაბმულობა და ა. შ.
ამასთან, უპირველესი პირობა შესაძლებლობებზე ორიენტირებული თავდაცვითი პოლიტიკის გატარებისა არის ჯარში იმგვარი კომპონენტების არსებობა, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერი, მოულოდნელი ხასიათის სამხედრო მოქმედებისათვის.
ამგვარი მოქმედების ხასიათი საფრთხის გაჩენის მომენტში ძნელად განსასაზღვრელი იქნება და შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ იმოქმედონ გაურკვევლობის მაღალი ხარისხის პირობებში. ამავე დროს ასეთი შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია უნდა ემყარებოდეს მოდულურობის პრინციპს.
უნდა არსებობდნენ დანაყოფები, რომლებიც ადაპტირებულნი იქნებიან გაურკვევლობის მაღალ ხარისხში არსებულ ვითარებაში სხვადასხვა სახის მოქმედებისათვის (მათ შორის ისეთებისათვის, რომელსაც კლასიკური სამხედრო საქმე ძირითადად არ მიიჩნევდა. მაგალითად საპოლიციო ფუნქციები, მოწინააღმდეგის გასამხედროებული ორგანიზაციების განიარაღება, კამიკაძეების ნეიტრალიზების უზრუნველყოფა, ტეროტირიაზე პატრულირება, ჩასაფრება და კონტრჩასაფრება, კონტრპარტიზანული მოქმედებები, ადგილობრივი მისახლეობის გულის მოსაგები ღონისძიებები). ყოველივე ეს, გარდა მრავალპროფილიანი სამხედროებისა, საჭიროებს მაღალი დონის კულტუროლოგებსა და ფსიქოლოგებს.
ერთი სიტყვით საშტატო დანაყოფები უფრო ადმინისტრაციულ ერთეულებად იქცევიან, ვიდრე ოპერატიულად. ოპერატიულ ამოცანათა შესასრულებლად სხვადასხვა დანაყოფებიდან გამოიყოფიან ქვედანაყოფები, რომელთაც დროებით ოპერატიულ ერთეულში აერთიანებენ, კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად რომ იქმნება.
ასეთი გაერთიანებები ჯერ კიდევ რომის არმიიდან არის ცნობილი. მათ ვექსილაციებს უწოდებდნენ. ყოველი ვექსილაცია კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად იქმნებოდა და კომპლექტებოდა ლეგიონებიდან გამოყოფილი ქვეითი, საკაველერიო და საინჟინრო ქვედანაყოფებით. ასეთ დროს ლეგიონი უფრო ადმინსიტრაციულ ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ოპერატიული ამოცანის შესრულება დროებით ვექსილაციის ხელში გადადიოდა.
ასეთი მოდულებიდან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად წინასწარ იქმნება ე.წ. tasc forces, რომელშიც ერთიანდებიან მოცემულ საკითხში ყველაზე კომპეტენტური სამხედრო სპეციალიტები და მოქმედებისათვის ყველზე ვარგისი დანაყოფები.
როგორც წესი, ამგვარი დანაყოფები წარმოადგენენ კლასიკური ჯავშანსატანკო (მძიმე) ძალების ერთეულებს და მსუბუქ ქვეითებს, პარაშუტისტებს, აერომობილისტებს (გადაადგილებისათვის შვეულმფრენებს იყენებენ) აგრეთვე სპეცდანიშნულების სხვადასხვა დანაყოფებს (კომანდოსები, რეინჯერები, მწვანე ბერეტები, საზღაო ქვეითები და ა.შ).
ბოლო დროს ამერიკელები ასეთ დანაყოფებში თვლიან ე.წ. საშუალო ქვეითებს, რომლებიც მსუბუქი ქვეითებიდან განსხვავებით დაჯავშნულ საბრძოლო და ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ. თუმცა ამ მანქანების დაჯავშნულობის ხარისხი (მაგრამ არა ცეცხლის ძალა) ჩამოუვარდება კლასიკური ჯავშანსატანკო დანაყოფებისას (საშუალო ქვეითების ტექნიკის დიდი ნაწილი არ არის მუხლუხოიანი მსგავსად კლასიკური ჯავშანსატანკო დანაყოფებისა, არამედ ბორბლებიანია). სამაგიეროდ ისინი ავიაციით ბევრად ოპერატიულად შეიძლება გადასროლილ იქნეს იმ რაიონებში სადაც მოწინააღდეგეს არ გააჩნია მაღალი ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკა. ამიტომ მასთან გამკლავება საშუალო ქვეითებსაც შეუძლიათ თავიანთი ტექნიკური საშუალებებით.
ძნელი მისახვედრი არ არის რომ დასავლურ თავდაცვით პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ხდება გადასვლა საფრთხეებზე ორიენტირებული დაგეგმვიდან შესაძლებლობებზე ორიენტირებულ დაგეგმვაზე. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ მიმართებით?
ჩემი აზრით პირველი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ უნდა შეინარჩუნოს საფრთხეებზე ორიენტირებული დაგეგმვის სისტემა. სხვა რომ არაფერი, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს განლაგებულია მოწინააღდეგის კონკრეტული რაოდენობის ერთეულები და მათი შეკავება მოითხოვს გარკვეული რაოდენობის და განსაზღვრული სახის დანაყოფების არსებობას.
თუმცა, ჩვენ შეიძლება სწრაფად დავდგეთ ისეთი ვითარების წინაშე როდესაც გამოწვევა ექსპონენციალური, გაურკვეველი ხასიათის იქნება (მაგალითად ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების შედეგად). კონკრეტულ საფრთხეების ნეიტრალიზაციაზე ორიენტირებული დანაყოფები უძლურნი აღმოჩნდებიან ამგვარი საფრთხეების წინაშე (გავიხსენოდ, რომ სააკაშვილის ჯარი, რომელიც აწყობილი იყო ერთ ტიპის ოპერაციაზე, ცხინვალის და აფხაზეთის დაკავებაზე, მაშინვე მოიშალა, როდესაც საქმეში არცთუ გაურკვეველი და ძნელად პროგნოზირებადი ფაქტორი - რუსეთის არმია ჩაერთო).
აქედან გამომდინარე, ჩვენ თადარიგი ახლავე უნდა დავიწყოთ შესაძლებლობების დაგეგმვის მეთოდოლოგიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ოფიცრების და უნტერ-ოფიცრების მომზადებაზე. საჭიროა შეიქმნას შესაძლებლობებზე ორიენტირებული თავდაცვითი პოლიტიკისათვის საჭირო ინტელექტუალური ძალა (მაღალი გაურკვევლობის ვითარებაში მოქმედ ოფიცრებს სულ სხვა მოთხოვნები შეიძლება წავუყენოთ ვიდრე კლასიკური საბრძოლო მოქმედებების დამგეგმავებს).
ამის შემდეგ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენს თავდაცვით პოლიტიკაში თანდათანობით დავიწყოთ შესაძლებლობებზე ორიენტირებული პოლიტიკის ელემენტების დანერგვა.
საწყენი მხოლოდ ერთი რამაა: აშშ-ს ხუთივე გენშტაბის აკადემიის დონის სასწავლებელში და ბუნდესვერის გენშტაბის აკადემიაში, აგრეთვე ჩინეთისა და თურქეთის გენშტაბის აკადემიებში, რამოდენიმე ათეულმა ქართველმა მაღალი რანგის იფიცერმა მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება, რომელშიც შედიოდა ორივე სახის დაგეგმვის კურსები.
ამ ოფიცრების მომზადება მილიონობით დოლარი დაჯდა. ოქრუაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკის გადამკიდე დღეს შეიარაღებულ ძალებში მათგან მხოლოდ რამოდენიმე მუშაობს.
ვფიქრობ, მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ნატოსკენ სვლის პარალელურად (რასაც სააკაშვილის უგური პოლიტიკის გადამკიდე საქართველოს მინიმუმ ათი წელი მაინც დასჭირდება) უნდა იყოს ერთგვარი ჰიბრიდი საფრთხეებზე ორიენტირებული პოლიტიკური დაგეგმვისა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული თავდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვისა.
სავარაუდოდ, თუ მოხერხდა უშუალო სამხედრო საფრთხეების მოხსნა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისათვის, შესაძლებლობებზე ორიენტაციის წილი თანდათანობით გაიზრდება.
ყოველ შემთხვევაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ მოგვიწევს თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში ერთგვარი ჰიბრიდული მიდგომის განხორციელება და დაგეგმვისას ერთდროულად როგორც საფრთხეებზე ორიენტირებული დაგეგმვის, ისე შესაძლებლობებზე ორიენტირებული დაგეგმვის ელემენტების გამოყენება.
ამგვარი მიდგომა სათანადოდ მომზადებულ პერსონალს მოითხოვს, რაც ადეკვატურად უნდა აისახოს საბრძოლო განათლების და საბრძოლო მომზადების სისტემებში.
ეს ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩვენი სამხედროების საზღვარგარეთ სტაჟირების პოლიტიკისას და საზღვარგარეთელი ინსტრუქტორების მოწვევის პროცესში. ყველა ამათ უნდა ჰქონდეთ უნარი იმუშავონ დაგეგმვის ჰიბრიდულ სისტემაში შესაძლებლობებზე ორიენტირებული პოლიტიკის წილის გაზრდის პარალელურად.