საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის მიმოხილვა – ჰაერი
სიახლე — თავფურცელი
01:39 18.05.2010
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[გიორგი თავდგირიძე – სამხედრო ანალიტიკური ცენტრი “ჰერი”]
ამ წერილში შევეხებით ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის ორგანიზების ზოგად პრინციპებს და სქემებს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ( რუსეთ საქართველოს ომი) ანალიზი სამწუხაროდ მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის დონეზე გავაკეთეთ და თავს არ ვიწუხებთ დეტალებში წვდომით, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემები ყველამ დავინახეთ. დანახულმა შეგვაშინა, მეტიც დაგვზაფრა და პანიკაშიც ჩაგვაგდო. დამერწმუნებით, საქართველოს ისტორიას არ ეკადრება, დღევანდელობას არ შეეფერება და მომავალისათვის არ გამოგვადგება მსგავსი არადეკვატური რეაქცია. არსებითად განვიხილოთ მართლა ასე უნუგეშო მდგომარეობა გვაქვს ამ სფეროში თუ შეიძლება რაიმე ქმედითი საპასუხო ნაბიჯის გადადგმა...
თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარება და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაა. სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად აუცილებელია ჰაერში უპირატესობის მოპოვება, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ავიაციის განვითარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და დრო სჭირდება, ერთიც შეზღუდული გვაქვს და მეორეც. თუ ჰაერში დომინირებას ვერ ახერხებ, არც მოწინააღმდეგეს უნდა მისცე ამის საშუალება. ანუ, მივედით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანამდე: უზრუნველყოს მოწინააღმდეგისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცე (ეს გულისხმობს ქვედანაყოფების დაცვასაც, სამხედრო ინფრასტრუქტურისაც და სამოქალაქო ობიექტებისაც; აგრეთვე, ქალაქების და დასახლებული პუნქტების თავზე ე.წ. დროებითი ან მუდმივი “კლოსტერის” შექმნას).
რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა რომ რუსული არმია, ტექნიკურ და ტაქტიკურ ჩამორჩენის კომპენსაციაას ავიაციის საშუალებით ცდილობდა. რუსი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რუსული საბრძოლო ტექნიკა მოძველდა, ცეცხლის მართვის თანამედროვო სისტემების არქონის გამო დაბალია დაზიანების კოეფიციენტი, მიზნის აღმოჩენის შესაძლებლობები და დიდია რეაგირების დრო. ბრძოლისას კი ეს ფაქტორები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. თანამედროვე ბრძოლის წარმოების თეორია ეფუძნება პრინციპს “დაინახე უფრო ადრე ვიდრე მოწინააღმდეგე აღმოგაჩენს, დააზიანე პირველივე გასროლით და შეიცვალე ადგილი“.
ქართულ არმიას აკლდა საბრძოლო გამოცდილება და თეორიული მომზადება, რის გამოც ვერ მოახერხა ამ უპირატესობის (შედარებით მოდერნიზებული ტექნიკა, გაწვრთნილობის და პროფესიონალიზმის კარგი დონე, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები და ა.შ.) შეფასება და გამოყენება. სამწუხაროდ, ქართულ არმიაში კვლავ უპირატესობა მიენიჭა ბრძოლის წარმოების საბჭოთა მოძველებულ ტაქტიკას, ქვედანაყოფების მოქმედება მიბმული იყო გეოგრაფიულ გარემოს და ორიენტაცია ფრონტის უწყვეტობაზე იყო აღებული. პრინციპში, შემდგომი კამათიც ხომ ამ მიმართულებიდ წავიდა – მაგალითდ, იყო თუ არა ცხინვალი მთავარი მიმართულება, ავიღეთ თუ არა ცხინვალი, რატომ არ ავიღეთ ჯავა და ა.შ. ანუ, კამათი მიმდინარეობდა XVII – XIX საუკუნის დისპოზიციური მიზანშეწონილობის ჭრილში. ეს სხვა წერილის თემაა, მაგრამ ქართული არმიის კრიტიკასთან ერთად აუცილებელია ქართული სამხედრო აზროვნების ჩამორჩენილობაც აღვნიშნოთ. ამ პრობლემაზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვიმსჯელოთ.
დავუბრუნდეთ 2008 წლის მოვლენებს. მოწინააღმდეგე პირველივე წუთებიდან ხვდება, რომ ტექნიკური და ტაქტიკური ჩამორჩენილობის კომპენსირებას რაოდენობით ვერ მოახერხებს, ამისთვის არც დრო აქვს და არც სამხედრო ქვედანაყოფები ყავს ახლომახლო. ამის გამო იძულებული გახდა აქცენტი ავიაციაზე გადაეტანა, არცერთი ტაქტიკური მანევრი თუ მარში აღარ ტარდებოდა საავიაციო მხარდაჭერის გარეშე, ავანტიურისტული იყო მაგრამ გაამართლა, როდესაც ავიაცია უშუალოდ ებრძოდა ქართულ სახმელეთო ქვედანაყოფებს (ანუ, თვითონ ეძებდა, პოულობდა და უტევდა ჩვენ სახმელეთო ნაწილებს საბრძოლო მოქმედებების მთელ არეალში).
მიუხედავად დანაკარგებისა (საუბარი არ არის მხოლოდ ჩამოგდებულ საფრენ აპარატებზე), რუსული ავიაციის ტალღები ერთმანეთს ცვლიდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათვის მთავარი არა იმდენად კონკრეტული შედეგი იყო, არამედ ჰაერში საფრენი აპარატების მუდმივად ყოლა. სამწუხაროდ, ქართველმა გენერალიტეტმა ვერ ამოიცნო, ვერ წაიკითხა საჰაერო ბრძოლის ნიუანსები და დროზე ადრე შეწყვიტა წინააღმდეგობა. თუ ქართული მხარე მოახერხებდა ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ერთიან და ცენტრალიზებულ მართვას, მოწინააღმდეგის შემოტევის ყოველი შემდგომი ტალღა უდავოდ უფრო სუსტი იქნებოდა. ამასთანავე, მათი მოქმედება შეიზღუდებოდა და ვეღარ მოახერხებდნენ სამხელეთო ქვედანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან იძულებული იქნებოდნენ აქცენტი გადაეტანათ ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის კერების ჩახშობისკენ (დათგრუნვისკენ).
კარგი იქნება თუ თავდაცვის სამინისტრო ღრმად შეისწავლის რუსული ავიაციის მოქმედების თავისებურებებს და ქართული მხარის შეცდომებს და წარუმატებლობას არა მხოლოდ საბრძოლო სისტემების ნაკლებობას დააბრალებს. დასკვნა მარტივია – 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებისას რუსეთის წარმატება განაპირობა მისმა სამხედრო ავიაციის ბატონობამ ჰაერში, ჩვენ მოუმზადებელი აღმოვჩნდით როგორც ტექნიკური ასევე თეორიული (ტაქტიკური) თვალსაზრისით. ქართული არმიის ჰაერსაწინაღმდეგო ბრძოლის საშუალებები მოქმედებდნენ დაქსაქსულად, არ იყო ერთიანი ხელმძღვანელობა და მართვა.
შეცდომების და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია:
1. შეიქმნას ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ცალკე სარდლობა, რომლის ამოცანაც მშვიდობიანობის დროს ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ილეთების, ხერხების, ტაქტიკის შემუშავება და დანერგვა, აგრეთვე შესაბამისი ქვედანაყოფების ჩამოყალიბება და გაწვრთნა იქნება. ხოლო ომის დროს ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ერთიან, კორდინირებულ და ეფექტიან მართვას განახორციელებს. სარდლობამ უნდა შეიმუშავოს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წარუდგინოს ჰაერსაწინაღმდეგო ბრძოლის შესაძლებლობების განვითარების გეგმები.
2. გაძლიერდეს საბრძოლო ქვედანაყოფების ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შესაძლებლობები, თითოეულ ქვედანაყოფს საშუალება უნდა ჰქონდესა თვითონ აწარმოოს ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვა თავის მოქმედების რაიონში.
3. დავალება მიეცეს ეროვნულ გვარდიას შეისწავლოს და შეიმუშავოს ღონისძიებები მოხალისეთა ე.წ. “რეზერვისტთა” გამოსაყენებლად ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემაში.
4. შემუშავდეს თბილისისა და მსხვილი დასახლებული პუნქტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გეგმები;
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობის შექმნა და მისი განვითარება ჩვეულებრივი რუტინაა, ჯობს დავიწყოთ მცირეთი და ეტაპობრივად განვავითაროთ, ვიდრე ვიწუწუნოთ სახსრების ან კადრების ნაკლებობაზე. ფინანსები უნდა მოვიძიოთ, შესაბამისი კადრები კი უნდა აღვზარდოთ და მოვამზადოთ. თუ არ დავიწყეთ, არც არასდროს არ გვეყოლება. ალბათ შეცდომები გვექნება, მაგრამ ეს არ არის დანაშაული, დანაშაული უმოქმედობაა.
რაც შეეხება ქვედანაყოფებს, აქაც ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება. ასეულის, ბატალიონის, ბრიგადის შტატებში დავამატოთ შესაბამისი სტრუქტურა და ტაბელის შესაბამისად შევიძინოთ საჭირო შეიარაღება.
რაც შეეხება მოხალისეებს, გასათვალისწინებელია ავღანეთის მაგალითი, სტინგერით (აშშ–ის პერსონალური ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მოდელი) აღჭურვილი ავღანელი გლეხი ახერხებდა საბჭოთა ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოგდებას. 300 გასროლიდან 280 დაზიანება შთამბეჭდავი ციფრია. პერსონალური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში და ეფექტურ საბრძოლო სისტემად ითვლება. FIM-92 “stinger” (აშშ), Javelin (დიდი ბრიტანეთი), სტრელა–2, სტრელა–3 ( სსრკ-რუსეთი), Mistrale (საფრანგეთი) და ა.შ. გამოირჩევიან მომსახურების სიმარტივით, სიაფით, ათვისების სიადვილით და ეფექტიანობით. მათი ფასი 40 ათასი დოლარიდან 150 ათასამდე მერყეობს. საბრძოლო გათვლა 2 კაცისგან შედგება, ხოლო გასროლას ერთი კაციც ჰყოფნის.
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ “რეზერვისტთა” (მოლაშქრე, სახალხო რაზმელი ტერმინს მნიშვნელობა ამ ეტაპზე არა აქვს) მრავალრიცხოვანი რაზმი რომელიც აითვისებს ამ სისტემას და ომის შემთხვევაში თავისუფალი “ნადირობის” რეჟიმში მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მოწინააღმდეგის ავიაციას. მაგალითად “სტინგერის“ წვდომის სიშორე 4 800 მეტრია ხოლო სიმაღლე 3 800 მეტრი, რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავებს კი შეტევის განსახორციელებლად სიმაღლის 2 800 – 3000 მეტრამდე შემცირება სჭირდებათ. ნათელია, რომ საქართველოს მთიანი რელიეფის გათვალისწინებით მათი ჩამოგდება ან დაზიანება არც ისე რთული საქმეა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=10910