რუსული ბაზები ფსოუდან გალამდე - სრული სია
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსები აქტიურად განაგრძობენ სამხედრო ბაზების მშენებლობას. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსული პროექტების რეალიზებაზე ფინანსური კრიზისი გავლენას ვერ მოახდენს და ყველა რუსული პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი.
საერთო ჯამში, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობა რუსეთს დაახლოებით 14 მილიონი რუბლი უჯდება. დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთის ტერიტორიაზე 49 წლის განმავლობაში დარჩებიან. ბაღაფშის თქმით, სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის, განსაკუთრებული ხარჯები მოსალოდნელი არაა, რამდენადაც აუცილებელი ინფრასტრუქტურა საბჭოთა დროს არსებობდა და მხოლოდ მისი შეკეთებაა საჭირო.
ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების 49 წლით განთავსების გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპებისა და 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეს არის გამოწვევა ცივილიზებული სამყაროს მიმართ და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბაზებისა და სამხედრო აღმშენებლობაზე უარის თქმაა დაფიქსირებული.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნას უკანონოდ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ანგარიში "2010 - შეიარაღების, გაუვრცელებლობისა და განიარაღების სფეროებში შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დაცვის შესახებ" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 29 ივლისს გაავრცელა. ანგარიშში ასახულია უცხოური სახელმწიფოების მიერ ზემოთხსენებული შეთანხმებების დაცვის ანალიზი 2004 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რუსეთის ჯარები ამ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე იმყოფებიან.
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაკორექტულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში არ იმყოფება.
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი, რომელთა ტერიტორიებზეც რუსული ბაზებია განთავსებული, საქართველოს შემადგენელი ნაწილები არ არიან," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსებმა აქტიურად დაიწყეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების მშენებლობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსებმა გალის რაიონში 7 რუსული სამხედრო ბაზა განათავსეს. "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს არის - ფიჩორის, მეორე ოტობაიას, თაგილონის, საბერიოს, ლეკუხონას, ოქუმის და სათანჯოს მთაზე "ნალამუს" დასახლებაში "ჰაერსაწინააღმდეგო" მშენებარე ბაზა.
რა დატვირთვა აქვს ამ ბაზებს?
რაც შეეხება ფიჩორის ბაზას, ეს არის საზღვაო-სასაზღვრო სანაპირო, ანუ კონტროლის ბაზა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ მონაკვეთიდან ხდება ზღვის გაკონტროლება, ანალოგიური ბაზა მდებარეობს ოჩამჩირეშიც. რაც შეეხება ოქუმის ბაზას, რომელიც გალის სიღრმეში მდებარებს, მისივე განცხადებით, ეს ბაზა საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს. რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზთან განლაგებული ბაზების სამხედრო მხარდაჭერა.
ამ სამხედრო მხარდაჭერაში იგულისხმება საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა ჯარების მხარდაჭერის ფორმაც. ფიჩორში განთავსებული სამხედრო ბაზის სიახლოვეს, რუსი ოფიცრებისა და მათი ოჯახებისათვის გამოყოფილია საცხოვრებელი კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც 60-70 ოჯახზეა გათვლილი.
მეორე ოტობაიას, საბერიოს და ლეკუხონას სამხედრო ბაზები, სასაზღვრო ძალების დისლოკაციის ადგილს წარმოადგენენ, საიდანაც კონტროლდება ყველა მცირე თუ საშუალო გადასასვლელი ენგურზე. სულ 23 ასეთი მცირე თუ დიდი გადასასვლელი არსებობს, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლდება. მეორე ოტობაიასა და თაგილონის ბაზებს შორის არის 13 გადასასვლელი, თაგილონიდან საბერიოს ბაზების ჩათვლით კი 10 გადასასვლელია.
მეორე ოტობაიასა და საბერიოს ბაზებს შორის მდებარეობს, თაგილონის სამხედრო ბაზა, რომელიც შედარებით მცირეა, საოკუპაციო ხაზიდან 3-4 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ბაზა სახმელეთო ქვეითი და შინაგანი ჯარების დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს. საბერიში "პერებროსკას" ბაზის დანიშნულება ენგურჰესის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მეორე ოტობაიას, საბერიოს და ლოკუხონას ბაზაზე რუსები ქმნიან სასაზღვრო თავდაცვით კომპლექსს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ბესიკ სილაგაძის ინფორმაციით, თაგილონის ბაზა, რომელიც წარმოადგენს სახმელეთო ქვეითი და შანაგანი ჯარების დისოკაციის ადგილს, არის მთავარი რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც სამ ცენტრალურ ბაზასთან ერთად, ქმნის სასაზღვრო თავდაცვით კომპლექსს.
"ამავე დროს აღსანიშნავია, რომ თაგილონის ბაზა განთავსებულია აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ თავისი ტაქტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს რკინიგზა, როგორც სტრატეგიული ობიექტი. რაც შეეხება ოქუმის ბაზას, ეს გახლავთ საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილი, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზთან განლაგებული ბაზების სამხედრო მხარდაჭერა," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ბესიკ სილაგაძე.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ კი რუსებმა კიდევ ერთი ბაზის მშენებლობა დაიწყეს სათანჯოს მთაზე "ნალამუს" დასახლებაში, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, თუ ოქუმის ბაზა გააკეთებს საარტილერიო დამუშავებას, სათანჯოს მთაზე არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააკონტროლებს ჰაერს.
დაშორებები ბაზებს შორის
"მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საარტილერიო თვალსაზრისით მანძილი მთავარ ბაზასა და დანარჩენ ბაზებს შორის არის: ოქუმიდან-ლეკუხონამდე - 7კმ. 500მ; ლეკუხონა-საბერიო - 9 კმ. 900მ; საბერიო-თაგილონი - 13 კმ; თაგილონი-მეორე ოტობაია - 19კმ. 400მ; მეორე ოტობაია-ფიჩორი 30 კმ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ეს მანძილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საარტილერიო თვალსაზრისით.
"შეიძლება ითქვას, რომ რუსებს ძალიან სერიოზულად აქვთ გაძლიერებული გალის რაიონში სამხედრო ინფრასტრუქტურა. მიზანი, თუ რატომ არის მოკლე მანძილზე ბევრი სამხედრო ბაზა, ეს არის თავდაცვითი სისტემის დივერსიფიკაცია, რომელითაც ხდება მთლიანი ძალის არა ერთ წერტილში მობილიზება, არამედ მისი გაშლა შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით.
"გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსები მოკლე მანძილზე ათავსებენ მცირე ბატალიონის დონეზე ნაწილებს, რომლებსაც შეუძლიათ მოწინააღმდეგე შეაკავონ და ზურგის დახმარების პირობებში მოწინააღმდეგეს სხვა ტიპის დარტყმები მიაყენონ, როგორიც არის საარტილერიო და საავიაციო.
"ამ შემთხვევაში პირდაპირ ეს სამხედრო ტაქტიკური მოქმედებები იკითხება. საკმაოდ ძლიერ უსაფრთხოების სისტემას ქმნიან რუსები აფხაზეთში, რაც პირდაპირ პოლიტიკური პოზიციის მანიშნებელია - ისინი გასვლას არ აპირებენ," - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
გალის რაიონის გარდა, აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე 5 რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული - გუდაუთაში, ბომბორას აეროდრომთან მდებარე სამხედრო ბაზა, მერხეულის მცირე სამხედრო ბაზა, ოჩამჩირეში განთავსებულია ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, რომელიც წარმოადგენს სამხედრო-სასაზღვრო ძალების მთავარ ბაზას, სადაც ასევე განთავსებულია სამხედრო კატარღები "გრიფი" და "მანგუსტი".
ტყვარჩელში 100-კაციანი სამხედრო გადამზადების ბაზაა დისლოცირებული. სამხედრო მოსამსახურეების გადამზადებისთვის განკუთვნილი ბაზაა განლაგებული გულირიფშის რაიონში, სოფელ აგუძერაში. ყველა ბაზაზე მიმაგრებულია სამხედრო ტექნიკა - "ბმპ", "ბტრ", "ვილისის", "კამაზის" და "ურალის" ტიპის ავტომანქანები. მერხეულის სამხედრო ბაზაზე ასევე განლაგებულია საარტილერიო დანადგარები.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზები 20-დან 25 ათას სამხედროზეა გათვალისწინებული. მისივე თქმით, პოლიტიკური ზეგავლენის მოსახდენად რუსეთს შეუძლია 12 საათის განმავლობაში აფხაზეთში კონტიგენტი 50 ათასამდე გაზარდოს.
"რუსეთი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედროების რაოდენობა გაზარდოს იმ რაოდენობაზე, რომელიც საკმარისი იქნება მის მიერ რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად", - აცხადებს სესიაშვილი.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ბესიკ სილაგაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები ერთიორად ზრდის რუსულ სამხედრო პოტენციალს შავი ზღვის რეგიონში, რაც, მისი თქმით, არღვევს ძალთა თანაფარდობის პრინციპებს შავი ზღვის აუზში.
"რუსეთის მხრიდან ეს არის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების დარღვევა. რუსეთის ასეთი ქმედება, სერიოზული საფრთხის შემცველია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
"ამ ბაზების დანიშნულება სწორედ შავი ზღვის რეგიონზე კონტროლის აღდგენას წარმოადგენს. საქართველოსთან მიმართებაში კი არის ბუფერული ზონის შექმნის მცდელობა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთთან კონტაქტები.
"ამ ბაზების მშენებლობა როდის დასრულდება, არავინ იცის. ის თანხები, რომელიც აფხაზეთში შედის, რეალურად დანიშნულების ადგილამდე არ მიდის. ეს ბაზები არაა გათვლილი იმაზე, რომ აფხაზებმა შეავსონ რუსული ჯარი. ეს არც რუსებს უნდათ.
"ბაღაფშის მრჩეველი ჩიკირბა ამბობს, რომ რად გვინდა ჩვენ ისეთი დამოუკიდებლობა, თუ ნაციას გადაგვაშენებს, ენას დავკარგავთ და ტერიტორიაც ჩვენი არ იქნებაო. როდესაც ჩიკირბა ამას ამბობს, სავსებით საგასგებია ზოგადი განწყობა როგორი არის აფხაზეთში. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ აფხაზები ამას ვერ ამბობენ," - აცხადებს სილაგაძე.
მისივე თქმით, აფხაზებმა მშვენივრად იციან, რომ მათთვის ეს ბაზები რეალურად არაფერს არ წარმოადგენს.
"ეს ბაზები სჭირდებათ რუსებს, რომლებმაც დაიპყრეს ეს ტერიტორია და შესაბამისად, მათ აღარ სჭირდებათ ის, რომ აფხაზების ხელში იყოს იარაღი.
"აფხაზეთში არის მზარდი ანტირუსული განწყობა, რომელიც უკვე მეტ-ნაკლებად სახეზეა. ზეგ რა მოხდება, არავინ იცის. საბოლოო ჯამში შესაძლებელია, რომ ეს გასცდეს კონტროლის ფარგლებს. ამიტომ არ სჭირდებათ რუსებს ის, რომ აფხაზებს მისცენ იარაღი და მერე მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. პირიქით, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ამოიღონ ეს იარაღი," - აცხადებს სილაგაძე.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთისთვის მთავარი პრიორიტეტი მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა.
"გარდა ამისა, თვითონ ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც რუსეთი ქმნის, ყველაფერს ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და იკითხება ისე, რომ ამ ტაქტიკური მოქმედებით, როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ ჩვენი ტერიტორიის დატოვებას. ამიტომ ფიქრობენ გრძელვადიან გეგმებზე და ქმნიან და დებენ ინვესტიციებს სამხედრო სფეროში, უსაფრთხოების სისტემაში, რაც ჩვენთვის სასიხარულო ნამდვილად არაა," - ამბობს სესიაშვილი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს სამხედრო შენაერთები აღიარებულია საოკუპაციო ძალებად და ვიდრე რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს განვითარება ევროპულ სტრუქტურებში შეფერხებულია.
"საქართველოსთან შეთანხმების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები. ანუ საოკუპაციო ძალებია საქართველოსთან შეთანხმების გარეშე. ის, რომ ამ ბაზებიდან მოხდება საქართველოზე თავდასხმა, ეს არარეალურად მიმაჩნია.
"რუსეთი ამ ბაზებს იმიტომ არ აშენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, აშენებს იმიტომ, რომ ნატო არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე. უკვე გლობალური ფუნქცია აქვს ამ ბაზებს. საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების ყოფნას რუსებისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზებია, ნატო-ში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არ იქნება," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის მთავრობა ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო კონტროლს ითხოვს.
"ევროკავშირის მისიას უნდა მიეცეს საშუალება შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდესაც ევროკავშირის მონიტორინგი შემოვიდა საქართველოში, თავის მისიაში უკვე ჰქონდა ჩაწერილი, რომ უნდა შესულიყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც იყო გარანტირებული სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის 6 პუქტიანი ხელშეკრულებით.
"ამაზე რუსები უარს ამბობენ, რაც გასაგებია. თუ ისინი შევლენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააფიქსირებენ იმას, რაც რუსეთს ხელს არ აძლევს. ამ შემთხვევაში უკვე მთელი მსოფლიო გაიგებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. ამიტომ, აუცილებელია საერთაშორისო კონტროლის მექანიზმების ამოქმედება," - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ბესიკ სილაგაძემ.
რუსული ბაზები ფსოუდან გალამდე
ფსოუდან გალამდე რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების ბლოკ-საგუშაგოზე განლაგებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ასე გამოიყურება:
ფსოუ: რუსი მესაზღვრეების 1 ოცეული, 7 აფხაზი მესაზაღვრე, 1 "ბმპ", 1 "ბტრ".
გაგრა: რუსი მესაზღვრეების 1 ოცეული, რომლებიც შეიარაღებული არიან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და მათ განკარგულებაშია ტყვიამფრქვევები.
სოხუმი: აფხაზი მესაზღვრეების 1 ასეული, 3 ტანკი, 4 ერთეული "კამაზის", "მაზ"-ის, "ურალის" მარკის მანქანები. მაიაკის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსი მესაზღვრეების 1 ასეული.
მაჭარა: გამნაღმველების 2 ასეული; სატანკო ნაწილი; 15 ტანკი, 14 "ბმპ", 10 "ბტრ", 6 ერთეული ქვემეხი, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები.
ბაღმარანი: საარტილერიო დივიზია, 20 ერთეული კასეტური საარტილერიო დანადგარი, სატვირთო მანქანები, 7 ტანკი "დ-30" ტიპის 7 ერთეული ქვემეხი.
კაშტაკი: განმაღმველების 2 ოცეული და 8 ერთეული ტანკი "ტ-55".
ოჩამჩირე: 1 ასეული სპეცრაზმი, 12 ტანკი "ტ-55ბ", 2 ერთეული "ბმპ", ქვემეხები და ყუმრამტყორცნები.
ტყვარჩელი: სამხედრო კომენდატურას ხელმძღვანელობს მაიორი სუმარ ზაქარაია, ერთი ოცეული, ტყვიამფრქვევი, ავტომატები, ყუმბარმტყორცნები, "ურალის" და "კამაზის" მარკის მანქანები.
გალი: რუსი სამხედროების 1 ასეული, 2 ერთეული "ბმპ", 3 ერთეული ავტომატი, ტყვიამფრქვევები, "ურალის", "ზილ"-ის, "უაზ"-ის ტიპის ავტომანქანები.
აფხაზ სეპარატისტთა შეიარაღება
სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების განკარგულებაში არსებულ შეიარაღებაზე დღემდე სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. მათი სამხედრო ძალის შესახებ ცნობები რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ჩნდება და ეს ხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მწვავდება ქართულ-რუსული ურთიერთობები.
სეპარატისტები რომ საკუთარ შეიარაღებას ანახლებენ, ეს ახალი არაა. სეპარატისტების ხელში არსებული შეიარაღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზვერვაც ფლობს.
ქართული წყაროების მონაცემებით, აფხაზური არმიის შეიარაღება არც ისე დიდია, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებს. როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც კონფლიქტის ზონებზე გადის, ქართული მხარის მიერ არ კონტროლდება და შესაბამისად, მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია, საჭირო იარაღით მოამარაგოს სეპარატისტული რეჟიმები.
სეპარატისტთა სრული შეიარაღების შესახებ ინფორმაცია "მთელ კვირას" ერთ-ერთმა ექსპერტმა მოაწოდა, რომლის ვინაობას ჩვენ მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია - 10 ერთეული ტანკი "ტ-55"; 10 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მაქანა; 10 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, საბრძოლო სადაზვერვო სამზირო მანქანა; 12 ერთეული არტილერია "დ-30"; 5-6 ერთეული "ბმ-21"; 8 ერთეული "23-3" (ზილ-მტლბ);
2 ერთეული მოიერიშე "სუ-25" და 2 ერთეული მოიერიშე "ლ-39";
10-11 ერთეული სადესანტო ვერტმფრენი "მი-8";
საზღვაო დივიზიონი: 2 ერთეული "გრიფის" ტიპის მცურავი საშუალება "უტიოს"; 2 ერთეული "ვოლგას" ტიპის მცურავი საშუალება;
სანაპირო დაცვის ბატარეა: 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი "კს-19" - 6 ერთეულამდე; საზენიტო დანადგარი "3უ-23-2" - 2 ერთეულამდე.
თამთა ქარჩავა
გაზეთი ”რეზონანსი”
http://www.ambebi.ge/samkhedro/24197-rusul...-sruli-sia.html * * *
აშშ და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
რუსეთი და აშშ კანადასთან ერთად კონტრტერორისტულ საჰაერო სწავლებებს პირველად ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შტაბის (NORAD) საიტი იუწყება.
სწავლება, რომელსაც Vigilant Eagle ერქმევა, 8-11 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ორი ქვეყნის სამხედროები, ისე რუსეთისა და ამერიკის სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები. ვინაიდან NORAD ამერიკულ-კანადური ერთობლივი სტრუქტურაა, რუსებთან და ამერიკელებთან ერთად სწავლებაში კანადის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
სწავლებაში მონაწილეობას რუსეთისა და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები: AWACS, А-50 და Boeing E-3B მიიღებენ.
სწავლების მიზანი ორი ქვეყნის ანტიტერორისტული ერთობლივი მოქმედების დახვეწა იქნება. მასში გათამაშდება სცენარი, რომლის თანახმად სამოქალაქო თვითმფრინავს ტერორისტები გაიტაცებენ, მხარეები კი, რომლებიც ალიასკიდან შორეულ აღმოსავლეთისკენ და პირიქით, საერთაშორისო ფრენებს შეასრულებენ, "გატაცებული" თვითმფრინავის აღმოჩენას, დაკავებასა და აეროპორტამდე მიცილებას ერთად ეცდებიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
ოხ ობამა მაცემინა რა
* * *
აშშ და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
რუსეთი და აშშ კანადასთან ერთად კონტრტერორისტულ საჰაერო სწავლებებს პირველად ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შტაბის (NORAD) საიტი იუწყება.
სწავლება, რომელსაც Vigilant Eagle ერქმევა, 8-11 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ორი ქვეყნის სამხედროები, ისე რუსეთისა და ამერიკის სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები. ვინაიდან NORAD ამერიკულ-კანადური ერთობლივი სტრუქტურაა, რუსებთან და ამერიკელებთან ერთად სწავლებაში კანადის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
სწავლებაში მონაწილეობას რუსეთისა და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები: AWACS, А-50 და Boeing E-3B მიიღებენ.
სწავლების მიზანი ორი ქვეყნის ანტიტერორისტული ერთობლივი მოქმედების დახვეწა იქნება. მასში გათამაშდება სცენარი, რომლის თანახმად სამოქალაქო თვითმფრინავს ტერორისტები გაიტაცებენ, მხარეები კი, რომლებიც ალიასკიდან შორეულ აღმოსავლეთისკენ და პირიქით, საერთაშორისო ფრენებს შეასრულებენ, "გატაცებული" თვითმფრინავის აღმოჩენას, დაკავებასა და აეროპორტამდე მიცილებას ერთად ეცდებიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
ოხ ობამა მაცემინა რა